ზაფხული დადგა და ბავშვების ჟრიამულმა სკოლის კედლებიდან სკვერებსა და ეზოებში გადაინაცვლა, მერე რა, რომ ძალიან ცხელა. ჩემი ქართველი მოსწავლეები სულ მიყვებიან ამბებს იმაზე, თუ სად და როგორ ატარებენ ზაფხულის ცხელ და ძალიან, ძალიან გრძელ დღეებს, რომლებიც სასკოლო რუტინის გარეშე კიდევ უფრო მეტად დაგრძელებულა, ქალაქში, სოფელში თუ ზღვაზე.
ცხადია, ასეთი ზაფხული სამყაროს აქეთა კიდეშიც დადგა ჩემი ჩინელი მოსწავლეებისთვის. უფრო მეტად გრძელი და უფრო მეტად ცხელიც კი. თუმცა დღეები ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად არ გადის. ზოგი ისევ დადის მუსიკაზე, მათემატიკასა თუ ინგლისურზე. ამიტომ იქმნება უამრავი საზაფხულო სკოლა თუ კურსი, რომლებიც ბავშვებს გრძელი ზაფხულის გრილად გადატანაში ეხმარება. მართალია, ზოგჯერ უსამართლოდ ჟღერს, ნაწილი ისვენებდეს, ნაწილი კი სწავლას აგრძელებს, მაგრამ იქნებ კარგიც კია მცირე დროის პროდუქტიულად გამოყენება. მასწავლებლები გამუდმებით ამაზე ვზრუნავთ – სწავლა დღესასწაულად ვაქციოთ და ისეთი დღეებიც მხიარულად გავიყვანოთ, ზაფხულის მიუხედავად, მაინც სკოლის კედლებში რომ გადის.
ჩემი სკოლის საზაფხულო პროგრამა უამრავ სხვადასხვა კურსს მოიცავს. ყველა კურსის ბირთვი ინგლისური ენის შესწავლაა, თუმცა სხვადასხვა კურსი სხვადასხვა თემაზეა აწყობილი. გვაქვს თეატრის კლუბი, ანბანის კლასები, ამბის თხრობის კურსი და კიდევ უამრავი სხვა კურსი. ამ ზაფხულს ჩვენს საზაფხულო სკოლას ახალი კურსი – კითხვის აკადემია დაემატა. ცხადია, სხვადასხვა ზომის, შინაარსისა და ფორმის ტექსტის სწავლება ჩვენთვის ახალი არ იყო, თუმცა ჩვეულებრივ გაკვეთილებზე, როგორც წესი, ამას 20-30 წუთი ეთმობოდა, კითხვის აკადემიაში კი ერთი ტექსტისთვის ორი საათი უნდა დაგვეთმო. ამიტომ კურსის გასაცნობი ტრენინგების დასრულებისთანავე თანამშრომლები აქტიურად შევუდექით ახალ აქტივობებზე ბჭობასა და ბაასს, რათა ორი კვირის განმავლობაში ყოველი დღის ორი გრძელი საათი, ორ სახალისო და დასამახსოვრებელ საათად გვექცია.
კურსის მიხედვით გაკვეთილი სამ ნაწილად უნდა დაყოფილიყო: კითხვამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდგომ ეტაპებად, რომლებიც სხვადასხვანაირი აქტივობების დაგეგმვას მოითხოვდა. გიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო და საინტერესო აქტივობას, რომლებმაც ყველაზე უკეთ იმუშავა იმისთვის, რომ მოსწავლეებს მთლიანი ტექსტი კარგად გაეგოთ, დაემუშავებინათ და შეეყვარებინათ.
ვიდრე უშუალოდ ამბის კითხვას შევუდგებოდეთ, უმჯობესია ამბის ყველა სიტყვა წინასწარ დავამუშაოთ. ცხადია, ყველა გასარჩევ უცხოურ ტექსტს თან ახლავს ახალი, უცხო სიტყვები. თუმცა როცა მოსწავლეებს და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ, ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება სიად გამზადებულ უცხო სიტყვებს ის სიტყვებიც დავამატოთ, პირველ რიგში ჩვენ რომ მოგხვდა თვალში ტექსტის კითხვისას და გავიფიქრეთ, ეს რთულია სიტყვაა (გამოთქმა/წინადადება), ალბათ არ ეცოდინებათო. მოსწავლეებისთვის ახალი სიტყვების წარდგენისთვის აუცილებელი ატრიბუტი რომ ვიზუალური მასალაა, ალბათ ამაზე უკვე ბევრი თქმულა. თუმცა არანაკლებ ეფექტურია თამაშები, რომლებიც შეგვიძლია სიტყვების წარდგენის შემდგომ ვითამაშოთ. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ფოკუსი; მაგალითად, თუკი გვსურს მოსწავლეებმა რაც შეიძლება მალე დაიმახსოვრონ, როგორ იწერება ახალი სიტყვები, შეგიძლიათ, ეს თამაში გამოიყენოთ. გამოსახეთ სიტყვები (სურათებთან ერთად) დაფაზე ან ეკრანზე, წინასწარ გაამზადეთ ორი ფურცელი, რომლებზეც მხოლოდ სურათებია და არა წარწერები, დადეთ ფურცლები ცალ-ცალკე მერხზე ან სკამებზე თითო ფანქართან ერთად. მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად და სთხოვეთ რიგში ჩადგნენ: თითო გუნდიდან ორმა მოსწავლემ უნდა მიირბინოს ფურცლებთან, გადაიწეროს ერთი სიტყვა და გაიქცეს თავის ადგილას, რათა ახლა მისმა სხვა გუნდელმა შეძლოს იმავეს გამეორება. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც ყველაზე პირველი დაასრულებს ყველა სიტყვის გადაწერას, თუმცა ყურადღება მიაქციეთ შეცდომებსაც.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა კი ბავშვებისთვის ტექსტიდან მათი საყვარელი სიტყვების დახატვა აღმოჩნდა. თავისუფლება ჰქონდათ აერჩიათ, რა სახით დახატავდნენ სიტყვას, ნახატებით თუ ასოების ლამაზად და ფერად-ფერადად გამოსახვით. ჩემდა გასაკვირად, ყველამ კალიგრაფია აირჩია, თუმცა ალბათ უკეთესიც იყო, აქტივობის ბოლოს ყველამ უშეცდომოდ იცოდა, როგორ იწერებოდა თითოეული სიტყვა.
