ზაფხული დადგა და ბავშვების ჟრიამულმა სკოლის კედლებიდან სკვერებსა და ეზოებში გადაინაცვლა. მერე რა რომ ძალიან ცხელა. ჩემი ქართველი მოსწავლეები სულ მიყვებიან ამბებს იმაზე, თუ როგორ ატარებენ ცხელ და ძალიან, ძალიან გრელ ზაფხულის დღეებს, რომლებიც სასკოლო რუტინის გარეშე კიდევ უფრო მეტად დაგრძელებულა, ქალაქში, სოფელში თუ ზღვაზე.
ცხადია, ასეთი ზაფხული სამყაროს აქეთა კიდეშიც დადგა ჩემი ჩინელი მოსწავლეებისთვის. უფრო მეტად გრძელი და უფრო მეტად ცხელიც კი. თუმცა დღეები ყველა მოსწავლესთვის ერთნაირად არ გადის. ზოგი კვლავ დადის მუსიკაზე, მათემატიკასა თუ ინგლისურზე. ამიტომ იქმნება უამრავი საზაფხულო სკოლა თუ კურსი, რომლებიც ბავშვებს გრძელი ზაფხულის გრილად გადატანაში ეხმარებათ. მართალია, ზოგჯერ უსამართლოდ ჟღერს, ნაწილი სრულიად ისვენებდეს, ნაწილი კი სწავლას აგრძელდებს, მაგრამ იქნებ კარგიც იყოს მცირე დროის პროდუქტიულად გამოყენება? მითუმეტეს რომ მასწავლებლებიც გამუდმებით ამაზე ვზრუნავთ – სწავლა დღესასწაულად ვაქციოთ და ისეთი დღეებიც მალე და მხიარულად გავიყვანოთ, ზაფხულის მიუხედავად, მაინც სკოლის კედელებში რომ გადის.
ჩემი სკოლის საზაფხულო პროგრამა უამრავ სხადასხვა კურსს მოიცავს. ყველა კურსის ბირთვი ინგლისური ენის შესწავლაა, თუმცა სხვადასხვა კურსი სხვადასხვა თემაზეა აწყობილი. გვაქვს თეატრის კლუბი, ანბანის კლასები, ამბის თხრობის კურსი და კიდევ უამრავი. ამ ზაფხულს ჩვენს სასზაფხულო სკოლას ახალი კურსი – კითხვის აკადემია დაემატა. ცხადია, სხვადასხვა ზომის, შინაარსის და ფორმის ტექსტების სწავლება ჩვენთვის ახალი არ იყო, თუმცა ჩვეულებრივ გაკვეთილებზე, როგორც წესი, ამას 20-30 წუთი ეთმებოდა, კითხვის აკადემიაში კი ერთი ტექსტისთვის ორი საათი უნდა დაგვეთმო. ამიტომ კურსის გასაცნობი ტრენინგების დასრულებისთანავე თანამშრომლები აქტიურად შევუდექით ახალ აქტივობებზე ბჭობასა და ბაასს, რათა ორი კვირის მანძილზე ყოველი დღის ორი გრძელი საათი, ორ სახალისო და დასამახსოვრებულ საათად გვექცია.
კურსის მიხედვით გაკვეთილი სამ ნაწილად უნდა დაყოფილიყო: კითხვამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდგომ ეტაპებად, რომლებიც სხვადასხვანაირი აქტივობების დაგეგმვას მოითხოვდა. გიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო და საინტერესო აქტივობას, რომლებმაც ყველაზე უკეთ იმუშავა იმისთვის, რომ მოსწავლეებს მთლიანი ტექსტი კარგად გაეგოთ, დაემუშავებინათ და შეეყვარებინათ.
ვიდრე უშუალოდ ამბის კითხვას შევუდგებოდეთ, უმჯობესია ყველა სიტყვა, რომელიც ამბავშია წინასწარ დავამუშაოთ. ცხადია ყველა გასარჩევ უცხოურ ტექსტს ახლავს თან ახალი და უცხო სიტყვები, თუმცა როცა მოსწავლეებს და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ, ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება სიად გამზადებულ უცხო სიტყვებს ის სიტყვებიც დავამატოთ, პირველ რიგში ჩვენ რომ მოგხვდა თვალში ტექსტის კითხვისას და გავიფიქრეთ, ეს რთულია სიტყვაა (გამოთქმა/წინადადება), ალბათ არ ეცოდინებათო. მოსწავლეებისთვის ახალი სიტყვების წარდგენისთვის აუციილებელი ატრიბუტი რომ ვიზუალური მასალაა, ალბათ ამაზე უკვე ბევრია თქმულა, თუმცა არანაკლებ ეფექტურია თამაშები, რომლებიც შეგვიძლია სიტყვების წარდგენის შემდგომ ვითამაშოთ. მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა არის ჩვენი ფოკუსი; მაგალითად, თუკი გვსურს მოსწავლეებმა რაც შეიძლება მალე დაიმახსოვრონ თუ როგორ იწერება ახალი სიტყვები,შეგიძლიათ, ეს თამაში გამოიყენოთ. გამოსახეთ სიტყვები (სურათებითურთ) დაფაზე ან ეკრანზე, წინასწარ გაამზადეთ ორი ფურცელი, რომელზეც მხოლოდ სურათებია და არა წარწერები, დადეთ ფურცლები ცალცალკე მერხზე ან სკამებზე თითო ფანქართან ერთად. მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად და სთხოვეთ რიგში ჩადგენენ: თითო გუნდიდან ორმა მოსწავლემ უნდა მოირბინოს ფურცლებთან გადაიწეროს ერთი სიტყვა და გაიქცეს თავის ადგილას, რათა ახლა მისმა სხვა გუნდელმა შეძლოს მოსვლა. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც ყველაზე პირველი დაასრულებს ყველა სიტყვის გადაწერას, თუმცა ყურადღება მიაქცციეთ შეცდომებსაც.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა კი ბავშვებისთვის ტექსტიდან მათი საყვარელი სიტყვების დახატვა აღმოჩნდა. თავისუფლება ჰქონდათ აერჩიათ, რა სახით დახატავდნენ სიტყვას, ნახატებით თუ ასოების ლამაზად და ფერად-ფერადად გამოსახვით. ჩემდა გასაკვირად, ყველამ კალიგრაფია აირჩია, თუმცა ალბათ უკეთესიც იყო, აქტივობის ბოლოს ყველამ უშეცდომოდ იცოდა, როგორ იწერებოდა თითოეული სიტყვა.
