ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

როგორ ვირჩევთ სამსახურს?

მასწავლებლები და მათთან ერთად მთელი განათლების სისტემა ხშირად, და რასაკვირველია, სამართლიანადაც, იმაზეა კონცენტრირებული, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მშვიდი, საინტერესო და ბედნიერი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ. ამისთვის ყველაზე მეტად სწორედ მასწავლებლები იხარჯებიან. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ, როგორ ვასწავლოთ, როგორ გავხდეთ უკეთესი პროფესიონალები, რათა მოსწავლეები შთავაგონოთ, რათა ასათვისებელი მასალა ისე გადავცეთ, რომ სწავლა სიამოვნებად და თავგადასავლად ვაქციოთ. ვსწავლობთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესებს, ჰობებს, გრძნობებს, ემოცებს, რათა მათთან ურთიერთობისას არაფერი გამოგვრჩეს, არაფერი შეგვეშალოს, რადგან ვიაზრებთ, რამდენად ფაქიზია სკოლის ნებისმიერ ეტაპზე მათი ასაკი და პიროვნება.

ყველაფერი ეს უდიდეს შრომასა და უამრავ გამოწვევასთან ერთად, სასიამოვნოდ საინტერესოცაა. თუმცა ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტები, როდესაც ჩვენც გვჭირდება ვინმემ ჩვენი გაწეული შრომა დაინახოს და სწორად შეაფასოს. მასწავლებლისთვის პირველი შემფასებლები მუდამ მოსწავლეები არიან. სწორედ მათი დახატული სურათები, დაწერილი წერილები, განდობილი საიდუმლოებები და გამოჩენილი ნდობა ასახავს იმას, თუ როგორები ვართ. მაგრამ ზოგჯერ ჰაერივით გვჭირდება, ჩვენ ირგვლივ მყოფებმა ჩვენი შრომა შენიშნონ, აღნიშნონ და დააფასონ.

მასწავლებლის სამუშაო მეტწილად ენთუზიაზმით კეთდება. თუ ბევრ ისტორიას მოისმენთ, ძველსაც და ახალსაც, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით. ხშირად, როდესაც მშობელი კითხვას სვამს, რომელ სკოლაში შეიყვანოს ან გადაიყვანოს შვილი, სხვა მშობლები ურჩევენ, რომ სკოლა კი არა, კარგი მასწავლებელი ეძებოს. ასე ჟღერდება ხოლმე სხვადასხვა რიგითი მასწავლებლის სახელი, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში ასწავლიან. მე კი სულ ვფიქრობ, რამდენად ამაყი უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაცია, როცა ისეთი მასწავლებელი ჰყავს, რომლის გამოც შეიძლება მშობლებმა თავიანთი შვილისთვის სწორედ მათი სკოლა აირჩიონ. სიმართლე კი ისაა, რომ ხშირად ასეთი მასწავლებლები წლიდან წლამდე ერთხელაც კი ვერ ისმენენ იმ მარტივ და ჯადოსნურ სიტყვას, მადლობა რომ ჰქვია. შედეგად, ზოგს როცა იქნება საწვავივით ამოწურვადი ენთუზიაზმი ელევა და, ან სკოლას იცვლის, ან სულაც პროფესიას. ზოგი კი უფრო დიდხანს აგრძელებს, მოსწავლეების, კოლეგა მასწავლებლების, მშობლებისა და საკუთარი თავის წყალობით. თუმცა ხშირი გულისწყვეტის, იმედგაცრუებისა და დაუფასებლობის განცდის ფონზე.

მასწავლებლებს ისევე ესაჭიროებათ წახალისება, როგორც მოსწავლეებს. ხშირად თქმულა პროფესიის, კოლეგის, გარემოს მნიშვნელობაზე – ეს ის გარემო ფაქტორებია, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებელი გაცემულ ენერგიას უკან იბრუნებს, რათა გაიორმაგოს და კიდევ გასცეს. ყველა მეილი, რომელიც მასწავლებლის ფოსტაზე შევა; ყველა მადლობა, რომელსაც ადმინისტრაციისგან მოისმენს; ყველა სიტყვა, რომლითაც ირწმუნებს, რომ სკოლას მისი სჯერა და რომ სკოლა მადლიერია მისი მათთან მუშაობით, მასწავლებელს უფრო დიდ მწვერვალებს დააპყრობინებს, სადაც მერე თავის მოსწავლეებსაც აიყვანს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებელს თავისივე საკუთარი სკოლისგან მსგავსი არაფერი ესმის: მაშინაც კი, როცა მშობლები სწორედ მის გამო ირჩევენ ბავშვის კონკრეტულ სკოლაში შეყვანას.

