კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

ასწავლე საქართველოსთვის – ტკბილი მელოდიები ხევსურეთიდან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ,,ასწავლე საქართველოსთვის’’, რომლის მიზანია მაღალმთიანი რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ასევე, კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

მინდა, გაგაცნოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის, ბარისახოს საჯარო სკოლის წარმატებული კონსულტანტ-მასწავლებელი, ნინო მანგოშვილი და მისი მეუღლე, ფოლკლორული ანსამბლის, ,,ბარისახოს’’ ხელმძღვანელი, ბევრისთვის ნაცნობი, პროფესიონალი მუსიკოსი, გორელიშვილების მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი, ზაზა გორელიშვილი.

ბაღის ასაკის შეყვარებული ბავშვები ქ-ნი ცირა გორელიშვილის, პროფესიონალი მუსიკოსის პირველი თაობის მოსწავლეები იყვნენ,   დღეს კი  ოთხი შესანიშნავი ვაჟკაცის მშობლები არიან.

***

სკოლის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა…

ფანჯრის მინებზე ბავშვების გაოცებული მზერა და გაფართოებული თვალების შუქი აირეკლა…  ცოტა ხანში კი მთისთვის დამახასიათებელი  მკაცრი გამომეტყველება ღიმილიანმა სახეებმა ჩაანაცვლა..

ნინო, როგორია მთის სკოლა?

სოფლის გარემო სხვა არის, მთის უდრეკი ხასიათით, ზრდილობით, უფროსის პატივისცემით, პატრიოტიზმით, თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევიან მოსწავლეები.

 

გზის სირთულე არ გაბრკოლებთ?

ბევრჯერ ზვავიც დაგვხვდა ჩამოწოლილი, გზის გაწმენდა მყისიერად ხდება, მაგრამ რისკის ქვეშ არის ყოველი მგზავრობა. კლდეზე ჩამოდის ჩანჩქერი, ზამთარში იყინება და ულამაზესია. ზოგჯერ ზღაპრულია ეს ყველაფერი, მაგრამ  რომ იყინება, სხვა გზა არ არის, ბავშვს, დიდს, პატარას, ყველას მოაქვს სასმელი წყალი.

 

როგორ შეგხვდნენ მოსწავლეები?

პირველ გაკვეთილზე შესვლისას ძალიან ვნერვიულობდი, უფროსკლასელები დიდი ინტერესითა და პატივისცემით შემხვდნენ. ჯერ არ იცოდნენ, რომ მასწავლებელი ვიყავი. მათ უყვართ ლექსების მხატვრულად წაკითხვა, ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები არიან, რამდენიმე საკრავზე უკრავენ, მღერიან.

 

პატარებთან რომ შევედი, მეორე კლასში, ორი ბავშვი დამხვდა. ვკითხე, რა ისწავლეს წინა წელს, რა ჰქვია, ვინც მუსიკას წერს და ერთი მათგანი მეუბნება,  მოიცადე, მასწავლებელო, არ მითხრა, მე თვითონ გავიხსენებო…

 

როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს?

უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით უნდა აკეთო ყველაფერი. ბავშვებთან რომ ურთიერთობას დაალაგებ, გაითვალისწინებ ინდივიდუალურ თავისებურებებს, ბავშვის სოციალურ მდგომარეობას,  მოერგები მათ განწყობას, ყველაფერი გამოვა შემდეგ. ასეც ყოფილა, რომ მივხვდი,  დაგეგმილი გაკვეთილი  არ გამოვიდოდა და შეცვალე.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტული სწავლების ფარგლებში,

მინდოდა,  ფოკლორის, ქსოვის, ლუდის ხარშვის, ბებიების ტრადიციების შესახებ  ჩანაწერები გაეკეთებინათ მოსწავლეებს. საინტერესო რიტუალია, როცა ტრადიციული ფორმებით ლოცვას ამბობენ დეკანოზები, შემდეგ მოჰყვება სიმღერა ,,ჯვარი წინასა’’  რომელსაც ფშავშიც მღერიან.

კლას-კომპლექტებთან მუშაობა რთულია, თუმცა, ძალიან საინტერესოა. მოსწავლეებმა შრომის სიმღერების შესახებ  მოიძიეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში.

