პარასკევი, მარტი 14, 2025
14 მარტი, პარასკევი, 2025

 ლიტერატურული ანალიზის ციფრული ევოლუცია

(ტექსტების კრეატიული განხილვა ChatGPT -სთან ერთად)

 ციფრული ტექნოლოგია და განათლება

ციფრული ტექნოლოგიები ცვლის ჩვენი სამყაროს პარადიგმას – ადამიანმა გენერაციული ჩატბოტების სახით ზღაპრული “ციფრული ჯინი” მიიღო. ჩატბოტების  ყოველდღიური მისალმება დაახლოებით ასე ჟღერს: “რა კითხვა გაქვს დღეს?”, რაც გულისხმობს: “გისმენთ და გემორჩილებით!” ეს ფრაზა ბევრ ადამიანს აფრთხობს, რადგან არ იცის, რა სჭირდება და როგორ მოითხოვოს ის, რაც ზუსტად არ იცის, რომ სჭირდება. არა და, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უკვე შემოჭრილია, ბევრი რამ შეცვლილია უკვე და ბევრიც ძალიან სწრაფად შეიცვლება. არ ღირს დრო დავკარგოთ შიშში, რომ “ისინი” სამსახურებს წაგვართმევენ, დაგვიპყრობენ, დედამიწიდან გაგვაძევებენ და ა.შ., რადგან ეს უკვე მოხდა და ჩვენც უნდა ვადაპტირდეთ ახალ რეალობასთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მხოლოდ ინსტრუმენტებია, მთავარი ადამიანია! ბრძანებების გამცემის როლში ყოფნაც აბნევს ადამიანს, რადგან მანამდე მან იცოდა, რომ რუტინულ სამსახურებში  ის უნდა ეკეთებინა, “რასაც დაავალებდნენ”, ახლა კი მან უნდა დაწეროს ინსტრუქციები ჩატბოტებისთვის – ეს კი სასარგებლოსთან ერთად საპასუხისმგებლოცაა!

ერთი სიტყვით, იწყება არა მარტო ღირებულებათა გადაფასება, არამედ იდენტობის კრიზისიც და ეს გზა ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ურთიერთდახმარებით, რადგან ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ფუტურისტული იდეა, ის ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილია.

ახლა კი სრულიად კონკრეტულ თემაზე მინდა გესაუბროთ: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე განათლებაში. უკვე დიდი ხანია,  გენერაციულმა ჩატბოტებმა სტუდენტებისა და მოსწავლეების ყოველდღიურობაშიც შეაღწია და ტრადიციულ დავალებებსაც მარტივად უმკლავდება. პროფესორ-მასწავლებლებს მოგვიწევს დავალებების ტრანსფორმაცია, რათა ახალგაზრდობამ  “copy-paste” კი არ გამოიყენოს, არამედ შემოქმედებითად ითანამშრომლოს და ცოდნა გაიმდიდროს და გაიმყაროს. ჩემი ბოლო წლების გამოცდილება უნივერსიტეტში ამ მხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამიტომ მინდა გაგიზიაროთ გამოცდილებაც და შემოგთავაზოთ კონკრეტული შემოქმედებითი პრომპტები ჩატბოტებთან სამუშაოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. დიახ, მათი გამოყენება ლიტერატურის ანალიზშიც ახალ ჰორიზონტებს გვიხსნის. ChatGPT-ი და მსგავსი ჩატბოტები ცვლიან ტრადიციულ მიდგომებს და გვთავაზობენ ინტერაქტიურ და ექსპერიმენტულ სივრცეს, სადაც ტექსტი აღარ არის სტატიკური შესწავლის  ობიექტი, არამედ ცოცხალი დიალოგის ნაწილია. ზოგადადაც, მომავლის ცოდნა – ეს არის დიალოგსა და ინტერაქციაში ახალი “ცოდნების” შექმნის პროცესი, ამავე დროს ეს არის ინდივიდუალური პროცესი.

თუ ტრადიციული ლიტერატურული ანალიზი ემსგავსებოდა არქეოლოგიურ გათხრებს, სადაც კრიტიკოსები ფენიდან ფენამდე ეძებდნენ “ჭეშმარიტ ინტერპრეტაციას”, დღეს ჩვენ ვართ ახალ რეალობაში, როცა ანალიზი აღარ არის მხოლოდ დეკოდირება, არამედ შემოქმედებითი დიალოგია.

