შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

როგორ ვასწავლოთ  საკამათო საკითხები გეოგრაფიის გაკვეთილზე

თანამედროვე სამყაროში ჩვენ წინაშე მრავალი რთული და საკამათო  საკითხი დგას:   მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიგრაცია და ლტოლვილთა კრიზისი,  გაუდაბნოება, სიღარიბე და შიმშილი, გარემოს დაბინძურება, არათანაბარი ეკონომიკური განვითარება და მრავალი სხვ.

საკამათო თემების სწავლებისას მასწავლებლის როლი სცილდება სწავლების კოგნიტურ გაგებას და აფექტურ (ან ემოციურ) სფეროს. ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებითაც ჩვენ ვცხოვრობთ, გავლენას ახდენენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და გარემოში არსებულ ყველა ჩვენს საქმიანობაზე. ღირებულებები არის მორალური პრინციპები ან სტანდარტები, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ და განვსჯით საკითხებს. დამოკიდებულებები გვეხმარება კონკრეტული გზებით ვუპასუხოთ ადამიანებსა და სიტუაციებს.

გეოგრაფიაში ბევრი თემაა, რომელიც დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს  მოსწავლეების განსხვავებული პოზიციების გამო. ამასთან, ზოგიერთი საკითხი ისეთი სენსიტიური აღმოჩნდეს,  რომ  ძლიერი  ემოციები გამოიწვიოს მათში. ამიტომ  ასეთი საკამათო საკითხების განხილვამდე მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს და წინასაწარ  გაითვალისწინოს, როგორ  დანერგოს და მართოს აქტივობები საკლასო ოთახში, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება.

ჩვენ შეიძლება არ ვიცით, რა ელის მომავალში დღევანდელ ახალგაზრდებს, მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი ხშირად  აღმოჩნდებიან  იმ რეალობის წინაშე, როცა მათ მოუწევთ სხვადასხვა საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომლებსაც შესაძლოა ძლიერი, მრავალფეროვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები მოჰყვეს. თუ მათ სურთ, გახდნენ წარმატებული ადგილობრივი და გლობალური მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ სამართლიანი სამყაროს  ფორმირებაში, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საკამათო საკითხების განხილვაში.

როგორც პედაგოგებს, ჩვენ  არ უნდა გვქონდეს მოლოდინები,  რომ  მოსწავლეებს ყველა  საკითხზე ექნებათ პასუხი. თუმცა, სწავლების ეფექტური მიდგომების გამოყენება საკამათო საკითხების განხილვისას, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად შეისწავლონ და ახალგაზრდებთან ერთად განავითარონ   საკუთარი თუ მოსწავლეების იდეები.

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ადგილი აქვს  საზოგადოების მზარდ დაყოფას და პოლარიზებას, ახალგაზრდების მოთხოვნილებაა, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეძლებენ სირთულეების  დაძლევას და, სწორედ ამიტომ, საკამათო საკითხებით სწავლება  ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიების და სოციალური მედიის განვითარება ახალგაზრდებისთვის  საშუალებაა, ახლა, ვიდრე ოდესმე, კრიტიკულად იფიქრონ და  განვითარდნენ, რომ  გახდნენ  წარმატებული გლობალური მოქალაქეები. 

რა არის საკამათო საკითხები?

არ არსებობს შეთანხმებული განმარტება იმის შესახებ, თუ რა ხდის  საკითხს საკამათოს, მაგრამ საკამათო საკითხები შეიძლება განისაზღვროს როგორც ძლიერი გრძნობების და შეხედულებების გაღვივება. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კონტექსტზე, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ.

საკითხები იმ შემთხვევაშია  „საკამათო“, თუ მათ შესახებ არ არსებობს ფიქსირებული ან საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისი, რაც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი მტკიცებულება, რაც სულ ცოტა ხნის წინ  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ხდებოდა, ან მტკიცებულებები შეიძლება განსხვავებულად იქნას განმარტებული. განსხვავებულმა ღირებულებებმა ან იდეოლოგიამ შეიძლება საკითხი საკამათო გახადოს.

