სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ბატონი ტორნადო“

– „გოგო, ნახე რა მომხდარა?“

– „გოგო, „იმან“ რა დაწერა, წაიკითხე?“

– „გოგო, უყურე ამ ვიდეოს?“

 

ასე, როგორც წესი, ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე, რაღაც დრამატულ ამბებს მიზიარებს. არადა, ვერაფრით ისწავლა, რომ მე უკვე აღარაფერზე ვქოთქოთებ. ცხოვრების იმ ეტაპს მივაღწიე, როცა ქოთქოთს შევეშვი და ვცდილობ, ყველაფერს წყნარად ვადევნო თვალი. აი, ჩვენი პორტუგალიასთან გამარჯვება ხომ გულით გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ ქუჩებში ყიჟინით მერბინა. არა, სიხარულით გამოწვეული ხმაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე უხმაუროდ გახარებულმა დავიძინე.

 

თუმცა, კვლავ ჩემს მეგობარს დავუბრუნდეთ. იმ დღესაც ჩვეულებისამებ მომწერა, არ არის ეს კარგი ნიშანი და მეშინიაო. გამოგზავნილი ლინკის გახსნა ჯერ დამეზარა, შემდეგ მაინც გავხსენი და მეც რაღაცნაირად ნირწამხდარი დავრჩი…

 

ალავერდში ტორნადო დატრიალებულა, ტაძრისთვის გუმბათიც შემოუძარცვავს და ჯვარიც დაბლა ჩამოუგდია.

მეწყინა…

ამ ადგილთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ადრეულ ბავშვობაში ყველას ვარწმუნებდი, რომ ალავერდი კოტე პაპამ ააშენა.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ჩემმა კოტე პაპამ ააშენა!

კოტე პაპას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიბადე. სიკვდილის წინ უთქვამს, რა მოხდებოდა ეს მესამეც დამეჭირა ხელშიო („ორში“ ჩემზე უფროსი ორი დეიდაშვილი იგულისხმა). იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ქეთო ბებოს მონდომებით, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი მასზე და კითხვაზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი -კოტე პაპა-მეთქი.

ჰოდა, ალავერდის მიმდებარედ რაღაც დანგრეული მეურნეობა ჩაუბარებიათ მისთვის. აღუდგენია, აუმუშავებია და არაერთი მადლობაც დაუმსახურებია. ეტყობა, ეს მითხრა ბებომ. მე კი გადავწყვიტე, რომ ალავერდიც მან ააშენა.

 

1974 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქში მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომელიღაც მიუზიკლის რეპეტიციას გადიოდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ქალაქი ნელ-ნელა სამუშაო დღის დამთავრებისთვის ემზადებოდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ყიჟინით შევარდა დარბაზში და დაიყვირა: ტორნადოს ნახვა გინდათ? მასწავლებლიანად ყველა ფანჯრისკენ გაიქცა და მათკენ წამოსული შავი ფერის მბრუნავი სვეტი დაინახეს. რამდენიმე წამში ტორნადო სკოლაში შემოიჭრა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. სკოლის სამი დიდი ავტობუსი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. აქედან, ერთი პირდაპირ სკოლის სააქტო დარბაზის სცენას დაანარცხა. სკოლის ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ ქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა, მთლიანად შტატში – 39; ქვეყანაში კი, 24 საათის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის სიძლიერის ტორნადოს 335 ადამიანი შეეწირა. ამ 24 საათში ამერიკის 13 შტატში და კანადის ონტარიოში 148 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის შვიდი მაქსიმალური სიძლიერის იყო, F5. ხოლო, უშუალოდ ამ ტორნადოს, სკოლა და მთელი ქალაქი რომ აათამაშა, ჯერ F6 სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ, კვლავ F5-ზე ჩამოიყვანეს, რადგან F6 უბრალოდ არ არსებობს.

