გადავწყვიტე, წერილების ციკლი დავწერო ქალაქზე, უფრო ზუსტად, თბილისის იმ ადგილებზე, რომლებთანაც რამე მაკავშირებს ან სადაც ხშირად ვხვდები. ეს იდეა რატომ და როგორ გამიჩნდა, ცალკე წერილის თემაა. ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემი წერილები მაინცდამაინც ისტორიულ ან კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე არ იქნება – ჩემი მიზანი ქალაქის წაკითხვა და მის მთლიანობაზე დაკვირვებაა, თითქოს კარგად ნაცნობსა და მრავალგზის ნანახში რაიმე ახლის აღმოჩენა.
- უბნის მაღაზია ლუბლიანას ქუჩაზე
ტურისტული ქალაქი ერთია და ადგილობრივი მცხოვრებლებისა – მეორე, მაგრამ არის კიდევ მესამე ქალაქიც – ქალაქი, რომელიც ქრება. მხოლოდ დანგრეულ შენობებსა და გადასხვაფერებულ პარკებს არ ვგულისხმობ – ურბანული სივრცის გარდაქმნაზე ვამბობ, მცხოვრებთა მოთხოვნილებების კვალდაკვალ. აბა, მიმოიხედეთ თქვენს უბანში, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო?
ჩემს უბანში – არა. და ერთი, რაც გაქრა, უბნის მაღაზიაა, ძველებური მაღაზია, ყველაფერი რომ იყიდება, ხილ-ბოსტნეული, პური, ტკბილეულობა, ბავშვის პამპერსი, სათამაშოები და ტანსაცმელიც კი. ასეთ მაღაზიებს, როგორც წესი, მეპატრონის სახელით მოიხსენიებდნენ. ჩვენსას, მაგალითად, მანიას მაღაზიას ვეძახდით. წლებია, მანიას მაღაზია აღარ არსებობს – ისიც, როგორც ყველა მისნაირი, საყველაფრო მარკეტი, ქსელურმა მარკეტებმა ჩაანაცვლა.
ყველა ან იქნებ თითქმის ყველა?
ლუბლიანას ქუჩაზე, იაშვილის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, ზუსტად ეზოში შესასვლელის მოპირდაპირედ, არის ერთი ასეთი მაღაზია. ბოლო დროს ყოველთვე მიწევს ამ ქუჩაზე გასვლა და რადგან მაღაზია გაჩერებასთანაა – მის წინ დიდხანს დგომაც. კარგი თავშესაქცევია – ვდგავარ და ვიტრინაში გამოფენილ ათას ხარახურას ვათვალიერებ: ბარბები, „მარველის“ გმირების თოჯინები, პლასტმასის მანქანები, მოძრავი ანბანი და რიცხვები, ფერადი ცარცები, თიხა და პლასტილინი, კაუჩუკის ბურთები, გასაბერი აუზი, კალმები, ფანქრები და ფერად-ფერადი საშლელები (ცხოველების ფორმის), მზესუმზირა, ჩიფსი, ორცხობილა, კვერცხები სათამაშოთი, ჩაი, ყავა, გაურკვეველი წარმომავლობისა და შეფუთვის ნამცხვრები, პირველად რომ ვხედავ… ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც შეცვლილი მხვდება – საქონელს მუდამ ემატება ან აკლდება რამე.
ერთხელ ავტობუსის მოსვლამდე შვიდი წუთი მქონდა. თვალი ლაჟვარდისფერ კაუჩუკის ბურთულას დავადგი და შევედი, ვიყიდი-მეთქი. მაშინ კი შევნიშნე, რომ რასაც ყიდიან, გარკვეული პრინციპით აწყვია: სასუსნავები და სურსათი მარცხნივაა, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები – მარჯვნივ. თუმცა, არ ვიცი, „აწყვია“ რამდენად სწორი სიტყვაა – ვიტრინამდე რომ მიმეღწია, სათამაშო მანქანას გადავაბიჯე და ლამის ცალ ფეხზე მდგომმა ზედა თაროზე გადავდე საშლელებიანი ყუთი, რომ მის ქვეშ, პლასტმასის სათავსოდან, კაუჩუკის ბურთულები ამომეღო. რა მექნა – ასეთი მაღაზიიდან აუცილებლად რამე უნდა გამომეყოლებინა ხელს.
მაღაზია-მეთქი ვამბობ და სინამდვილეში ორია, ანუ მაღაზიები – მის გვერდით ფეხსაცმელები იყიდება, ძირითადად, დათბილული და მოხდილი ფლოსტები, სანდლები და შლაპუნები. ეს ორივე სავაჭრო ობიექტი ერთ ქალს ეკუთვნის, რომელსაც დროდადრო ჰბეზრდება იქ ჯდომა და ან ერთს კეტავს და მიდის, ან – მეორეს. როგორც უნდა იყოს, ამ ორიდან ერთი მაღაზია მუდამ ღიაა და გამყიდველის ანაბარაა.
მე თქვენს ადგილას წავიდოდი და ვნახავდი – ქალაქი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობები როდია. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, ნაღდი ქალაქი მათ მიღმაა, სწორედ ასეთ დეტალებში, როგორიც არის უბნის საყველაფრო მაღაზია. ჰოდა, მოასწარით, სანამ მანდაც რომელიმე „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ზღაპარი“ ან რამე მსგავსი გაუხსნიათ…