ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი

ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი ნებისმიერი ასაკის ადამიანის საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. ის გვეხმარება დავალების ეფექტიანად, სრულფასოვნად შესრულებაში და წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, ის გვიზოგავს დროს, გვაძლევს დროის ეკონომიის საშუალებას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, აუცილებელი ელემენტია არა მხოლოდ პროფესიულ ან სასწავლო საქმიანობაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

ინსტრუქცია არის მოქმედებების თანმიმდევრობის ახსნა. მკაფიო და ნათელი, ცხადი ინსტრუქციები სწავლა-სწავლებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი საშუალებას აძლევს მოზარდს სასწავლო საქმიანობაში თავი კომპეტენტურად იგრძნოს, რამდენადაც შეთავაზებული მითითებების გამოყენებით მან იცის, რა უნდა გააკეთოს. ინსტრუქცია შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ხანდახან, ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება გამოვიყენოთ თანმიმდევრული სურათები ან სიმბოლოები. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარის გამომუშავებით ჩვენ ვასწავლით ბავშვებს „გააზრებულ“ მოსმენას, გააზრებულ კითხვას და ფაქტობრივად მოქმედებას ალგორითმის მიხედვით.

მითითებების მიხედვით მოქმედების უნარი საკვანძო მომენტია სწავლებაში. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დიაგნოსტირებისას სხვა უნარებთან ერთად ისიც უნდა შემოწმდეს, თუ როგორ ახერხებს ბავშვი მარტივი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებას.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას – რეკომენდაციები:

  • ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში უნდა დავიწყოთ. ბევრი თვლის, რომ ამაზე სკოლამ უნდა იზრუნოს მათი აზრით, „წავა ბავშვი სკოლაში და იქ მიხედავენ ამ საქმეს“. რა თქმა სკოლაში გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ თუ ადრეულ ასაკშივე არ დავიწყებთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვას, მოგვიანებით სასკოლო სწავლებისას ბევრ სირთულეს შევხვდებით. უნდა ითქვას, რომ ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას ადრეულ ასაკში სერიოზული ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება. შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ჩვენ ამ უნარის განვითარებაზე უკვე მაშინ ვიწყებთ მუშაობას, როდესაც განვითარების ადრეულ პერიოდში მყოფ ბავშვს თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს ვუმუშავებთ, რასაც ნებისმიერი მშობელი უნდა აკეთებდეს. სკოლაში წასვლამდე ბავშვს უნდა შეეძლოს თვითმომსახურება – ჩაცმა, გახდა, დამოუკიდებლად ჭამა, საკუთარი ნივთების, სათამაშოების დალაგება. სკოლის წინარე პერიოდში ბავშვს უნდა ესმოდეს ინსტრუქციები, რომელიც მისგან სამი მოქმედების ერთმანეთის მიყოლებით შესრულებას მოითხოვს. მას ასევე უნდა შეეძლოს ისეთი ინსტრუქციების გაგება, რომლებიც მოიცავს სივრცესთან და დროსთან დაკავშირებულ ცნებებს, მაგ. „გთხოვ, მომიტანო წიგნი, რომელიც დევს პირველ თაროზე მარჯვენა მხარეს“; ან „ხვალ საბავშვო ბაღიდან რომ გამოგიყვან, მე და შენ გასართობ ცენტრში წავალთ, ამიტომ დილითვე შეარჩიე რის ჩაცმა გსურს“. წინასასკოლო პერიოდში ბავშვს უნდა შეეძლოს აღნიშნული ფრაზების შინაარსის გაგება და შესაბამისად მოქმედება;
  • იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, მისი შესრულება, მან თავდაპირველად უნდა გაიგოს ის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქციები ადაპტირებული, მორგებული იყოს ბავშვის გაგების დონეზე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი, მოკლე და კონკრეტული ინსტრუქციები უნდა მივაწოდოთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ უფრო რთული ინსტრუქციებიც;
  • თავდაპირველად საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გვისმენს და ისე მივაწოდოთ ინსტრუქცია. შემდეგ კი შევამოწმოთ შეძლო თუ არა მისი გაგება;
  • იმისთვის, რომ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება მოვთხოვოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, ესმის თუ არა, რას მოვითხოვთ მისგან;
  • დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა ინსტრუქციის მოსასმენად. მეზობელი ოთახიდან ან სამზარეულოდან მისთვის მიწოდებული მითითებები ვერ იმუშავებს. მშობლის მიერ მეზობელი ოთახიდან წამოძახებული ფრაზა – „სწრაფად მოდი აქ, მე შენ ახლა აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი“ – ნებისმიერ ასაკში იწვევს მოზარდის ბუნებრივ რეაქციას – „დედა, დამანებე თავი, შემეშვი“. მნიშვნელოვანია, ბავშვთან ერთსა და იმავე სივრცეში ვიმყოფებოდეთ, ამასთან მისი მხედველობის არეში ვიყოთ და შორიდან ყვირილი არ გვიწევდეს;
  • ინსტრუქციის გაცნობისას ვიზრუნოთ, რომ ახლომახლო არ იყოს ყურადღების გამფანტველი ნივთები: სათამაშოები, ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი;
  • ვილაპარაკოთ მშვიდად. თუ გაღიზიანებული ვართ, ჩვენი ინსტრუქციები და მითითებები ბავშვმა შეიძლება სასჯელად აღიქვას, თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს და აღარც კი შეეცადოს მათ შესრულებას. საუბრის და სწავლების წინ ჯობია თავად დავმშვიდდეთ;
  • გამოვიყენოთ ჟესტები იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს გაუადვილდეს ამის შემჩნევა;
  • თანდათან უარი ვთქვათ ზოგიერთ ინსტრუქციასა და შეხსენებაზე, თუ ბავშვმა დაიმახსოვრა, როგორ შეასრულოს დავალება. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზა: „შესანიშნავია, ამას შენ უკვე თავად გაუმკლავდები“!;
  • თვალსაჩინო მასალა, ბარათები, სურათები ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, დაიცვას მოქმედებების საჭირო თანმიმდევრობა. ამასთან, სურათების გამოყენებით ის უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებს საკუთარი თავის შემოწმებას, როცა ჩვენი დახმარების გარეშე შეეცდება ინსტრუქციის შესრულებას. სურათებით მიწოდებული ინსტრუქცია დაეხმარება იმ ბავშვებსაც, რომელთაც პრობლემები აქვთ სიტყვების გაგებაში;
  • ხშირად დემონსტრირება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ რას მოვითხოვთ მისგან. ასეთ დროს ჩვენ საკუთარ მაგალითზე ვაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოს. ცალკეულ შემთხვევებში დემონსტრირება ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე ინსტრუქციის უბრალოდ სიტყვიერად, ან წერილობით მიწოდება. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შევეცადოთ ვუჩვენოთ, თუ რას მოვითხოვთ მისგან და ნაკლები ველაპარაკოთ, ან სიტყვიერადაც გავაცნოთ ინსტრუქცია და ამავდროულად ვუჩვენოთ რა უნდა გააკეთოს. დემონსტრირების დროს წინასწარ ავუხსნათ ბავშვს, რას ვაპირებთ; ვთხოვოთ, დააკვირდეს ჩვენს ქმედებებს; ვიმოქმედოთ ნელა, რათა მან კარგად დაინახოს და გაიაზროს, როგორ ვასრულებთ ამა თუ იმ მოქმედებას. მივუთითოთ ჩვენი ქმედებების მნიშვნელოვან დეტალებზე, მაგ. ნახე როგორ მიჭირავს ავტოკალამი და საიდან ვიწყებ ასო „დ“-ს წერას. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გაიმეოროს ის, რაც ვუჩვენეთ ჩვენი მოქმედებით – „კარგი, ახლა შენ თავადაც შეგიძლია ამის გაკეთება“. – ჩვენ მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა მას გამბედაობას შემატებს;
  • მუშაობის პროცესში უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ბავშვის წარმატებულ ნაბიჯებს. შევაქოთ და მხარდაჭერა გამოვხატოთ მის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები უკეთესად სწავლობენ უფროსების მხრიდან მხარდაჭერის პირობებში. მოვერიდოთ ნეგატიურ კომენტარებს. შენიშვნებისა და საყვედურების ნაცვლად გავამარტივოთ ინსტრუქცია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, დავეხმაროთ, ერთად შევასრულოთ მიწოდებული დავალება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ზრდასრულთა მხარდაჭერის ნაკლებობა ბავშვს უმწეოდ აქცევს მაშინაც კი, თუ მას საჭირო ცოდნა და უნარები აქვს.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გამოყენებით სწავლა-სწავლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც კი ბავშვები გააცნობიერებენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია  წარმატების მისაღწევად ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, ისინი ბევრად ადვილად შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. ასეთ დროს ძლიერდება საკუთარი ძალების რწმენა და ბავშვი უფრო ეფექტიანი და წარმატებული ხდება სასწავლო პროცესში.

ამგვარად, ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი წარმოადგენს საკმაოდ აქტუალურს მოსწავლეთა სასწავლო დამოუკიდებლობის განვითარებისათვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“