 

როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, გამოჩნდნენ ექიმები, მაშველები, მოხალისეები და მათთან ერთად ხანში შესული იაპონელი, რომელიც თავიანთი ყოფილი სახლების ნანგრევებთან მჯდომ გაოგნებულ ადამიანებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, სად იყვნენ ისინი ტორნადოს დაწყებისას, რას აკეთებდნენ, რამდენად დაზიანდნენ, დაიღუპა თუ არა ვინმე მათი ოჯახიდან. ხალხიც ყველაფერს უყვებოდა, ესეც ყველაფერს იწერდა და მაშინვე სხვებთან გადადიოდა. ეს კაცი პროფესორი ტედ ფუძიტო ამ დღიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავის მასშტაბურ გამოკვლევას დაასრულებს ტორნადოების შესახებ. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით უზარმაზარ ნახტომს გააკეთებს განვითარებაში მეტეოროლოგია და საფუძველი ჩაეყრება ტორნადოს შესაძლო წინასწარმეტყველებას. თავად კი ისტორიაში შევა მეტსახელით „ბატონი ტორნადო“.

 

ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის ამინდის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა არის საჭირო. ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვაობა ტემპერატურას შორის. როდესაც ცივი ჰაერი ეჯახება თბილს ჰაერს, მას ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი ტროპოსფეროსთან არის მიახლოებული. იქ ტენი ჩერდება, რაც ნიშნავს – ელოდე წვიმებს, ჭექა-ქუხილსა და სეტყვას. თუმცა, ეს ტორნადოსთვის საკმარისი არ არის. აი, თუ ამ დროს ამ ტერიტორიაზე ცივი მასები შემოიჭრება, ცივი ჰაერი ქაოსურად ჩაანაცვლებს თბილს. ატმოსფერო ძალიან არასტაბილური გახდება. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. მათ შორის მოძრავი ჰაერი იხვევა, დაახლოებით ისე, როგორც პლასტილინი დაიხვევა ორივე ხელით რომ გავაბრტყელოთ/დავაგორგოლაოთ. მაღლა ჰორიზონტალური საჰაერო მორევი წარმოიქმნება. თუ ასეთი ჰორიზონტალური მორევი აღმავალ ნაკადს შეეჯახება და თუ ეს აღმავალი ნაკადი ძლიერია, მორევი მას უერთდება და ვერტიკალურად დატრიალდება. მომენტი, როდესაც ამ სვეტის თავზე ძაბრივით ჩაღრმავება გაჩნდება, იმის მაუწყებელია, რომ შიგნით წნევა მკვეთრად შეიცვალა და ის „გიგანტურ საჰაერო მტვერსასრუტად“ გარდაიქმნა, რომელიც ყველაფერს შეიწოვს ქვემოდან და ზემოთ ძალიან მაღლა ატყორცნის. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. ტორნადოს წარმოქმნის მექანიზმი სრულად ამოცნობილი არ არის. თუ ვინმემ იცის, რომ არსებობს, წერილის კომენტარში მიუთითეთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ეს თეორიები ჯერ კიდევ ვითარდება და რაც მე დავწერე, ეს სწორედ ტედ ფუძიტოს ვერსიაა, ისიც ძალიან შემოკლებით და პოპულარულ ენაზე აღწერილი.

 

ტეცუე ფუძიტო 1920 წლის 23 ოქტომბერს იაპონიაში დაიბადა. 1944 წელს პატარა ქალაქ კიტაკუსუს უნივერსიტეტში ფიზიკის დოცენტად აირჩიეს. სხვათა შორის, ამერიკელებს ბომბის ჩამოგდება სწორედ ამ ქალაქში სურდათ (მაშინ კოკურა ერქვა), თუმცა ღრუბლიანობის გამო სამიზნე შეცვალეს და ნაგასაკისკენ გადაინაცვლეს. მოგვიანებით, დანგრეული ქალაქების შესასწავლად ფუძიტოც წავა, რათა გამოიკვლიოს, როგორ იმოქმედა დაზიანების ტალღამ კონსტრუქციებზე. შემდეგ ტაიფუნების მექანიზმით ინტერესდება. სწორედ მან შექმნა ქარიშხლების პირველი მეტეოროლოგიური რუკები. მოგვიანებით, კვლევებსა და განვითარებას ამერიკაში აგრძელებს. „ბატონი ტორნადოსაც“ აქ შეარქმევენ.

