„და კვლავ გავიგონე ხმა ზეციდან, რომელიც მეუბნებოდა: „ხმამაღლა იყვირე და დაწერე ეს!“.
ჰილდეგარდ ფონ ბინგენი, „Scivias“
- მუსიკა და თეოლოგია
სანამ კითხვას დაიწყებთ, მინდა, ამას მოუსმინოთ:
https://www.youtube.com/watch?v=C9K9PfjRjxM&list=RDC9K9PfjRjxM&start_radio=1
ეს უჩვეულო მუსიკა მეთორმეტე საუკუნისაა. მიზეზი კი, რატომაც ის თქვენს ყურს ეუცხოება, მის ტონალობაში იმალება. უფრო სწორად, კილოში – ეს ნაწარმოები იმდენად ძველია, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ტონალობები, როგორც დღესაა (დო მაჟორი, მი მინორი, ა.შ.). მაშინ მუსიკა ძველ ბერძნულ კილოებზე იწერებოდა. რაც თქვენ მოისმინეთ, ფრიგიულ კილოზეა შესრულებული. ფრიგიული კილო შეესაბამება დღევანდელ ბუნებრივ მინორს დადაბლებული მეორე საფეხურით (აი, რაც ყურში უცნაურად მოგხვდათ, უფრო აღმოსავლურად, ცოტა შემზარავად, ეგაა დადაბლებული მეორე საფეხური).
ეს მოკლე საგალობელია, რომლის ავტორიც შუა საუკუნეების ერთხმიანობის დიდოსტატად მიიჩნევა. მეტიც, რომ არა ის, ამ ერთხმიანობის შესახებ ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა. მაგრამ ის მხოლოდ კომპოზიტორი როდი იყო: თეოლოგიც იყო, ფილოსოფოსიც, პოეტიც, მხატვარიც და ბუნებისმეტყველების ფუძემდებელიც გერმანიაში. გაიცანით წმ. ჰილდეგარდ ფონ ბინგენი – რენესანსის ადამიანი რენესანსამდელ ეპოქაში.
თუ ვინმემ შეითვისა ბენედიქტელთა მონასტრის ქარიზმა „Ora et Labora“ – „ილოცე და იშრომე“, უპირველესად სწორედ ჰილდეგარდმა. საოცარია, როგორ მოახერხა ერთმა ქალმა, ამდენ სფეროზე მოეხდინა ზეგავლენა. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჰილდეგარდი უბრალო მონაზონი არ ყოფილა – მონასტრის წინამძღვარი იყო.
როგორ და როდის მოხვდა ჰილდეგარდი მონასტერში, ზუსტად არ ვიცით – ზოგი წერს, რვა წლიდან იქ იზრდებოდაო, ზოგი წერს, თოთხმეტი წლიდანო. მისტიკური გამოცდილებები კი ბავშვობიდანვე ჰქონია – თავის ნაშრომში „Scivia“ („შეიცან გზანი“) გვიამბობს, რომ რაც თავი ახსოვს, სულ ჰქონდა ხილვა, რომელშიც სულიერი თვალით ხედავდა ყოველისმომცველ სინათლეს. Umbra viventis lucis – ანარეკლი ცოცხალი ნათლისა – ასე მოიხსენიებს ამ გამოცდილებას.
ხილვები მონასტერში ცხოვრების დროსაც გაგრძელდა. სწორედ ეს ხილვები გადაიქცა ჰილდეგარდის პირველ თეოლოგიურ ნაშრომად „Scivia“, ანუ სრულად „Scito Vias Domini“ – „შეიცან გზანი უფლისანი“. არ ვიცით, როგორ, მაგრამ ამის შესახებ თავად პაპ ევგენიუსს შეუტყვია და ტრირის კრებაზე განუცხადებია, ჰილდეგარდი სულიწმინდისგანაა შთაგონებულიო. ჰილდეგარდმა პაპს მიართვა „Scivia“-ს ხელნაწერი, რომელიც თავადვე დაასურათა. მისი მინიატიურებიც ისეთივე მისტიკურია, როგორიც მისი ტექსტები და მუსიკა. შეგიძლიათ, აქ დაათვალიეროთ რამდენიმე მათგანი: https://www.wikiart.org/en/hildegard-of-bingen .
ურთიერთობებსა და სულიერ ცხოვრებაში ჰილდეგარდი ჯიუტი და პრინციპული იყო. წინამძღვარი გახდა თუ არა, რუპერტსბერგში მოინდომა მონასტრის გადატანა. მონასტრის დებს ეს აზრი დიდად არ მოსწონდათ – არ სურდათ მონასტრის კომფორტი კლდოვან და ღარიბ მხარეზე გაეცვალათ. აბატი კუნოც, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ჰილდეგარდი და მონასტრის მთელი დობა, წინააღმდეგი იყო. ჰილდეგარდმა მისი ავტორიტეტი უგულებელყო და პირდაპირ ეპისკოპოსს მიმართა თხოვნით. ეპისკოპოსი დასთანხმდა. დები რუპერტსბერგში გადავიდნენ, მერე კი აბატი კუნოც იძულებული შეიქნა, ჰილდეგარდისთვის დაეთმო, რადგან ჰილდეგარდი ლოგინად ჩავარდა და მისი დაბრუნება უკან, დიზობოდენბერგში, შეუძლებელი გახდა.
სწორედ გადასვლისას და რუპერტსბერგის ახალი მონასტრის კეთილმოწყობისას წერს ჰილდეგარდი მუსიკალურ დრამას „Ordo Virtutum“ – „სათნოებათა წრე“. ეს ყველაზე ადრეული მუსიკალური დრამაა, რომელმაც ჩვენამდე სრულად მოაღწია. მისი ტექსტი მუსიკის გარეშე „Scivia“-შიც არის ჩართული. დრამა ეძღვნება წინასწარმეტყველთა და პატრიარქთა სათნოებების ქებას და ღვთისმსახურების თავისებურ ფორმას წარმოადგენს – ნაწარმოების ბოლოს პერსონაჟები მიმართავენ მსმენელს, მუხლი მოიყარონ და მიიღონ წყალობა ღვთის ხელიდან, მათკენ რომ გამოწვდილა. ბოლო სიტყვა „porrigat“ – „გამოიწვდის“ ოცდაცხრამეტ ნოტზეა გამღერებული, თითქმის მთელი წუთის განმავლობაში და მუსიკალურადაც ხელის გამოწვდენის პროცესს გამოხატავს.
ჰილდეგარდმა ერთ წიგნად შეკრა და მუსიკა დაუწერა თავის 80-მდე ლექსსაც. ამ კრებულს ეწოდება „Symphonia Armonie Celestium Revelationum“ („ზეციურ გამოცხადებათა ჰარმონიის სიმფონია“). აქ შემავალი პოეტური ნიმუშები, ძირითადად, ლიტურგიკულია. აქ მოისმენთ იოანე მახარებლისადმი მიძღვნილ რესპონსორიუმს: https://www.youtube.com/watch?v=4qL3iUuweOo&t=222s .
რუპერტსბერგში მოღვაწეობისას ჰილდეგარდმა მჭვრეტელობით თეოლოგიას კიდევ ორი ტომი შემატა: „Liber Vitae Meritorum“ და „Liber Divinorum Operum“. ეს უკანასკნელი, „საღმრთო საქმეთა წიგნი“, 70 წელს მიტანებულმა დაასრულა. წიგნი ერთგვარი ვრცელი განმარტებაა იოანეს სახარების პირველი თავისა. ჰილდეგარდს წიგნის იდეა მორიგი ხილვისას გასჩენია. ხილვა უჩვეულო იყო – ამჯერად ჰილდეგარდმა ექსტაზისას გონება დაკარგა და ამ დროს, როგორც თვითონ გადმოგვცემს, განიცადა ის, რაც განიცადა იოანე მახარებელმა დასაწყისის – „თავდაპირველად იყო სიტყვა“ – წერისას. თავად ასე აღწერს: „ისე იყო, თითქოს ღვთაებრივი შთაგონება წვიმის ტკბილ წვეთებს აპკურებდა ჩემს გონს“. სწორედ ეს სიტყვაა, ჰილდეგარდის აზრით, მთელი ქმნილების გასაღები. ვფიქრობ, მისი შემოქმედების გასაღებიც, რაზეც უფრო ვრცლად შემდეგი წერილებში ვისაუბრებ…