ხალხური სიმღერების მოსმენა, შესწავლა, შესრულება პატარების საყვარელი აქტივობებია. მათ განსაკუთრებით მოსწონთ მუსიკის ინტეგრირება ქრთულ ენასთან, მხატვრულ ნაწარმოებებთან.  შთამბეჭდავი იყო რევაზ ინანიშვილის ,,მუხა’’, მუსიკალურ ნაწარმოებს ვასმენინებ და ეპიზოდებს ამოიცნობენ, როგორ ეტკინა მუხას, მონადირის სინანული, ხეში ამოსული ია და სხვა.

მინდა, რომ გიორგობის, აღდგომის, შობის დღესასწაულებისთვის მცირე საგალობლები ვასწავლო…

ბარისახოს საჯარო სკოლის დირექტორის, ქნი ლელა არაბულის  თაოსნობით, ზაზა გორელიშვილი ოთხი წელია, ანსამბლ ,,ბარისახოს’’ ხელმძღვანელია. მან ძალიან მალე დაიმკვიდრა  პატარების გულებში   დიდი სიყვარული.

არ არის იოლი ასეთი რთული კლიმატის პირობებში,  მაღალმთიანი რეგიონის სოფლამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა, მაგრამ ზაზა მასწავლებელი ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც ბავშვობაში ჩაუნერგეს სამშობლოს სიყვარული ტკივილამდე. სწორედ ამიტომ მიპასუხა წარბშეუხრელად:

-კლიმატი და გზა რა სათქმელია, როცა მთას დახმარება სჭირდება!

ზამთარში, ექსტრემალურ პირობებში, რამდენი ზვავი და  მეწყერი გვინახავს, მაგრამ ამდენი გახარებული ბავშვის დანახვა ყველაფერს აღემატება.

მთა იცლება ახალგაზრდებისგან. ახალი, დიდი სკოლა აშენდა, მაგრამ მხოლოდ ორმოცი მოსწავლეა. რვა  ბავშვი რომ ამთავრებს სკოლას,   მხოლოდ ორი შემოდის, მთის ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ ქალაქში არ წავიდეს, გამრავლდნენ, ხელფასი ჰქონდეთ, ზოგი ბარში ჩადის, ზოგი კი საერთოდ ქვეყნიდან მიდის.

ვიდრე გზას გავლევთ, ნინო ეფერება ბუნებას, თოვლიან გზას, ზვავსაც კი ეფერება…მე მეცინება… ხანდახან ემოციებს აღტაცებით უზიარებს მასწავლებლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ ეცინებათ, თავისებურად რთულია მთის ცხოვრების წესი…

აღსანიშნავია სკოლის დირექტორის, ქ-ნი ლელა არაბულის  თავდადება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს კონტიგენტი და ბავშვებს ცხოვრება გაულამაზოს, სხვადასხვა პროექტში ჩართოს. ერთ მოსწავლეს სურვილი აქვს,  რომ კონსერვატორიაში ჩააბაროს.

ანსამბლი ,,ბარისახო’’ აქტიურად მონაწილეობს ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

2024 წლის გაზაფხულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ორგანიზებით თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’ გაიმართა.

ანსამბლმა ,,ბარისახომ’’ მუსიკალურთეატრალური წარმოდგენით, „ბულბულის იუბილე“, პირველი ადგილი მოიპოვა.  უდიდესი შრომის ფასად დღეს ამ ბავშვებს  შეუძლიათ სიმღერა, ცეკვა, ეუფლებიან სასცენო  ხელოვნებას.

დაუვიწყარია მათი სატელევიზიო დებიუტი.

პოეზიის საღამოზე ბატონი ტარიელ ხარხელაური მიიწვიეს, ასევე, ფშავიდან მომღერალი ბავშვები.

 

სანუკვარი სურვილი

მინდა, რომ ფინანსურად გაძლიერდნენ ოჯახები, კეთილდღეობა ჰქონდეთ და დაბრუნდნენ მთაში. ჩვენ კი სიმღერებს არ მოვაკლებთ!

ამასაც გაგიმხელთ: ნინო სულ ჩემს გვერდით არის, თითქოს არ ჩანს დიდ საქმეში, მაგრამ ,,უხილავად’’ მეხმარება.

გვინდა, რომ ბავშვები იყვნენ ბავშვები!

უყვარდეთ სამშობლო და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ! მუსიკის სიყვარული შინაგანი კულტურით შეიგრძნონ.

მგონია, რომ თუ მუსიკა ეყვარებათ, სხვანაირი ადამიანები იქნებიან, ყველა სიმღერა ხომ ლოცვაა!

მრავალჟამიერი ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში! დღეგრძელობა და კარგად ყოფნა ყველას!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“