ძალადობის თემა ბავშვებში დღეს საკმაოდ აქტუალურია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მშობლების მომართვიანობა შვილის პრობლემებთან დაკავშირებით ძირითადად ამ საკითხს უკავშირდება – „ჩემს შვილს კლასელები აბულინგებენ“, „ჩემს ბიჭს სკოლაში წასვლა აღარ უნდა, ვფიქრობ, თანატოლები ჩაგრავენ და ცუდად გრძნობს თავს“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც ყოველდღიურად გვესმის მშობლებისგან.
როგორ ამოვიცნოთ ძალადობა, შეიძლება თუ არა ბავშვებს შორის ნებისმიერი უთანხმოება, ჩხუბი, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, შეხლა-შემოხლა ბულინგად მივიჩნიოთ. ბულინგთან დაკავშირებულ შეხედულებებში იკვეთება ორი უკიდურესობა – ერთი მხრივ, არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო, ადამიანები ხშირად ინარჩუნებენ ტოლერანტობას მრავალი სახის ძალადობის მიმართ და ბავშვის დაცინვას, მის მიმართ შეურაცხმყოფელი მეტსახელების გამოყენებას, მასზე ჭორების გავრცელებას თამაშად ან ხუმრობად აღიქვამენ მაშინაც კი, როცა ეს სისტემატურად ხდება. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როცა ხდება ცნებების არევა და სიტყვა ბულინგის გამოყენება ბავშვებს შორის ნებისმიერი სახის კონფლიქტის აღსაწერად. კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვთა ჯგუფებში თანატოლები არცთუ იშვიათად ჩხუბობენ, კამათობენ, კონფლიქტშიც შედიან ერთმანეთთან, მაგრამ აღნიშნული ქმედებები, როგორც წესი, ჯგუფის განვითარების ნორმალური ეტაპია. ხშირად ამგვარი კონფლიქტები და მათი დაძლევა ბავშვებს კიდევ უფრო აერთიანებს.
როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან უვნებელი კონფლიქტი და ძალადობა. კონფლიქტის მახასიათებლები: ხდება ერთჯერადად; ფიქსირდება მხარეთა დაახლოებით ერთნაირი რეაქცია; არ არის სერიოზული შედეგების მომტანი ბავშვის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობისათვის; არაგანგრძობადია. მაგრამ, თუ ბავშვს თანატოლები სისტემატურად დასცინიან, აღიზიანებენ, აშინებენ, არ სურთ მასთან მეგობრობა, თამაში ან მის გვერდით ჯდომა, ფიზიკურად ჩაგრავენ, სცემენ, ეს უკვე ბულინგია, ძალადობაა, რომელიც თავისთავად არ გაივლის, არ გაქრება. ბავშვი უფროსის გარეშე ვერ გაუმკლავდება აღნიშნულ სიტუაციას.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმის ამოსაცნობად, ხომ არ გახდა მოზარდი ძალადობია მსხვერპლი:
- ბავშვის ქცევისა და გუნება-განწყობის ნებისმიერი უეცარი, მკვეთრი ცვლილება – ჩაკეტილობა, აგრესია, გამომწვევი ქცევა, იკეტება ოთახში და უარს ამბობს კომუნიკაციაზე ოჯახის წევრებთან;
- მომატებული გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, სისასტიკე შინაური ცხოველების, ან მასზე უმცროსი ბავშვების მიმართ;
- გულჩვილობა – ხშირად ტირის. შიში – ბავშვს უჩნდება შიში იმის მიმართ, რაც ადრე საერთოდ არ აშინებდა;
- გარკვეული ფიზიკური ნიშნები – ჩალურჯებები, ნაკაწრები სხეულზე, რომელთა მიზეზების შესახებ საუბარზე ბავშვი უარს ამბობს, ან მათ შეგნებულად რაიმე მნიშვნელობას არ ანიჭებს;
- ძილის დარღვევა – დიდ დროს ანდომებს ჩაძინებას, ესიზმრება კოშმარები, უჭირს დილით ადგომა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სკოლაშია წასასვლელი;
- მადის დაკარგვა, ან პირიქით – გაძლიერება. უარს ამბობს ჭამაზე, ან საკმაოდ ბევრს ჭამს;
- ხშირად კარგავს ნივთებს, ან მისი ნივთები დახეული და დათხვრილია;