ChatGPT და მსგავსი მოდელები ქმნიან დინამიკურ მიდგომებს, რომლებიც ერთდროულად მოიცავენ ფილოსოფიურ, ფსიქოანალიტიკურ, სტრუქტურალისტურ თუ პოსტმოდერნისტულ პერსპექტივებს. მათთან ურთიერთობისას მოსწავლეები/სტუდენტები იღრმავებენ ანალიტიკურ უნარებს და სწავლობენ ტექსტის მრავალგანზომილებიან წაკითხვასაც. თითოეული დიალოგი ციფრულ ჰერმენევტიკას ემსგავსება – ტექსტი გარდაიქმნება, მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები იმატებს და მკითხველი თავად ხდება ტექსტის თანაავტორი.

რა უნარებს იძენს სტუდენტი ახალ კომუნიკაციაში?

ტექსტი ცოცხალი დიალოგია… რა ცოდნას/სარგებელს იღებს აქედან მოსწავლე/სტუდენტი?

ყველაზე მთავარი: მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასარგებლო მხოლოდ ჩატბოტის პასუხების ანალიზი კი არ არის, არამედ საკუთარი პრომპტების ოპტიმიზაცია და კითხვების დახვეწა. ეს მათ დაეხმარება მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაში – როგორ ვიფიქროთ საკუთარ ფიქრებზე და როგორ დავსვათ უკეთესი კითხვები – ეს არის დღეს ჩატბოტებთან თანამშრომლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა.

აგრეთვე:

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლიტერატურულ ანალიზში ახალ, კრეატიულ განზომილებას აძლევს სწავლის პროცესს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აკადემიური პროცესი უფრო  მეტად ექსპერიმენტული და მრავალფეროვანი გახდეს.

ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკული აზროვნების ახალი რაკურსს – რომ ინტერპრეტაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის და რომ ტექსტის კითხვა შეიძლება გახდეს ინტელექტუალური თავგადასავალი.

ძლიერდება ინოვაციური ხედვა და ინტერდისციპლინური კავშირები – ChatGPT გვთავაზობს მოულოდნელ კავშირებს ფსიქოლოგიასთან, სოციოლოგიასთან, კიბერკულტურასთან, რაც ტექსტს ახალ კონტექსტებში აცოცხლებს და სრულიად ახალ მხარეებს გვანახებს.

ტექსტის ანალიზი ხდება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ნარატიული, პოეტური და დრამატული პროცესიც.

ვითარდება ციფრული წიგნიერება – სტუდენტები/მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმუშაონ AI-ჩატბოტებთან ისე, რომ მათი გამოყენება არ იყოს  მხოლოდ ინფორმაციული, არამედ შემოქმედებითი და კრეატიული.

მულტიმოდალური ინტერპრეტაცია – ტექსტი შეგვიძლია გარდავქმნათ აუდიალურ, ვიზუალურ, სენსორულ და ემოციურ გამოცდილებად, თუკი ჩატბოტებს შესაბამის ანალიზს მოვთხოვთ.

მნიშვნელოვანი ხდება ციფრული დიალოგური სწავლება – ცოდნა აღარაა სტატიკური სისტემა; ის მუდმივად ვითარდება, რადგან ჩატბოტი გვეხმარება ახალი, ალტერნატიული ხედვების გენერირებაში.

ლიტერატურული ანალიზის ახალი ეპოქა

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ChatGPT არ ანაცვლებს ტრადიციულ ლიტერატურულ მეთოდებს – ის მხოლოდ აფართოებს, ავრსებს, აღვიძებს მკითხველში ტექსტის მიმართ ცნობისმოყვარეობას და ანალიზის პროცესს აქცევს სახალისო თამაშად. ჩატბოტებთან ინტერაქცია საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ერთდროულად მკვლევრებიც და შემოქმედებიც, მკითხველებიც და ტექსტის თანაავტორებიც. ეს ახალი ჰიბრიდული მეთოდი გვთავაზობს  ინტელექტუალურ ტრენინგს და ახალ გამოცდილებას, რომელიც ციფრული სამყაროს ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია.

