სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პიროვნული განვითარება და მე-კონცეფცია სადამრიგებლო საათისთვის

ერთ-ერთი გაკვეთილის დაგეგმვისას სტუდენტმა თქვა, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით ლიტერატურის გაცნობისას დაამახსოვრდა „კარგი ვაშლების“ აქტივობა, რომელიც თეორიულად ძალიან მოეწონა, თუმცა პრაქტიკულად როგორ შეიძლებოდა მისი განხორციელება საგაკვეთილო პროცესზე – ეს მისთვის ამოცანად რჩებოდა. რადგან სიახლეების გაცნობა და გამოცდა ჩემი მოსწავლეების საყვარელი საქმიანობაა, გადავწყვიტე, ეს საგაკვეთილო პროცესისთვის მომერგო და აქტივობა კლასის საათზე გამომეყენებინა.

დამრიგებლებისთვის კლასის საათი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოვალეობაა. მას დაწყებით კლასებში კვირაში ორჯერ ვატარებთ. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი გახლავთ პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი.

ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ახლო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობისა და თანამშრომლობის წყალობით, ბავშვები სწავლობენ სოციალურ ნორმებს და ივითარებენ ურთიერთობისთვის საჭირო უნარებს. 11-12 ასაკის ბავშვებში აქტუალური ხდება მცირე სოციალური ჯგუფების მეგობრობა. ამ ჯგუფებში ერთიანდება რამდენიმე ბიჭი და გოგო, რომლებიც სისტემატურად არიან ჩართულნი რაღაც საქმიანობებში. ხშირად ხდება, რომ ზოგი ბავშვი კლასიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე, რაც საფრთხეს უქმნის სოციალურ გარემოში მათ ჯანსაღ ადაპტაციას.

სამეგობრო წრიდან გარიყულნი სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან,რომლებიც ან აგრესიულობით გამოირჩევიან, ან ზედმეტი სიმორცხვით. გარიყვისა და მუდმივი იმედგაცრუების გამო აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან, მორცხვი და მშფოთვარე ბავშვები კი –მუდმივი თავდასხმის ობიექტები.

ბავშვის მდგომარეობა კლასში თვითდარწმუნებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ფსიქოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მარტოობა, სოციალური შფოთვა და იზოლაცია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე შემდეგნაირად აისახება: გარიყული ბავშვები საკუთარ წარუმატებლობას მეტად მიაწერენ გარემო ფაქტორებს, ვიდრე ჯგუფებში გაერთიანებული ბავშვები.

ჯგუფი არის იმ ბავშვების შედარებით მყარი ერთობა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ ღირებულებებს. ჯგუფს აქვს  ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს თითოეულ წევრზე. ჯგუფის წევრებს გარკვეული სტატუსიც გააჩნიათ, ზოგი ლიდერია, ზოგი კი მას ემორჩილება. თუმცა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს არ ახასიათებს ძალიან მკაცრი ნორმები და განაწილებული როლები. უკვე 11-12 წლის ასაკიდან  ჯგუფში  წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჯანსაღი კომუნიკაციის უნარის განვითარებაში?

სახლის უსაფრთხო გარემოდან მოსული ბავშვისთვის მეტად მნიშვნელოვანია ახალ „ოჯახთან“ – კლასთან შერწყმა და მასთან ერთიანობის განცდა. ხშირად ბავშვისთვის „არასასურველი ქცევა“ გამოწვეულია იზოლაციით და მარტოობის განცდით. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ასოციალური ქცევით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. იმისთვის, რომ ბავშვმა თავი არ იგრძნოს იზოლირებულად, საჭიროა, რომ მან მიიპყროს ყურადღება თავისი „პირადი ისტორიით“ – თუ ვინ არის იგი, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, რა არის მისი საყვარელი საქმიანობა, ინტერესი, რა გამოსდის კარგად. ამიტომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იზრუნოს თვითპრეზენტაციის უნარის განვითარებაზე, გამოყოს დრო, როდესაც მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ საკუთარ თავზე ან რაიმე მოვლენაზე. ასეთ დროს მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური მსმენელის როლში.

იმისთვის, რომ  მოსწავლემ შეძლოს საკუთარ თავზე საუბარი, აუცილებელია, მასწავლებელმა ხაზი გაუსვას თითოეულის უნიკალურობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იზრუნოს მოსწავლეებში დადებითი მე-კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ამისთვის საჭიროა, მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. შესრულებულ აქტივობებზე  უკუკავშირის მეშვეობით, გამოვკვეთოთ როგორც ძლიერი, ასევე განსავითარებელი უნარები.

წარმოუდგენელია პოზიტიური მე-კონცეფციის ჩამოყალიბება, თუ მშობელი და მასწავლებელი მოსწავლეს პატივისცემით არ ეპყრობა. ბავშვი მაშინ გრძნობს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას, როცა უფროსი გარკვეულ მოვლენაზე მისი მოსაზრებით ინტერესდება. „რა გვასწავლა ამ შემთხვევამ, შენი აზრით?“, „რა იგრძენი, როცა მოისმინე/უყურე?“ მე-კონცეფციის სწორად ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შეცნობისა და თვითპრეზენტირების უნარების განვითარების მიზნით დაიგეგმა სადამრიგებლო საათი მეოთხე კლასში, სადაც მოწვეული გვყავდა მშობლებიც. ისინი ბავშვებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ საგაკვეთილო პროცესში.

აქტივობა 1. მოკლე ანიმაციური ვიდეოფილმის ჩვენება და დისკუსია;

მიზანი: ბავშვებსა და მშობლებს დაენახათ, რომ ირგვლივ მრავალი განსხვავებული ადამიანია/ბავშვია, განსხვავებული ქცევებითა და მანერებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ცუდს.

ფილმის ჩვენების შემდეგ სადისკუსიო კითხვები:

  • რა მოგეწონათ ანიმაციაში? რა არ მოგეწონათ?
  • როგორ ფიქრობთ, სწორად იქცეოდნენ მშობლები? ბავშვები?
  • ეთანხმებით უხუცესების გადაწყვეტილებას?
  • რა გზავნილია ამ მედიარესურსში ჩადებული, რისი თქმა სურთ, თქვენი აზრით, მის შემქმნელებს?

აქტივობა 2. მსგავსება თუ განსხვავება?

მიზანი: ერთმანეთში მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა, მისი მნიშვნელობის გაზიარება, ჯგუფის შეკვრა.

მასწავლებელი კლასს სთავაზობს ჯგუფებად დაყოფას. ჯგუფების ადგილად შეიძლება გამოიყოს საკლასო ოთახის  კუთხეები და მოსწავლეები ასე განაწილდნენ, ან უბრალოდ ხელი აიწიონ. მაგალითად, გადანაწილდით კუთხეებში იმის მიხედვით, ვინც ზაფხულშია დაბადებული, ან ზამთარში და ა.შ. ხელი აიწიეთ, ვისაც უყვარს ნაყინი, ხატვა. მასწავლებელი ასახელებს ისეთ თვისებებს, რომლებიც, მისი აზრით, კლასის უმრავლესობისთვის საერთოა.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, დახატონ ადამიანი ცისფერი თვალებითა და ხვეული თმით. დასრულების შემდეგ საილუსტრაციოდ ნახატებს ამაგრებს დაფაზე. სთხოვს მათ, დააკვირდნენ, ჰგავს თუ არა მათი ნამუშევრები ერთმანეთს. მოსწავლეთა ნამუშევრები, ბუნებრივია, განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორი მახასიათებელი ყველასთვის საერთო იყო. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • რა აჯობებდა, რომ ყველა ნამუშევარი ზუსტად ერთნაირი ყოფილიყო თუ განსხვავებული?
  • როგორ ფიქრობთ, კარგია, რომ ჩვენ ყველას განსხვავებული თვისებები ან გარეგნობა გვაქვს?
  • ყველა ზუსტად ერთნაირები რომ ვიყოთ, რა სირთულეს წავაწყდებოდით?

აქტივობა 3. მედიარესურსის ჩვენება და შესაბამისი დისკუსია;

მიზანი: მშობლებს ესაუბრეთ მედიარესურსში გაჟღერებულ  გზავნილზე, რომ მნიშვნელოვანია, შვილებში ამოვიცნოთ, რა არის მათი სიხარულის მიზეზი და დავეხმაროთ მათ ბედნიერების პოვნაში.

