კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

ქალაქების გარემოსდაცვითი პრობლემები და ჩვენი მომავალი ქალაქურ გარემოში

 (ნაწილი მეორე)

„ქალაქი, წარმოადგენს ადამიანის მიერ განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ მცდელობას სურვილისამებრ გადააკეთოს სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. მაგრამ თუ ქალაქი ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროა, ეს ის სამყაროც არის, რომელშიც მან უნდა იცხოვროს მომავალში. შესაბამისად, ადამიანმა თავის საქმიანობის ბუნებაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენის გარეშე, ქალაქის შექმნით საკუთარი თავის გადაკეთებაც დაიწყო“.

რობერტ პარკი, ამერიკელი ურბანისტი და სოციოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, „ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი (1864-1944)

და მაინც, რა არის ქალაქი? ეს კითხვა შეიძლება ბევრს ეუცნაუროს, რადგან ყველამ იცის“, რა არის ქალაქი, თუმცა როგორც ხედავთ, ყველამ იცის ძალიან სუსტად ჟღერს, როდესაც ქალაქის შინაარსში ჩავიხედავთ და მისი არსებული მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების განხლვას დავიწყებთ. მოაზროვნენი და მეცნიერები ათასეული წლებია, ცდილობენ, განმარტონ ქალაქის შინაარსი, თუმცა ქალაქის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს!

ცნობილი ქართველი მეცნიერი, არქიტექტორი და ურბანისტი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე თავის ცნობილ ლექციების კრებულში ქალაქის კონტურები (2015) საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპის იმ შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ უდავოდ უნივერსალურ მახასიათებლებს შორის, რომლებიც მიმდინარე ისტორიული ეპოქის ეპითეტად, მისი შინაარსისა თუ თავისებურების მოკლედ და სხარტად წარმოსაჩენად გამოიყენება, ხშირად ფიგურირებს ტერმინი „ურბანიზაცია“. ლათინური ძირის „Urb“ ან „Urbs“ საფუძველზე, რაც ქალაქს აღნიშნავს, წარმოქმნილი ტერმინების მთელი წყება – „ურბანიზაცია“, „ურბანული“, „ურბანიზმი“ და ა.შ. – ქალაქ(ებ)თან დაკავშირებულ მრავალფეროვან პროცესებს, მოვლენებს, ფორმებსა და მდგომარეობებს ასახავს და ახასიათებს. და მაინც, რატომ არის ურბანიზაცია და მისი მთავარი იდეა და შინაარსი – ქალაქი ასე მნიშვნელოვანი, ასე ყოვლისმომცველი ჩვენი ეპოქისა და საზოგადოებისათვის? ურბანიზაციის მასშტაბების შესახებ თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად მშრალი სტატისტიკურ-რაოდენობრივი მახასიათებლების მოხმობის შემთხვევაშიც კი, ქალაქების ზრდის მეტად შთამბეჭდავი სურათი წარმოგვიდგება: სულ ორიოდ ასწლეულის წინ, 1800 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ერთი საუკუნის შემდეგ, 1900 წლისთვის ეს რიცხვი უკვე 13%-ს აღემატებოდა, ხოლო 2000 წლისთვის 47%-ს გადააჭარბა. 21-ე საუკუნის გლობალური მნიშვნელობის ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის კი უთუოდ ისიცაა აღსანიშნავი, რომ 2008 წელს, პირველად კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიაში, მსოფლიო მოსახლეობის, რომელიც დღეისათვის 7 მილიარდს აღემატება, უმეტესობა ქალაქებში აღმოჩნდა თავმოყრილი. ამით ზღვარი დაედო სოფლად მცხოვრებთა რიცხობრივ უპირატესობას დედამიწაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი მანამდელი ისტორიის განმავლობაში”. (ვლ. ვარდოსანიძე, 2015)

ქალაქის შინაარსზე და ქალაქისა და ადამიანის ურთიერთობებზე საინტერსო აზრებს გვთავაზობს ცნობილი ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი და ურბანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოსო სალუქვაძე:

რა არის ქალაქი?… ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი და დამაჯერებელი პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ყველასთვის ცხადია, რომ ქალაქი ადამიანთა დასახლების ფორმაა, დედამიწაზე დღემდე არსებული მკვიდრი დასახლების ორი მთავარი ფორმიდან ერთ-ერთი და შესაბამისად, ის განსხვავდება თავისი ანტიპოდისგან – სოფლისგან. მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი დასაქმების სტრუქტურისა და სხვა მსგავსი პარამეტრების შესახებ არ არსებობს არც კრიტერიუმთა უნივერსალური სისტემა და არც რაოდენობრივი მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყანაში მოხდებოდა დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება. ჩვენს წარმოსახვაში, ქალაქი, ხალხმრავალი დასახლებაა. მისი ტერიტორია, სოფლებისგან განსხვავებით, უფრო კომპაქტურია, რადგან არ მოიცავს ვრცელ, სასოფლო-სამეურნეო მიწებს; შესაბამისად, ქალაქის მოსახლეობა არ არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მოქალაქეები მჭიდროდ სახლობენ და მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან. ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალსართულიანი სახლები მნიშვნელოვნად განსხვავდება საოფლო განაშენიანებისგან, ქალაქის მოედნები, გზები და ქუჩები კი ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურა, უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანია, ვიდრე სოფლისა”. (ი. სალუქვაძე, ჟურნალი “ჩემი სამყარო”,3, 2014)

ბოლოს, მეც დავამატებ, რომ ქალაქის შინაარსის, მისი განვითარების ლოგიკისა და დინამიკის გასაგებად, აუცილებელია კარგად გავიაზროთ და მკაფიოდ გამოვყოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის; დავინახოთ ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა ადამიანთა საზოგადოებამ, ადამიანის საქმიანობამ და ყოფამ სოფლიდან ქალაქში გადმოსვლის შემდეგ; გავაანალიზოთ საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების ის მთავარი მიმართულებები და ტენდენციები, რომლებიც გაჩნდნენ ადამიანთა უმრავლესობის ქალაქებში დასახლების შემდეგ. ქალაქი, ადამიანის განვითარების ისტორიასთან შედარებით, რომელიც ასეულობით ათას წელს მოიცავს, ძალიან ახალი ფენომენია და იგი, სულ რამდენიმე ათასი წლის წინ გაჩნდა ისტორიაში. ჩვენი ბიოლოგიური სახეობა, Homo sapiens, არ აღმოჩნდა და არც არის მზად იმისთვის, რომ კარგად და ღირსეულად იცხოვროს მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, რაც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ადამიანების, თანაცხოვრება ურბანულ გარემოში ისე, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთი, არ დავაზიანოთ საცხოვრებელი გარემო, სტიქიური მოვლენების დროს დავიცვათ ქალაქში ადამიანთა უსაფრთხოება. ასევე გადაუჭრელ ურბანულ პრობლემებად გადაიქცა და რჩება ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, წყალი და საქალაქო ნარჩენების საკითხები, ნარკოტიკების გავრცელება, კრიმინალი, მოსახლეობის ნაწილის სიღარიბე, უმუშევრობა და ტრანსპორტი გადატვირთულობა, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის პრობლემები, ქალაქის უკონტროლო ურბანული ზრდა (ე.წ. ურბანული ცოცვა) გარეუბნებისა და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებისკენ.

როგორც ვხედავთ, ქალაქი, მისი შესაძლებლობების მრავალფეროვნების, მიმზიდველობისა და სიმდიდრის მიუხედავად, სერიოზული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პრობლემების ნაკრებიც გახლავთ, რომლის ზრდა და განვითარება, უმეტესწილად, ჩვენ გარშემო არსებული ბუნებისა და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სისტემების ხარჯზე მიმდინარეობს.

რა ელის ქალაქებს მომავალში? რა ელის მომავალში ქალაქის მცხოვრებლებს? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც ახალი თაობის მეცნიერებსა და მკვლევრებს მოუწევთ; ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს, მეცნიერების მრავალი დარგიდან: არქიტექტურიდან, ეკონომიკიდან, გეოგრაფიიდან, ფილოსოფიიდან, ქალაქგეგმარებიდან, საინჟინრო-ტექნიკური სამეცნიერო დისციპლინებიდან, ბიოლოგიიდან და ჯანდაცვის დარგებიდან.

ასე თუ ისე ქალაქები განაგრძობენ მოსახლეობის მოზიდვას და საბოლოოდ, მათ გაქალაქელებას. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ურბანიზაციის პროცესის შესაფასებლად კი უნდა ითქვას, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, მხოლოდ ურბანიზაციის მაღალი დონე ვერ იქნება ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტი, მაგრამ პრაქტიკულად არცერთი ქვეყნის გამოცდილება არ იძლევა იმის მაგალითს, რომ ასეთი ზრდისა და კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ურბანიზმის გარეშე”, გვეუბნება პროფესორი, სოსო სალუქვაძე და კიდევ უფრო მეტ საფიქრალს სთავაზობს ქალაქებისა და ქალაქების ფენომენის მომავალ მკვლევრებს.  

(სტატიის დასასრული)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“