სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გიორგი მთაწმინდელი

აღდგომის ლიტანიობაა ძეგვში. როგორც საბარძიმე ღვინოში პური, ისე ლბება წვიმაში ვარდისფერი ტაძარი. ხელისგაწვდენაზე სარკინეთის მთებია, შუაში კი რკინიგზის ზოლი, დროისა და სივრცის გრუხუნით გამყოფი, შიომღვიმისა და ძეგვის გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერს შორის ჩამომდგარი სიჩუმის შემამღვრეველი.

სანთლისა და საკმევლის ნისლში, საკურთხევლის ღია კართან მოკანკალე გულების ალმურში ამოშუქებულა გიორგი მთაწმინდელის ხატება. კანდელის შუქის წვეთი გულთან უციმციმებს, მაგრილებელი ჩრდილებით ეფინება ტაძრის შუაგულს. შემოგვცქერის თერთმეტი საუკუნის წინაპარი, დიდი მამა და განმანათლებელი, თავის სიდიადეში თავდამცრობილი და უჩინოებით გამოჩინებული, გიორგი მთაწმინდელი – ძეგვის და საქართველოს ნათლისვეტი. ძალიან შორი და ძალიან ახლობელი.

„ვითარცა რკინამან ცეცხლი ქვის მსგავსისა გონებისა ჩემისაგან ესრეთ აღატყინა საღმრთოი მხურვალებაი აღწერად ცხოვრებისა ღმრთივგანათლებულისა ამის კაცისა, რათა არა დავიწყებულ იქმნას მომავალთაგან და შემდგომითი შემდგომად ნათესავთა…“ – ასე იწყებს თავის მონოგრაფიას გიორგი მთაწმინდელზე მისივე მოწაფე – გიორგი მცირე. სულიწმიდის შეწევნაა საჭირო ასეთ კაცზე სიტყვის სათქმელად. გიორგი მცირემაც სულიწმიდის სუნთქვით გააჯერა თავის მონათხრობი – დიდი მამის ცხოვრებისა და ღვაწლის აღმწერი და დროისა და სივრცეების გამამთლიანებელი, დღესაც ცეცხლოვანი შთაბეჭდილებით რომ იკითხება.

1009 წელს, თრიალეთში, ღვთისმოსავი მოღვაწეების – იაკობის და მარიამის ოჯახში დაიბადა გიორგი მთაწმინდელი. ათი წლისა მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და თავის ძმებს – ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს ჩააბარა. ხახული მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საღვთისმეტყველო კერა იყო, სადაც „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ წოდებული სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ. პატარა გიორგის განსწავლულობამ, გონების და გულის სინათლემ თავიდანვე მიიპყრო ხახულელი ბერების ყურადღება.

მასწავლებლებში ყოველთვის უმართლებდა – სადაც უნდა მისულიყო, ყველგან ხვდებოდა ისეთი მოძღვარი, ვინც მის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე დიდ კვალს ტოვებდა. ასე იყო ხახულის მონასტერშიც და ასე მოხდა შავ მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერშიც, სადაც მომავალი სულიერი მოძღვარი – გიორგი შეყენებული გაიცნო.

ბერძნული ენა კონსტანტინოპოლში, 12-წლიანი ცხოვრებისას შეისწავლა. საღმრთო წიგნების თარგმნის კურთხევა და დავალება კი სწორედ მოძღვრისაგან – გიორგი შეყენებულისგან მიიღო. ხედავდა მასწავლებელი, რომ ღვთისგან რჩეულ სულიერ შვილს თავმდაბლობაც გამოარჩევდა – შავ მთაზე ყველაზე დამამცირებელ სამუშაოს ეწეოდა, თავლას ალაგებდა, ნაგავს ეზიდებოდა. მხურვალედ ლოცულობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. ამიტომაც დაიჟინა გიორგი შეყენებულმა და მისი გზა იქით წარმართა, სადაც სრულყოფილად გამოვლინდებოდა გიორგი მთაწმინდელის სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები. მოძღვარმა ის ჯერ იერუსალიმის მოსალოცად გაგზავნა, მერე ათონის მთაზე, სადაც მას ივერიონში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა.

გიორგი მთაწმინდელი მხოლოდ მთარგმნელი არ ყოფილა, ის იყო დიდებული მწერალიც. ამაზე მეტყველებს მის მიერ აღწერილი ექვთიმე და იოანე მთაწმინდელების ცხოვრება, მანათობელი ტექსტები და ნიმუშები ქართულ ჰაგიოგრაფიაში.

უზარმაზარია მისი შრომის მასშტაბი – თარგმნა სასულიერო მწერლობის ყველა ჟანრი  და რაც მთავარია, მათში სრულყო ქართული ენა. ის არის ავტორი ბიბლიოლოგიური, ეგზეგეტიკური, ლიტურგიკული თუ ჰიმნოგრაფიული ნიმუშებისა. მის მიერ შექმნილი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული ტექსტები იგზავნებოდა საქართველოში და ჩართული იყო ეკლესიის ლიტურგიაში.

