სამშაბათი, აპრილი 1, 2025
1 აპრილი, სამშაბათი, 2025

წიგნი მშობლებისთვის და მოზარდებისთვის

ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებები

(წერილი მოზარდებზე ულრიხ პლენცდორფის წიგნის მიხედვით)

 ეს წიგნი მშობლებისთვისაცაა და მოზარდებისთვისაც.

კლასიკის მოყვარულებისთვისაც და პოსტმოდერნისტული ტექსტების მკითხველებისთვისაც.

აქ შეხვდებით გოეთეს ვერთერის აჩრდილს, სელინჯერის კოლფილდს, დეფოს რობინზონს.

ასე უცნაურად აერთიანებს პოლარულად განსხვავებულებს (მშობლებსა და შვილებს) და დრო-სივრცითა და რეალობებით (მხატვრულით) დაშორებულებს.

 

ტექსტი კოლაჟივია – შიგნით „ჩაწებებულია“ ცნობები, ინტერვიუები, მოგონებები, ციტატები გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებებიდან“ და რაც ყველაზე მთავარია:

 აქ ისმის მოზარდის ხმა.

ისმის ხმამაღლა, აღტაცების მომგვრელი უტიფრობით, თავხედურად. მოზარდი გვესაუბრება მისთვის ჩვეული ჟარგონებითა და ფრაზებით, ცინიკურად, ყველაფრის უარყოფის ჟინით შეპყრობილი.

საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, აუღიარებელი გენიოსის ტკივილს, უგულებელყოფილი სიყვარულის დარდსა და წუხილს ცინიზმის ყოვლისწამლეკი ტალღა ფარავს.

მაგრამ ამის მიღმა, ამ საფარველის ქვეშ, მთელი ეს გადმონთხეული ნაკადი რომ ჩაიწრიტება, რჩება ზღვის ფერადი კენჭებივით სუფთა და ძვირფასი რამეები:

მოყვარული გული,

ამბოხებული შინაგანი მე,

სილამაზის, მშვენიერების, ხელოვნების დამფასებელი, რომელსაც რომ დასცლოდა, ახალ სამყაროს შექმნიდა ან არსებულს შეცვლიდა უკეთესობისკენ.

 

რა ცოდვა და მადლი ტრიალებს მოზარდის სულსა და გულში და როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშობლები მოეშვან ყოვლისმცოდნე დემიურგების როლის თამაშს – ამაზეცაა ეს წიგნი.

 

კონტროლი ენურეზამდე

„მგონი, ჯერ არ მითქვამს, ცაცია რომ ვიყავი. ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც დედიკო ვიბაუმ ვერა და ვერ გადამაჩვია. რას არ ჩალიჩობდა, რომ გადავჩვეოდი და მე იდიოტიც, ხო აზრზე ხართ, ყველაფერს ვასრულებდი. მანამდე ვიჩალიჩეთ ორივემ, სანამ ბლუკუნი და ლოგინში ჩასველება არ დავიწყე. მაშინ კი თქვეს ექიმებმა, კმარაო, ნება დამრთეს, ისევ მარცხენით მეწერა. ბლუკუნსაც მოვრჩი და ლოგინიც გამიშრა“…

მშობლებს ისე სჭირდებათ „იდეალური“ შვილები, რომ ზოგჯერ მათი „შეკეთებისა“ და ნორმა-სტანდარტებთან მისადაგებისას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს უგულებელყოფენ – ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. შეზღუდვა, მუდმივი კონტროლი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, შეცდომების უპატიებლობა, უამრავ წრესა და კლუბში გაწევრიანება ისე, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ რჩებოდეთ – ეს „სიკეთეები“ მცირე ჩამონათვალია ამ გზაზე. ედგარ ვიბოს დედა ქალაქში ცნობილი ქალი გახლდათ, მისი შვილი იდეალური, სანიმუშო, თითით საჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ამ წნეხს ბიჭი უძლებდა მანამ, სანამ გაუსაძლისი არ გახდა.

„ისე ნუ გამიგებთ, თითქოს კაუჭზე ჩამოვეკიდებოდი და ეგეთები, ეგ არა, მაგრამ მიტენბერგში კი მართლა აღარასდროს დავბრუნდებოდი. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ დარტყმებს ვერ ვუძლებდი, უბრალოდ, მარცხის მონელება არ შემეძლო. მე იდიოტს მინდოდა, მუდამ გამარჯვებული ვყოფილიყავი…“.

 

თანამედროვე სამყაროში უნართაგან უმნიშვნელოვანესი მარცხთან გამკლავება, შეცდომების გზით სწავლა, აღმოჩენებით შემეცნების უნარია. სრულყოფილი და საუკეთესო შედეგების ან წარმატებების მოთხოვნა ჩიხისკენ მიმავალი გზაა. საერთოდ, შევყოვნდეთ და დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ამ „წარმატებებს“ და რა გავეშებით ვთხოვთ ბავშვებს, მოსწავლეებს „წარმატებებს“. ამ რბოლაში პროცესით სიამოვნების მიღების, შეცდომებზე დაკვირვებისა და აღმოჩენების ადგილი სადღაა?

 

პლენცდორფის გმირს „აცოფებს“, რომ უფროსები მხოლოდ წარმატებულებსა და დაწინაურებულებს, წარჩინებულებსა და მუყაითებს სწყალობენ.

„ერთი რამ მაცოფებდა: თუ დაინახეს, კაცს გრძელი თმა აქვს, შარვალი გატკიცინებული არ აცვია, ხუთ საათზე არ დგება, მაშინვე ონკანს არ ეცემა, ცივი წყლით ტანს არ დაიბანს და აქედანვე არ იცის, ორმოცდაათი წლისას ხელფასი რამდენი ექნება, მაწანწალას თუ არა, უსაქმურს ხომ ნაღდად შეარქმევენ“…

 

ამიტომაა, თავად მხოლოდ ჯინსებს „აღმერთებს“, ხელობად ხან მხატვრობას ირჩევს, ხან მშენებლობას, ხან გამომგონებლობა სურს და ხანაც არაფერი.

 

წიგნის ყურადღებით წაკითხვა მშობლებს ბევრი მიზეზის გამო უღირთ და ერთი მიზეზი ესეცაა – შესანიშნავად შეიძლება ყველა წითელი ხაზის, აკრძალული მშობლური ილეთისა და დაუშვებელი მეთოდების აღრიცხვა და ამოგდება საკუთარი არსენალიდან. მამის განზე დგომა და არარსებობა შვილის ცხოვრებაში, დედის დაუოკებელი სურვილი, „გააუმჯობესოს“ და სრულყოს მოზარდი, აქციოს ის საამაყო ობიექტად, მისი წარმატების საზომად იწვევს იმ ქარაშოტს, კორიანტელს, ფორიაქსა და სიმძიმეს, რაც ახალგაზრდა ვ-ს ვნებებადაა მონათლული.

უფროსები თავდადებით, ხმალამოღებული, მძვინვარედ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, გველახება ყოველთვის, როცა არ გვიჯერებენ, ხელს გვიშლიან, ცუდად იქცევიან, ჩვენს მაღალ მოლოდინებს არ ამართლებენ. ამიტომ ვეძებთ და ვპოულობთ ეფექტიან მეთოდებს უზადო დისციპლინის დასამყარებლად. კონტროლი და სასჯელი (ძალაუფლების გამოყენება) ყველაზე სწრაფი და შედეგიანია, მაგრამ სანიმუშო მოზარდები ამის საფასურს ან საკუთარი „მეს“ დაკარგვით ზღავენ, ან ჯანსაღი ფსიქოემოციური მდგომარეობის დათმობით.

მერე კიდევ – კონტროლი ყოვლისმომცველი ვერ იქნება და არც ჩვენ ვართ ღმერთივით ყველგან მსუფევი. კონტროლს მიღმა გაღწეული მოზარდი რას ჩაიდენს ან პირიქით, არ ჩაიდენს – დიდი საიდუმლოა. საშიში და ამოუცნობი.

 

„უცბად დამარტყა თავში, ახლა რის ხოშიც მექნება, ის შემეძლო მეკეთებინა. ჭამის წინ ხელებსაც არ დავიბანდი, თუ ხოში არ მექნებოდა… მთელი ბარგი-ბარხანა მივყარე ოთახში. ნასკები მაგიდაზე დავყარე. ეს იყო ყველზე მაგარი…“, – ამბობს კონტროლისგან სრულიად გათავისუფლებული გმირი და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას ისე, როგორც შეუძლია. მანამ, სანამ კატასტროფამდე არ მივა. მანამ, სანამ სასიკვდილო დარტყმამდე არ მიიყვანს საკუთარ თავს.

 

რა ჭრის და მუშაობს ფეთქებადსაშიში ასაკის ადამიანთან ურთიერთობისას? (სწორედ ასეთია ადამიანი გარდატეხის ასაკში)

აი, ეს:

მოზარდის „შემჩნევა!“, მისი დაფასება, იმით დაინტერესება, რაც მას აინტერესებს, მისი მოსმენა, მასთან მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლება, საკუთარი თავისთვის მრავალგზის და მუდამ შეხსენება სასარგებლო შეძახილის:

„ნუ გაუჭირვე საქმე! თვითონ მიხედავს!“.

უმეტესწილად, მოზარდები მართლაც თავად მიხედავენ მშვენივრად თავიანთ ცხოვრებას.

უფროსებისგან კი მხუთავი სიყვარულისა და საყოველთაო კონტროლის ნაცვლად უპირობო მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“