ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

ჩემი წილი აფხაზეთი

როგორია ცუდი წინათგრძნობა? დედაჩემი ამბობს თავის ლექსში, წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინებაო. თითქოს ჩიტებს ცუდი ამბები უნდა მოჰქონდეთ, უსიამო წინათგრძნობებს დაატარებდნენ ფრთებით, საავდრო ამინდს ქმნიდნენ… სახლის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ბებიაც განსაკუთრებულად მოჭიკჭიკე ჩიტს, თავს რომ დაგვტრიალებდა, ჩურჩულით ეტყოდა: „შენს პირს შაქარი, ჩიტო, შენს პირს შაქარიო”. ბავშვობიდან მეშინოდა ჩიტების, თითქოს მათ მოჰქონდათ კონვერტებით გულის გასაგლეჯი ამბები – ვინ აღარ იყო ცოცხალი და ვინ როგორ ვერ გადარჩა. ჩიტების ჭიკჭიკი დღესაც მზაფრავს, ყოველთვის ვხურავ კარს ან ფანჯარას, თუ რომელიმე ჩიტი თავს არ მანებებს.

1993 წლის ივლისი. პაპანაქება ზაფხული. ჩვენს თავზე ჩამოწოლილი ბლანტი სიცხე. უსიამოდ გატრუნული ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე.
7 წლის ვიყავი. მახსოვს, სტუმრები მოვიდნენ. მერე ოთახში შეიკეტნენ უფროსები, მახსოვს შეკივლება. მახსოვს თავზარდამცემი ამბავი. მახსოვს, რომ ჩიტების ჭიკჭიკი საერთოდ არ ისმოდა. არ ვიცი, ვის როგორი წინათგრძნობა ჰქონდა იმ დღეს.
1993 წლის 5 ივლისს კი ბაბუა განმარტოებით იჯდა თავის ოთახში, გაზეთებსა და წიგნებში ჩაფლული, და რადიოს უსმენდა. რადიოში ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. გაგანია ომი იყო. აფხაზეთის ომი… კარგი ამბები აღარ ხდებოდა, ან ვეღარ ვამჩნევდით. უსმენდა ბაბუა რადიოს და ალბათ შვილზე – პაატაზე ფიქრობდა, რომელიც იმ დროს აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში, კამანში, ეკლესიის წინამძღვარი იყო. ნეტავი რას უგრძნობდა გული? სანამ ცოცხალი იყო, ამ ამბებზე არაფერი მიკითხავს. რადიომ კი გადმოსცა, რომ კამანის აღების დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ანდრია ყურაშვილი. ასე შეიტყო ბაბუამ შვილის გარდაცვალება.
დეტალები შემდეგ გავიგეთ: როგორ არ მიატოვა მამა ანდრიამ მრევლი და რა გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. მანამდე ეკლესიაში შეკრებილები აზიარა და გაამხნევა, თუმცაღა მოახლოებულ განსაცდელს გრძნობდა. როგორც გადარჩენილები ჰყვებიან, მამა ანდრია სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, ყველა გაემხნევებინა. ტყვიების წვიმაში ინვალიდთა სახლში დარჩენილი უმწეო მოხუცების დასახმარებლად და გასამხნევებლად მირბოდა. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესიაც ალყაში მოექცა და ბრძოლა უკვე ეკლესიის ეზოში გაგრძელდა. მისი კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. იგი კონდახების ცემით გაიყვანეს გარეთ… მერე მამა ანდრიაც გაიყვანეს. იგი მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. ეგონათ, ტაძარში მალავდა ჯარისკაცებს. ეკითხებოდნენ, ვისი მიწაა აფხაზეთიო, მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობდა, ღვთისაო. მას ზურგიდან ესროლეს.
უცნაური რამ მოხდა: მეორე დღეს მოსკოვიდან მოვიდა ცნობა, რომ არ შეხებოდნენ არც იოანე ნათლისმცემლის ტაძარს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს და არც ტაძრის მსახურთათვის ეხლოთ ხელი. ეკლესიას სასწრაფოდ მიუჩინეს დაცვა…
მე თითქმის არ მახსოვს ბიძაჩემი. მხოლოდ ერთ კადრს ვიხსენებ, იმასაც ბუნდოვნად: ბაცი ფერის ჯინსი და ქურთუკი აცვია და სადღაც მიდის. მას შემდეგ აღარ მინახავს… ამ ამბების შემდეგ კი ბაღდათში, ჩვენს ხალხმრავალ სახლში, გაჩნდა მამა ანდრიას ოთახი, სადაც მისი სამღვდლო შესამოსელი და ხატები ჩამოვკიდეთ. ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი ჩვენს სახლში.
მისი საფლავის მონახულება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერც ბებიამ და ვერც ოჯახის სხვა წევრებმა ვერ შეძლეს. ვიცით, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან მას იქაურები. სოფელი კამანი კი, რომელიც მამა ანდრიას სამარადისო ნავსაყუდელად იქცა, თურმე ძალიან ჰგავს მშობლიურ ბაღდათს, სადაც მან ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა.
„პაატას უყვარდა გოდერძი ჩოხელი. მისი ერთი მოთხრობის პერსონაჟებს, ჯღუნას და ბერის, ვასახიერებდით კიდეც… ფეხშიშველა ჩოხელი ცივ ქვაზე შედგაო, – დაიძახებდა ბერი. ბერო, ჩამოდი დაბლაო, – ეტყოდნენ. ის უარობდა. ბერიც გახდა და ქვიდანაც არ ჩამოსულა…” – იხსენებს ჩემი მეორე ბიძა.
ამ დღეებში, როდესაც აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებულ ფილმს ვგულშემატკივრობდით „ოსკარის” ცერემონიალზე, გამახსენდა, რომ ჩემი წილი აფხაზეთის ისტორია მეც მაქვს. ისტორია, სადაც 27 წლის მამაკაცი შეგნებულად და უშიშრად წირავს თავს. მისი მსხვერპლშეწირვა კი გარდამტეხი ხდება მისი ოჯახისა და მრავალი სხვისთვის. მამა ანდრიას მოწამეობრივ ღვაწლთან გადაჯაჭვულია აფხაზი იური ანუას ტრაგიკული აღსასრულის ამბავიც. ამ ტრაგიკულ ქარგაზე იქსოვება ორი ადამიანის, აფხაზისა და ქართველის, მეგობრობაც, რომლებიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ეპუებიან მტერს და თავიანთი გამბედაობით უმტკიცებენ სამყაროს, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, მიწა, რომელიც ჩვენი საკუთრება გვგონია, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი