ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
24 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

პარალელური და მართობული წრფეების შესწავლა აქტიური კვლევით

პარალელური და მართობული წრფეების განტოლებების თემა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ალგებრისა და გეომეტრიის გადაკვეთაზე დგას. ამ კონცეფციების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ მათემატიკაში შემდგომი წინსვლისთვის, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების დანახვისთვის ინჟინერიაში, ფიზიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე გამოყენებულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს, სადაც მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს წრფეების დახრილობებს შორის არსებული ძირითადი პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო ცნებების უფრო ღრმა გაგება-გააზრებას.

თემა:

დამოკიდებულება, ფუნქცია, გრაფიკი; ანალიზური გეომეტრია; გარდაქმნები

საკითიხთა კლასტერი:

  • ფუნქცია
  • წრფივი ფუნქცია (წრფივი ფუნქციის წარმოდგენა სტანდარტული და კუთხური კოეფიციენტის ფორმით. )
  • გეომეტრიული გადაქმნები

სამიზნე ცნებები:

  მათემატიკური მოდელი: რეალური ვითარების (ქალაქის გეგმა) აღწერა მათემატიკური განტოლებებით; მათემატიკური შედეგების (დახრილობის მნიშვნელობები) გადმოტანა რეალურ კონტექსტში (პარალელურობა, მართობულობა).

  კანონზომიერება: წრფეების დახრილობებს შორის არსებული კანონზომიერების (თანაბარი დახრილობა, ნამრავლი: -1) გამოვლენა; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგება.

  ლოგიკა: დასკვნის გამოტანა და მისი დასაბუთება; ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების ჩამოყალიბება; კრიტიკული აზროვნება.

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტუაციის მოდელირება, ვერბალურად მოცემული ამოცანის პირობის შესაბამისად და პრობლემის გადაჭრა. (მათ.საბ.1,2,3,5, 7, 9, 10
  • ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად (მათ.საბ.1,2,3,8,9,10);
  • რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით. (მათ. საბ.: 7);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება და პრობლემის გადაჭრა ( მათ.საბ 11).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კვლევის საფუძველზე თავად აღმოაჩინონ პარალელური და მართობული წრფეების კუთხურ კოეფიციენტებს (დახრილობებს) შორის არსებული ურთიერთკავშირი.

სასწავლო რესურსები:

  • კომპიუტერები/ ტაბლეტები ინტერნეტთან წვდომით
  • ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (მაგალითად, Desmos ან GeoGebra)
  • სამუშაო ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის
  • სახაზავი და ფანქრები (არასავალდებულო, მაგრამ გამოსადეგი)

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოკლე, ინტერაქტიული დისკუსიით, რათა მოსწავლეებმა გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა.

აქტივობა 1: წინარე ცოდნის გააქტიურება

  • მთელი კლასის დისკუსია: საბაზისო ცოდნის გასახსენებლად მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
    • რა არის წრფის კუთხური კოეფიციენტი/ დახრა? რას გვეუბნება ის წრფის შესახებ?
    • რა არის y=mx+b განტოლებაში m და b?
    • რა შემთხვევაშია წრფის კუთხური კოეფიციენტი განუსაზღვრელი?
    • როგორ შეიძლება გამოვთვალოთ დახრილობა, თუ წრფეზე ორი წერტილი გვაქვს?

აქტივობა 2: პარალელური წრფეების აღმოჩენა

კლასი დავყავი 3-4 მოსწავლისგან შემდგარ  ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება Desmos-ში ან GeoGebra-ში მუშაობისთვის. ასევე სამუშაო ფურცელი, რომელზეც მოცემული იყო წრფეების რამდენიმე წყვილი. მათ უნდა შეასრულონ სამუშო, დააკვირდნენ შედეგებს და დამოუკიდებლად გამოიტანონ დასკვნები.

დავალების ფურცელი: (ერთი ჯგუფის მაგალითზე)

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები
    • y=2x+1 და y=2x−3
    • y=−0.5x+4 და y=−0.5x+2
    • y=31​x−2 და y=31​x+5
    • y=4x+1 და y=−4x+1
    • y=x+2 და y=x−3
  2. თქვენ გევალებათ, კვლევის შემდეგი ეტაპები:
    • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
    • დააკვირდით, როგორ გამოიყურება წრფეები.
    • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: “კვეთენ თუ არა წრფეები ერთმანეთს?” და “რა დახრილობები აქვთ მათ?”
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m₁) დახრილობა (m₂) იკვეთებიან თუ არა წრფეები? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+3 y=2x−1      
წყვილი 2 y=−0,5x+4 y=−0,5x+2      
წყვილი 3 y=31​x−2 y=31​x+5      
წყვილი 4 y=4x+1 y=−4x+1      
წყვილი 5 y=x+2 y=x−3      
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გაანალიზეთ თქვენი პასუხები. რას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც არასდროს არ კვეთენ ერთმანეთს?

დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

 

  1. მოემზადეთ საპრეზენტაციოთ

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინათ კლასისათვის თავისი დაკვირვებები. მე ფასილიტაცია გავუწიე დისკუსიას, მოსწავლეებმა კი თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ პარალელურ წრფეებს ერთნაირი კუთხური კოეფიციენტი/ დახრა აქვთ.

აქტივობა 3: მართობული წრფეების აღმოჩენა (15წუთი)

მოსწავლეებმა შეასრულეს ანალოგიური კვლევა, ოღონდ ამჯერად მართობული წრფეებისთვის.

ჯგუფური დავალება: დავალების ახალი ფურცელი წრფეების სხვა წყვილებით. მაგალითად:: (ერთი ჯგუფის მაგალითზე)

მოცემულია წრფეთა წყვილები

  • y=2x+1 და y=−21​x−3
  • y=43​x−2 და y=−34​x+5
  • y=−3x+4 და y=31​x−1
  1. თქვენ გევალებათ, კვლევის შემდეგი ეტაპები:
    • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
    • დააკვირდით, როგორ ივკეთებიან წრფეები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კუთხის საზომი ინსტრუმენტი (ხელმისაწვდომია Desmos-ში) კუთხის გასაზომად.
    • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: “რა კუთხით იკვეთებიან წრფეები?” და “რა დახრილობები აქვთ მათ?” ასევე, გამოთვალეთ ამ დახრილობების ნამრავლი.
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m₁) დახრილობა (m₂) დახრილობების ნამრავლი (m₁​⋅ m₂) იკვეთებიან თუ არა წრფეები მართი კუთხით?? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+1 y=−0,5x−3        
წყვილი 2 y=3/4​x−2 y=−4/3​x+5        
წყვილი 3 y=−3x+4 y=1/3​x−1        
წყვილი 4 y=x+2 y=−x−3        
წყვილი 5 y=5x+3 y=−1/5​x+2        
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გაანალიზეთ თქვენი პასუხები.რას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ? გამოიტანეთ დასკვნა. დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

 

  1. მოემზადეთ საპრეზენტაციოთ

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინათ კლასისათვის თავისი დაკვირვებები. დისკუსიის ფასილიტაციით მოსწავლეებმა თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ მართობული წრფეების კუთხური კოეფიციენტების ნამრავლი ყოველთვის -1-ის ტოლია. ასევე დავეხმარე მათ, აღმოაჩინათ შებრუნებული და საპირისპირო ცნებები.

ეს სამუშაო ფურცლები მოსწავლეებს დაეხმარა, გაეაზრებინათ მთელი კვლევის პროცესი – დაწყებული მონაცემების შეგროვებიდან (დახაზვა და დაკვირვება) დასკვნების გამოტანამდე (კანონზომიერების აღმოჩენა და წესების ფორმირება).

აქტივობა 4: შეჯამება და პრობლემის გადაჭრა

  • მთელი კლასის აქტივობა: მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, მივეცი სავარჯიშოები, რომლებიც მოითხოვს ზემოთ „მიგნებული“ ცოდნის გამოყენებას.
    • “მოცემულია წრფე, რომლის განტოლებაა y=5x+2. როგორი იქნება პარალელური წრფის დახრილობა?”
    • “მოცემულია წრფე, რომლის დახრილობაა 2/3​. როგორი იქნება მართობული წრფის დახრილობა?”
  • სწრავი წერისათვის, პრაქტიკული ამოცანები: მივეცი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შესასრულებელი ამოცანის ბარათები.
    • “იპოვეთ წრფის განტოლება, რომელიც გაივლის წერტილზე (4,−1) და პარალელურია წრფის y=3x+5.”
    • “არის თუ არა წრფეები y=2x+7 და y=−1/2​x−1 მართობული და რატომ?”

აქტივობა 5: რეალური სამყაროს კავშირები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი გრძელვადიანი,  საშინაო კომპლექსური დავალება,რომლის შესრულებასაც დასჭირდა 2-3 გაკვეთილი. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთან ერთად ვიმუშავე მოცემულ თემაზე პროცედურული ცოდნის გასაღრმავებლად და ამავდროულად ვაძლევდი კომპლექსური დავალების განმავითარებელ შეფასებებს მათი ნამუშევრების გარკვეულ ეტაპზე. ამ კომპლექსური დავალების მთავარი არსი ის არის, რომ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, რომელშიც ასახავენ თავიანთ ცოდნასა და უნარებს.

