კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

შიში, რომელიც მაღვიძებს

ხანდახან ვფიქრობ, თუკი ოდესმე ჩვენს შვილებს წარმატების გზაზე რაიმე შეაფერხებსეს იქნება ჩვენი დაუოკებელი მოლოდინი სწრაფად შევქმნათ მათგან პატარა გენიოსები, ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული და საუკეთესო ბავშვები დანარჩენ სხვა ბავშვებს შორის.

 

 

 


და ასე, ნელ-ნელა იწყება ახალ-ახალი შეჯიბრებები, პატარა ცხოვრებისეული გამოცდები და ამ პერიოდის დადგომას მშობლები უფრო მეტად განვიცდით და ვნერვიულობთ, ვიდრე თავად ისინი – ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები, რომლებიც ამ ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც სახალისო თავგადასავალს და ჩვენს დაჟინებულ ყიჟინასაც არად აგდებენ, როდესაც ვასწავლით ჭკუას, ხიფათის თავიდან არიდების ყველაზე გამოცდილ ხერხებ, ვუსახავთ ოპტიმალურ მარშრუტს, თავს დავტრიალებთ, ვასწავლით როგორ ითამაშოს, როგორ მიესალმოს მეზობელს, როგორ გადახადოს მადლობა, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, როგორ მოითმინოს, როგორ იბრძოლოს, როგორ აჯობოს სხვებს, როგორ გახდეს მამაცი, ყველასგან გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი, როგორ გახდეს ნამდვილი სუპერგმირი, რომელიც ყველა მაყურებლის იმედს ამართლებს.


მიდი, საჭე კარგად დაატრიალე და მანქანაც დაიძვრება!

ეცადე სხვებს არ დაეჯახო. თავისუფალ წრეზე იარე!

მიდი, მიდი ძალიან მაგარი ხარ, ახლა კარგად დაატრიალე საჭე მარჯვნივ და პედალიდან ფეხი არ აიღო!


ეს პატარა წარმოდგენაა ჩვენი შვილების მონაწილეობით. მათთვის ეს მხიარული თავგადასავალი, რომელიც ძალიან უნდათ დიდხანს გაგრძელდეს. ზოგიერთი ახანგრძლივებს ამ თავგადასავალს, მანქანიდან არ გადმოდის და საჭეს მოხერხებულად ატრიალებს. მშობლების დაჟინებული, აღგზნებულ ხმიანი ქორო კი ატრაქციონების ხმაურში იკარგება. ისინი, ტელეფონებით აღჭურვილები, ცდილობენ ნათლად აღბეჭდონ თავიანთი შვილების გმირობები ეკრანზე და, ამავდროულად, შვილებსაც ამხნევებენ ხმამაღალი შეძახილებით.


– ყოჩაღ, ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ! – ისმის ხმამაღალი შეძახილები ტაშის თანხლებით. ეს პატარები კი იქამდე დააქროლებენ ამ თავიანთ საოცნებო მანქანებს , სანამ ზარის წკარუნი ამ მხიარულ ქროლვას არ შეაწყვეტინებს. მშობლები კი ნერვიულობენ და შფოთავენ, ოხრავენ ბავშვების მანქანების ყოველ შეჯახებაზე. განერვიულებული ხმით ასწავლიან, როგორ გამოძვრნენ რთული სიტუაციიდან. ზოგიერთი, პირველად დაჯდა ამ ფერად მანქანაზე და უფრო მეტი ალბათობაა, რომ სუპერგმირი ვერ გახდეს. მეც ავნერვიულდი, მეც მინდა ჩემი შვილი სუპერგმირი იყოს, მანქანას გამოცდილი ავტომრბოლელივით დააქროლებდეს, ყველა შექმნილი ჩიხიდან უპრობლემოდ გამოძვრეს, საერთოდ პრობლემები არ შეხვდეს, სულ თავისუფალ წრეზე იაროს და წინ არაფერი გადაეღობოს, რაც ხელს შეუშლის ამ ელექტროავტომობილის თავისუფლად მართვაში. დაძაბული ვუყურებ, მეც გადმომედო სხვა მშობლების შფოთვა. შეცდომაა – თითქოს, თავში ვიღაც მისიგნალებს. ვხვდები, რომ ამ პატარა განგაშის ზარმა უნდა გამომარკვიოს და საკუთარი შფოთვები გარედან დამანახოს. “მერე რა, საერთოდ თუ ვერ დაძრავს მანქანას, მერე რა, თუ ისე გაეჩხირება მანქანებს შორის , რომ ზარის დაწკარუნებამდეც ვერ შეძლებს ჩიხიდან თავის დაღწევას, მიდი გაუღიმე”, – ისევ მესმის ხმა შიგნიდან. ვუჯერებ შინაგან ხმას. მოვეშვი, შვებით ამოვისუნთქე და ჩემი სუპერგმირი შვილის მორიგჩამოქროლებისას თავისუფლად ვღიმი და არც ხმამაღალ მითითებს ვაძლევ, რომელსაც მაინც ვერ გაიგონებს. უბრალოდ ვუღიმი. ისიც იღიმის და საჭეს მარდად ატრიალებს.


