მიყვარს აღმოჩენები, განსაკუთრებით, მუსიკაში, თან მაშინ, როცა არ ველი. ასე მოხდა: „ნეტფლიქსი“ მაქვს გამოწერილი, ძირითადად, ენების გამო, რომ გერმანულად და ფრანგულად ვუყურო რაღაცებს. დროდადრო რომელიმე საშინელებათა ჟანრის ფილმის ან სერიალისთვისაც შევიჭყიტები ხოლმე. მორიგი ასეთი შეჭყეტისას ფილმის თრეილერი მომხვდა თვალში:
გუნდის რეპეტიციაა. კონცერტმაისტერი (ან ლოტბარი – არ ვიცი, როიალს კი უზის) სთხოვს ბიჭებს, ახლა მხოლოდ გოგოებმა იმღერონო. გოგოები მღერიან და უცებ ბიჭებიდან ერთი აჰყვება. გოგოებს ეცინებათ, ბიჭი ჩერდება და ბოდიშს იხდის, მაგრამ კონცერტმაისტერი ეუბნება – არა, არა, განაგრძეო. ბიჭიც აგრძელებს. მერე ამბობს, ვიცი, მაღალი ხმა რომ მაქვსო.
მხოლოდ ეგ არა, მაღალი ხმა კი არა, კონტრტენორი გაქვს, უიშვიათესი სასიმღერო ხმაო, – გაოცებულია კონცერტმაისტერი.
ეკრანზე ფილმის სახელი გამოდის: „The Ballade of Ney Matogrosso“.
კონტრტენორი?! ამას უეჭველად ვნახავ-მეთქი, – გავიფიქრე.
ასე აღმოვაჩინე 70-იანი წლების გამორჩეულად არაკონვენციური მუსიკოსი – ნეი მატუგროსუ. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ნეი დე სუზა პერეირა. მატუგროსუ მამამისის მეორე სახელია (Middle name) და აგრეთვე, ბრაზილიის იმ შტატის სახელიც, რომელშიც ნეი დაიბადა (Mato Grosso do Sul).
დაიბადა ხელოვანისთვის სრულიად შეუფერებელ ოჯახში – მამა სამხედრო პირი იყო. ნეის ახალგაზრდობამაც პოლიტიკურ არეულობაში გაიარა და ამ ფონზეც და ისედაც, მამას სურდა, მისგან ნამდვილი კაცი დაეყენებინა. ნამდვილი კაცები კი ხელოვანები არ ხდებიან.
ძნელი სათქმელია, ნეის უნდოდა, მამისთვის დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი კაციცაა და ხელოვანიც იქნება, თუ რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ თავისი სახელოვნებო კარიერა სამხედრო კარიერიდან დაიწყო – ბრაზილიის საჰაერო ძალებში ირიცხებოდა. აკადემიაც წარჩინებით დაამთავრა. დაამთავრა და ეგ იყო – ხელოვნებაში გაიქცა. გულისგულში მსახიობობას ელტვოდა, მოდა და დიზაინიც ამ დროიდან ჩნდება მის ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება – გუნდში სიმღერისას ნეის ძალზე იშვიათი ხმა აღმოაჩნდა – კონტრტენორი. მერე კი ახლად ჩამოყალიბებული ბენდის Secos & Molhados ჯერაც უცნობი წევრები გაიცნო. დღეს ამ ბენდის სახელი მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ სწორედ მასთან თანამშრომლობით იწყება ნეი მატუგროსუს კაშკაშა გზა.
მაგრამ იცით, როგორც ხდება ხოლმე – გაუგებრობა, განხეთქილება და ნეი ბენდიდან წამოვიდა. მისი სოლო კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. სიმღერების მელოდიურობა, ხან ლირიკულობა, ხანაც ენერგიული, საცეკვაო ხასიათი, რომელსაც იდეალურად ერწყმოდა ნეის უჩვეულო ხმის ტემბრი, მისი ექსტრავაგანტური კოსტიუმები, მკვეთრი მაკიაჟი, ანდროგინულ გარეგნობას რომ სძენდა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელზე. სკანდალებიც არ აკლდა: მაშინ ბრაზილიაში ჯერ კიდევ მძლავრობდა ცენზურა და მედიაშიც ხშირი იყო უკმაყოფილება, რომ მატუგროსუ ქალივით მოძრაობს სცენაზე, რომ ნახევრად შიშველია და ეს მიუღებელია, რომ მისი ჩაცმულობაც გამომწვევია და მოძრაობებიც. მაგრამ ხელოვანი რის ხელოვანია ასეთი რამეები ყურად იღოს? და ნეიც, პირიქით, ეძებდა კიდევ უფრო მეტ ინდივიდუალურობას, გამოხატვის კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს.
უკეთ რომ გაიგოთ, რას ვგულისხმობ, შეგიძლიათ, მოუსმინოთ, ერთ-ერთ პირველ ჰიტს, რომელიც ნეიმ ჯერ კიდევ ბენდთან ერთად იმღერა (მაკიაჟი და კოსტიუმიც თავისი შექმნილია) – „ Sangue Latina“:
https://www.youtube.com/watch?v=_CSjq-UyaWA&list=RD_CSjq-UyaWA&start_radio=1;
ესეც „ჰიროშიმას ვარდი“ („Rosa de Hiroshima“), ნაზი, მჟღერადი მელოდია, ომსა და ატომური დაბომბვის კატასტროფაზე რომ გვიამბობს:
https://www.youtube.com/watch?v=sR1gC4GsFGM&list=RDEMkznwPbqFjQ-LlwKX0xKnxA&index=8;
დაბოლოს, კიდევ ერთი ძველი ჩანაწერი, კვლავ ბენდთან ერთად, როკ-ენ-როლის რიტმში, ტრადიციული სამხრეთამერიკული რიტმები რომ ენაცვლება:
https://www.youtube.com/watch?v=noX16UOg6yU&list=RDEMkznwPbqFjQ-LlwKX0xKnxA&index=12.
ნეი მატუგროსუ ახლა 83 წლისაა და ცოცხალია ისე, როგორც არასდროს – ბოლო (დღეისათვის ბოლო) კონცერტი ერთი თვის წინ ჰქონდა.