შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ამბები ნოემბრიდან

 

გუშინ დილით აფთიაქში შევედი. ორთაჭალის მიწურულს. სომხეთისკენ მივდიოდი – ერევანში ქართული წიგნის კუთხე გავხსენით. ადრე დილაა და მარტო ვარ და აფთიაქარს ველი. სანამ ის წამალს ეძებს, ერთი პოლიციელი შემოვიდა – ტანად – ზორბა, სახით – კეთილი. ჰოდა, შემოვიდა, გაიღიმა და მითხრა: ,,ბატონო გიორგი, თუ მიცანითო?”. – ,,უი, კი, როგორ არა, ბავშვები როგორ არიან?!” და სხვა მსგავსი შეგებება დიდი ხანია დავივიწყე, ამიტომაც ვუპასუხე: ,,სამწუხაროდ, ვერა მეთქი.” ,,თქვენი საქმის გამომძიებელი ვარო!” – კიდევ უფრო გაიღიმა კაცმა. ,,ვახ! – მეთქი, მე ხომ იმ დროიდან ცოტა რამ მახსოვს და ბოდიში ბევრი!” . ,,არაო – საბოდიშო რა არისო, მიხარია, რომ ძველებურად ბევრ რამეს აკეთებთო” და ცოტა ქებაც მოაყოლა – აქ არ არის აუცილებელი ქების მოყოლა. საჭესთან ვიჯექი და მთელი გზა ლამის, ვიდრე ერევნამდე იმაზე ვფიქრობდი, რაც ისედაც ვიცით და გვითქვამს – ,,რა უცნაურია ცხოვრება!” სუიციდის მცდელობა რომ მქონდა, ეს სრულიად პატიოსანი კაცი, რომელსაც ამ საქმის გამოძიება დაევალა, მოსულა იმ დღეს, აივანზე დამჯდარა, მცხეთის ჯვარისთვის გაუხედავს და მერე მხრები აუჩეჩავს. სამი დღის შემდეგ ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში: – თამაშობდიო? – არა – მეთქი – მიპასუხია. – ვინმე გემუქრებაო? – ძირითადად დედაჩემი მეთქი, ზამთრობით, რომ თბილად ჩავიცვა. – ვალი გაქვსო? – კი, მაგრამ ბანაკის და გადახდა არ მიხარია, მაგრამ არც მიჭირს-მეთქი. – შეყვარებული დაგშორდაო? – არა, მაგრამ ეგენი სულ მშორდებიან-მეთქი – მიპასუხია. მაშინ თავს რატომ იკლავდიო? – უკითხავს და მე ჩამძინებია. ეს ამბავი ექთანმა მომიყვა და ერთადერთია, რაც მახსოვს ღიმილად. თუნდაც ნაძალადევ ღიმილად, მალე რომ გაქრა და დაიმარხა. ოდესღაც ფოლკნერმა თქვა: ,,ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ.” ეგ მახსოვს. და ამ დუმილით ვჯობნი არსით და რიცხვით ვიწრო მტრებს, ზედაპირულ და უსაგნო ხალხს, ცრუდ მოტივტივეთ და მოლაყბეთ. მაგრამ მაგათი ჯობნა იოლია. რაც ძნელია – ამ დუმილით ვჯობნი საკუთარ თავს, რომელსაც შურისძიება და ლაპარაკი უნდა. და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. ….. დღეს ბავშვებთან სიკეთეზე ვილაპარაკე. რა არის და რატომ ვაკეთებთ ხოლმე რამე კეთილს და ერთმა მითხრა – ხან არის, სიკეთის გაკეთება გინდა და ვერ აკეთებო. რატომ-მეთქი – ვკითხე და მიპასუხა: ერთხელ ქუჩაში მკვდარი ჩიტი დავინახე, მინდოდა გამეცოცხლებინა და ვერ გავაცოცხლე და თქვენ ხომ არ იცით, რატომო? მე არ ვიცოდი. ან საიდან უნდა მცოდნოდა, რატომ მოეწყო სამყარო ასე უსამართლოდ, რომ პატარა გოგონას მკვდარი ჩიტის გაცოცხლება უნდა და ვერ აცოცხლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“