მომავალი უკვე აქ არის, და ეს მომავალი ციფრული დიალოგია – დიალოგი, როცა  ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითი პარტნიორია, რომელიც ტექსტის ახალ განზომილებებს გვიხსნის.

ახლა კი კონკრეტული ექსპერიმენტი:

მოდი, სანიმუშოდ ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ქარი ქრის” (თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი პოეტური ან პროზაული ტექსტი და მისცეთ განსხვავებული პრომპტი).

ვუტვირთავთ ჩატბოტს ლექსს და ვაძლევთ პრომპტს: განიხილე გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ქარი ქრის” სხვადასხვა პერსპექტივაში (აქ შეგიძლია დაუკონკრეტო, რა პერსპექტივებიც გსურს):

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის –

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.

ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს,

ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს,

შენი მე ხატება დამდევს თან,

ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან.

შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.

ChatGPT – ის პასუხი:

  1. მისტიკური აღქმა

ლექსში ბუნების ძალები თითქოს ცოცხლდებიან. ქარი და ნისლი შეიძლება განვიხილოთ როგორც მისტიკური სულები ან უხილავი ძალები, რომლებიც გმირის გრძნობებს განასახიერებენ.

  1. ფსიქოანალიტიკური აღქმა

ლექსი შეგვიძლია გავაანალიზოთ როგორც ქვეცნობიერის გამოძახილი. „სადა ხარ“ შეიძლება იყოს იდენტობის ძიების სიმბოლო, ხოლო განმეორებადი „ქარი ქრის“ — შინაგანი არეულობის და დაძაბულობის გამოხატულება.

  1. მეტაფიზიკური აღქმა

ლექსი შეიძლება აღვიქვათ როგორც დროისა და სივრცის ძიება. „ყოველ დროს, ყოველგან“ გრძნობის ულევობას და დროის მიღმა არსებობას აღნიშნავს.

  1. ალეგორიული აღქმა

ეს ლექსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცხოვრების ციკლის ალეგორია: ქარი — ცვლილებები, ფოთლები — დროის გასვლა, ხოლო ნისლი — მომავლის გაურკვევლობა.

  1. მუსიკალური აღქმა

ლექსის რიტმი და განმეორებადი სტრიქონები შეიძლება მუსიკალურ კომპოზიციად აღვიქვათ. „ქარი ქრის“ გამეორება რეფრენის მსგავსად ჟღერს, რაც მელოდიურობას ანიჭებს ნაწარმოებს.

  1. აბსურდული აღქმა

შეგვიძლია, ლექსი დავინახოთ როგორც აბსურდის თეატრის ელემენტი. ლირიკული გმირი ეძებს ვიღაცას ან რაღაცას, რაც შეიძლება არც არსებობდეს, და ეს ძიება უსასრულოდ გრძელდება.

  1. სიურრეალისტური აღქმა

ბუნების ელემენტების და ემოციის შერწყმა სიზმრისეულ, სიურრეალისტურ სცენას ქმნის. ფოთლები, რომლებიც „ქარდაქარ“ მიჰქრიან, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფიქრების ფრაგმენტები, რომლებიც ცნობიერებას გასცდნენ.

  1. კოსმიური აღქმა

ლექსი შეიძლება აღვიქვათ, როგორც კოსმოსური მოგზაურობა. ქარი და ნისლი სივრცესა და დროის უსასრულობაში მოგზაურობის სიმბოლოებია, ხოლო გმირის „სადა ხარ“ — სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.

  1. რიტუალური აღქმა

განმეორებადი სტრიქონები და რიტმი შეიძლება რიტუალურ შელოცვას ჰგავდეს, თითქოს ლირიკული გმირი შეყვარებულის ხატებას იძახებს და ბუნების ძალებს უხმობს.

  1. ციფრული აღქმა

ლექსი შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ინფორმაციული ნაკადის და მონაცემების ცირკულაცია ციფრულ სამყაროში. „ქარი ქრის“ მსგავსად, მონაცემები განუწყვეტლივ მოძრაობს ქსელში, „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ კი პაკეტების მარშრუტირებას ჰგავს ინტერნეტში. „სადა ხარ“ შეიძლება მივიჩნიოთ დაკარგული მონაცემის ან უკუგამის ძიებად, ხოლო ნისლი — ღრუბლოვან შენახვასა და ვირტუალურ რეალობას განასახიერებს.