- ითხოვს დამატებით ჯიბის ფულს;
- ფიქსირდება ჩივილები ისეთ რამეზე, რაც ადრე საერთოდ არ აწუხებდა, მაგ. ადრე არ აღელვებდა სიმაღლე, წონა, გარეგნობა, ოჯახური შემოსავალი, ახლა კი ამ ყველაფერზე წუწუნს იწყებს;
- სკოლაში სიარულის სურვილის არქონა. უსიამოვნო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით ხშირად ასეთი ბავშვები აგვიანებენ გაკვეთილზე, ან საერთოდ აცდენენ სკოლას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ თანატოლთა შორის, ან პირიქით – გაკვეთილების შემდეგ განგებ ყოვნდებიან და არ ჩქარობენ სკოლის დატოვებას, ელოდებიან, თუ როდის წავლენ სხვა ბავშვები;
- აკადემიური მოსწრების დაქვეითება სტრესის გამო. ბულინგის მსხვერპლს, როგორც წესი, უჭირს სათანადო დრო დაუთმოს სწავლას, სრულფასოვნად ჩაებას სასწავლო პროცესში – უჭირს გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება;
- ქვეითდება თვითშეფასება, ბავშვი კარგავს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას. გარდა ამისა, ხშირად მოზარდს უვითარდება დანაშაულის კომპლექსი იმის გამო, რომ მის მიმართ ხორციელდება ძალადობა;
- ჩნდება ტკივილები, რომელთაც არა აქვთ ორგანული ბუნება – უეცარი ტკივილი მუცლის, თავის არეში;
- თავს იჩენს სირთულეები კომუნიკაციაში – საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბავშვისთვის რთულია ურთიერთობა უცხო ადამიანებთან და ახალი მეგობრების შეძენა, მათი ნდობა. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები შეგნებულად, გააზრებულად იზოლირებულები არიან თანატოლებისაგან და ცდილობენ, არ ჩაერთონ ჯგუფურ საქმიანობაში.
ხშირ შემთხვევაში ბავშვები კატეგორიულ უარს აცხადებენ იმის განხილვაზე, რაც ხდება. ხანდახან ასე იქცევიან იმის გამო, რომ არ გაანაწყენონ, არ შეაწუხონ მშობლები. შეიძლება ეშინოდეთ კიდეც, რომ უფროსები დაეთანხმებიან მოძალადეს და არ მოისურვებენ მათ დახმარებას. არ არის გამორიცხული ბავშვი ფიქრობდეს, რომ თქმით სიტუაცია უფრო გაუარესდება მისთვის, რადგან შესაძლოა კლასში მაბეზღარა დაუძახონ.
რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს:
- თუ ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვს აბულინგებენ, ამას მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არ გადავდოთ პრობლემის მოგვარება. გავითვალისწინოთ, რომ ბულინგს ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, არ უნდა მოველოდეთ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება;
- გამოვიწვიოთ ბავშვი საუბარზე მაშინაც კი, თუ ის ყველანაირად თავს არიდებს ამას. გავაგებინოთ, ავუხსნათ, რომ ჩვენ ვხვდებით მას რაღაც აწუხებს, მის თავს რაღაც ხდება, ვგრძნობთ რაღაც ისე არ არის, გვსურს დავეხმაროთ და მზად ვართ, დაველოდოთ, რომ მან მოისურვოს ჩვენთან საუბრის დაწყება. ავუხსნათ, რომ არ გავკიცხავთ, არ ვეჩხუბებით მას. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით და დავეხმარებით. შეიძლება ბავშვი ასეთი საუბრისკენ წავახალისოთ სასკოლო ცხოვრების განხილვით – „რა მოგწონს და რა არ მოგწონს სკოლაში“, „რას აკეთებ შესვენებების დროს“, „ვისთან ერთად ატარებ დროს, არის ვინმე, ვისთან ერთადაც არ მოგწონს დროის გატარება და რატომ ხდება ეს?“, „გინდა სადმე წახვიდე შენს კლასთან ერთად, და თუ არა, რატომ?“. ფილმების ერთად ყურება ან წიგნების განხილვა ასევე ხელს შეუწყობს ამ თემაზე საუბარს. ეს კარგი გზაა პრობლემის შესახებ საუბრის დასაწყებად;
