პარლამენტარიზმის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა. 1215 წელს ჯონ უმიწაწყლოს მიერ ხელმოწერილი „თავისუფლების დიდი ქარტიით“ მეფეს მთელი რიგი უფლებამოსილებები ჩამოერთვა, რამაც პარლამენტარიზმს დაუდო საფუძველი. აღნიშნულის შემდეგ პარლამენტარიზმმა ბევრჯერ იცვალა შინაარსი, ფორმა და საბოლოოდ და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დახვეწილ ფორმად ჩამოყალიბდა.
2017 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ქვეყნის მმართველობის სისტემა შეცვალა. 2018 წლის დასასრულისთვის საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით. მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. პარლამენტის რეგლამენტის რეფორმით კიდევ უფრო გაფართოვდა საპარლამენტო ფუნქციები და დაინერგა ახალი და ეფექტური მექანიზმები პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ამომრჩევლის ცნობიერება. ამ წერილში ვეცდები, ავხსნა მმართველობის საპარლამენტო მოდელის უპირატესობები, გაგაცნოთ ის ქვეყნები, რომლებშიც საპარლამენტო მმართველობის მოდელია დამკვიდრებული.
დღეს საპარლამენტო მმართველობის მოდელი წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესტონეთი, ლატვია, მოლდავეთი, სომხეთი (ოთხივე პოსტ საბჭოთა ქვეყანაა) ბულგარეთი, ავსტრია, ხორვატია, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ბოსნია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთი აფრიკა, შვეიცარია, ჩეხეთი.
საპარლამენტო მოდელებია ზოგიერთ ეგზოტიკურ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში. მაგალითისათვის, ბანგლადეშში, ბარბადოსში, ბოტსვანაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ფიჯიზე, გაიანაში, ინდოეთში, ერაყში, კირიბატიში, ლიბანში, მარშლის კუნძულებზე და ა.შ. აღმასრულებელ ხელისუფლებას სწორედ პარლამენტი ამტკიცებს.
ამავდროულად ისეთ ქვეყნებში, სადაც მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა (შეზღუდული ფორმით), მოქმედებს საპარლამენტო მოდელები. ასეთი ქვეყნებია: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, დანია, იაპონია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.
სტატიაზე მუშაობის დროს შევისწავლე რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფო. იმ საპარლამენტო რესპუბლიკებში, რომლებშიც მართვის დემოკრატიული მოდელია დამკვიდრებული, ძირითადად კოალიციური მთავრობებია. რაც ნიშნავს, რომ მთავრობის (აღმასრულებელი ხელისუფლების) დაკომპლექტებას კონკრეტული პარტია ერთპიროვნულად ვერ ახერხებს.
პრაქტიკული მაგალითები
ესტონეთის 101-ადგილიანი პარლამენტის 2023 წლის არჩევნებში პირველი ადგილი რეფორმების პარტიამ დაიკავა. მათ მხოლოდ 37 მანდატი მიიღეს. ცხადია, აღნიშნული შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. პარტიას მოუწია მოლაპარაკებების დაწყება სხვა სუბიექტებთან მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. საბოლოოდ შეიქმნა კოალიცია, რომელშიც შევიდნენ „ესტონეთი 200“ და სოციალ-დემოკრატიული პარტია. აღნიშნულმა პარტიებმა 14 და 9 მანდატით მეოთხე და მეხუთე შედეგი აჩვენეს.
https://en.wikipedia.org/wiki/2023_Estonian_parliamentary_election
ლატვიის 100-მანდატიან პარლამენტში (სეიმი) 2022 წლის არჩევნების შედეგად 26 მანდატით პირველ ადგილზე გავიდა „ახალი ერთობა“ (JV). აღნიშნულმა პარტიამ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო მეორე („მწვანეებისა და ფერმერების პარტია“) და მეექვსე („პროგრესი“) ადგილებზე გასულ სუბიექტებთან ერთად.
https://en.wikipedia.org/wiki/2022_Latvian_parliamentary_election
საინტერესოა გერმანიის მაგალითი. 2021 წლის შემოდგომაზე გამართულ ბუნდესტაგის არჩევნებში, მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“ 24.%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 25.7%-ით პირველ ადგილზე გავიდა ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია. ცხადია, მიღებული შედეგი მთავრობის დასაკომპლექტებლად არ იყო საკმარისი (735 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად მინიმუმ 368 მანდატია საჭირო).
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური კაბინეტის ჩამოყალიბებაზე წარმატებით ითანამშრომლა „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“. სწორედ ამ ალიანსის გაფორმების შემდეგ გახდა ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი.
რატომ საპარლამენტო რესპუბლიკა?
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. აღნიშნულიდან მოყოლებული ქვეყანას ერთი პოლიტიკური ლიდერი/პარტია მმართავდა (გამონაკლის წარმოადგენს 2012-2016 წლები, როდესაც ქვეყანას მართავდა საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა).
2024 წლის ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამომრჩევლებს პირველად გვექნება უნიკალური შანსი, ძალაუფლება გავუნაწილოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მანდატების მოგროვებას, ჩვენ მივიღებთ კოალიციურ მმართველობას. ეს კი იქნება იმის გარანტი, რომ მთავრობა ვერ შეძლებს გამოავლინოს გულგრილობა საზოგადოების დაკვეთებისა და საჭიროებების მიმართ.
საპარლამენტო მმართველობის მოდელი და მასთან დაკავშირებული რისკები
საპარლამენტო რესპუბლიკებში ხშირია პოლიტიკური კრიზისები. ასეთ კრიზისებს, ძირითადად კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაწყებული უთანხმოება ქმნის, რაც მინისტრთა კაბინეტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით სრულდება. ამის ნათელი მაგალითია იტალია, სადაც პარლამენტის არჩევნები თითქმის ყოველ მეორე წელიწადში იმართებოდა.
https://www.iemed.org/publication/the-historical-reasons-behind-italys-instability/
საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი რისკები:
- მთავრობის არასტაბილურობა: კოალიციური მთავრობების დაშლის რისკი;
- პოლიტიკური კრიზისების გახანგრძლივება: პარლამენტში უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში;
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება (კომპრომისისა და შეთანხმების გამო).
შეჯამება
კოალიციაში შემავალი პარტიები აბალანსებენ ერთმანეთს, უფრთხილდებიან რეპუტაციას, უშვებენ ნაკლებ შეცდომებს, რასაც დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. საბოლოო ჯამში საპარლამენტო მმართველობის მოდელის უპირატესობები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე – მთავრობას აკომპლექტებს და ნდობას უცხადებს პარლამენტი. ნებისმიერი გადაცდომის დროს შეუძლიათ, დააყენონ მთავრობის/ცალკეული მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი;
- პოლიტიკური პარტიების როლი – ვიღებთ მრავალპარტიული სისტემას, სადაც არის პარტიული კონკურენცია;
- დემოკრატიული კონტროლი – ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები აკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას;
- პოლიტიკური პლურალიზმი – ქვეყანაში თანაარსებობენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალები და მათ შორის არის კონკურენცია;
- ხელისუფლების განაწილება – მარტივია ერთი ინსტიტუციის ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილება.
დამოწმებული წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა:
რა ვიცით პარლამენტის შესახებ – https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/undp_ge_dg_what-we-know-about-parliament_students-textbook_7-grade_2021_geo.pdf
ზურაბ ჟვანია – ჩვენი თაობის პრივილეგია – https://www.zurabzhvania.ge/publications/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf
https://worldpopulationreview.com/country-rankings/republic-countries
https://civil.ge/ka/archives/220037
https://civil.ge/ka/archives/271341
https://www.iemed.org/publication/the-historical-reasons-behind-italys-instability/
https://en.wikipedia.org/wiki/2022_Latvian_parliamentary_election
https://en.wikipedia.org/wiki/2023_Estonian_parliamentary_election
https://www.undp.org/ka/georgia/projects/parliament