საკამათო საკითხებს,  ჩვეულებრივ, არა აქვთ  ე.წ. ზუსტი და სწორი პასუხები, რადგან ისინი, უპირატესად, ეფუძნება საკუთარ გამოცდილებას, ინტერესებს, ღირებულებებსა და პირად კონტექსტს და რომელთა შესახებ აზრის გამოთქმისგან  ადამიანები ხშირად იკავებენ თავს.

თითქმის ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს საკამათო, თუ ინდივიდები ან ჯგუფები გვთავაზობენ განსხვავებულ ახსნას იმ  მოვლენებზე, რაც შემდეგ უნდა მოხდეს ან გვირჩევენ  პრობლემების მოგვარების გზებს. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ  საკითხებზე მოსწავლეების  პასუხები შეიძლება იყოს ძალიან მყისიერი და ემოციური,  დაპირისპირება საკითხის ირგვლივ შეიძლება გახდეს საკამათო თემის უფრო ღრმა გააზრების  სტიმულატორი, რაც იწვევს ამ საკითხის შემდგომ დეტალურ კვლევებს, უფრო დიდ ინტერესს მორალური და პოლიტიკური ხედვების,  ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობისა თუ სახელმძღვანელო მითითებების შესახებ.

საკამათო საკითხები მოიცავს თემების ძალიან ფართო სპექტრს, როგორიცაა  მაგალითად, ადამიანის უფლებები, გენდერული სამართალი, მიგრაცია, კლიმატის ცვლილება.

საკამათო საკითხები შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილისა და დროის მიხედვით,  იყოს ზოგადი ან ადგილობრივი.  მაგალითად, საკითხი, რომელიც საკამათოა ერთ კონკრეტულ საზოგადოებაში ან ქვეყანაში, შეიძლება ფართოდ იყოს მიღებული მეორეში ან სულაც არ აღელვებდეს მესამეს.

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვის შეიქმნას შესაძლებლობები, რომ ისწავლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია ისეთ საკითხებზე  ფოკუსირებით, რომლებზეც მათ  განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. უსაფრთხო სივრცეში საუბრების გამართვით მოსწავლეები გაიღრმავებენ საკითხის შესახებ ცოდნას, გაიაზრებენ  და კრიტიკულად შეაფასებენ საკუთარ ღირებულებებს და დამოკიდებულებებს.  მათ უვითარდებათ  ისეთი საჭირო უნარ-ჩვევები, რომელთა დახმარებით ისინი საზოგადოებაში არსებულ  რთულ გარემოებებთან გამკლავებას შეძლებენ.

რატომ უნდა ვასწავლოთ საკამათო საკითხები? 

საკამათო საკითხებით სწავლება შეიძლება  ნებისმიერ საგანში და ეს სტრატეგია შეიძლება იყოს ის ინსტრუმენტი, რომელიც  გააძლიერებს  ინტერდისციპლინურ სწავლებას.

ისეთი მასალის გამოყენებამ, რომელიც უბიძგებს ახალგაზრდებს ემოციური საკითხების განხილვისკენ, შეიძლება წაახალისოს ისინი. საკამათო საკითხებით სწავლება ხელს უწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას, მაშ შორის:

  • ინფორმაციის დამუშავება: სხვადასხვა ინფორმაციის შეკრება, დახარისხება, კლასიფიკაცია, თანმიმდევრობა, შედარება, დაპირისპირება და სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
  • მსჯელობა: მოსაზრებებისა და ქმედებების დასაბუთება; დასკვნების გამოტანა, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება  შეხედულებების ასახსნელად;  მტკიცებულებების  შერჩევა და წარდგენა თავიანთი გადაწყვეტილებების გასამყარებლად.
  • შეკითხვების დასმა: შესაბამისი და კრიტიკული შეკითხვების დასმა; შედეგების პროგნოზირება და პასუხების მოლოდინი; თეორიებისა და პრობლემების შესწავლა; ტესტირების შედეგები;
  • კრეატიული აზროვნება: იდეების გენერირება და გაფართოება; შესაძლო ჰიპოთეზების შეთავაზება და მათი გამოყენებით იდეების დახვეწა და ინიციატივების წარდგენა, ალტერნატიული გზების ძიება.
  • შეფასება: საკუთარი და სხვების ნამუშევრების ღირებულების ან იდეების შეფასება; 

როგორ გამოვიყენოთ საკამათო  საკითხები გეოგრაფიის სწავლებისას?

სასკოლო გეოგრაფიის  სწავლებისას მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ისეთი საკამათო საკითხები გააცნოს, რომლებიც, ერთი მხრივ, კონკრეტულად გეოგრაფიასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე მხრივ, სხვა საგნებსაც უკავშირდება თავისი  აქტუალურობისა და  მრავალწახნაგოვანების გამო.

გეოგრაფია მოსწავლეებს აცნობს რეალურ საკითხებს გლობალური და ლოკალური მასშტაბით, უბიძგებს მათ, განიხილონ ისინი სხვადასხვა რაკურსით და გამოთქვან მოსაზრებები. გეოგრაფიის სწავლებისას ისეთ საკამათო საკითხებს უნდა შევეხოთ, რომლებიც რეალურად  არსებობს ჩვენს ცვალებად სამყაროში და  ისინი გავლენას ახდენენ მოსწავლეთა ცხოვრებაზე  აწმყოსა  და მომავალში. გეოგრაფიის  სწავლებისას მოსწავლეებმა  უნდა გააცნობიერონ, რომ რეალური სამყაროს თანამედროვე პრობლემების  განხილვისას, ადამიანებს აქვთ განსხვავებული წარმოდგენები და მოსაზრებები საკამათო საკითხებზე და რთულ პრობლემებზე.

რა საკამათო საკითხები უნდა ვასწავლოთ გეოგრაფიაში  და რატომ ?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფია ღირებულებებით დატვირთული საგანია, რომელიც   ხშირად  აქტუალურ და საკამათო  საკითხებს ეხება. ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი მომავლით,  გეოგრაფიის მასწავლებლები უნდა დაეხმარონ  ამ  საკითხების სირთულის გააზრებაში. უპირველეს ყოვლისა, საკამათო თემების შესწავლა შესანიშნავი საშუალებაა ზოგადი გეოგრაფიული უნარების განვითარებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების იდენტიფიცირებისა და ანალიზისთვის, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა შეხედულებების მხარდასაჭერად.

გეოგრაფიაში შესასწავლი თემებისა და საკითხების  მრავალი ასპექტია საკამათო და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიონ, შეაფასონ და საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გამოთქვან იმ  საკითხებზე, რომლებსაც არ აქვთ ერთი ან ერთგვაროვანი პასუხი.

მასწავლებელი კარგად  უნდა დაფიქრდეს იმ  საკითხზე  ან დილემაზე, რომლის   გამოყენებას აპირებს სწავლებაში. დილემის შერჩევისას თუ შედგენისას   გასათვალისწინებელია  ეთიკური   პასუხისმგებლობა.

განსახილველად ხშირად გამოიყენება საკითხები, სადაც კარგად ჩანს ინტერესთა კონფლიქტი სხვადასხვა ჯგუფს შორის; ეს შეიძლება იცვლებოდეს   ადგილობრივი დაგეგმვის საკითხებიდან ეროვნულ პროექტებამდე, მაგალითად,  როგორიცაა  მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, ეროვნული პარკების დაარსება, კლიმატის ცვლილება,  ლურჯი ან ცირკულარული ეკონომიკის  განვითარება და სხვ.

საკამათო საკითხის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • ადგილობრივი, ეროვნული თუ გლობალური საკითხების აქტუალობა;
  • მნიშვნელოვანია ისეთი ლოკალური საკითხების შერჩევა, რომლებზეც ინფორმაცია ადვილად  შეიძლება მოიძიოთ ადგილობრივი გაზეთებიდან ან სხვა უწყებებიდან და  ასევე შეძლებთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სტუმრის სტატუსით ან რესპონდენტად.
  • ასევე, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხების შერჩევა.

საკამათო საკითხები  ყოველთვის  რთულია და მათ გადასაჭრელად   გარკვეული საბაზისო გეოგრაფიული  ცოდნაა საჭირო.

ლიტერატურა:

Nick Hopwood. Think Piece – ‘Values and controversial issues’, 2007

Roberts,  ‘What makes an issue controversial?’, 2023

https://geography.org.uk/ite/initial-teacher-education/geography-support-for-trainees-and-ects/learning-to-teach-secondary-geography/geography-subject-teaching-and-curriculum/teaching-thematic-geography/values-and-controversial-issues/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“