ხშირად, როდესაც გასაუბრებაზე მივდივართ, ნერვიულობა გვიპყრობს; გამუდმებით ვფიქრობთ, რა შეკითხვა შეიძლება დაგვისვან, მოვეწონებით თუ არა, კარგად არის ჩვენი პორტფოლიო შედგენილი თუ რამე აკლია და ა.შ. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც კითხვებს დასვამს. რადგან თუ მასწავლებელი გასაუბრებაზე მიდის, სურს, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში დაიწყოს მუშაობა. თან მიაქვს თავისი ცოდნა, გამოცდილება, ენთუზიაზმი. აპირებს, რომ თავისი ძვირფასი დრო და ენერგია, ხშირად იმაზე მეტიც, ვიდრე საჭიროა, მთლიანად ჩადოს თავის საქმეში, აკეთოს არნახული საქმეები, ყველაფერი ისე წარმართოს, რომ მისი სახელის გამო ხშირად ჟღერდებოდეს სკოლის სახელი. რას სთავაზობს ასეთ მასწავლებელს სკოლა? რით წარმოაჩენს სკოლას ადმინისტრაცია? როგორ დაარწმუნებს ასეთ მასწავლებელს, რომ სჯობს, არჩევანი ამ სკოლაზე შეაჩეროს?

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, თუმცა ადმინისტრაციები ხშირად ამ მედალს მხოლოდ იმ მხრიდან ხედავენ, რომელიც მათკენაა. ჩვენც ასე მივეჩვიეთ. „ეს ასეც უნდა იყოს“, ამბობენ ხშირად, მაგრამ ასე არაა, ეს ასე სულაც არ უნდა იყოს. სკოლა გამუდმებით უნდა ზრუნავდეს მასწავლებელზე, რათა ენთუზიაზმის მარაგი ახლდებოდეს და არა პირიქით, ილეოდეს.

რამდენიმე ხნის წინ ორი სხვადასხვა სკოლიდან მივიღე შეთავაზება: ორივე სკოლა უცნაური დამთხვევებით გადაიკვეთა. გასაუბრებაც ერთსა და იმავე დღეს ჩამინიშნეს და საბოლოო პასუხიც ერთსა და იმავე დღეს შემატყობინეს. ერთმა სკოლამ საბოლოო წერილში მხოლოდ მუშაობის სავარაუდო დაწყების დრო, ანაზღაურება და სამუშაო საათები მიუთითა, მეორე სკოლისგან კი გრძელი წერილი მომივიდა, დეტალური უკუკავშირით ჩემს გასაუბრებასთან და საჩვენებელ გაკვეთილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება აკადემიურ დირექტორებთან მქონდა, მეილს კი კადრების მენეჯერი მწერდა (რომელიც თვალით არ მინახავს), ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩემი კანდიდატურა და თითოეული ჩემი „მოთხოვნებიც“ კარგად განიხილეს და პასუხიც ისე დამიბრუნეს. „მოთხოვნები“ კი მარტივი მქონდა: მე მთელი ჩემი დრო, ფიზიკური, ემოციური და გონებრივი რესურსი უნდა ჩამედო საქმეში, რომელსაც სკოლისთვის შევასრულებდი, სანაცვლოდ კი დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ სტაბილურები იქნებოდნენ; სამართლიანად შეაფასებდნენ და დააფასებდნენ ჩემს გაწეულ შრომას, მომცემდნენ საშუალებას, პროფესიულად განვვითარებულიყავი და მათგან იმაზე უკეთესი წავსულიყავი, ვიდრე მოსვლამდე ვიყავი. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ვითხოვე საბაზისო და იმდენად ელემენტარულია, რომ ხმამაღლა დაფიქსირებაც კი არ იყო საჭირო. მესამე დღეს ოფიციალური, დაწვრილებითი, მადლიერებით სავსე მეილი მივიღე, რომელიც ყველაფერს კარგს მპირდებოდა. მრავალჯერ გადაკითხვის შემდეგ მივხვდი, რა გვაკლია ყველაზე მეტად: „მადლიერი იყავი, რომ გასაქმებ!“ მიდგომა უნდა შეიცვალოს „მადლიერები ვართ, რომ გვაქვს პატივი ჩვენთან დაგასაქმოთ!“ მიდგომით. ეს არის ერთადერთი გზა მასწავლებლები გადაწვისგან ვიხსნათ. რადგან ხშირი გადაწვის შემთხვევაში, ყველაფერი დადებითიც კი, რაც სკოლის ადმინისტრაციის მიღმა ხდება, ვეღარ ახერხებს მასწავლებლის, როგორც კადრის შენარჩუნებას.

მუდმივი დიალოგი, უწყვეტი უკუკავშირი, გაწეული შრომის დაფასება, ეს ყველაფერია, რასაც მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად აკეთებენ. ეს ყველაფერია, რაც სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლებისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოს.

ამგვარად ალბათ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომელ სკოლასთან თანამშრომლობა ავირჩიე საბოლოოდ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“