XIX საუკუნის ფრანგული რომანტიზმის გამორჩეული წარმომადგენელი გი დე მოპასანი უდავოდ უნდა მივიჩნიოთ მსოფლიო მოთხრობის დიდოსტატად. ის რეალისტის მახვილი და კრიტიკული თვალით აკვირდება ადამიანთა ყოფას და ამჩნევს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი, რაც ადამიანის სულსა და გონებას ამოძრავებს ხოლმე. მისი მოთხრობები გვაფიქრებს მრავალ მორალურ-ეთიკურ პრობლემაზე, რომელიც ადამიანს აწუხებდა მოაზროვნე კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე. მოპასანის კალამს სამზეოზე გამოაქვს ადამიანის სულის უღრმეს ხვეულებში გამომწყვდეული განცდები, ვნებები, ფობიები თუ ღირსებები.
მოპასანის კალამს ეკუთვნის ორი პატარა მოთხრობა, „აღსარება“ და „თეოდულ საბოს აღსარება“. ორივე ნაწარმოებში წარმოჩენილია ადამიანი, როგორც ცოდვილი და სულმოკლე არსება, რომელიც მზად არის საკუთარ კეთილდღეობას ეგოისტურად უმსხვერპლოს ყველა და ყველაფერი, იკადროს უკადრებელი, მიუღებელი და მომაკვდინებელი ცოდვით დამამძიმებელი რამ. მწერალს სურს, რომ მკაცრად, დაუნდობლად ამხილოს საზოგადოებაში ფესვმოკიდებული მანკიერებანი. პარალელი რომ გავავლოთ ამავე ეპოქის ქართველ რეალისტებთან, იდეური ხაზი საერთოა. ჩვენი გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა სწორედ ასე ფსკერამდე აკვირდებიან ცხოვრების მდინარის ტალღებს და სამზეოზე ამოაქვთ ის ლაფი, რომლის მხილების აუცილებლობაზეც ბევრს წერდა ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებშიც, გამოჰქონდა ეს პრობლემები მხატვრულ ტექსტებში.
„აღსარება“ გვიამბობს ბადონ-ლერემენსეს თავგადასავალს. მოთხრობის სიუჟეტი მისი გასვენების ამბითა და საოჯახო წრეში ანდერძის გაცნობით იწყება. პრეფექტურის წარმომადგენელმაც კი თავისი სამგლოვიარო სიტყვა დაასრულა ფრაზით: „ესეც ერთი პატიოსანი კაცი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას!“ ბადონ-ლერემენსეს ყოველი ქცევა ქალაქ ვეზიე-ლერეტელის მცხოვრებთათვის იყო სამაგალითო, იდეალური, უზადო. მან იცოდა რჩევა-დარიგების მიცემა, ხელის გაწოდება, ლოცვა-კურთხევა ადამიანისა, ერთი სიტყვით, სათნოებისა და ღირსების განსახიერება იყო. ამ პატივცემულ ბატონს ქალ-ვაჟი დარჩა. მისი ქალიშვილი ნოტარიუსს გაჰყვა ცოლად. ოჯახი საყოველთაო პატივისცემით იყო გარემოსილი. განსვენებულის სურვილი იყო, რომ მისი ანდერძი შვილებს გაეხსნათ მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ.