ამ უდიდეს ღვაწლს გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტერში ეწეოდა.

წარმოუდგენლად დიდია ათონის ივერთა მონასტრის (ივირონის) ფუნქცია საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში – ის იყო ერთგვარი ბასტიონი იმპერიის ცენტრში, ეროვნული ინტერესების დასაცავად. რომ არ ყოფილიყო ივერთა მონასტერი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ქართული კულტურა – ამბობდა კორნელი კეკელიძე. სწორედ ათონის ივერთა მონასტერში მოიხაზა პირველად  ჭეშმარიტი ქართულ-ევროპული გზის ტრაექტორია, რომელსაც საფუძველს უმაგრებდა ქრისტიანული კულტურა, ფილოსოფია და მძლავრი მხატვრულ-აზროვნებითი სამყარო.

მრავალი აზრით საგულისხმოა ერთი ეპიზოდი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან, თუ როგორ დაიცვა მან ქართული ეკლესია ანტიოქიის პატრიარქის წინაშე – შურით აღვსილმა საბაწმინდელმა ბერებმა ანტიოქიის პატრიარქთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამცრობა ამ ცრუ არგუმენტით გადაწყვიტეს: საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ არს, ანტიოქიის პატრიარქს ექვემდებარებოდნენო. პატრიარქმა გიორგი მთაწმინდელი დაიბარა და უბრძანა, თქვენი მეფე ჩვენს ხელმწიფებას დაემორჩილოსო. გიორგის პასუხი ასეთი იყო:

„შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი… სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა – ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი… ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ! იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“. ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის ხსენებამ ფსევდო და უკეთური არგუმენტები გააქარწყლა. ქართველი მწიგნობრის ცოდნითა და ღირსებით შემკული სიტყვით გაოცებულმა ანტიოქიის პატრიარქმა კი ბრძანა – ხედავთ, „ვითარ მარტოი ესოდენსა სიმრავლესა გვერევის“-ო.

მოგვიანებით, გიორგი მთაწმინდელი ბაგრატ მეოთხემ საქართველოში მოიწვია და საეკლესიო საქმეების მოგვარება დაავალა. ჩამოვიდა კიდეც და ხუთი წელი დაყო შატბერდის მონასტერში. ეს დრო დიდი საქმეებით აღიბეჭდა – გიორგი მთაწმინდელმა ქართული ეკლესია მთლიანად  გაწმინდა უღირსი, მცონარობასა და ვერცხლისმოყვარეობაში ჩაფლული მღვდლებისაგან. მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მოიძია ღარიბთა და გლახაკთა ოჯახების ბავშვები და მათი მესვეურობა იტვირთა. 80 ბავშვზე მეტმა მოიყარა თავი დიდი მამის ფრთებქვეშ. გიორგი ათონელი იყო მათი მასწავლებელიც, მოძღვარიც და მამაც. ხოლო როცა საქართველოს თურქ-სელჩუკთა სახით ახალი განსაცდელი დაემუქრა, ის იძულებული გახდა, თავის ობლებთან ერთად სამშობლო დაეტოვებინა.

1065 წელს, კონსტანტინოპოლის გავლით, გიორგი მთაწმინდელმა ბავშვები ათონის მთაზე წაიყვანა. იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა დიდი პატივით მიიღო ქართველები. იქ, ათონის ივერთა მონასტერში, ქართველი შვილობილების სახით, გიორგი მთაწმინდელი ზრდიდა მძლავრ ქართულ საგანმანათლებლო დიასპორას, რომელიც არამხოლოდ მოძღვრის საქმეს გააგრძელებდა, არამედ სამომავლოდაც, მნიშვნელოვანი ინტელექტუალურ-სულიერი დასაყრდენი იქნებოდა საკუთარი სამშობლოსათვის.

გიორგი ათონელი სავანეში განმარტოვდა. თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბერებთან ერთად ილოცა, მათ ჯვარი გადასახა და თქვა: „დიდება შენდა, უფალო!“ მერე სარეცელზე მიწვა, ხელები გულზე დაიწყო და მშვიდად მიიცვალა…

ეს მოხდა 1065 წელს. სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გიორგიმ ქართველი ობლები საიმედოდ დააბინავა…

გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალების ჟამს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი მოძღვარი – გიორგი შეყენებული. სწორედ მან დაავალა დიდი ათონელი ბერის უახლოეს მოწაფეს – გიორგი მცირეს მისი ცხოვრების აღწერა.

. . .

ჩაიგრიალებს მატარებელი ძეგვის მონასტერსა და სარკინეთის მთებს შორის, ჩაიყოლებს ჩვენს ხმაურს, ცხოვრების ნაგავს, დროის ნაფლეთებს, ჩაივლის და ჩაიხვეტება და მაშინვე მთელდება მისგან გაკაწრული სივრცე.

ამ მთელ დროში და სივრცეში, ღვთაებრივი წამის მარადისობაში, აღდგომის ძალით და სიხარულით ცოცხლდება დიდი წინაპარი – გიორგი მთაწმინდელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“