 

 

ყოველ 40-50 წელიწადში ერთხელ ტორნადოთა მძლავრი სერიები იწყება. ამას სუპერ-აფეთქებას უწოდებენ. ამ დროს რომელიღაც ადგილას დღეში შეიძლება 50-მდე ტორნადომ „ჩამოიაროს“. ასეთმა „აფეთქებამ“ შეიძლება მინიმუმ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აღარაფერს ვამბობ, დანგრეულ და განადგურებულ სახლებზე, მანქანებზე და ა.შ. ტორნადოების ასეთი სერია სულ სამჯერ არის დაფიქსირებული: 1932 წლის 21 მარტს, 1974 წლის 3 აპრილს, 2011 წლის 27 აპრილს.

 

თუმცა, ერთი სხვაც აღსანიშნავია, 1965 წლის ტორნადოს მეორენაირად „ბზობის“ ტორნადოსაც უწოდებენ, რადგან ბზობის დღეს მოხდა ოჰაიოში, ინდიანასა და აიოვაში.

 

მკაცრი ზამთრის შემდეგ, აპრილში გამოიდარა და ადამიანებმაც გაიხარეს. მექსიკის ყურიდან წამოსული ჰაერის ნოტიო თბილმა მასებმა ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე გადაინაცვლეს. ქვეყნის ცენტრში წარმოიქმნა დაბალი წნევის მასიური უბანი. უცებ ამ ჰაერს ზემოდან გადაეფარა მშრალი და კიდევ უფრო თბილი ჰაერის მასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ინვერსიას, ტემპერატურული ფენების ნორმალური ურთიერთგანლაგება ამოყირავებულია და თბილი ჰაერი ცივზე უფრო მაღლაა.

 

11 აპრილს, ბზობის კვირას, ცივმა ქარმა თბილი ჰაერის მასა გვერდით მოისროლა, რის შედეგადაც მის ქვეშ არსებული ღრუბლის მასები წინ წამოვიდა, გამოვარდა უძლიერესი აღმავალი ნაკადი, რომელიც ჰორიზონტალურს შეუერთდა და პირველი ტორნადოც აიოვაში მზად გახლდათ. აქ და სხვა ტერიტორიებზე, 16 საათის განმავლობაში 55 ტორნადომ გაიარა. გარდაიცვალა 266 ადამიანი. ზარალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შემდეგ დღეებში პროფესორი ფუძიტო პატარა თვითმფრინავით შემოივლის მთელ ტერიტორიას, ყველაფერს სურათს გადაუღებს, ჩაინიშნავს, ციფრებად, გრაფიკებად და ცხრილებად აქცევს და მრავალგზის გაანალიზების შემდეგ გამოიყვანს ტორნადოს ინტენსივობის შკალას. ამ შკალას ფუძიტის შკალა ეწოდება და ტორნადოს დამანგრეველი ხასიათი სწორედ მისით განისაზღვრება.

 

F 0 – სუსტი ქარიშხალი, ხეები დაამტვრია, სადმე სახლს სახურავი ახადა;

F 1 – სტაბილური სიძლიერის;

F 2 – მნიშვნელოვნად ძლიერი და დამაზიანებელი;

F 3 – ძალიან ძლიერი;

F 4 – დამანგრეველი;

F 5 – კატასტროფული.

 

დღეს უკვე ტორნადოს წინასწარმეტყველებაც შეიძლება, რადგან შექმნილია გაფრთხილების სისტემები.

მაგრამ… მაინც რა ესაქმებოდა კახეთში ტორნადოს?… ეგ მიკვირს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“