კითხვის დროს და კითხვის შემდგომი აქტივობები, არსებითად, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა თუკი მიზანი სხვადასხვაა, მათი კლასიფიცირებაც ადვილია. მაგალითად, თუ გვსურს, მოსწავლეები გაწაფულ კითხვაში ვავარჯიშოთ, აუცილებელია, რომ მანამდე ისეთი აქტივობები გვქონდეს, რომლებიც მათ შინაარსის და ამბის აღქმაში ეხმარებათ. ასეთი აქტივობები ტექსტის თავდაპირველი გარჩევის თანადროულია. ხოლო, როცა დავრწმუნდებით, რომ შინაარსი ყველას კარგად ესმის, უკვე შეგვიძლია გაწაფული კითხვის პრაქტიკაზე – კითხვის შემდგომ აქტივობებზე გადასვლა.
შინაარსის აღქმისთვის ყველაზე კარგი ამბის დაყოფა და ხელახლა აწყობა აღმოჩნდა. ასე ბავშვები მარტივად იგებენ, მიზეზშედეგობრიობას და მოვლენათა განვითარებას. რასაკვირველია, ამის გაკეთებაში თავიდან მასწავლებელი ეხმარებათ, თუმცა მოგვიანებით, უკვე თავადაც ახერხებენ დასაწყისის, შუა ნაწილისა და დასასრულის გამოყოფას – რაც, თავის მხრივ, პირველი ეტაპია იმისა, რომ მოგვიანებით ტექსტის დაყოფა უფრო დეტალურად მოახერხონ.
კითხვაში და მოვლენათა ლოგიკურ თანმიმდევრობაში კარგად რომ ივარჯიშოთ, ამობეჭდეთ წინადადებები ან აბზაცები ტექსტიდან. ჩანაწერები ერთმანეთში აურიეთ და მოსწავლეებს სთხოვეთ, თანმიმდევრობით დაალაგონ. აქტივობა რომ კიდევ უფრო სახალისო იყოს, შეგიძლიათ აბზაცები ფაზლის ნაწილებზე დაიტანოთ და ისე დაბეჭდოთ. ცხადია, ამ რესურსის დაჭრა და გამზადება უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა ფაზლი მოსწავლეებს საქმეს უმარტივებს და გულებსაც უხარებს მათ.
კითხვის შემდგომი აქტივობებიდან ყველაზე გამორჩეული როლური თამაშები იყო, სადაც მოსწავლეებს პერსონაჟები უნდა ეთამაშათ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დავალებები, სადაც ტექსტიდან უნდა ამოეწერათ პერსონაჟები, სცენები, მოვლენები, წარმოქმნილი პრობლემები და გამოსავლები. მერე კი ამ ყველაფრის მიხედვით პოსტერები უნდა აეწყოთ. პოსტერები შეეძლოთ დაეხატათ, ნაწილობრივ დაეწერათ, ან სურათები ჩაეკრათ.
გაწაფული კითხვის პრაქტიკისთვის კი ყველაზე სახალისოა, მისცეთ წრეზე დამსხდარ მოსწავლეებს თითო წინადადება ტექსტიდან, რათა 40-60 წამი განმავლობაში სათითაოდ წაიკითხონ წინადადება და მომდევნო მოსწავლეს გადასცენ წასაკითხად. თუმცა არასწორად წაკითხვის გამო ხელახლა უწევთ წაკითხვა და დროს კარგავენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მონდომებით ცდილობენ ერთდროულად სწორად და სწრაფად ამოკითხვას.
შედეგიც სულ მალე სახეზეა ხოლმე: ყველა გამართულად კითხულობს და თან ყოველი სიტყვის მნიშვნელობა ესმის.