ანდერძი აღმოჩნდა გარდაცვლილის გულწრფელი აღსარება, მონანიება უმძიმესი ცოდვისა, რომელიც მას მთელი ცხოვრება აწამებდა. 26 წლის ასაკში ბადონ-ლემერენსე პროვინციიდან პარიზში ჩასულა და საადვოკატო საქმიანობა დაუწყია. დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება უბრალო ახალგაზრდა კაცისთვის მარტივი არ ყოფილა. ბიჭს საყვარელი გაუჩენია, ერთი ღარიბი და მოკრძალებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მალე მისთვის არასასურველი ვაჟიშვილი უჩუქებია. კაცს ამ ქალის თავიდან მოშორება სურდა, თანაც ცხოვრებამ შეახვედრა მომავალი საცოლე, ღირსეული პარტნიორი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. როგორც კაცი აღსარებაში შვილებს მოუთხრობს, მას მთელი არსებით სძულდა ახალდაბადებული შვილი, რადგან ის აიძულებდა, რომ ამ ქალთან ყოფილიყო მიჯაჭვული და ახალ სატრფოს აკარგვინებდა. კაცის სული დემონმა შეიპყრო. იგი შვილის სიკვდილზე ოცნებობდა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე და შემდეგაც. ბავშვი მას გზას უღობავდა ბედნიერებისა და წარმატებული ქორწინებისკენ. ერთხელაც, როცა ამ კაცის საყვარლის დედა ავად გახდა და ქალი მის სანახავად წავიდა, კაცი მარტო დარჩა ბავშვთან. სიმბოლურია, რომ ქრისტეშობისთვე იდგა. ქრისტეს შობის თვეს თითქოს ანტიქრისტემ შეიპყრო კაცი, რომელიც ბავშვის თავიდან მოშორების ჟინმა ისე დააბრმავა, რომ მან ჩვილს საბანი გადახადა და ყინვიან საღამოს ფანჯარა გამოაღო. ბავშვს ხელ-ფეხი მოეყინა, თითქოს ამის შემდეგ მამა გონს მოვიდა, შეეცოდა და შეუყვარდა თავისი პირმშო, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბავშვს ფილტვების ანთება დაემართა და მალევე გარდაიცვალა.
„ამის შემდეგ ერთი საათიც ისე არ გამიტარებია, ჰო, ერთი საათიც, რომ ამ საშინელ, დამწველ მოგონებას, რომელიც ღრღნის, რომელიც თითქოს გრეხს ჩემს ტვინს, ჰო, ამ მოგონებას ჩემში არ ეტრიალა, თითქოს მკბენარე პირუტყვია ჩემს სულში მომწყვდეულიო“. ოჰ, რომ შემძლებოდა და ჭკუაზე შევმცდარიყავი!..“ – წერს აღსარებაში შვილებს ბადონ-ლემერენსე.
მისი შვილებისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა მამის ცოდვა. ნოტარიუსმა სიძემ საშიში აღსარება სანთლის ალზე დაწვა, ხოლო შვილებს ეშინოდათ, რომ დამწვარი საიდუმლოება ბუხრიდან არ გადმოფრენილიყო.
მწერალი მწარედ ჩაგვაფიქრებს იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში ცოდვის შვილია ადამიანი. მართალია, ამ აღსარების ავტორმა თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი წესიერი და ღირსეული ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ ოდესღაც მის არსებაში საშიში მკვლელი და მხეცი მძვინვარებდა. ამ მხეცისთვის საკუთარი კეთილდღეობის გზაზე ადამიანის გასრესა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მისი საყვარელი ღარიბი და უბედური ადამიანი იყო, ის ავადმყოფი დედის მისახედად წავიდა, ხოლო მის შვილთან, უმწეო, უმანკო არსებასთან დარჩენილი მამა მხეცი აღმოჩნდა, საკუთარი წარმატებული ქორწინებისთვის შვილის მკვლელი გარეწარი. ამ ადამიანმა ბოლომდე გაწირა ეს უდანაშაულო და უბედური ქალიც, შვილის სიკვდილის ტკივილითაც დაამძიმა მისი ისედაც მტანჯველი ცხოვრება.
აღსარებაში ნათლად ჩანს, რომ ამ კაცის სინანული უკიდეგანო იყო, მაგრამ… ჰო, ის მთელი ცხოვრება ინანიებდა, მაგრამ მის კეთილდღეობას უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამა კი ინანიებდა და ცდილობდა სულის განწმენდას, მაგრამ რა იმ უმანკო პატარას, რომელიც ცოდვილ დედამიწას მოევლინა არა საკუთარი ნებით, არამედ ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფად?! მას ხომ უნდა ეცოცხლა, გაზრდილიყო, გამოეცადა სიცოცხლის ნექტარიც და სამსალაც!
მაგონდება ჩემი მოსწავლის, ალექსანდრეს, თვალსაზრისი, როცა აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ ვსწავლობდით. ვიმსჯელეთ საფარ-ბეგის სინანულზე და აღვნიშნეთ, რომ მისი სინანული გულწრფელია, უფალი შეუნდობს მონანიეს. ალექსანდრემ მთელი პათოსით გვითხრა ასეთი რამ: სინანული დიდი სიქველე და ღირსება არ გახლავთ, მთავარია ისე არ შესცოდო, რომ სხვას ატკინო, სხვა დააზიანო, თორემ შენი სინანული ვერაფერი ხეირია დაზარალებულისთვის. კარგი, საფარ-ბეგს მიუტევა უფალმა, ბათუმ, ავტორმა, მკითხველმა, მაგრამ ასეთ დროს ნაზიბროლაზე ვფიქრობთ? მისი ტკივილის კომპენსირება ვინმეს ან რამეს შეუძლია? ადვილია, რომ მოძალადეს შევუნდოთ, კი, ბატონო, სულგრძელობაა, მაგრამ ძალადობის მსხვერპლის სულში ვიხედებით? მას ვინ მოუშუშებს სულის იარებს? აქ ხომ ყველა უძლურია!
ისიც დიდი სიმამაცეა ალბათ, რომ ბადონ-ლემერენსემ ეს საიდუმლო საფლავში არ წაიღო, გაბედა და შვილებს დაუწერა აღსარება, თავი გაიმეტა, შვილებს რომ მასზე საშინელი წარმოდგენა შექმნოდათ, გამოტყდა იმაში, რომ მათ დედასთან ქორწინება, შვილების ყოლა და ბედნიერი ცხოვრება უდიდესი ცოდვის, უმანკო ჩვილის მკვლელობის გზით მოიპოვა. ყველანი ცოდვის შვილები აღმოჩნდნენ. ეს უმძიმესი მორალურ-ეთიკური პრობლემაა. არა კაც კლა! – მთავარია, გადაურჩე ამ მომაკვდინებელ ცოდვას, თორემ მერე არაფერს ფასი არ აქვს.
გავიხსენოთ მამა ზენონი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“. მას გამეფებული საზოგადოებრივი აზრი ავალდებულებდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი და დის შემაცდენელი მოეკლა, საამისოდ მოემზადა კიდეც, აღიჭურვა და ცხენზე ამხედრდა, მაგრამ გზაზე თვალი აეხილა, სამუდამოდ დატოვა საერო ცხოვრება და ხანძთის უდაბნოს მიაშურა, წმინდა ადამიანებთან, სადაც ღვთისმსახურებითა და კეთილი მოღვაწეობით სასწაულები აკეთა ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. „უბრალო ხელითა და წმინდა გულითა“ – ასეთი უნდა ყოფილიყო სასულიერო მამა, ხელით უცოდველი. ასე სწამდათ ხანძთელ მამებს და ამიტომაც შექმნეს მათ საოცარი გარემო.
მოპასანის მეორე მოთხრობა “თეოდულ საბოს აღსარება” ასევე საინტერესო მორალურ-ეთიკურ პრობლემებს წარმოაჩენს. დურგალი თეოდულ საბო ქალაქ მარტინვილში განთქმული ათეისტი იყო. როგორც ავტორი გვეუბნება, აბატი მარიტიმი მოქნილი პოლიტიკოსი იყო და უყვარდა მოხერხებული საშუალებისთვის მიემართა გულისნადების მისაღწევად. ამ ორ ადამიანს შორის მსოფლმხედველობრივი და რელიგიური ორთაბრძოლა ათი წელი მიმდინარეობდა. ბრძოლა იყო “იდუმალი, გამძაფრებული, განუწყვეტელი”…
აბატმა მარიტიმმა თეოდულ საბოს საცდუნებლად ჯოჯოხეთი მოიფიქრა. მან ხმა გაავრცელა, რომ ეკლესიის სამგალობლო იყო გადასაკეთებელი და რუანის ეპისკოპოსი საამისოდ ექვსასი ფრანკის გაღებას აპირებდა. ნაძვის სკამების ნაცვლად მუხის გულისა უნდა დაედგათ. შემდეგ ისიც გავრცელდა, რომ შეკვეთას დურგალი შამბრელანი მიიღებდა, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ამბობდნენ, ეკლესიაში ყველა მერხი უნდა გადააკეთონ და ეს ორი ათას ფრანკამდე დაჯდებაო. მღვდელმა ხმა გაავრცელა, თითქოს ნანობდა, რომ შეკვეთა სხვა მრევლის ოსტატისთვის უნდა მიეცა, რადგან ყველამ იცოდა, საბო როგორ უყურებდა ეკლესიას.
საბომ მოსვენება დაკარგა. ჰოი, საოცრებავ! ის აბატ მარიტიმს ეკლესიაში ესტუმრა და სამუშაო სთხოვა. აბატმა ხელები გაასავსავა. ეკლესიის მოძულეს საეკლესიო სამუშაო როგორ შევუკვეთოთო და აქ იწყება თეოდულ საბოს სრული მორალური დეგრადაცია. ის ყველაფერზე თანახმაა. დარცხვენილია, მაგრამ არ უჭირს იმის აღიარება, რომ მზადაა დაბრუნდეს ეკლესიის წიაღში, ოღონდაც სასურველი შეკვეთა მიიღოს. აბატი მისგან აღსარებას ითხოვს. საბოს უჭირს, ეჩოთირება, ეუცხოვება ეს ყველაფერი, მაგრამ თანახმაა. საბომ არც კი იცის, როგორ უნდა ჩააბაროს აღსარება, მაგრამ აბატი ყველაფერს უადვილებს, კითხვებს უსვამს. ჩამოუთვლის უფლის მცნებებს და ეკითხება, აქვს თუ არა შეცოდება? საოცარია საბოს აღსარება. იგი აღიარებს, რომ ყველა მცნება დაურღვევია, ყველაფერზე შეუცოდავს, მაგრამ არაფრად აგდებს ამას, ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ასეთ ადამიანს ხომ სინანულიც არ შეუძლია? მისთვის მთავარია, რომ სარფიანი შეკვეთა მოიპოვოს და დანარჩენი მეასეხარისხოვანია. ირონიულია მოთხრობის ფინალური ფრაზა: “თეოდულ საბო სამგალობლოს გადაკეთებას შეუდგა და ყოველთვის ეზიარება კიდეც”. საკვირველია, რომ ადამიანს არ რცხვენია არც თავისი ქალაქის, ხალხის, რომელთა წინაშე ცინიკოსი ათეისტის როლს თამაშობდა, ახლა კი მისი უეცარი მოქცევა სხვების ღიმილს იწვევს. ან აბატ მარიტიმს რას აძლევს ასეთი “მორწმუნის” მრევლში შემომატება? ან ეკლესიას ამ ფარისევლობის ნუთუ არ ერიდება? მწერალი ამხელს ცოდვით დაცემულ, ანგარებით სავსე, ურცხვ ფსევდომორწმუნესაც და ფარისეველ მოძღვარსაც, რომლისთვისაც ამ კაცთან ჭიდილი სპორტულ ჟინს დაემსგავსა. მისთვის მთავარი მოგება და ქულების ჩაწერა იყო და არა ის, რომ ჭეშმარიტი სულიერი კათარზისი განეცადა ამ ადამიანს. აბატმა იცოდა, რომ თეოდულ საბო ცრუობდა, მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ სათქმელი ჰქონოდა, რომ აი, მე ადამიანი რწმენისკენ მოვაქციეო.
ვფიქრობ, უაღრესად საინტერესოა ორივე მოთხრობის მორალი. პირველში უდიდესი ცოდვის ჩამდენი ადამიანის გულწრფელი სინანული იკითხება, ხოლო მეორეში – თვალთმაქცობა და ანგარება. საბოსთვის მოჩვენებითი სინანული და აღსარება შირმაა, სასურველი ფინანსური დივიდენდების მისაღებად.
ლიტერატურა ხომ ცხოვრების პროექციაა. ცხოვრებაშიც ასე ხდება: ზოგის სინანული გულწრფელია და გვხვდებიან მეორენიც, რომელთათვისაც ცოდვა ბუნებრივი მდგომარეობაა, მათ არ აქვთ იმის განცდა, რომ ცოდვა მძიმეა და მისგან უნდა გათავისუფლდეს ადამიანი. როგორც უძღები ძის უკვდავი იგავი გვასწავლის, თუკი გულწრფელად მოინანიებ, შეგენდობა, უფალი მოწყალეა. რაც შეეხება თვალთმაქცურ სინანულსა და ფარისევლობას, ისღა დაგვრჩენია გვწამდეს, რომ საიქიო სასუფეველში განისჯება ყველა, ვისთვისაც ცოდვა მსუბუქი სატარებელი იყო მიწაზე.