მედიარესურსისთვის განკუთვნილი სადისკუსიო კითხვები:

  • რა მოგეწონათ ანიმაციაში? რა არ მოგეწონათ?
  • როგორი იყო თავდაპირველად პერსონაჟი? როგორ შეიცვალა ის?
  • რამ გამოიწვია, თქვენი აზრით, ბავშვის ასეთი ცვლილება?
  • როგორ ფიქრობთ, სწორად იქცეოდა მამა ფილმის დასაწყისში/ბოლოს? რატომ?
  • რა გზავნილია ამ ვიდეოში ჩადებული? რისი თქმა სურთ, თქვენი აზრით, მედიარესურსის შემქმნელებს?

აქტივობა 4.  დაამყარე კავშირები

მიზანი: მედიაგზავნილების კავშირების აღმოჩენა გარესამყაროსთან, სხვა ფილმებთან/ წიგნებთან და პირად გამოცდილებასთან;

მოსწავლეთა მოტივაციისთვის და გარკვეული მიმართულებისთვის მასწავლებელს თავად შეუძლია წინასწარ ჰქონდეს მომზადებული რაიმე სახის მასალა საჩვენებლად. ეს ბავშვების ფიქრისთვის ერთგვარი ბიძგი იქნება.

გარესამყარო  – აქ მოვიყვანეთ თომას ალვა ედისონის ძალიან ცნობილი ისტორია, როცა მას გონებრივად ჩამორჩენილი უწოდეს სკოლაში, ხოლო მშობლის დახმარებით ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი და გამომგონებელი გახდა.

გავიხსენეთ ალბერტ აინშტაინი, რომელსაც დისლექსია დაუდგინეს და ბავშვობაში არცთუ ისე კარგად სწავლობდა, თუმცა საკუთარ თავში იპოვა ძალა, შესაძლებლობა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკოსი გახდა.

აქვე წავიკითხეთ მისი ცნობილი გამონათქვამი: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა ხეზე ასვლა, დავიჯერებთ, რომ ის სულელი და უნიჭოა“ , და ლინდა მალალა ჰანდის გამორჩეული წიგნი  „თევზი ხეზე“, რომელსაც ეს აზრი ლაიტმოტივად გასდევს.

მივუთითე არნე სვინგენის „ბალადა გატეხილ ცხვირზეც“. წაკითხული არავის ჰქონდა, თუმცა დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა შინაარსმა და მშობლები დამპირდნენ, რომ აუცილებლად წაიკითხავდნენ შვილებთან ერთად.

ცოტათი კინემატოგრაფიასაც შევეხეთ და ვნახეთ ნაწყვეტები ფილმებიდან „მე მქვია ენი“ (განსხვავებულობის საოცარი მაგალითი), „ვარსკვლავები დედამიწაზე“ და „ბილი ელიოტი“, სადაც მთავარი გმირები სწორედ დაკვირვებული მასწავლებლების წყალობით აღმოაჩენენ საკუთარ თავში იმ ღირებულებასა თუ ინტერესს, რაც შემდეგში მათ ცხოვრებას დადებითად შეცვლის.

მშობლებმა პირადი გამოცდილებიდანაც ბევრი მაგალითი გაიხსენეს, როგორ აღმოაჩინეს საკუთარ თავში ნიჭი და მისწრაფებები, თუმცა გარკვეული ფაქტორების გამო მათი განვითარება ზოგმა შეძლო, ზოგს კი არ გამოუვიდა.

ბავშვებს და მშობლებს აქვე მივეცი სარეკომენდაციო ფილმებისა და წიგნების ბარათები, რომლებსაც აუცილებლად ერთად გაეცნობოდნენ და იმსჯელებდნენ მათ მთავარ სათქმელზე.

აქტივობა 5. ვაშლები და ვარსკვლავები

მიზანი: ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანები რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან და ამავდროულად, განსხვავდებიან კიდეც; რომ ადამიანთა განსხვავებულობა დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ეს განსხვავებები კი ადამიანთა ცხოვრებას ფასეულს ხდის.

 

მასალა: თითო ვაშლი ყოველი მოსწავლისათვის (ასევე დამატებითი 2-3 ვაშლი). ვაშლები უნდა იყოს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის. ასევე კარგი იქნება, თუ შევარჩევთ განმასხვავებელი თავისებურებების მქონე ვაშლებს – ფოთლები, ნაოჭები და ხაზები, ლაქები და დაჟეჟილი ადგილები. მჭრელი დანა.

უთხარით მოსწავლეებს, რომ გსურთ, დაადგინოთ ადამიანთა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

დაალაგეთ ვაშლები მოსწავლეების წინ მაგიდაზე. აარჩევინეთ ყოველ მათგანს თითო ვაშლი.

სთხოვეთ, დააკვირდნენ და განსაჯონ, კარგია თუ არა მათ მიერ არჩეული ვაშლი. შესთავაზეთ, ყურადღება მიაქციონ ვაშლის სპეციფიკურ თავისებურებებს. დაავალეთ, შეადგინონ პატარა ამბავი საკუთარ ვაშლზე და უამბონ მეგობარს. სთხოვეთ, ამბები მთელ კლასს გააცნონ. უთხარით, რომ ვაშლები მაგიდაზე დააბრუნონ. ვაშლები აურიეთ და სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი ვაშლის მოძებნა. როდესაც ადგილებზე დაბრუნდებიან, ჰკითხეთ, როგორ გამოიცნეს საკუთარი ვაშლი (ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ფერზე, ფორმაზე, ზომასა და განსაკუთრებულ თავისებურებებზე). ჰკითხეთ, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ადამიანებთან. სთხოვეთ, ჩამოთვალონ, რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან. იმსჯელეთ, რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი.

გაკვეთილის შეჯამება: შესთავაზეთ გარკვეული დასკვნა ადამიანთა ინდივიდუალური განსხვავებისა და მსგავსების მნიშვნელობის შესახებ. უთხარით, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საერთო ნიშანია ვარსკვლავი, რომელიც მათ შიგნით არსებობს – რაღაც განსაკუთრებული, რაც შიგნიდან ასხივებს და მათ ყველაზე მეტად მოსწონთ საკუთარ თავში. სწორედ ასევე ყოველ ვაშლს აქვს შიგნით ვარსკვლავი. გაჭერით ყოველი ვაშლი ნახევრებად, მაგრამ არა ჩვეული წესით – სიგრძეზე, არამედ სიგანეზე. დაიხმარეთ მშობლები. დაანახეთ თითოეულ ბავშვს ვარსკვლავი თავიანთი ვაშლის შიგნით. სანამ ბავშვები ვაშლს მიირთმევენ, სთხოვეთ, მოიფიქრონ და შემდეგ დაწერონ საკუთარი ვარსკვლავის – საკუთარი ღირსებებისა და ინდივიდუალურობის შესახებ.

თამაშის პრინციპით ყველამ აღმოაჩინა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა თითოეულში არსებობს ერთი ან მეტი ვარსკვლავი, რომელსაც პოვნა და აკიაფება სჭირდება.

აქტივობა 6. შეიცან თავი შენი

მიზანი: მოსწავლეებს საკუთარ თავში, მშობლებს კი შვილებში ეპოვათ ის მთავარი მისწრაფება და ღირებულება, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ და უკეთ გამოსდიოდათ.

პატარა ბარათებზე თითოეულმა მოსწავლემ დაწერა ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად გამოსდიოდა ან აბედნიერებდა, ხოლო თითოეულმა მშობელმა თავის ბარათზე დაწერა ის, თუ რას ხედავდა საკუთარ შვილში, რისი კეთება მოსწონდა მას ყველაზე მეტად. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი შვილისა და მშობლის ფიქრები ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა იყო ის წყვილებიც, რომლებიც ერთმანეთისთვის აღმოჩენად იქცა.

თითოეული ბარათი დავამაგრეთ დიდ ფერად ფორმატზე. ამით ყველას მიეცა საშუალება, აღმოეჩინათ და დაჰკვირვებოდნენ ერთმანეთის ფიქრებს, აღმოეჩინათ აქამდე შეუმჩნეველი თვისებები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სატრენინგო მასალა – „ეფექტური კომუნიკაციის განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018 .
  2. საპრეზენტაციო მასალა გაკვეთილისთვის – შეიცან თავი შენი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“