- მას შემდეგ, რაც დავამყარებთ ბავშვთან კონტაქტს, გამოვიწვევთ საუბარზე და განვიხილავთ სიტუაციას, შევაქოთ ის ღიაობისთვის და მხარი დავუჭიროთ, ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ და მზად ვართ დასახმარებლად. ამასთან, ნუ მივცემთ არარეალურ დაპირებებს, ნუ დავაიმედებთ, რომ სწრაფად გავერკვევით ყველაფერში და ხვალიდან ბულინგი შეწყდება. გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სიტუაციის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია;
- ბულინგის დასაძლევად მოქმედების გეგმა უნდა განვიხილოთ და შევათანხმოთ ბავშვთან. იგნორირებას ნუ გავუკეთებთ და განზე ნუ გავწევთ მას სიტყვებით: „კარგი, ყველაფერი გასაგებია, დანარჩენს მე თავად მივხედავ“. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ახლა ისიც ახდენს გავლენას იმაზე, რაც ხდება. ბულინგი ცალსახად ნეგატიური სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვუჩვენოთ მოზარდს მისი დაძლევის გზები;
- პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ოჯახისა და სკოლის, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობა. ბულინგი ჯგუფის პრობლემაა და მისი გადაჭრა დისტანციურად, პედაგოგების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ერთობლივი;
- მოვერიდოთ ბულინგის მსხვერპლ ბავშვთან ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა, მაგ. „აბა დაფიქრდი, რატომ გაგანაწყენეს მაინცდამაინც შენ“, „შენ თავად ხარ დამნაშავე“, „რაღაც გჭირს“, „მიზეზი საკუთარ თავში ეძებე“, „უბრალოდ შენ არ ხარ საკმარისად ძლიერი, ამიტომ ხდება ასე“ და ა.შ. თუ ჩვენ, უფროსები დავარწმუნებთ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომ მას რაღაც სჭირს, დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს საკუთარ თავში ამ ნაკლოვანებებს და გულწრფელად დაიჯერებს, რომ ამ ნაკლოვანებების გამო მასზე შეიძლება ძალადობა, რომ ის მართლაც იმსახურებს მასზე ძალადობდნენ და შეურაცხყოფდნენ, რაც მას დეპრესიულ მდგომარეობაში ჩააყენებს და ახალ პრობლემას გაგვიჩენს;
- მოვერიდოთ ბავშვის პრობლემის გაუფასურებას – „არაფერია, ყურადღებას ნუ მიაქცევ“, „იგნორირება მოახდინე, ეს მას მალე მოჰბეზრდება“, „ისეთი სახე მიიღე თითქოს შენზე ეს ყველაფერი არ მოქმედებს, ყველაფრით კმაყოფილი ხარ“. ასეთი მიდგომით ჩვენ არათუ პრობლემის მოგვარებაში ვერ დავეხმარებით ბავშვს, არამედ მის ნდობასაც დავკარგავთ;
- ვიყოთ ღია, გახსნილი და გულწრფელი ბავშვთან. კარგი კონტაქტი, კეთილგანწყობა და ნებისმიერი თემის განხილვის მზაობა წარმატების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დასაშვები ურთიერთობაში და რა არა. ეს ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული პირველი ნაბიჯია.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბულინგი ზიანს აყენებს მთელ კლასს, რამდენადაც ძალადობის სიტუაციებში ბავშვები მთელ ენერგიას ხარჯავენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მას და სრულფასოვან სწავლასა და მეცადინეობაზე დრო აღარ რჩებათ. ამდენად, ბულინგის უყურადღებოდ დატოვება გაუმართლებელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ როცა ბულინგთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება, სიტუაცია გაირკვევა, ბავშვი მიიღებს დადებით გამოცდილებას რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადასაწყვეტად.