შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დაცინვა – როგორ გავუმკლავდეთ?

***

ახალი სამუშაო დღე დაიწყო.

მიდიხართ სკოლაში. შემაჯამებელი გაკვეთილი გაქვთ დაგეგმილი და კლასში, დაფაზე, მოსწავლეებისთვის გუშინვე გაამზადეთ სამუშაო.

დერეფანში ორი კოლეგა გხვდებათ. თქვენ ესალმებით. ისინი პასუხად სალამს არ გიბრუნებენ. დემონსტრაციულად ჩასჩურჩულებს ერთი მეორეს რაღაცას. თან თვალს არ გაშორებენ. მერე ორივე ხმამაღლა იცინის.

სამასწავლებლოში შედიხართ. რასაკვირველია, ყველას ესალმებით. პასუხად აქაც არავინ გეუბნებათ გამარჯობას.

კლასში შედიხართ. დაფიდან თქვენი გუშინდელი ნამუშევარი წაშლილია. მის ნაცვლად უხამსობა წერია და ხატია. იქვე – თქვენი კარიკატურაა მიხატული. ზედ – თქვენი სახელი აწერია.

დაბნეულობისგან ენა გივარდებათ. არ იცით, როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ, სად წახვიდეთ, აქ საერთოდ, რა გინდათ.

***

ასეთი ინტენსივობისა და ამგვარად ორგანიზებული შეტევის წარმოდგენა თუ გიჭირთ, სხვადასხვა მოდიფიკაცია სცადეთ – სამსახურში ერთი კოლეგაა, რომელიც თქვენზე ცუდს ამბობს, ჭორს ავრცელებს, ისეთ რაღაცას იგონებს და ჰყვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენს დანახვაზე ყურებამდე იკრიჭება. სხვების თანდასწრებით ხმამაღლა საუბრობს თქვენზე. გარეგნობისა ან ტანსაცმლის განხილვას იწყებს.  იმ ერთს ზოგჯერ დანარჩენი ორი უერთდება. ერთად როცა არიან და თქვენ გხედავენ, ხმამაღლა იწყებენ საუბარს და თქვენი სახელი მკაფიოდ ისმის. იქვე რეპლიკა – ამას ხომ ნორმალურად ჩაცმულს ვერ ნახავ…ან – ისევ ამ ვარცხნილობით მოვიდა. შესაძლოა, თქვენ მოგმართონ და მზრუნველად შენიშნონ – სახეზე რაღაც გაქვს წასმული. ან – გინდა კარგი სპეციალისტი გირჩიო? ეპილაცია გჭირდება.

***

კოლეგებთან საუბრობთ, ერთმანეთს აზრებს უზიარებთ. ერთ-ერთი თქვენს ბოლო რეპლიკას გამოჯავრებით, შეცვლილი ხმით იმეორებს. დანარჩენებს ეცინებათ. რამდენიმე წამში საუბარი ჩვეულებრივად გრძელდება.

ამ გამაოგნებელ სიტუაციაში ცდილობთ, საშველი ნახოთ. მხარდამჭერი. ვინმე, ვისაც ევალება კოლეგიაში  სათანადო ატმოსფეროზე ზრუნვა…გადიხართ დირექტორთან. ის ღიმილით გისმენთ. აღელვებისა და ნერვიულობისგან ცრემლები ღაპაღუპით, თავისით ცვივა თვალებიდან.

  • კარგი, რა ამბავი ატეხე. გეხუმრებიან, ამის გამო ასე უნდა ინერვიულო? ვეტყვი და აღარ გააკეთებენ – „გამშვიდებთ“ დირექტორი.

სამასწავლებლოში შედის და ხმამაღლა აცხადებს – კოლეგებო, ახლავე შეწყვიტეთ! პატარები ხომ არ ვართ? ხედავთ რა დღეშია?

კოლეგები ერთხმად და ლაღი ღიმილით ეუბნებიან – ჩვენ ხომ ვხუმრობთ.

მერე თქვენ მოგმართავენ – კარგი, რა დაგემართა. ხუმრობა არ იცი?

დირექტორი გადის.

თქვენ ისევ პირისპირ რჩებით მათთან. შიში, დაბნეულობა, მიწაში ჩაძრომისა და აღარასდროს ამოძრომის, გაქრობის სურვილი გაქვთ.

ზოგიერთი მოზარდისთვის ეს ჩვეული ყოველდღიურობაა, ტიპური სასწავლო დღე.

წარმოსადგენადაც რთული ამბავია.

და მაინც, სცადეთ წარმოიდგინოთ და უპასუხეთ კითხვებს:

რამდენ ხანს გაუძლებდით ამას?

რას გამოიწვევდა ასეთი ყოფა – როგორ შეცვლიდა თქვენს შრომისუნარიანობას, მოტივაციას, მუშაობის ხარისხზე რამდენად აისახებოდა?ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

როგორი გადასახარშია? როგორი გადასატანი?

რამდენად შვებისმომგვრელია ასეთი სიტუაციებისთვის ტრადიციული დამამშვიდებელი შეძახილები „ყურადღება არ მიაქციო!“,  „უბრალოდ, გეხუმრებიან!“, „სინამდვილეში ასე არ ფიქრობენ!“, „შენც იგივე უთხარი!“, „სხვა დროს უკეთ ჩაიცვი…“.

ზრდასრულებს წარმოდგენაც გაგვიჭირდება, რას გრძნობენ ბავშვები და მოზარდები, როდესაც მათ დასცინიან და აბუჩად იგდებენ, აითვალწუნებენ, სიტყვებით ანადგურებენ.

წერილში სწორედ დაცინვასა და ათვალწუნებაზე ვისაუბრებ. ძალადობის სხვა ფორმათაგან შედარებით, თითქოს, „მსუბუქ“ ფორმაზე. ასე იმიტომ ჩანს, რომ ჯერ ერთი, ძალიან ხშირად გვხვდება და ამოსაცნობადაც რთულია და მეორეც – აშკარა, თვალსაჩინო, განგაშის ასატეხი მყისიერი შედეგი ამას არ მოჰყვება. დაცინვის მსხვერპლი ნელ-ნელა ქვრება და ქრება.

დაცინვა, დამცინავი კომენტარები, გარეგნობასა და ჩაცმის სტილზე მოცემული რჩევები, ზრუნვის ნიღაბს ამოფარებული მომწამლავი რეკომენდაციები ჩაგვრის ძალიან გავრცელებული სახეა.

სკოლაში ყველა საფეხურის მოსწავლეებს შორის გვხვდება ჩაგვრის სხვადასხვა ფორმა და დაცინვა მისი ყველაზე შეფარული და ამასთან, ხშირი გამოვლინებაა. თან მზაკვრულიც, რადგან მისი შენიღბვა და უფროსებისთვის თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მარტივია.

რა მოიაზრება დაცინვაში – დავიწყოთ განმარტებით.

სინონიმთა ლექსიკონში ამ სიტყვის გასწვრივ ჩამომწკრივებულია: თავსიცილი, სასაცილოდ აგდება, სიცილის დაყრა, მასხარად აგდება, აბუჩად აგდება, გაბასვრა, გამასხარავება, გაქიაქება, გაქირდვა, გაკილვა, კბილქვეშ მოტანა, აბუება, გატრიზავება (სიტყვა გაუტრიზავა), გაპამპულება.

დაცინვა სხვისი ღირსების შემლახავი ქმედებაა. გამიზნული იმისთვის, რომ გული ატკინო, აწყენინო, დაამცირო. დაცინვა გამოიხატება გამოჯავრებაში – მიბაძო ხმას, ქმედებას, სიარულის ან ჟესტიკულაციის მანერას, სიტყვიერად უარყოფითად შეაფასო სხვა ადამიანის გარეგნობა ან ქცევა, მისი მოსაზრებები, მისი ნაშრომი, ნამოქმედარი. სხვების თვალწინ უხეშად და უპატივცემულოდ მოიხსენიო ვინმე – ეს დაცინვა-ათვალწუნების გამოხატულების არასრული ჩამონათვალია.

დაცინვა ათვისებული, დასწავლილი, შეძენილი ქცევაა. ეს არ არის ზრდა-განვითარების ნორმალური ფორმა და რასაკვირველია, არ არის თანდაყოლილი. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი სამარჯვი, რომელიც სკოლამ უნდა გამოიყენოს პრობლემის აღმოსაფხვრელად, არის სწორედ დასწავლა, ოღონდ – საპირისპიროს დასწავლა!

რა არის დასწავლა?

დასწავლა ქცევის ცვლილებაა. ეს ცვლილება გამოცდილების შედეგია და ვლინდება შეცვლილ ქმედებაში, ქცევაში. დასწავლას ზოგჯერ არ მოსდევს მყისიერი ქცევის ცვლილება, მაგრამ ჩნდება პოტენციალი. გამოცდილება უნდა იყოს განმტკიცებული, რადგან მხოლოდ ის დაისწავლება, რასაც მოსდევს განმტკიცება.

თუ სასკოლო სივრცეში დაცინვა ნორმად იქცევა, განმტკიცდება და დასწავლილ ქცევად ჩამოყალიბდება, ამასთან გამკლავება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. საშველი კი ისევ დასწავლა იქნება – სკოლამდელ და დაწყებით საფეხურზე აუცილებელია სისტემურად დამუშავდეს ეს პრობლემური საკითხი და ბავშვებს შეეთავაზოთ სწორად დაგეგმილი აქტივობები.

ეს კომპლექსურად მისახედი პრობლემაა. სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლა პასუხისმგებელია, რომ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას. სივრცე, სადაც ადამიანს პატივს სცემენ.

დაცინვისა და ათვალწუნების წინააღდეგ მიმართული ზომები კომპლექსური, სისტემური, თანმიმდევრული უნდა იყოს. მუშაობა ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი – ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს დაცინვას და ვიზრუნოთ სასკოლო გარემოსა და ატმოსფეროზე. ყველაზე ნაკლებად მუშაობს მორალიზება, ჭკუის დარიგება, ცუდი და კარგი საქციელის აღნიშვნა, სასჯელისა და დაჯილდოების მექანიზმი.

ერთმანეთის, ცოცხალი არსებების, ბუნებისა და ბუნების შვილების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა, სოციალური უნარების განვიათარება სკოლამდელ და სასკოლო პერიოდში პრიორიტეტული სასწავლო-პედაგოგიური მიზნებია. რეალობა ისეთია, რომ საგნობრივი კომპეტენციების, შინაარსების კონსერვირების, სავალდებულო საპროგრამო თეორიული მასალის ტრანსლირების პარალელურად ამისთვის ნაკლები დრო რჩება.

30 წამის წესი

ერთ-ერთი ქმედითი ტექნიკა, რომელიც შეიძლება დავასწავლოთ ბავშვებს, არის 30 წამის წესი. მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით წესს:

თუ ადამიანს არ შეუძლია რაიმე თავის გარეგნობაში ან სამოსში შეცვალოს 30 წამის განმავლობაში, მაშინ ამაზე არაფერს ვეუბნებით.

მაგალითად,  თუ ვინმეს თასმა აქვს გახსნილი ან ღილი არ აქვს შეკრული ტანსაცმელზე, შეგვიძლია ვუთხრათ – „აი, თასმა გაქვს გახსნილი, ჯობია შეიკრა“ . ის შეძლებს სწრაფადვე მოიწესრიგოს თასმა და უსაფრთხოდ გააგრძელოს სირბილი.

თუკი ვხედავთ ვინმეს აბურდული ვარცხნილობით ან ჩვენ გვგონია, რომ ვარცხნილობა წესრიგში არ აქვს, არაფერს ვამბობთ, რადგან 30 წამში ამის გამოსწორებას ის ვერც შეძლებს და ეს ჩვენ არც გვეხება.

მაშ, როდესაც ვხედავთ კლასელის ან სკოლელის გარეგნობაში, მის ჩაცმულობაში რაიმეს, რასაც ის 30 წამის განმავლობაში ვერ შეცვლის, ვეუბნებით მას ან ვინმე სხვას ამის შესახებ?

მოსწავლეთა პასუხია – არა.

30 წამის გავარჯიშება ხშირადაა სავალდებულო სხვადასხვა სიტუაციის წარმოდგენითა და განხილვით.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხვა ადამიანის გარეგნობის, მისი ჩაცმულობის ან რაიმე ფიზიკური თავისებურების გამო დამცინავი შენიშვნის გაკეთება არ შეიძლება.

დაწყებით საფეხურზე ასევე შედეგიანია თემატური ამბების მბობა. თუ კლასში დაცინვის ან გამოჯავრების ფაქტი დაფიქსირდა, ხშირად იკითხეთ და განიხილეთ ისეთი საბავშვო მხატვრული ტექსტები, რომლებშიც ეს პრობლემაა ასახული. მორალიზების გარეშე იმსჯელეთ ამ საკითხებზე, ალაპარაკეთ მოსწავლეები.

ნიმუში:

საბავშვო წიგნის გმირი ცუგა დარიკოა. დარიკო ყოჩაღი გოგონაა. ყველაფერი აინტერესებს, სულ ყნოსავს და იკვლევს სამყაროს, გაბედულად სვამს კითხვებს, რისი გაგებაც სჭირდება, აუცილებლად გაიგებს, თუ რაიმეს პასუხი არ იცის, ამბობს: „ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ“ და ეძებს პასუხებს. ეს პასუხებიც ყოველთვის პოულობენ დარიკოს. საინტერესო და მხიარულია მასთან ყოფნა. წიგნის მეორე გმირი, ძაღლი უშბა, დარიკოს მეგობარია.

„ერთხელ დარიკო დაღონებული და ჩაფიქრებული ბუჩქთან იჯდა. აღარც დარბოდა, აღარც დაქროდა, აღარც თამაშობდა.

მივიდა უშბა დარიკოსთან და ჰკითხა:

– დარიკო, რატომ ხარ მოწყენილი?

– უშბა, – უთხრა დარიკომ, – შემომხედე და მითხარი: მე ბეწვი და ბალანი რომ მაქვს სახეზე, ეს ძალიან ცუდია? უშნო ვარ?

უშბა ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა დარიკო. ბუსუსები, ულვაშები, თმა, ბალანი ყველას აქვს სახეზეც და სხეულზეც. ეს როგორ შეიძლება იყოს უშნო ან ლამაზი?

ვერაფერი ვერ უპასუხა უშბამ. აბა, რა ეთქვა? აფახულებდა თვალებს და  ცდილობდა, გაეგო, რა ჰკითხა მეგობარმა. მერე თვითონ ჰკითხა:

– დარიკო, ულვაშები მეც მაქვს, ბალანიც. ეს უშნოა? არ შეიძლება? არ ვიცი. შენ საიდან იცი?

– ლუიმ მითხრა – ამოისლუკუნა დარიკომ – გოგოები სულ ლამაზები უნდა იყვნენ, მხოლოდ ლამაზები და ზედმეტი თუ აქვთ ულვაში, უნდა მოიშორონო.  და მერე იცინა. შენ რას ჰგავხარო, მახინჯი და უშნო ხარო, კიდევ სასაცილოო, ასე მითხრა.

უშბა კიდევ უფრო დაიბნა.

როგორ, დარიკო უშნოა? არაა ლამაზი? ვინ თქვა? ლუიმ? ლუი როგორ  მიხვდა? ლუიმ თუ თქვა ესე იგი ასეა? მაგრამ დარიკოს რომ მშვენიერი დრუნჩი აქვს? მშვენიერი თვალები?

უჰ, ერთი, ვინ ეკითხება ლუის… მიაგნო სწორ ფიქრს უშბამ და მაშინვე გაუზიარა დარიკოს:

– დარიკო, ვინ ეკითხება ლუის? ლუიმ თუ თქვა ეგრეაო, სულაც არაა ეგრე. აბა, ეგრე სადაა, როგორც ლუი ფიქრობს, არაფერიც. შენ გაწუხებს ულვაში ან ბეწვი?

– არა, არც მიფიქრია ამაზე აქამდე. აი, ლუიმ თქვა და მეც ვიფიქრე, მაგრამ არ მაწუხებს.

– ჰოდა, რაში გვაინტერესებს, აბა, ლუი რას იტყვის? წამო, დაჭერობანა ვითამაშოთ და გუბეებში ვიტყაპუნოთ!

დარიკოს მოეწონა უშბას „სწორი ფიქრი“. თავისთვის დაიტოვა.

გულში ეს აზრი დაიბუდა – მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე მომწონს, როგორცაა. ლუის ვინ ეკითხება?

და უშბასთან ერთად გაქროლდა.

მირბოდნენ მეგობრები, ბზინავ, მშვენიერ ბეწვს სიო აფრიალდებდა, მზე ბრწყინავდა, ყველაფერი მხიარულებითა და სინათლით ავსებულიყო.

ლუის ფიქრების დასაბუდებელი ადგილი კი არსად, არსად გახლდათ…

კითხვები:

როგორი გოგონაა დარიკო? როგორ დაახასიათებდით?

რამ ატკინა გული დარიკოს? რატომ დადარდიანდა ის?

როგორ მოიქცა ლუი? რა უთხრა ლუიმ გოგონას?

როგორ მოიქცა დადარდიანებული დარიკო? როგორ ფიქრობთ, მეგობართან თავისი დარდისა და საფიქრალის გაზიარების სურვილი რატომ გაუჩნდა მას?

რა რეაქცია ჰქონდა მეგობარს? რა გამოსავალს მიაგნეს მეგობრებმა? რა ბედი ეწიათ ლუის დამცინავ, გულსატკენ სიტყვებს?

და ა.შ.

მსგავსი შინაარსისა და თემატიკის ტექსტების დამუშავება ირიბად იმუშავებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. ბავშვები გაიცხადებენ, რა არის სწორი, რა ემართება იმას, ვისაც სიტყვით გულს სტკენენ ხოლმე, როგორ ჯობია გამკლავება დაცინვასთან, როგორ არ უნდა „დაიტოვონ“ ლუისნაირი ცუგას წამოსროლილი ფრაზები გულსა და სხეულში.

დაცინვის მავნე, დამაზიანებელ სენთან გამკლავება სკოლის მოვალეობაა. უსაფრთხო, მეგობრული გარემოს შექმნაც სკოლის ვალდებულებაა.

ადამიანური ღირებულებების ტრანსლირება, საზარელი ქცევის აღმოფხვრა და საპირწონედ მისაღები, ადამიანური ქცევის დასწავლაც სასკოლო საზრუნავთაგანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“