სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ნიუ-იორკი – (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისათვის)

ნენსი ჯაილზი (CBS-ის ჟურნალისტი): „რატომ ვსაუბრობთ მონობაზე დღეს? ამერიკაში მონათმფლობელობა ხომ 200 წლის წინათ დასრულდა? დღეს ყველასთვის თანაბარი პირობებია და „სათამაშო“ მოედანიც ყველასთვის თანაბარია.

იბრაჰიმ ექს კენდი (ისტორიის პროფესორი, ბოსტონის უნივერსიტეტი): ამერიკაში რომ „სათამაშო“ მოედანი ყველასთვის თანაბარი იყოს, მაშინ არ იქნებოდა ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ჯანდაცვის სფეროდან სიმდიდრის განაწილებამდე და განათლებიდან დაპატიმრებამდე (აქ ბატონ კენდის, ინგლისურად სიტყვების თამაში აქვს გამოყენებული: „from Health to Wealth“ და „from Education to Incanceration“, ლ.ა.) – „გარკვეული რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აშშ-ში, დღევანდელი მონაცემებით, ალბათ უფრო ღარიბები იქნებიან, უფრო ადრე მოკვდებიან და უფრო დიდი შანსი აქვთ, მოხვდნენ ციხეში“, – იბრაჰიმ ექს კენდი, ამერიკელი აქტივისტი, ანტი-რასისტი, ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ქალაქი ნიუ-იორკი ყველასათვის ნაცნობია თავისი მრავალფეროვნებით, მულტიეთნიკურობით, ცათამბჯენებით, მუზეუმებითა და გალერეებით, ამერიკული „ოცნების“ შესახებ გადაღებული კინოფილმებით, სიმდიდრითა და თავისი მნიშვნელობით დღევანდელ სამყაროში. ნიუ-იორკს ხანდახან „მსოფლიოს“ ან „სამყაროს“ დედაქალაქსაც ეძახიან, რაც გარკვეულწილად დამახასიათებელია ამერიკული მარკეტინგისთვის – მათი ბიზნესისა და პოლიტიკის მასშტაბი, დღეს უფრო გლობალურია, ვიდრე ნაციონალური; ნიუ-იორკს იქ არსებული ასობით სხვადასხვა კულტურის გამო მრავალი მეტსახელით მოიხსენიებენ: ამერიკის „დიდი ვაშლი“ (The Big Apple), „გოთამი“ (Gotham), „იმპერიის ქალაქი“ (The Empire City), „ბეტონის ჯუნგლები“ (Concrete Jungle), „ქალაქი, რომელსაც არ სძინავს“ (The city that never sleeps), „ახალი ამსტერდამი“ და კიდევ მრავალი მეტსახელი უშუალოდ მიგვითითებს ნიუ-იორკის მრავალწახნაგოვნებაზე, მის ამოუწურავ რესურსებსა და შინაარსებზე, მის უნიკალურობაზე მსოფლიოს ქალაქებს შორის და მის ენერგიაზე.

ნიუ-იორკის მსგავსი წარსული და ისტორია, წარმოშობის უცნაურ ისტორიასთან ერთად, ალბათ არცერთ ქალაქს არ აქვს დედამიწაზე. ნიუ-იორკის, როგორც ყველა სხვა ქალაქის ამბავი, განუმეორებელია. მაგრამ ნიუ-იორკის ისტორიის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტები, სამწუხაროდ, გარდა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესისა, ავტომობილებისა და ცათამბჯენებისა, ამ ყველაფრის „შესაქმნელად“ აფრიკიდან მონების სახით ჩამოყვანილ ადამიანებსა და მათი შთამომავლობისადმი დამოკიდებულების სასტიკ ისტორიასაც უკავშირდება…

ნიუ-იორკული „შავი“ უბნები: ბრონქსი, ბრუკლინი, ქვინსი, ჰარლემი, ფლეტბუში, ისთ-ნიუ-იორკი, ჯემეიქა, ქრაუნ-ჰაითსი და ქუინს-ვილიჯი… ნიუ-იორკის ჰარლემური რენესანსი: „ზანგების ახალი მოძრაობა“, „ნიუ-იორკული ბლუზი“, მსოფლიო ჯაზის ახალი „მოციქულები“ – დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, დიზი გილესპი, ბილი „ბოუჯანგლზ“ რობინსონი, ფლეტჩერ ჰენდერსონი; ახალი ტალღის აფროამერიკელი მწერლები და პოეტები – ჰუბერტ ჰარისონი, ლენგსთონ ჰიუზი, ზორა ნილ ჰარსტონი, კლოდ მაკ-ქეი; მოცეკვავეები ჟოზეფინ ბეიკერი და ეტელ მოუზესი… ამ სიის დასრულება შეუძლებელია, რადგან მონებით ვაჭრობის შედეგად, ნიუ-იორკის მოსახლეობის თითქმის 30% აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მონათა შთამომავალია (დღევანდელი ნიუ-იორკის მთლიანი მოსახლეობის, 8.6 მილიონი მცხოვრების დაახლოებით 24.5% აფროამერიკელია).

ქალაქ ნიუ-იორკის სახელი, მისი ბრწყინვალება და სისასტიკე, მისი სიმდიდრე და სიღატაკე, დღესაც იმ სისხლიან წარსულს ეხმიანება, რომელიც მე-17 საუკუნეში, კუნძულ მანჰეტენზე, ჰოლანდიის სამეფოს ამ მიყრუებულ კოლონიაში დაიწყო. 

