აი, რაზე დავწერ-მეთქი, გავიფიქრე, როცა წიგნების მაღაზიაში გუსტავ ფლობერის „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი“ დავინახე. ფრანგულის მასწავლებლებს წაკითხვას მოვანდომებ, თავშექცევის სასარგებლო ფორმებს კი თავად მიაგნებენ-მეთქი.
ფლობერის ხსენება ნუ დაგაფრთხობთ. ამ თხელ წიგნში ბევრ საგულისხმოს ნახავთ, ხან გაიცინებთ, ხანაც თავს გვერდზე მიაბრუნებთ – წვრილმან დანაშაულში წასწრებულივით.
ფრანგულ ტექსტს ინტერნეტში ადვილად მოძებნით. ჩამოუარეთ სალექსიკონო ერთეულებს და სადაც ქართულ თარგმანს დაიწუნებთ, იქ თქვენი და თქვენი მოსწავლეებისა თქვით. ცოტაოდენი ძალისხმევა და, ალბათ, მოსალოდნელზე მეტი ვარიანტი გაჩნდება: უკეთესიც, უარესიც.
ქართულ გამოცემაში სიტყვები ფრანგული ანბანის რიგით არის გაწყობილი, რაც საქმეს გაგიადვილებთ – სიტყვა მწერლის მშობლიურ ენაზე, ჩვენებური შესატყვისი და მერე იმის თარგმანი, ფლობერმა შერჩევით დაკრეფილ ტკბილ-მწარე ნაყოფებად რომ გამოგვიწოდა.
რამდენიმე მაგალითი წარმოდგენის შესაქმნელად:
Achille / აქილევსი – აუცილებლად უნდა დასძინოთ: „ფეხმარდი“. შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ჰომეროსი წაგიკითხავთ.[1]
Colonies (nos) / კოლონიები (ჩვენი) – მათი ხსენებისას დანაღვლიანდით.
Échafaud / ეშაფოტი – ისე მოახერხეთ, რომ ასვლისას, სიკვდილამდე, რამდენიმე მჭევრმეტყველური სიტყვა წარმოთქვათ.
Malade / ავადმყოფი – მის გასამხნევებლად სასაცილოდ აიგდეთ დაავადება და არაფრად ჩააგდოთ მისი ტკივილები.
Optimiste / ოპტიმისტი – იგივეა, რაც სულელი.
Providence / ბედისწერა – უმაგისოდ რა უნდა ვქნათ?
რჩევები მრავლადაა. უფრო სწორად, ვითომ-რჩევები. ცხადია, ზოგს მეტად ემჩნევა ეპოქის ნიშანი, ზოგი კი ისე გაისმის, თითქოს მწერალმა ეს-ესაა მოხაზა ბოლო ასო და წერტილის დასმისას ულვაშშიც ჩაიცინა.
პირამიდა უსარგებლო ნაშრომია და მეტი არაფერიო. სტოიციზმი სულაც შეუძლებელიაო. სიტყვა „მატერიალიზმი“ ძრწოლით წარმოთქვით და თითოეული მარცვალი კარგად გამოკვეთეთო.
ცხადია, წაბაძვა და ახალი ლექსიკონის შედგენაც შეიძლება. ახალი სიტყვების სასწავლადაც და გაკვეთილებზე ფლობერის სულის ხშირ-ხშირად გამოსაძახებლადაც. რა შეიძლება ითქვას წისქვილზე, გარდა იმისა, რომ პეიზაჟს უხდება?
Clocher de village / სოფლის სამრეკლო – გულს აძგერებს.
მცდელობას წინ რა უდგას – სოფლის მაშენებლის თვალით შეხედეთ, მარცხნივ თავგადახრილმა.
მწერლის თვალი ყველაფერს წვდება, ყოველგვარ ზედაპირს დაუნდობლად კვეთს, რომ უსიამოვნოდ დასანახ შიგნეულობაში მიმოატაროს. ერთი მხრივ, ადამიანთა სიბრიყვე გაკვირვებს, თითქმის ორი საუკუნის მერეც რომ ვერ შელევიან დაობებულ საკვებს – ყავლგასულ წარმოდგენებს, მავნე კლიშეებს, მეორე მხრივ კი ფლობერის კვალში სიარული გიხარია – ეს წუთები გეძვირფასება.
Défaite / მარცხი – გაუძლებს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ იმდენად სრულია, ამბის მომტანიც აღარ რჩება.
Douleur / ტკივილი – ძირითადად, სასიკეთოა. ნამდვილი ტკივილი უხილავია.
და აქვე, ამავე რიგში:
Droit (le) / უფლება – არავინ იცის, რა არის.
ბავშვები. რა შეიძლება ითქვას მათზე ისეთი, „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონში“ ჩაწერილს მცირედ მაინც რომ გაახუნებდა? ბოლოს და ბოლოს, ამხელა დრო გავიდა.
Enfants / ბავშვები – საზოგადოებაში გამოავლინეთ პოეტური სინაზე[2] მათ მიმართ.
გამანადგურებლად ზუსტია. ნეტავ მომდევნო ასწლეულში მაინც შეიცვლებოდეს რამე.
გადაშალეთ ეს პატარა წიგნი. წინ დაუდექით მწერალს. ეკამათეთ.
დასასრულს, დიდისგან დიდებაზე ნათქვამი:
Gloire / დიდება – სულ ცოტა კვამლია და მეტი არაფერი.
[1][1] ცდუნებას ვერ გავუძელი და ქართული თარგმანის „მსუბუქფეხებიანი“ მიღებული ფორმით შევცვალე.
[2] აქაც შევცვალე ქართული თარგმანი, რომლის „ნაზი სიყვარულიც“ სხვა რამაა.