კითხვის დროს და კითხვის შემდგომი აქტივობები, არსებითად, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა თუკი მიზანი სხადასხვაა, მათი კლასიფიცირებაც ადვილია. მაგალითად, თუ გვსურს მოსწავლეები გაწაფულ კითხვაში ვავარჯიშოთ, აუცილებელია, რომ მანამდე ისეთი აქტივობები გვქონდეს, რომლებიც მათ შინაარსის და ამბის აღქმაში ეხმარებათ; ასეთი აქტივობები ტექსტის თავდაპირველი გარჩევის თანადროულია. ხოლო, როცა დავრწმუნდებით, რომ შინაარსი ყველას გადასარევად ესმის, უკვე შეგვიძლია გაწაფული კითხვის პრაქტიკაზე – კითხვის შემდგომ აქტივობებზე გადასვლა.
შინაარსის აღქმისთვის ყველაზე კარგი ამბის დაყოფა და ხელახლა აწყობა აღმოჩნდა. ასე ბავშვები მარტივად იგებენ, მიზეზშედეგობრივობას და მოვლენათა განვითარებას. რასაკვირველია, ამის გაკეთებაში თავდაპირველად მასწავლებელი ეხმარებათ, თუმცა მოგვიანებით, უკვე თავდაც ახერხებენ დასაწყისის, შუა ნაწილის და დასასრულის გამოყოფას – რაც, თავის მხრივ, პირველი ეტაპია იმისა, რომ მოგვიანებით ტექსტის დაყოფა უფრო დეტალურად მოახერხონ.
კითხვაში და მოვლენათა ლოგიკურ თანმიმდევრობაში კარგად რომ ივარჯიშოთ, ამობეჭდეთ წინადადებები ან აბზაცები ტექსტიდან, იმის მიხდევით, თუ რამხელაა ტექსტი, ერთმანეთში აურიეთ და მოსწავლეებს სთხოვეთ თანმიმდევრობით დაალაგონ. აქტივობა რომ კიდევ უფრო სახალისო იყოს, შეგიძლიათ აბზაცები პაზლის ნაწილებზე დაიტანოთ და ისე დაბეჭდოთ. ცხადია, ამ რესურსის დაჭრა და გამზადება უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა პაზლი მოსწავლეებს საქმეს უმარტივებს და გულებსაც უხარებთ.
კითხვის შემდგომი აქტივობებიდან ყველაზე გამორჩეული როლური თამაშები იყო, სადაც მოსწავლეებს პერსონაჟები უნდა გაეთამაშათ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დავალებები, სადაც ტექსტიდან უნდა ამოეწერათ პერსონაჟები, სცენები, მოვლენები, წარმოქმნილი პრობლემები და გამოსავლები. მერე კი ამ ყველაფრის მიხედვით პოსტერები უნდა აეწყოთ. პოსტერები შეეძლოთ დაეხატათ, ნაწილობრივ დაეწერათ, ან სურათები ჩაეკრათ.
გაწაფული კითხვის პრაქტიკისთვის კი ყველაზე სახალისოა მისცეთ წრეზე დამსხდარ მოსწავლეებს თითო წინადადება ტექსტიდან და 40-60 წამი, ამ დროში სათითაოდ უნდა წაიკითხონ წინადადება და მომდევნო მოსწავლეს გადასცენ. თუმცა არასწორად წაკითხვის გამო ხელახლა უწევთ წაკითხვა და დროს კარგავენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მოდნომებით ცდილობენ ერთდროულად სწორად და სწრაფად ამოკითხვას. შედეგიც სულ მალე სახეზეა ხოლმე: ყველა გამართულად კითხულობს და თან ყოველი სიტყვის მნიშვნელობა ესმის.