კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

საკუთარი სამეფოს პროექტი

არ ვიცი, ოდესმე მოვახერხებ თუ არა, დავწერო წიგნი ბავშვებზე, რომელსაც წვიმიან უქმეებზე, პლედმოხურულები და ჩათბუნებულები წაიკითხავენ. გარეთ იწვიმებს და მათაც არაფერი ექნებათ სადარდებელი, უამინდობის გარდა – რომ მზიან ამინდში თავის გემოზე ვერ დახტიან. სამაგიეროდ, ფანჯრის რაფაზე შემომსხდარნი ამოიკითხავენ ამბებს, რომლებიც დიდად განსხვავებული არ იქნება მათივე თავგადასავლებისგან; მიხვდებიან, რომ ტკივილი თუ სიხარული ყველა თაობის ადამიანებს საერთო აქვთ; რომ ყველა დაუსრულებლად ეძებს და აგებს თავშესაფრებს, მაღალ ციხე-კოშკებს, წარმოსახვით სამყაროებს აშენებს, ეძებს და პოულობს მეგობრებს, ხანდახან კარგავს მათ და ასე გრძელდება ცხოვრება, რომელსაც ჩვენ „შეგნებულ ცხოვრებას” ვეძახით ხანდახან. ეს ცხოვრება კი ბაბუაწვერასავით სათუთია, ერთი შებერვაც კმარა, რომ ნაწილ-ნაწილ დაიშალოს.

 

უპასუხო წერილებზეც შეიძლება წერა, რომლებსაც მეგობრის ფანჯრებამდე გაბმული სარეცხის თოკის მეშვეობით ვგზავნიდით სიგარეტის კოლოფით და ამაოდ ველოდით პასუხს. იმ წითელ, მწვანე, ნარინჯისფერ და ლურჯ საფოსტო ყუთებზეც, კარგა ხანს რომ ეკიდა ჩვენი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებში. არავის გვინახავს იმ საფოსტო ყუთებში თეთრი კონვერტები, ისე გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან.


ბავშვობა ბედნიერიც არის და ტკივილიანიც. ჩვენი ამბები კი ძალიან გავს ერთმანეთს. საკმარისია, ცოტა ხნით ერთად ჩამოვსხდეთ, რომ წამოვა მოგონებათა კასკადი – ფერად-ფერადი ბავშვებით სავსე ეზოები, რეზინობანასა და წრეში ბურთის თამაშში გამორჩეულად ყოჩაღი გოგონები, ბიჭები – რატი და მერაბი, გოგონების სამეფოში რომ შემოიჭრებოდნენ და დაფხვნილი წითელი აგურისგან თოჯინებისთვის მომზადებულ „წვნიანს” ფეხს ჰკრავდნენ. ასეთი პატარა მიზეზები კმაროდა ბავშვური სიძულვილისთვის, რომელიც სულ გემახსოვრება. გემახსოვრება ეს ფეხის კვრაც. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თოჯინას უმზადებ წითელი აგურისგან წვნიანს თუ შვილებს – გემრიელ კერძს, ფეხის კვრა ფეხის კვრაა.


შიშები, გაუბედაობა, ყურადღების ნაკლებობა, ასაკობრივი სენტიმენტები, კონფლიქტები პირად და საზოგადოებრივ სივრცეში, კომპლექსები, საკუთარი თავის მიუღებლობა და გაუცხოება. ეს გახსნილი ჭრილობები ისევ თავიდან იწყებს ფეთქვას, თუ ქეთრინ პატერსონის „ხიდი ტერაბითიაში” წაიკითხეთ.


ტერაბითიის სამეფოს მბრძანებლები ბავშვები არიან. წესრიგსაც სამეფოში თავად ბავშვები ამყარებენ. აქ თავისუფლად შეიძლება თამაში და განმარტოება. შეიძლება ეომო გოლიათებს და მოსიარულე მკვდრებს შეებრძოლო. აქ მისასვლელად სწრაფი მდინარეც უნდა გადალახო და საკუთარი შიშებიც, რომლებიც ლამის ყვირის გულახდილობისგან და მათი ხმა ყველას ესმის. წიგნის გმირსაც, მეხუთეკლასელ ჯესი აარონსს, შიშების დამარცხება და გამბედაობის მოკრება სურს. ტერაბითიის სამეფოში მოსახვედრად სახიფათო გზა თვალდაუხუჭავად და გაბედულად უნდა გაიაროს, რათა საუკეთესო მეგობარმაც კი ვერ შეატყოს შიში, რომ ცურვა არ იცის, რომ წყლის ეშინია, რომ ჩავარდნის ეშინია…


მთელი ამ ხიფათებისა და შიშებთან გამკლავების მიუხედავად, წიგნი ისეთი მზიანია, როგორიც აპრილის ან მაისის ადრიანი დილა – ჩიტების ჭიკჭიკით და ასეთი დილისთვის შესაფერისი ფუსფუსით. ასეთ წიგნებს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს – ყველას აპოვნინებს საკუთარ თავს, ბავშვი იქნება თუ მშობელი, მასწავლებელი თუ სკოლის დირექტორი.


„შენ დაუმუშავებელი ალმასი ხარ”, – ეუბნება მეხუთეკლასელ ჯესის მუსიკის მასწავლებელი ჯულია. იგი ერთადერთია მთელ სკოლაში, რომელსაც ჯესი თავის ნახატებს აჩვენებს. ყველა დანარჩენი კი მის გატაცებას დროის ფლანგვად და „ჯღაბვნად” მოიხსენიებს. ჯესიც ხვდება, რომ მარტო ჯულიას უნდა ენდოს, მარტო მას შეიძლება გაუმხილოს თავისი საიდუმლო.


მის ედმუნდსი მთელი სკოლის ბავშვების საყვარელი მასწავლებელი და ნათელი წერტილია. ჯულია ბევრი რამით ჰგავს თავის მოსწავლეებს: უშუალოა, ლაღი, თავისუფალი. ის ერთადერთი მასწავლებელია მთელ სკოლაში, რომელიც ჯინსებით დადის და თვალები მუქად აქვს შეღებილი, როკვარსკვლავივით უკრავს გიტარაზე და როცა სამასწავლებლო ოთახიდან ჯულიას სიცილი ისმის, ეს ხმა მხოლოდ მასზე ყურებამდე შეყვარებულ ჯესი აარონსს არ აბედნიერებს – მის ედმუნდსი ყველას უყვარს. ის აცლის თავის მოსწავლეებს, იყონ ისეთები, როგორებიც არიან, არ ცდილობს მათ ამოხსნას, პირიქით, საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ პატარ-პატარა საიდუმლოები, პროექტები, რომლებსაც, იმედია, აუცილებლად განახორციელებენ.


ტერაბითიის სამეფოში ხიდის გადება კი იმედის ნაპერწკალივითაა, რომ კვლავ იარსებებს ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ თავისუფლად თამაშს. და როცა ჩემი სამი წლის შვილი კარს მომიხურავს და მაგიდის ქვეშ შემძვრალი საკუთარ თავთან დაიწყებს საუბარს მანქანებზე, უნდა ვიცოდე, რომ კარს მოვშორდე და საკუთარ სამეფოში განმარტოება ვაცადო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი