ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026
2 ნოემბერი, ორშაბათი, 2026

ჩრდილების თეატრი ანუ რესურსი მრავალმხრივი სწავლისთვის

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა ბავშვების ჯგუფების გაკვეთილისთვის ვემზადებოდი და მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. მშობლებისთვის გაკვეთილის გადადების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებას ვერ მოვასწრებდით, და ბავშვებთან ერთად ნახევრად დაბნელებულ ოთახში აღმოვჩნდი. ბუნებრივად გამიჩნდა იდეა, ჩრდილებით გვეთამაშა. 

სახელდახელოდ გადავაფარე მაგიდას ფლიფჩარტის ქაღალდი და ტელეფონის შუქით გავანათე. ქაღალდისგან მზე და სახლი გამოვჭერი დეკორაციისთვის, ხოლო სასწავლო პროცესში უკვე გამოყენებული, ბავშვებისთვის ნაცნობი ფიგურები პერსონაჟებად ვაქციე. ჩემი პატარა მაყურებლები ხალიჩაზე მოვაწყვე, თავად კი მაგიდის ქვეშ შევძვერი და იმპროვიზაცია დავიწყე. ბავშვები ძალიან დიდი ხალისით ამყვნენ, თვითონაც სიხარულით ძვრებოდნენ მაგიდის ქვეშ და ასრულებდნენ როლებს. 

ამ მომენტს იმიტომ გიზიარებთ, რომ გაჩვენოთ: ჩრდილების თეატრის შექმნას არც განსაკუთრებული რესურსი და არც რთული ტექნიკური მომზადება სჭირდება. მინიმალური მასალით შესაძლებელია ისეთი სასწავლო სივრცის შექმნა, რომელიც ბავშვებს თამაშის, წარმოსახვისა და სწავლის პროცესში ბუნებრივად ჩართავს.

ამას მოჰყვა პირველი პატარა ჩრდილების თეატრი, რომელიც კომპიუტერის ყუთისგან დავამზადე. შემდეგ კი ცოტა უფრო დიდი, რომელიც სათამაშო სახლის ყუთისგან გავაკეთე. დიდი, ბრტყელი ყუთები ძალიან პრაქტიკულია და ნამდვილი განძია ამ საქმისთვის, რადგან შეგვიძლია მარტივად გარდავქმნათ. ქვემოთ გაგიზიარებთ ჩრდილების თეატრის შექმნის მარტივ შესაძლებლობას.

საჭირო მასალა:

  • მუყაოს დიდი ბრტყელი ყუთი (მაგ,: ტელევიზორის, სათამაშო სახლის, კომპიუტერის, დიდი საათის, დიდი ჭურჭლის… )
  • საცხობი პერგამენტის ქაღალდი
  • ქაღალდის სკოჩი
  • ხის ჩხირები(შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილი ხის ჩხირები, რომლებსაც შეიძენთ კრაფტის მაღაზიებში)
  • მუყაო ან სქელი შავი ქაღალდი
  • ჩრდილების შაბლონები(რომლებიც თემატური საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ მოიძიოთ, ამ თავად დაამზადოთ)
  • საკანცელარიო დანა
  • მაკრატელი
  • მაგიდის სანათი

თეატრის დეკორაციების  დამზადება

თეატრის კორპუსის მომზადება

  • მუყაოს ბრტყელი ყუთი ცალ, განიერ მხარეს ამოვჭრათ ისე, რომ ჩარჩო დავუტოვოთ
  • ყუთს მივაზომოთ პერგამენტის ქაღალდი და ქაღალდის სკოჩით გადავაკრათ ისე, რომ ამოჭრილი ნაწილი სრულად დაიფაროს. გასათვალისწინებელია, რომ პერგამენტის ქაღალდი არ მაგრდება პრიალა სკოჩით, რადგან ეს ქაღალდი თვითონაც პრიალაა, დროთა განმავლობაში სრიალებს და ძვრება, ამიტომ გვჭირდება ქაღალდის სკოჩი.
  • გახსნილ მდგომარეობაში ყუთი არის თეატრი. შიდა მხარეს შეგვიძლია სკოჩითვე დავამაგროთ ჯიბაკი, რომელშიც ჩავაწყობთ ფიგურებს და დახურული სახით ყუთი ადვილად ტრანსპორტირებადია. თუმცა უნდა გავუფრთხილდეთ პერგამენდის მხარეს, რომ არ დაზიანდეს. 
  • გარე, მუყაოს მხარე შეგვიძია ბავშვებთან ერთად გავაფორმოთ.

დეკორაცია

    • დეკორაციისთვის შეგვიძლია მუყაოსგან გამოვჭრათ მხე, მთვარე, ტყე(3-4 ხე, რომლებსაც საერთო ძირი აქვთ), ზღვა(ერთი ან რამდენიმე ტალღა)… 
    • დეკორაციები შეგვიძლია ფონად დავამაგროთ ყუთის ჩარჩოზე შიდა მხარეს და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ
    • დეკორაციები შეგვიძლია გავაცოცხლოთ და გამოვიყენოთ პერსონაჟებადაც(მაგ.: მოლაპარაკე სახლი, ან მზე…)

პერსონაჟები

    • პერსონაჟების დასამზადებლად უნდა გამოვჭრათ მუყაოს შაბლონი და ქაღალდის სკოჩით მივამაგროთ ხის ჩხირზე.
    • შეგვიძლია დავიწყით მარტივი პერსონაჟებით, რომლებსაც მარტივად გამოვჭრით ისე, რომ ბავშვებმა იცნონ რისი ჩრდილია (თევზი, გემი, ყვავილი, პეპელა, ვარსკვლავი, რობოტი,,,) 
    • უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვების გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები არიან მგელი, გველეშაპი ან სხვა, რადგან ხმის დაბოხება, ინტონაციებით თამაში მათ ძალიან ართობთ.
    • როდესაც უკვე გვყავს რამდენიმე პერსონაჟი, წავახალისოთ თავისუფალი ინტერპრეტაცია (მაგ.: მოვყვეთ მგლისა და ერთი გოჭის ამბავი, თავდაყირა სახლის ამბავი, დრაკონის ამბავი, რომელიც პეპელას დაუმეგობრდა…).
    • ასევე ბავშვებს ავარჩევინოთ, რომელ პერსონაჟს შეასრულებენ და მივცეთ შესაძლებლობა, სხვადასხვა როლი შეასრულონ.  
    • პერსონაჟების შესრულება მხოლოდ ხელების ჩრდილითაც შეიძლება, თუმცა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

განათება

იმისთვის, რომ ჩრდილები გამოჩნდეს საჭიროა დაბნელება. საკლასო ოთახში ფანჯარაზე შეგვიძლია სკოჩით გავაკრათ სქელი ქსოვილი, რომელსაც მარტივად ჩამოვხსნით. ასევე გამოვიყენოთ ბნელი დერეფანი, ან სხვა ადგილები. სრული ჩაბნელება არ არის საჭირო, მთავარია ჩრდილები გამოჩნდეს, მითუმეტეს თუ გვყავს ბავშვები, რომლებსაც სიბნელის ეშინიათ.

შესრულება და გამოყენება

 

ჩრდილების თეატრი შეგვიძლია მრავალმხრივად გამოვიყენო. ამ სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მშობლიური თუ უცხო ენის, ხელოვნების, მუსიკის გაკვეთილზე, სკოლამდელი დაწესებულებებში, ბავშვთა თერაპიებისთვის, ასევე მშობლების მიერ შვილების თუ მათი მეგობრების გასახალისებლად. 

  • მოსმენის უნარის განვითარება
    • მოსმენის უნარის განვითარებისთვის შეგვიძლია ფონად ჩავრთოთ სიმღერა, ან აუდიოამბავი, რომლის შესაბამისადაც ბავშვები შეასრულებენ მოქმედებას პერსინაჟებით. ეს აქტივობა დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებ ძალისხმებას მოითხოვს და ბავშვებს თავდაჯერებულობაში დაეხმარება. მოსმენის აქტივობა შეგვიძლია იყოს სპექტაკლის ერთი ეპიზოდიც. 
    • მაგ.: ფრანგული ენის გაკვეთილზე გამოვიყენეთ საბავშვო სიმღერა Loup y-es-tu?https://www.youtube.com/watch?v=AjYuK9cB8X8 , რომელშიც მგელი სხვადასხვა ტანსაცმელს იცვამს. 
    • ინტერაქცია

პერსონაჟებს შორის ურთიერთქმედება ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის განვითარებას. დიალოგი შეიძლება მიმდინარეობდეს არა მხოლოდ პერსონაჟებს შორის, არამედ მაყურებელთანაც, რაც მსმენელი ბავშვების ჩართულობას კიდევ უფრო ზრდის. 

