შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნის“ ორი ეპიზოდი

„ვეფხისტყაოსნის“ სწავლება მასწავლებლისთვის არცერთ საფეხურზე არ არის იოლი ამოცანა. მოსწავლეთა ერთი ნაწილი ინტერესდება ტექსტით, სვამს კითხვებს, ითხოვს მოკლე ეპიზოდიდან მიღებული ცოდნის შევსებას პოემის სრული სიუჟეტიდან, რა დროსაც მასწავლებელმა ოსტატურად უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე: ისე უნდა მოახერხოს, რომ ბავშვებს თვალი აუხილოს პოემის სამყაროზე და თან ინტრიგა დატოვოს, როგორც ბავშვები ამბობენ, არ „დაასპოილეროს“, პოემისადმი ინტერესი არ დაუკარგოს. მეათე კლასში ხომ მთლიანად ვსწავლობთ პოემას და ამ დროისთვის ის არ უნდა იყოს უკვე ნაცნობი, გამოწურული, მოსაწყენი ტექსტი. მეორე ნაწილისთვის უცხოდ რჩება პოემის ძველი ქართული ენა და არქაული ლექსიკა, განსხვავებული სინტაქსი, შუა საუკუნეების რაინდობის ეპოქის ადამიანების ქცევის მოტივაციები, ინტერესები და ურთიერთობების კულტურა.

მეხუთე კლასის პროგრამაშია პოემის პირველი ეპიზოდი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, ხოლო მეექვსე კლასში ისწავლება „უცხო მოყმის ნახვა“ და „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“, რომლის ადაპტირებული ვერსია მოიცავს 11 სტროფსა და პროზაულ ჩანართებს. მეექვსე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამიზნე ცნებებია: ტექსტი, სიტყვა, წინადადება, ტექსტი სიტყვიდან ტექსტამდე, ხოლო ქვეცნებებია: მხატვრული და არამხატვრული ჟანრები, ნაწარმოების თემა, იდეა, დედააზრი, მხატვრული კონფლიქტი, სიუჟეტის განვითარება, ეპიზოდი, მოქმედების დრო და ადგილი, მთავარი და არამთავარი პერსონაჟები, პერსონაჟის ქცევა, მოტივაცია, შინაგანი სამყარო, ენობრივი მხარე, მხატვრული ხერხები/ტროპები (ჰიპერბოლა, ეპითეტი, გაპიროვნება, მხატვრული შედარება, მეტაფორა);

მეექვსე კლასში პოემის ორი ეპიზოდის ადაპტირებული ვერსიის დამუშავებას მოვანდომეთ 4 საათი, ვიმუშავეთ ლექსიკაზე, გავაკეთეთ პარაფრაზები, ტექსტის გაგების ეტაპის შემდგომ შევუდექით ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფეხურებს, ხოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე, რომლის მიზანი იყო ეპიკური პოემის ეპიზოდის იდეურ-მხატვრულ-სახეობრივი ანალიზის უნარების დახვეწა-განვითარება, შევადგინეთ გაკვეთილის ამგვარი გეგმა:

 

N აქტივობა გამოყენებული მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა რესურსები დრო
1 მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა     ელექტრონული ჟურნალი 2 წთ
2 პირველი ფაზა: გამოწვევა -გაკვეთილის მიზნის გაცნობა და ტექსტის გარშემო წინარე ცოდნის გააქტიურება

1.       „ვეფხისტყაოსნის“ ორი ეპიზოდის შინაარსი, მთავარი სათქმელი

2.       პერსონაჟები: როსტევან მეფე, ავთანდილი, უცხო მოყმე, თინათინი, შერმადინი

3.       ტროპული ხერხები

4.       ლექსის მუსიკალურობა (შაირის ფორმა, ცეზურა, მუხლი, რითმა, რიტმი, დაბალი და მაღალი შაირი)

ინტერაქცია და დისკუსია კლასთან (სოკრატული მეთოდი)

 

 

  სახელმძღვანელო:

ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, ენგურ ქურციკიძე, მარინე ხუციშვილი,

ქართული ლიტერატურა, VI კლასი, II ნაწილი, გამომცემლობა „სწავლანი“, 2018

10 წთ
3 მეორე ფაზა – რეალიზება თანამშრომლობითი (კოოპერატიული) სწავლება წყვილებში მუშაობა დამხმარე რესურსი

 

10 წთ
4 მესამე ფაზა – შეჯამება

წყვილების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტირება

      13 წთ
5 საშინაო დავალება:

ლიტერატურული ესეს შექმნა

„ვეფხისტყაოსნის“ ორი ეპიზოდის („უცხო მოყმის ნახვისა“ და „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“) განხილვა

მითითებები:

Ø  იმსჯელეთ ეპიზოდების მთავარი სათქმელის გარშემო;

Ø  დაახასიათეთ როსტევანი, ავთანდილი, შერმადინი, უცხო მოყმე და თინათინი;

Ø  იმსჯელეთ ლექსის მხატვრულ მხარეზე (შაირის სალექსო ფორმა, რითმა, რიტმი, მაღალი და დაბალი შაირი, ტროპული ხერხები).

დიდაქტიკური მეთოდი     5 წთ

 

გაკვეთილი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, ძალიან მაღალი იყო მოსწავლეთა აქტივობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, მათთვის ნაცნობი იყო ტექსტის ყველა დეტალი, იოლად სცემდნენ პასუხებს მასწავლებლის მიერ გაკვეთილის პირველ ფაზაში დასმულ კითხვებს. შემდეგ მოვემზადეთ წყვილებში სამუშაოსთვის. გთავაზობთ საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი წყვილის მიერ არის შესრულებული.

საკლასო სამუშაო წყვილებში                                                                                                  (ნიმუში)          

სახელი, გვარი:————————————————-

შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“

ტაეპები დაყავით ოთხ მუხლად:

  1. ასრე გითხრა, / სამსახური / ჩემი გმართებს / ამად ორად:
    პირველ, ყმა ხარ, / ხორციელი / არავინ გვყავს / შენად სწორად,
    მერმე, ჩემი / მიჯნური ხარ, / დასტურია, / არ ნაჭორად;
    წადი,  იგი / მოყმე ძებნე, / ახლოს იყოს, / თუნდა შორად.

 

  1. მე გარდასრულვარ, /სიბერე / მჭირს, ჭირთა უფრო / ძნელია,
    დღეს არა, ხვალე / მოვკვდები, / სოფელი ასრე / მქმნელია;
    რაღაა იგი / სინათლე, / რასაცა ახლავს / ბნელია?!
    ჩემი ძე დავსვათ / ხელმწიფედ, / ვისგან მზე საწუ / ნელია.

 

შაირის სახეობა (მაღალი, დაბალი):

  1. მაღალი;
  2. დაბალი.

ტაეპი, სადაც მუხლი წყვეტს სიტყვას:

ჩემი ძე დავსვათ / ხელმწიფედ, / ვისგან მზე საწუ / ნელია.

რითმები (რამდენმარცვლიანია რითმა?):

  1. ამად ორად / შენად სწორად / არ ნაჭორად / თუნდა შორად – 4-მარცვლიანი რითმა
  2. ძნელია / მქმნელია / ბნელია / -ნელია – 3-მარცვლიანი რითმა

ტროპული ხერხები (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, ჰიპერბოლა – ახსენით და მიუთითეთ მათი მნიშვნელობა):

  1. რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! – ალეგორია (იგულისხმება მეფის ასაკის გამო მისი მეფობის ნაკლოვანი მხარეები);
  2. ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია – ჰიპერბოლა (იგულისხმება (განდიდებულია) თინათინის იშვიათი სილამაზე).

წყვილებში სამუშაოს დასრულების შემდეგ 13-15 წუთი დავუთმეთ მასალის პრეზენტაციას. თუმცა ამ დროში 14 წყვილიდან პრეზენტირებას ყველა ვერ მოასწრებს, ამიტომაც მასწავლებელი იბარებს ნაშრომებს შესაფასებლად.

გაკვეთილის დასკვნით ნაწილში ვემზადებით შემაჯამებელი ესეს დასაწერად და ვაყალიბებთ მის მითითებებს. განვსაზღვრეთ მოცულობა და შევთანხმდით, რომ იქნება ვრცელი ესე, რომლის მინიმალური სიტყვათა რაოდენობა იქნება 400. ესეს მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ ორი ეპიზოდის („უცხო მოყმის ნახვისა“ და „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“) განხილვა, ხოლო მიმართულების მიმცემი მითითებები ჩამოვაყალიბეთ ამგვარად:

  • იმსჯელეთ ეპიზოდების მთავარი სათქმელის გარშემო;
  • დაახასიათეთ როსტევანი, ავთანდილი, შერმადინი, უცხო მოყმე და თინათინი;
  • იმსჯელეთ ლექსის მხატვრულ მხარეზე (შაირის სალექსო ფორმა, რითმა, რიტმი, მაღალი და დაბალი შაირი, ტროპული ხერხები).

რეფლექსიის სახით შემიძლია ვთქვა, რომ მეექვსე კლასში “ვეფხისტყაოსნის” ეპიზოდების სწავლებამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, ტექსტი დაეხმარა მოსწავლეებს ანალიტიკური უნარების დახვეწა-განვითარებაში, ასევე წარმატებული იყო თანამშრომლობა წყვილებს შორის. ყველაზე ნათლად მიღწეულ შედეგს წარმოაჩენს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ლიტერატურული ესეები, რომლებშიც მათ ტექსტის სამი (იდეური, სახეობრივი და მხატვრული) მიმართულებით კვლევა-დაკვირვების რეალიზება უნდა შეძლონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“