შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დილემა ბიოლოგიაში ,,ჩემი დის მცველი“        

რა არის ხელოვნური განაყოფიერება?

ვის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვის გენეტიკურ მასალაზე?

როგორ ფიქრობ, რამდენად ეთიკურია ბავშვის გაჩენა სხვა ადამიანის გადარჩენის მიზნით?

უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა. დღეს  მრავალი ბავშვი არსებობს, ვინც ამ მეთოდით ჩაისახა. ჩვეულებრივ ცხოვრობენ და უშვილო წყვილებისთვის ბედნიერების მომტანნი არიან. თუმცა, აქვთ თუ არა მშობლებს უფლება შვილი მხოლოდ იმიტომ გააჩინონ, თუნდაც ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომ მან სხვა, დაავადებული შვილი გადაურჩინოს?

ბიოლოგია საოცარი საგანია, თუ სამოქალაქო განათლებასთან შევაერთებთ, ხომ კიდევ უფრო საქმიანი და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივა. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენებას ბევრი ადამიანი, ზოგიერთი რელიგია საერთოდ ეწინააღმდეგება. ბოლო პერიოდში ბიოეთიკაც ძლიერდება. მოსწავლეებსაც შეუძლიათ ამ საკითხებზე მსჯელობა. მით უფრო, რომ საკითხი მეცხრე კლასში ბიოლოგიის კურსში ისწავლება. ამიტომ გთავაზობთ დილემას, ,,ჩემი დის მცველი“.

,,ჩემი დის მცველი“-,,My Sister’s Keeper” ამერიკელმა ნოველისტმა ჯოდი პიკულტიმ 2004 წელს გამოაქვეყნა, ეს მისი მეთერთმეტე ნოველაა. ნაწარმოები დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ანისა და მარისა აიალებზე. ნოველის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს იმავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლს კამერონ დიასი თამაშობს. სრული ფილმი განთავსებულია Netflix-ზე. ქართული თარგმანი არ არსებობს, ამიტომ გთავაზობთ მოკლე მონათხრობს, რომელიც შეიძლება ასევე შესთავაზოთ მოსწავლეებს.

ნოველის მთავარი გმირი ანა ფიცჯერალდია, მან 13 წლის ასაკში სასამართლოში უჩივლა მშობლებს, რათა მოეპოვებინა უფლება საკუთარ სხეულსა და ორგანოებზე. მის მშობლებს ლეიკემიით დაავადებული ქეითისთვის ანას თირკმლის გადანერგვა სურდათ. თხრობა წარმოსახვით ქალაქ ზედა დარბიში, კუნძულ როდიზე 2004 წელს მიმდინარეობს. ანა ფიცჯერალდის უფროსი და ქეითი, იტანჯება მწვავე ლეიკემიით, მას სისხლისა და ძვლის ტვინის კიბო აქვს. ანა ქეითის სიცოცხლის გადამრჩენად დაიბადება, მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ ქეითს. მკურნალობა წარმატებით სრულდება. შემდეგ ეტაპზე ქეითს თირკმლის უკმარისობა განუვითარდება. ანა 13 წლამდე მზადაა დისთვის ყველაფერი გაიღოს, თუმცა გაიგებს რა რომ ახლა თირკმლის გადანერგვა ხდება საჭირო და ოპერაცია საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს, გადაწყვიტს უჩივლოს მშობლებს. ამიტომ მიმართავს ადვოკატს საკუთარ სხეულზე უფლების მოსაპოვებლად. თავიდან გოგოების დედა, სარა ფიქრობს, რომ ანას მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურს, თუმცა გოგონა არ აპირებს საჩივრის გამოტანას და საქმე მოსამართლემდე მიდის. სარა შვილების გაჩენამდე სამოქალაქო ადვოკატად მუშაობდა, ამიტომ გადაწყვიტს თავად წარადგინოს საკუთარი პოზიცია. მოსამართლე დე სალვომ ერთი წლის წინ  12 წლის შვილი ნასვამი მძღოლის გამო დაკარგა. სასამართლოზე ანას და სარას ერთად ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ მოსამართლე ქირაობს ჯულია რომანოს, რომელიც არასრულწლოვნის წარმომადგენელი იქნება. ჯულია და ადვოკატი კემპბელი ჰაი სქულში შეყვარებულები იყვნენ, თუმცა კემპბელმა მიატოვა. ჯულიამ მიზეზი არ იცის. სინამდვილეში კი ადვოკატი ავარიის დროს იღებს ტვინის შერყევას და შემდეგ ეპილეფსია უყალიბდება. მას მიაჩნდა, რომ გოგონა უფრო მეტს იმსახურებდა და დაშორდა.

ქეითს ერთი  ძმაც ჰყავს, ჯესი, რომელიც უმეტეს დროს უყურადღებოდაა მიტოვებული, დის ავადმყოფობის გამო თითქმის არავინ პატრონობს. უმეტესად მიტოვებულ შენობაში არალეგალური ნივთიერებების გამოყენებით ასაფეთქებლების დამზადებაშია ჩართული. ის არასრულწლოვან დამნაშავედ მიიჩნევს თავს, მამაც უპირისპირდება არასწორი საქციელის გამო.

სასამართლოზე ირკვევა, რომ ანა დის სურვილით მოქმედებს. ქეითი დაიღალა ცხოვრებით, ის მზადაა სიკვდილისთვის და არ სურს და აიძულოს აჩუქოს თირკმელი. ანა ჩვენების მისაცემად დგას, კემპბელს ეპილეფიური კრუნჩხვა აქვს და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს ჯულია მათი დაშორების მიზეზს, ქალს იმედი ეძლევა . . .

გადაწყვეტილებას ანას სასარგებლოდ იღებს მოსამართლე. მეურვეობა კემპბელს ენიჭება. გოგონას საუბარში იკვეთება, რომ მას გადაწყვეტილი აქვს და გადაარჩინო. სასამართლოდან მიმავლები სატვირთოს ეჯახებიან. მეხანძრე-მაშველი ანას დამტვრეულ სხეულს ამოიტანს, ეს მეხანძრე მაშველი ბრაიანია, გოგონას მამა. სავადმყოფოში ექიმები ტვინის სიკვდილს ადასტურებენ, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. დაშავებული კემპბელი ადასტურებს, რომ ექიმებს უფლება აქვთ გადაუნერგონ ქეითს თირკმელი.

სარა და ბრაიანი რვა წელი შვილის აპარატებზე შეერთებულ სხეულთან ატარებენ. ამ დროში ქეითი ბალეტის მასწავლებელი გახდა, ჯესი კი პოლიციის ოფიცერი. ამბავი ქეითის მონოლოგით სრულდება, ის საკუთარ თავს დამნაშავედ გრძნობს, მის სხეულში ანა ცოცხლობს.

მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის თავისუფლების მიცემაა, ფიქრის თავისუფლებისა, სადაც ისინი წარმოადგენენ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს. ამ ცხრილში კი მოკლე არგუმენტებია.

ხელოვნური განაყოფიერების სასარგებლო არგუმენტები ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმდეგო არგუმენტები
ხელოვნური განაყოფიერება იმ წყვილებისთვის არის სასარგებლო, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ჰყავდეს შვილი. ადამიანი ირჩევს ემბრიონს, რომელსაც გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს. მრავალჯერადი გაყოფა საფრთხეს შეიცავს დედისთვისაც და შვილისთვისაც.
ხელოვნური განაყოფიერება უშვილო წყვილებს საშუალებას აძლევს შექმნან ოჯახი. გამოუყენებელი ემბრიონების გაყინვა ცოტა ხნით არის შესაძლებელი, შემდეგ კი იხოცებიან.
ჩანასახი შემოწმებულია გენეტიკურ დაავადებებზე. უნაყოფობა ზოგჯერ გამოწვეულია გენეტიკით, რაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მემკვიდრეობით გადაეცემა.
გაღრმავდა ადამიანის ცოდნა რეპროდუქციულ გენეტიკაში. ზოგიერთი რელიგიისთვის მიუღებელია ხელოვნური განაყოფიერება, რომლის მიხედვითაც უნაყოფობა ჩვეულებრივი ფენომენია.

 

 

გამოყენებულილიტერატურა:

  1. http://tfssbio.pbworks.com/w/file/fetch/54980708/Biology_for_the_IB_Diploma.pdf
  2. https://moviesanywhere.com/movie/my-sisters-keeper

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“