შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

როგორ ვაქციოთ რუტინული აქტივობა სახალისოდ

სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეთა მოტივაციაა. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ მნიშვნელოვნად იკლებს, როცა გაკვეთილი რუტინული და ერთფეროვანია. მსგავს გარემოში მოსწავლეები ადვილად კარგავენ მოტივაციას და სწავლა უფრო მოვალეობად აღიქმება, ვიდრე განვითარების პროცესად. კვლევებით დგინდება, რომ ინტერაქტიული და ინოვაციური აქტივობები, რომლებიც თამაშს შემოქმედებითობას და ტექნოლოგიებს  ეფუძნება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობას, ზრდის სწავლის ეფექტურობას და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით აზროვნებას. ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება აქტივობა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდს ინოვაციურ მიდგომად გარდაქმნის და ნათლად გამოაჩენს, თუ როგორ შეიძლება სწავლა გახდეს სასიამოვნო და პროდუქტიული პროცესი.

ალბათ ყველა მოსწავლეს ჰქონია ისეთი გაკვეთილი, სადაც მოსაწყენი რუტინისა და მოტივაციის დეფიციტის გამო ყველაფერი უკეთებია გაკვეთილზე დროის გასაყვანად,გარდა მასში უშუალო მონაწილეობისა. ყველა მასწავლებელს კი უფიქრია იმაზე,თუ რა იწვევს საგაკვეთილო პროცესისადმი ამგვარ უინტერესობას. ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანია მოსაწყენი,ცარიელი რუტინა, სადაც ყოველი შემდგომი ნაბიჯი და აქტივობა ერთმანეთს ჰგავს, რაც თავისთავად, დროთა განმავლობაში მოსაბეზრებელი ხდება.

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებს შესასწავლი თემა სწორად და სრულყოფილად მიაწოდოს, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მათში მოწყენისა და უინტერესობის ნაცვლად დიდი მოტივაცია გამოიწვიოს. მართლაც, სწავლის პროცესი უნდა იყოს იმდენად დინამიკური, აქტივობები კი მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი, რომ რუტინა იქცეს გასართობ და ინტერაქტიულ პროცესად. ამისთვის შესაძლებელია სასწავლო პროცესში ინოვაციური აქტივობების გამოყენება, რაც იწვევს მოსწავლეთა სრულ ჩართულობას, სწავლა-სწავლების პროცესი კი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი ხდება.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთი აქტივობის ორ ვარიანტს და ძალიან მოკლედ შევეცდებით ტრადიციული აქტივობა გარდავქმნათ ინოვაციურ აქტივობად.

აქტივობის თემა: სხეულის ნაწილები (Parts of  the human body).აქტივობის სახელი: გამოვიყენოთ სხეულის აღმნიშვნელი სიტყვები წინადადებებში.

აღწერა: 1.მოსწავლეები კითხულობენ და თარგმნიან ტექსტს (A Monster Kindergarten), სადაც ნახსენებია მათთვის ახალი, სხეულის ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინები ინგლისურად. 2. ტექსტის გაცნობის შემდეგ, მასწავლებელი ახალ სიტყვებს წერს დაფაზე, თავისი ქართული განმარტებებით. მოსწავლეებს ევალებათ ჩაიწერონ ეს სიტყვები და წინადადებები შექმნან მათი გამოყენებით.

    ახლა კი განვიხილოთ იგივე აქტივობის ინოვაციური ვარიანტი.

აქტივობის სახელი: „შექმენი შენი მონსტრი“

აღწერა: ახალი ტექსტის გაცნობისა და თარგმნის შემდეგ მასწავლებელი შემდეგ აქტივობა-თამაშს სთავაზობს მოსწავლეებს:

 

1.მასწავლებელი იყენებს ორ კამათელს. პირველი კამათლის ციფრები წარმოადგენს სხვადასხვა სხეულის ნაწილს (მაგალითად- ერთიანი არის ცხვირი, ოთხიანი არის ხელი და ა.შ); ხოლო მეორე კამათლით განისაზღვრება ამ სხეულის ნაწილების რაოდენობა.

  1. მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები. მათ უნდა გააგორონ ორივე კამათელი და დახატონ მონსტრი იმის მიხედვით, თუ რომელი სხეულის ნაწილი და ციფრი ამოუვიდათ (მაგალითად- ნიკამ გააგორა პირველი კამათელი,სადაც ამოვიდა ციფრი ოთხი- ანუ ხელი; მეორე კამათლის გაგორებისას კი- ციფრი ხუთი. ნიკამ უნდა დახატოს მონსტრი, რომელსაც აუცილებლად ექნება ხუთი ხელი, დაარქვას მას სახელი, გააფერადოს და ა.შ.).

3.ამის შემდეგ, თითოეული მოსწავლე გამოდის კლასის წინაშე და აკეთებს თავისი შექმნილი „მონსტრის“ შესახებ მოკლე პრეზენტაციას, მაგალითად: „This is my monster Max, he has got five hands and three eyes…“

ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი სასარგებლო უნარები, როგორიცაა: კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება, შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.
მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეებს კეთებითა და თამაშით ბევრად გააზრებულად შემოესწავლებათ ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი.

სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ გულისხმობს. მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან, აზროვნებენ, ქმნიან და პრაქტიკაში იყენებენ შესწავლილ მასალას. „შექმენი შენი მონსტრი“ ტიპის ინოვაციური აქტივობები მოსწავლეებს არა მხოლოდ სასწავლო მასალის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება, არამედ განუვითარებს მათ კრეატიულობას, გუნდურობასა და პრეზენტაციის უნარებს. მსგავსი მიდგომები სასწავლო პროცესს მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად ეძებდნენ ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც სწავლას და თამაშს გააერთიანებს.

მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეები კეთებით და თამაშით ბევრად გააზრებულად  დაეუფლებიან ამა თუ იმ  მნიშვნელოვანი საკითხს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

თამაშით სწავლებისთვის

EEE მოდელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“