კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

როგორ დავინახოთ სპილო?

რას გააკეთებდით განათლების სიტემის შეცვლა რომ შეგეძლოთ? – ასეთ შეკითხვას უსვამენ სელინჯერის ერთ პატარა მოთხრობაში ათი წლის ვუნდერკინდ ბიჭს, სახელად ტედის.

 

– იცით რა… არც კი ვიცი კარგად, რას გავაკეთებდი. ის კი ვიცი, რომ არ დავიწყებდი იმით , რითაც სკოლები ჩვეულებრივ იწყებენ. მე ვფიქრობ თავიდან ბავშვებს ერთად შევკრებდი და მედიტირებას ვასწავლიდი. ვეცდებოდი, დამენახებინა მათთვის, ვინ არიან ისინი. დავეხმარებოდი მათ ყველაფერ იმის თავიდან გამობერტყვაში, რაც მშობლებისგან და სხვებისგან უსწავლიათ. იმის თავიდან გამობერტყვაშიც კი, თუ მშობლებმა ასწავლეს, რომ სპილო დიდია. სპილო მხოლოდ რაიმეს ან ვინმეს გვერდითაა დიდი, მაგალითად, ძაღლის ან ქალის გვერდით. იმასაც კი არ ვეტყოდი, რომ სპილოს ხორთუმი აქვს, მე მხოლოდ ვაჩვენებდი მათ სპილოს, თუკი ამის საშუალება იქნებოდა. ნებას მივცემდი მისულიყვნენ სპილოსთან ისე, რომ მეტი არ სცოდნოდათ სპილოს შესახებ. ასევე ვიზამდი ბალახზე და სხვა რამეებზე, იმასაც კი არ ვეტყოდი, რომ ბალახი მწვანეა. ფერები მხოლოდ სახელებია”, – პასუხობს ტედი.


ტედი ათი წლისაა. ის იმაზე მეტად გონიერია, ვიდრე უნდა იყოს, ის იმაზე მეტად მარტოსულია, ვიდრე უნდა იყოს, ის იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე სხვები ხედავენ. ალბათ, მართლა არსებობენ ტედისნაირი- ათი წლის ვუნდერკინდი ბიჭები, რომელთაც თავიანთი, მკაფიო და ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა სერიოზულ საკითხებზე- განათლებაზე, სიყვარულზე, ინდივიდუალიზმზე, ღმერთზე…


“ჰო, რა თქმა უნდა მიყვარს, მაგრამ მიყვარს სენტიმენტალობის გარეშე. მას არასოდეს უთქვამს, რომ ის სენტიმენტალურად უნდა ჰყვარებოდათ. მე რომ ღმერთი ვიყო არ მენდომებოდა, რომ ადამიანებს სენტიმენტალურად ვყვარებოდი. ეს მეტისმეტად არასაიმედოა”, – ამბობს ტედი.


როცა ამ პატარა მოთხრობას ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რამდენი ასეთი პატარა, შეუმჩნეველი ფილოსოფოსი არსებობს ჩვენ გარშემო, რომელთაც ხშირად ვერ ვამჩნევთ ან კიდევ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მათ აზრებს. პატარა ადამიანები, რომლებიც სრულიად ახლებურ სააზროვნო სივრცეს ქმნიან და მუდმივად თავისუფლების ძიებაში არიან. მათ კარგად ესმით, რა ზღუდავს მათ თავისუფლებას და ისიც იციან, რამდენ რამეს აშავებენ უფროსები, როცა მათ პირად სივრცეში დაუკითხავად იჭრებიან. აიძულებენ ისე იფიქრონ, როგორც მათ სურთ, ისე მოიქცნენ, როგორც უფროსებს სურთ იქცეოდნენ, ისე იცხოვრონ, როგორც მათ მშობლებს მიაჩნიათ სწორად. ისინი კი მაინც ჯიუტად ებრძვიან შემოთავაზებულ ქცევის მოდელებს და ძლიერი ნაბიჯებით იკვალავენ საკუთარ გზას.


ჩვენი შვილები იზრდებიან და განათლებაზე ბჭობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ჩვენ ყველას ინდივიდუალური წარმოდგენა გვაქვს განათლების სისტემაზე, კარგ სასკოლო განათლებაზე, ინდივიდუალური წარმოდგენა გვაქვს სხვადასხვა პედაგოგიურ მეთოდზე. მაგრამ მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ერთია – ჩვენმა შვილებმა განათლების საშუალებით იპოვონ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში, სწორად განსაზღვრონ ცხოვრებისეული ორიენტირები, ჰქონდეთ საშუალება პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და, რაც მთავარია, დარჩნენ თავისუფალ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ ყველანაირ პასუხისმგებლობას.


ყოველდღიურ პრობლემებთან შეჯახებისას, სხვადასხვა უსამართლობასთან გასამკლავებლად ერთადერთ სწორ გზად და გადამწყვეტ მექანიზმად სწორედ განათლება და განათლებული ადამიანები გვესახება. თუ დააკვირდებით, რა ხშირად ვამბობთ ამ სიტყვებს, ერთგვარ მანტრასავითაა განათლებაზე ლაპარაკი. “ჩვენ მხოლოდ განათლება თუ გვიშველის, მხოლოდ განათლებას შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში შეიძლება ცვლილებების განხორციელება ” და ა.შ. და ა.შ. ეს ის სიტყვებია, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად წარმოვთქვამთ და ყველას თანაბრად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირებულების ფასი. რომლის მისია სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა შეძლონ პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა საზოგადოებრივ სივრცეში. დაინახონ და ჰქონდეთ სურვილი სხვადასხვა პრობლემებთან გასამკლავებლად. ყველამ ვიცით, რომ კარგი განათლებით აღჭურვილი ადამიანი უფრო წელგამართულად გამოიყურება ცხოვრებისეულ ასპარეზზე და უფრო უშიშრად იგერიებს სხვადასხვა გამოწვევას.

ეს კი შეუძლებელია განხორციელდეს კარგი სასკოლო განათლების გარეშე, რომელიც ერთგვარ ფუნდამენტს წარმოადგენს ახალგაზრდა ადამიანისთვის ცხოვრებისეულ ასპარეზზე გასვლის წინ.


სელინჯერის ამ პატარა მოთხრობის გმირი კი ყოველთვის შეგვახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოსწავლეების ძალიან საინტერესო და ხშირად შეუმჩნეველი პიროვნული სამყარო, გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები და არ ვეცადოთ მოვაქციოთ ისინი ჩვენი აზრებისა და შეხედულებების ტყვეობაში. ვაცადოთ მათ თავად დაარქვან მოვლენებს და საგნებს თავიანთი სახელი.







კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი