ფეხბურთს რომ ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს, ამას საქართველოს ნაკრები უკვე ნახევარი წელია გვიმტკიცებს. სკოლაში, სპორტის გაკვეთილებზე, გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ფორმები ამშვენებთ, არა, კი არ ამშვენებთ, რაღაცნაირად უფრო ბედნიერს ხდის მათ, რაზეც მათი საუბარიც მეტყველებს. როგორ გადაიქცნენ ეს ერთი ციდა ბავშვები ფეხბურთის ექსპერტებად, არ ვიცი, თუმცა მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ იმსჯელონ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრებს უდგას, ასევე ერთი ამოსუნთქვით შეუძლიათ გადაანაწილონ ფეხბურთელები სათამაშო პოზიციებზე.
ცხადია, გახარებული და ბედნიერი მოსწავლის დანახვა ყველა მასწავლებლისთვის ცალკე მოტივაციაა. ჰოდა, მეც ვეცადე ისეთი რთული და მძიმე საკითხი, როგორიც მეტყველების ნაწილების შესწავლაა, სწორედ ფეხბურთის დახმარებით მომეგვარებინა. დღეს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უნდა შევქმნათ გრამატიკაში!- გამოვუცხადე მოსწავლეებს და წამიერად ვიგრძენი მათი გაოცებული მზერა. რა უნდა შევქმნათ? – ჩამეკითხა ჯგუფის მეკარედ აღიარებული, მკვირცხლი და გონიერი თვალებციმციმა ბიჭი. დაფაზე მეტყველების ნაწილები ჩამოვწერე და ვთხოვე, გაეხსენებინათ განვლილი მასალა და ესაუბრათ შესწავლილი მეტყველების ნაწილების: არსებითი სახელის, ზედსართავი სახელის, რიცხვითი სახელის, ნაცვალსახელისა და ზმნის „შესაძლებლობებზე“. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი გაეხსენებინათ და ესაუბრათ თითოეულ მათგანზე. ბავშვებმა ისიც გაიხსენეს, რომ ხუთივე მეტყველების ნაწილი ფორმაცვალებადია, სახელები იბრუნვის, ზმნა კი იუღლის. მეტყველების მომდევნო ნაწილები წინასწარ გამზადებულ ფორმატზე მქონდა დახასიათებული, რა თქმა უნდა, მათთვის გასაგები ტერმინებით, რომელსაც ვკითხულობდით და თან სათანადო მაგალითები მოგვყავდა, რათა უკეთ დაგვენახა, თითოეულ მეტყველების ნაწილს რა როლი აქვს წინადადებაში. განსაკუთრებული ინტერესი სრულმნიშვნელოვანმა და დამხმარე მეტყველების ნაწილების გამიჯვნამ გამოიწვია. მარტივი წინადადებების გარჩევისას მოსწავლეები უსვამდნენ სიტყვებს კითხვას და წინასწარ შედგენილ ცხრილში სვამდნენ,
მაგ.: მეორე დღეს იანგული და პეტია სკოლის ალაყაფთან დაგვხვდნენ მე და ჩემს დეიდაშვილ კოკას.
თურმე პატარა ბავშვები ორი დღე ელოდნენ დედას.
სრულმნიშვნელოვანი
მეტყველების ნაწილები |
პირველი წინადადება | მეორე წინადადება | მესამე
წინადადება |
||
არსებითი სახელი | იანგული, პეტია, დღე, სკოლა, დეიდაშვილი, კოკა | ბავშვები, დედას, დღე | |||
ზედსართავი სახელი | პატარა | ||||
რიცხვითი სახელი | მეორე | ორი | |||
ნაცვალსახელი | მე, ჩემს | ||||
ზმნა | დაგვხვდნენ | ელოდნენ | |||
ზმნიზედა | ალაყაფთან | ||||
დამხმარე მეტყველების ნაწილები | |||||
კავშირი | და | ||||
ნაწილაკი | თურმე | ||||
თანდებული | |||||
შორისდებული |
ამ სქემის შევსების შემდეგ უკვე გადავედით „საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შედგენაზე“. როგორც ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს შეეფერება, მოსწავლეები მალევე მიხვდნენ, რომ თერთმეტი მოთამაშის ნაცვლად ათი მოთამაშე გვეყოლებოდა, თუმცა თავი იმით ინუგეშეს, რომ თითოეული მოთამაშე გამოცდილი და მრავალმხრივ „ნიჭიერი“ გახლდათ. განლაგების დაწყება მეკარის არჩევით გადაწყდა, მსჯელობამ დიდხანს არ გასტანა კარში, არსებითი სახელის დაყენება გადაწყდა, პირველად არსებითი სახელი შევისწავლეთ, ამიტომ პირველ ნომრად სწორედ ის დააყენეს კარში. ჯერი დაცვაზე მიდგა და საფიქრალმაც იმატა. კარგა ხანს გაგრძელდებოდა კამათი, რომ არა სხვა დროს ყველაზე მორიდებული და მორცხვი მოსწავლის ძალიან ლოგიკური კითხვა: – როგორ თამაშს ვთამაშობთ, მასწ, დაცვითს თუ შემტევს? ამ კითხვას არ ველოდი, ცოტა დავიბენი კიდეც, თუმცა ჩემი დაბნეულობა ისევ მოსწავლეებმა გაფანტეს. ორივე ტიპის თამაშისთვის მოვემზადოთ,- განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ და თან სანიოლივით პატარა პრესკონფერენციაც ჩაგვიტარა: -თუ თავდასხმას ვაძლიერებთ, წინ სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილები დავაყენოთო, რადგან მათ გარეშე გაგვიჭირდება შეტევა. თუ დაცვითი თამაში გვინდა, მცველები გავაძლიეროთ და წინ დამხმარე მეტყველების ნაწილები გავუშვათო. ამ განცხადებამ კლასში მოწონება დაიმსახურა, მეკარე არსებით სახელს მცველად ისევ სახელები დაუყენეს. მარჯვნივ ზედსართავი სახელი, მარცხნივ – რიცხვითი სახელი, შუაში კი ნაცვალსახელი, ყველას ნაცვლად შეძლებს მეტოქესთან თამაშს, თან ესენი ერთმანეთშიც კარგად არიან „შეთამაშებულიო“. მცველების შემდეგ კიდევ ერთი დილემის წინაშე დავდექით, რა პრინციპით უნდა გაგვეგრძელებინა თამაში 4/3/3 თუ 4/4/2 . ამ მსჯელობის დროს მოსწავლეებს არგუმენტად მოჰყავდათ მეტყველების ნაწილების ფუნქცია/შესაძლებლობები და ვხვდებოდი, ამ ძალიან მხიარულმა თამაშმა როგორ გაათვითცნობიერა ბავშვები მეტყველების ნაწილების დანიშნულებაში. ისინი მსჯელობდნენ თანდებულს რა სწორად შეეძლო მიმართულებების მიცემა ბურთისთვის, ამიტომ შუაში მისი დაყენება უფრო ლოგიკური იქნებოდა. და კმაყოფილი ღიმილით ვადევნებდი მათ გაბრწყინებულ სახეებს, თვალს. საბოლოოდ 3/3/3 პრინციპზე შეთანხმდნენ. დაცვის შემდეგ ნახევარდაცვაზე მიდგა ჯერი: მარცხნივ შორისდებული, მარჯვნივ- ნაწილაკი, შუაში თანდებული კი ჩასვეს. ყველაზე მარტივად ცენტრალურ ფორვარდზე შეთანხმდნენ, მეტყველების ნაწილების კვარაცხელიად – ზმნა დასახელდა. მარჯვნივ ზმნიზედა, რადგან იციან რომ ზმნიზედა სწორად ზმნას უდგას მუდამ მხარში. შუაში კი კავშირი დააყენეს, როგორც ყველა მეტყველების ნაწილთან შეკავშირებულ-შეთამაშებულ წევრს . შემდეგი კითხვა კაპიტანს და მწვრთნელს შეეხებოდა. მწვრთნელზე ბევრი არ უფიქრიათ, ერთხმად – აკაკი შანიძე დაასახელეს. კაპიტნის სამკლავური კი ხან არსებით სახელს, ხან ნაცვალსახელს მოარგეს მათი მრავალფუნქციურობის გამო. კლასი დამშვიდდა, მე კი კმაყოფილი დავრჩი ამ სახალისო თამაშით, რადგან ჩემს მიზანს – გაეცნოთ მეტყველების ნაწილები და მათი ფუნქციები, ვფიქრობ, მივაღწიე. ბუნებრივია, ყველა კლასი თავის ნაკრებს დაასახელებს, თუმცა, ვფიქრობ, ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ მოსწავლეები ხალისითა და იმ სიამაყით შეასრულებენ იმას, რასაც დაავალებთ.