ემოციური ინტელექტის განვითარება

სხვადასხვა პერსონაჟის როლის შესრულება ბავშვებს ეხმარება ემოციების ამოცნობასა და გამოხატვაში. ამასთან, ჩრდილის მიღმა თამაში გარკვეულწილად ამცირებს „სასცენო ღელვას“ და შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, უფრო თავისუფლად გამოსცადონ საკუთარი თავი. 

როლური თამაშები 

როლის შესრულების დროს მნიშვნელოვანია პერსონაჟებით სწორი მანიპულაცია, რათა ჩრდილები კარგად გამოჩნდეს. რადგან ჩვენი მიმიკები არ ჩანს ხმა გამორჩეულ მნიშვნელობას იძენს, რაც არის ხმის ტემბრისა და ინტონაციის მართვის კარგი სავარჯიშო. როლური თამაში ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, სცადონ განსხვავებული როლები, გამოხატონ ემოციები და სხვადასხვა სიტუაციაში პერსონაჟების რეაქციები გაიაზრონ. 

ჩრდილების მიღმა

ჩრდილი ერთგვარ დამცავ სივრცესაც ქმნის. ბავშვი მაყურებლის წინაშე თითქოს პირდაპირ არ დგას – მის ნაცვლად მოქმედებს პერსონაჟი. სწორედ ეს დისტანცია ზოგიერთ ბავშვს ეხმარება უფრო თავისუფლად ილაპარაკოს, ექსპერიმენტი ჩაატაროს ხმაზე, ენაზე, ემოციასა და როლზე. 

ინტერპრეტაციები

თუ ამ ინსტრუმენტს ხშირად გამოვიყენებთ, ბავშვები მეტ ინტერპრეტაციას 

შემოგვთავაზებენ. ეს კი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის, შემოქმედებითი, არჩევანის უნარების განვითარებას. 

გუნდურობა

გუნდურობა აქ გადამწყვეტია. წინასწარი შეთანხმებები, ნდობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, ეს ის უნარებია, რომლებსაც ჩრდილების თეატრის აქტივობა ავითარებს.

შემოქმედებითობა

შემოქმედებითობა შეგვიძლია განვავითაროთ, როგორც თეატრის 

მომზადების(სხვადასხვაგვარი დეკორაციები, განსხვავებული მასალის მცდელობა, ფერადი შუქი, ხმები…), ასევე ინტერპრეტირებული შესრულების პროცესში. კარგად ვითარდება წარმოსახვა.  

მეხსიერება

სპექტაკლის მომზადება, შესრულება და რეფლექსია, ძალიან კარგი მეხსიერების სავარჯიშოა, ასევე გამოგვადგება განვლილი მასალის განმტკიცებისთვის.

 

ზოგჯერ საუკეთესო სასწავლო ინსტრუმენტები მოულოდნელად იბადება. საჭიროა მხოლოდ შევხედოთ ჩვეულებრივ ნივთებს განსხვავებული თვალით და ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარ წარმოსახვაში სინათლე და ჩრდილი საინტერესო ამბებად გარდაქმნან.

ჩრდილების თეატრი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშონ, იფიქრონ, მოუსმინონ, ილაპარაკონ, ითანამშრომლონ და შექმნან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩრდილის მიღმა ბავშვი ხშირად უფრო თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს – სცენისა და მაყურებლის წინაშე გამოსვლის შიში მცირდება, ხოლო პერსონაჟის როლში შესვლა მეტ თავდაჯერებულობას აძლევს.

უცხო ენის სწავლების პროცესში კი ჩრდილების თეატრი შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც ნასწავლი სიტყვები, ფრაზები და გრამატიკული კონსტრუქციები ბუნებრივად, თამაშისა და მოქმედების საშუალებით ცოცხლდება. ენა აღარ არის მხოლოდ დასამახსოვრებელი მასალა, ის კომუნიკაციის, ემოციისა და შემოქმედების საშუალება ხდება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“