კომპლექსური დავალება: ქალაქის რუკის შექმნა

საკვანძო შეკითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წრფეების განტოლებები ქუჩებს შორის ურთიერთობის აღსაწერად და ქალაქის გეგმის შესაქმნელად?

დავალების აღწერა:

თქვენი დავალებაა, შექმნათ თქვენი ოცნების ქალაქის გეგმა, ან აიღოთ თქვენთვის საინტერესო ქალაქის რუკა და დაიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. რუკის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტში, მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით.

ქალაქის გეგმა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ხუთ ქუჩას (წრფეს). თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელი ქუჩებია ერთმანეთის პარალელური და რომელი – მართობული.

თქვენი საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს:

  1. ქალაქის გეგმა: ქუჩების ნახაზი საკოორდინატო სიბრტყეზე, შესრულებული ხელით ან გრაფიკული კალკულატორით (მაგალითად, Desmos-ით ან GeoGebra-თი).
  2. ანგარიში: რომელშიც აღწერთ თქვენს ნამუშევარს და პასუხობთ საკვანძო შეკითხვებს. ანგარიში წარმოადგინეთ თქვენთვის მისაღები ფორმით

შესასრულებელი ნაბიჯები:

  1. დაგეგმვა: დაგეგმეთ თქვენი (სასურველი) ქალაქის განლაგება. გადაწყვიტეთ, რომელი ქუჩები იქნება პარალელური და რომელი მართობული.
    • შეარჩიეთ თქვენი ქუჩების სახელები (მაგალითად, „მზის ამოსვლის ქუჩა“, „მშვიდობის ქუჩა“, „გმირთა გამზირი“…).
  2. ნახაზი: გამოიყენეთ გრაფიკული კალკულატორი (ან სახაზავი და ფანქარი), რათა დახაზოთ თქვენი ქალაქის გეგმა. დარწმუნდით, რომ თქვენი ქუჩები შეესაბამება თქვენს მიერ დაგეგმილ პარალელურ და მართობულ ურთიერთობებს.
  3. გამოთვლები: დაწერეთ თითოეული ქუჩის განტოლება (y=mx+b ფორმით).
  4. ანგარიშის მომზადება: მოამზადეთ ანგარიში, რომელშიც ჩართავთ შემდეგ ინფორმაციას:
    • შესავალი: მოკლედ აღწერეთ თქვენი ქალაქის კონცეფცია.
    • პარალელური ქუჩები: დაადგინეთ მინიმუმ ორი წყვილი პარალელური ქუჩა. ახსენით, როგორ დაადგინეთ, რომ ისინი პარალელურია (მიუთითეთ მათი საკუთხო კოეფიციენტები).
    • მართობული ქუჩები: დაადგინეთ მინიმუმ ორი წყვილი მართობული ქუჩა. ახსენით, როგორ დაადგინეთ, რომ ისინი მართობულია (მიუთითეთ მათი დახრილობები და მათი ნამრავლი).
    • დასკვნა: შეაჯამეთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პარალელური და მართობული ხაზების გაგება ქალაქის დაგეგმარებაში ან სხვა რეალურ სიტუაციებში.

პროდუქტის შეფასება: თქვენი დავალება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზუსტი გაგება: სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული პარალელური და მართობული წრფეების თვისებები (კუთხური კოეფიციენტები).
  • მათემატიკური სიზუსტე: სწორად გაქვთ თუ არა განსაზღვრული წრფეების განტოლებები და გამოთვლილი დახრილობები.
  • არგუმენტირება: რამდენად ნათლად და დასაბუთებულად გაქვთ ახსნილი თქვენი არჩევანი და დასკვნები ანგარიშში.
  • ნამუშევრის წარმოდგენა: რამდენად მოწესრიგებულია და ვიზუალურად სასიამოვნოა თქვენი ნახაზი და ანგარიში.

მოსწავლეები, აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში, არა მხოლოდ შეიძინეს პროცედურული ცოდნა, არამედ გაიგეს მისი არსი და პრაქტიკული გამოყენება. მოიძიეს, გააანალიზეს, თავად მიაგნეს კანონზომიერებებს და გამოიტანეს დასკვნები დამოუკიდებლად. განუვითარდათ შემდეგი უნარები, როგორიცაა კვლევა და ანალიზი, არგუმენტირება და დასაბუთება; პრაქტიკული გამოყენება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  3. https://math.libretexts.org/Bookshelves/Applied_Mathematics/Developmental_Math_(NROC)/13%3A_Graphing/13.02%3A_Slope_and_Writing_the_Equation_of_a_Line/13.2.03%3A_Parallel_and_Perpendicular_Lines
  4. https://www.teacherspayteachers.com/Product/Parallel-and-Perpendicular-City-Activity-3514871

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“