ჩვენ – მშობლები, ვჭედავთ ამ მოლოდინების ხატს ჩვენი შვილების მომავლის სახით. გვსურს ეს ხატი ბრწყინვალე და თვალსაჩინო იყოს ყველასთვის. ვცდილობთ, ნაადრევად ავკიდოთ ეს მოლოდინები მათ სუსტ მხრებზე და ვურჩევთ წინასწარ წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი ისეთი, რომლითაც იქნებიან კმაყოფილი. რომლითაც, ჩვენც ვიქნებით კმაყოფილი. ვცდილობთ დავგეგმოთ მათი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეხვდეთ, ნაკლები განსაცდელი, ნაკლები თავსატეხი და საორჭოფო საქმე. თუ შეგვეძლება, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ყველაფერი, მივცეთ ყველაფერი მზამზარეული. სამაგიეროდ მოვაკლოთ ის უნარები, რომლითაც დაიცავენ საკუთარ სურვილებსდა საკუთარ შეხედულებებს. ჩვენ ვემსგავსებით თვითმფრინავ დედებს, რომლებიც თავიანთი ჰიპერმზრუნველობით თავს დაზუზუნებენ შვილებს და არ აცლიან დატოვონ ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების პირისპირ; არ აცლიან მათ პრობლემებთან გამკლავება, წამოდგომა, როცა წაიქცევიან; არ აცლიან, თავად შექმნან მათთვის სასურველი პირადი სივრცე. ალბათ, რთულია მშობლისთვისაც იოლად დათმოს შვილისთვის თავისუფლების ნამცეცები. თავისუფლების ცნება ხომ ყველასთვის ინდივიდუალურად ითარგმნება.


ისე მოხდა, რომ ამ წერილის დაწერამდე ცოტა ხნით ადრე ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომის” კითხვა დავასრულე. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომლის პირველი თავი ასე იწყება : “წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი , რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა : დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ ნამცხვარს მიდგამდა”.


ბავშვობის მოგონებებით და იქიდან წამოღებული უამრავი კომპლექსებით არის დატვირთული რომანი სიუჟეტი. ფსიქოთერაპევტის სკამზე განრთხმული ალექს პორტნოი კი სულაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, მას თავისი ებრაული გრძელი ცხვირი გამოარჩევს სხვა თანატოლებისგან და ასევე დედა, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს კონტროლი ვაჟიშვილზე, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ეს დაძაბული ბრძოლაა დედასა და შვილს შორის და ამ ბრძოლის მსხვერპლი ეს გრძელცხვირა ალექსია, რომელიც გამალებული ცდილობს დედის ზრუნვის მარწუხებისგან თავის დახსნას. ხან გამოსდის და ხან არა.


ფსიქოთერაპევტის ერთ სეანსში ჩატეული თავგადასავალის სიუჟეტი ბევრისთვის შეიძლება იყოს ნაცნობი. განსაკუთრებით კი მშობლებისთვის, რომლებიც გამუდმებით ვცდილობთ, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია მივცეთ ჩვენს შვილებს და გავხადოთ ისინი უფრო ბედნიერები, ვიდრე თავად ვიყავით ისე, რომ არ წავართვათ თავისუფლების შეგრძნება და ის თავისუფალი სივრცე, რომელიც მათთვის ძალიან საჭიროა.


მე კი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მაღვიძებს იმაზე შიში, როგორ მიყვარდეს, ვზრუნავდე, ვასწავლიდე, ვიცავდე ისე, რომ არ წავართვა თავისუფლების განცდა.







 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“