ევროპელებამდე, ნიუ-იორკის მიდამოების ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, ლენაპეს ტომის ხალხი წარმოადგენდა (ლენაპე – ლენი ლენაპე, ამერიკის ალგონკინების ენაზე ნიშნავს, „ნამდვილ ადამიანს“, „მკვიდრ მცხოვრებს“), რომლებიც მდინარე ჰადსონისა და კ. მანჰეტენის სტატენ აილენდის და ლონგ-აილენდის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და თავს სოფლის მეურნეობით, ნადირობითა და თევზჭერით ინახავდნენ. ლენაპე საკმაოდ განვითარებული და მდიდარი ტომი იყო და მათი ნადირობისა და მცენარეული კულტურების მოყვანის დახვეწილი მეთოდები ახალმოსული კოლონისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მოგვიანებით მოსულმა ევროპელებმა ბევრი რამ ისწავლეს ლენაპეს ხალხისგან, რომლებიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ევროპელები, მათი ახალი მეზობლები, მალე მათი დაღუპვისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების მიზეზი გახდებოდნენ (შენიშვნა: დღეს ლენაპეს ხალხი, ნიუ-იორკიდან მათი გადასახლების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატიდან ათასობით კილომეტრზე მდებარე ოკლაჰომაში, ვისკონსინსა და კანადურ ონტარიოში რეზერვაციებში ცხოვრობენ). 

პირველი ევროპელი, რომელმაც დღევანდელი ნიუ-იორკის მიდამოები აღწერა, ფლორენციელი იტალიელი მოგზაური და ავანტიურისტი, ჯოვანი და ვერაძანო იყო, რომელიც იმ დროს (1522-1524 წწ.) საფრანგეთის მონარქის, ფრანსუა I სამსახურში გახლდათ (ეს ის ფრანსუა პირველია, რომელმაც დიდი ლეონარდო და ვინჩისგან შეიძინა „მონა ლიზა“, ლ.ა.) და მისი დავალებით იკვლევდა ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ევროპელები, კოლუმბის კვალდაკვალ ევროპიდან აზიაში მიმავალ „მოკლე“ საზღვაო გზას ეძებენ…

მონებით ვაჭრობა ქ. ნიუ-იორკში ჰოლანდიელებმა დაიწყეს, ახალი კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსების შემდეგ. როგორც ჰოლანდიის არქივებში შენახული ერთი დოკუმენტი გვეუბნება, კუნძული მანჰატა (დღევანდელი მანჰეტენი) ლენაპეს ტომის ბელადისგან 1626 წელს ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მოხელემ, პეტერ შაგენმა 60 გულდენად იყიდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის გარდა, რომელსაც ხელს ჰაგენი აწერს, არანაირი სხვა მტკიცებულება კუნძულის გაყიდვის შესახებ არ არსებობს…

ამავე წელს ჰოლანდიელებმა მანჰეტენზე 11 აფრიკელი კაცი და სამი ქალი ჩამოიყვანეს. 1664 წელს კუნძულის ინგლისელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ნიუ-ამსტერდამის 8,000-კაციანი მოსახლეობის თითქმის მეათედი აფრიკელები იყვნენ (მონები და მონობისგან გათავისუფლებულნი). იმდროინდელი არაადამიანური წესებით, ჰოლანდიელებმა აფრიკელი მონები ბრიტანელებს „გადასცეს“, როგორც მოძრავი საკუთრება, რომლებსაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ… ბრიტანულ ნიუ-იორკში კანონით აიკრძალა მონების მოკვლა, თუმცა ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბრიტანელებმა ზანგებს აუკრძალეს ეკლესიაში ჯვრისწერა, რამაც ოჯახების დაშლა და დაყოფა გამოიწვია…

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საუბრები მონათმფლობელობისა და მონათა ვაჭრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, დღევანდელ ევროპელებსა და ამერიკელებს დიდად არ სიამოვნებთ.

შესაბამისად, მონათა ვაჭრობის შესახებ მწვავე საკითხები კოლონიზატორული წარსულიდან, ინგლისურ, ფრანგულ თუ ესპანურ სასკოლო წიგნებში მოკლედ და ბუნდოვნად არის ნახსენები. ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოების ვებსაიტი (New York Historical Society: https://www.slaveryinnewyork.org/bookmark.htm) შესავალ ტექსტში პირდაპირ აღნიშნავს, რომ „მონობა გახლდათ გადამწყვეტი ინსტიტუტი ნიუ-იორკის განვითარებისთვის, მისი დაარსების წლიდან“. ალბათ აქ კარგი იქნება იმის გახსენებაც, რომ აწმყოს გასაგებად აუცილებელია წარსულის ცოდნა…

ამერიკაში რევოლუციური კონფლიქტის ყველაზე მწვავე ფაზის დროს (იგულისხმება ამერიკული კოლონიისა და ბრიტანეთის იმპერიის კონფლიქტი 1775-1783 წწ., ლ.ა.), ამერიკის მომავალი პრეზიდენტი და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო, ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკელებს აფრთხილებდა: „თუ არ დავუპირისპირდებით ბრიტანეთის ტირანიას, გადავიქცევით ისეთივე მორჩილ და სასოწარკვეთილ მონებად, როგორებიცაა ის შავკანიანები, რომლებზეც ჩვენ ვბატონობთ…“. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, თვით ბ-ნ ვაშინგტონს ჰყავდა ასობით შავკანიანი მონა, თუმცა ეს მას საერთოდ არ უშლიდა ხელს ამერიკის თავისუფლებისთვის ბრძოლაში…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“