ვაგრძელებ ინსტრუქციების მიცემას და ვეუბნები: განიხილე ლექსი აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური აღქმის პერსპექტივაში:

ChatGPT – ის პასუხი:

აუდიალური აღქმა

ეს მიდგომა ფოკუსირდება ხმებზე, რიტმსა და მუსიკალურობაზე:

  • ანალიზი: განმეორებადი „ქარი ქრის“ ქმნის რიტმს, რომელიც ქარის ხმაურს ჰგავს. ეს აკუსტიკური ეფექტი ქმნის მუდმივი მოძრაობის და წრებრუნვის შეგრძნებას. „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ — აქ სიტყვები ხმაურის იმიტაციას ახდენენ, თითქოს ფოთლები ერთმანეთთან შეხებით ცვივიან.
  • ნიმუში: თუ აუდიოფორმატში წარმოვიდგენთ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქარის ჩურჩული, ფოთლების შრიალი და წვიმის მსუბუქი ხმაური ფონად. პოეტის ხმაც შეიძლება დაბალ, სევდიან ტონალობაში ჟღერდეს, რაც ლექსის მელანქოლიურ ატმოსფეროს გააძლიერებს.

ვიზუალური აღქმა

ეს მიდგომა ამახვილებს ყურადღებას ვიზუალურ ასოციაციებზე და სურათებზე:

  • ანალიზი: ლექსში მდიდარია ვიზუალური დეტალები: „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ — წარმოდგენაში ჩნდება ქარბორბალას მსგავსი სცენა, სადაც ფოთლები ჰაერში ბრუნავენ. „ნისლიან ფიქრებს ცრის“ იწვევს ნისლით დაფარულ ჰორიზონტს და გაურკვევლობის ატმოსფეროს.
  • ნიმუში: ლექსის ვიზუალიზაციისას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნაცრისფერი, სუსტი განათება, ნისლი, რომელიც ცას ფარავს, და ფოთლები, რომლებიც ქარის ძალით ბრუნავენ. ეს ყველაფერი ქმნის სევდიან და მელანქოლიურ პეიზაჟს.

კინესთეტიკური აღქმა

ეს მიდგომა კონცენტრირდება მოძრაობასა და შეგრძნებებზე:

  • ანალიზი: ლექსში მოძრაობის დინამიკა ძლიერია: „ქარი ქრის“ — ჰაერის მოძრაობის შეგრძნება იბადება; „ფოთლები მიჰქრიან“ — სისწრაფისა და ქარბორბალის ენერგიის განცდა ჩნდება.
  • ნიმუში: კინესთეტიკურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ვდგავართ ქარიან დღეს ღია სივრცეში, ვგრძნობთ სახეზე ცივ ნიავს, ტანსაცმლის ფრიალს და ფოთლების შეხებას, რომლებიც ქარს მიჰყავს.

როდესაც მოსწავლეები/სტუდენტები განსხვავებული პრომპტებით მიიღებენ სრულიად განსხვავებულ პასუხებს, კრიტიკულად გაიაზრებენ მიღებულ ინფორმაციას, დახვეწენ ახალი პრომპტებით საბოლოო შედეგს, ამის შემდეგ იწყება უკვე ყველაზე საინტერესო პროცესი –  აუდიტორიაში განხილვა.

ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორია, მოდერატორი, რომელიც სწორად უხსნის მოსწავლეებს პრომპტების შექმნის ხელოვნებას და წარმართავს განხილვის პროცესს. ბოლოს კი შეაჯამებს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.

  

ამ თემაზე უფრო მეტი წაიკითხეთ ამ ნაშრომებში:

  1. Ryan, M.-L. (Ed.). (1999). Cyberspace Textuality: Computer Technology and Literary Theory. Indiana University Press.
  2. Berry, D. M., & F. Gruisin, R. (Eds.). (2017). Digital Humanities: Knowledge and Critique in a Digital Age. Polity Press.
  3. Jenkins, H., McPherson, T., & Shtern, J. (Eds.). (2018). The Digital Critic: Literary Culture Online. OR Books.
  4. Ramsay, S. (2011). Reading Machines: Toward an Algorithmic Criticism. University of Illinois Press.
  5. Overton, C. L. (1998). Artificial Intelligence and Literary Creativity: Inside the Mind of Brutus, a Storytelling Machine. Routledge.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“