სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

უმცროსკლასელთა სასწავლო მოტივაციის ხელშემწყობი ფაქტორები

მოტივაციის პრობლემა მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემათა რიგს განეკუთვნება. მისი შესწავლა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ადამიანის ქცევის შინაგანი მექანიზმები, მამოძრავებელი ძალები და მიზნები. მოტივაცია ეს შინაგანი ფსიქოლოგიური მახასიათებელია, რომელიც გამოხატვას პოულობს გარე სამყაროსთან, სხვადასხვა საქმიანობის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაში. მოტივი არის ის, რაც აღძრავს ადამიანს მოქმედებისკენ. მოქმედება მოტივის გარეშე, თუნდაც სუსტი მოტივით, ან ვერ განხორციელდება საერთოდ, ან უკიდურესად არამდგრადი იქნება. დასახული მიზნის მისაღწევად, ნებისმიერ სფეროში, მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მოტივაციას კი საფუძვლად უდევს პიროვნების მოთხოვნილებები და ინტერესები.

 

სასკოლო ასაკში სასწავლო მოტივაციის ფორმირება გადაჭარბების გარეშე შეიძლება, აღიარებული იქნეს თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემად. დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით მოსწავლეებში სასწავლო მოტივაციის დაქვეითების ან საერთოდ მისი არარსებობის პრობლემას. ბავშვებს არ სურთ სწავლა, ავლენენ გულგრილობას ცოდნის, განათლების მიმართ, არ ისწრაფვიან ახლის შემეცნებისკენ. ცნობილია, რომ ახლის შემეცნებისკენ სწრაფვა თანდაყოლილია, გენეტიკურად არის ჩადებული ადამიანში, ე.ი. ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბებაში.

 

სასწავლო მოტივაციის ქვეშ მოიაზრება ყველა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სასწავლო აქტივობის გამოვლინებას: მოთხოვნილებები, მიზნები, განწყობები და ა.შ. სასწავლო მოტივი შეიძლება იყოს სწავლისადმი ინტერესი, განათლების მიღების სურვილი, საქებარი სიტყვების მოსმენის სურვილი. როგორც წესი, სასწავლო საქმიანობისკენ ბავშვს აღძრავს არა ერთი, არამედ სხვადასხვა მოტივი. სასწავლო მოტივები შეიძლება დაიყოს შემეცნებითი და სოციალური მოტივების ჯგუფებად. თუ სწავლის დროს მოსწავლეში დომინირებს ორიენტირება სასწავლო საგნის შინაარსზე, შეიძლება ვისაუბროთ შემეცნებითი მოტივების არსებობაზე. და, პირიქით, თუ მოსწავლე ორიენტირებულია სხვა ადამიანებზე, საუბრობენ სოციალურ მოტივებზე.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასკოლო პერიოდში სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე სასკოლო საქმიანობისკენ ბავშვს შეიძლება სხვადასხვა მოტივი აღძრავდეს. ის, რაც დომინანტურ მოტივთა შორის გვხვდება დაწყებით კლასებში, როგორც წესი, აღარ ხდება სასწავლო მოტივაციის გაძლიერების ხელშემწყობი სასკოლო სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე. და, პირიქით, გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლის ან უფროსკლასელის სასწავლო საქმიანობისკენ აღმძვრელი სასწავლო მოტივები შეიძლება საერთოდ არ ფიქსირდებოდეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებში. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასკოლო სწავლების პირველ საფეხურზე სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორად შეიძლება იქცეს მოზარდებსა და უფროსკლასელებში სასწავლო ინტერესების შენარჩუნებისა და გაძლიერების პროცესში. ეს ბუნებრივია, რადგან სწორედ სასკოლო სწავლების დასაწყისში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება სკოლისა და სწავლისადმი. ამ პერიოდში ჩამოყალიბებულ სასწავლო მოტივაციაზეა დამოკიდებული სწავლა და სკოლაში ყოფნა სასიამოვნო იქნება ბავშვისთვის, თუ სასწავლო პროცესი სატანჯველად იქცევა მისთვის მთელი თორმეტი წლის განმავლობაში. ამდენად, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს იმ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და სასწავლო მოტივაციის გაძლიერების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე:

 

  • სასკოლო სწავლებისათვის მზაობის დონე – თუ ბავშვს არა აქვს სკოლისათვის მზაობის სათანადო დონე, ადვილი შესაძლებელია სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების პროცესში სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგეთ. უფრო მეტიც, პირველ დღეს სკოლაში მოსული პატარა შესაძლოა, მეორე დღეს საერთოდ უარს ამბობდეს სკოლაში წასვლაზე. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ სკოლისათვის მზაობა არ მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალური განვითარების საჭირო დონეს – ის, რომ ბავშვმა ზეპირად იცის რამდენიმე ლექსი, ცნობს ასოებს, ახერხებს ათის ან შესაძლოა ოცის ფარგლებშიც კი შეკრება-გამოკლებას, ნამდვილად არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მას სკოლისა და სწავლისადმი აუცილებლად დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება და სასწავლო მოტივაციაც გაუძლიერდება. სკოლაში სწავლის დასაწყებად აუცილებელია ასევე ფიზიკური და სოციალურ-ემოციური მზაობის საჭირო დონე. თუ ბავშვს არა აქვს სათანადო ფიზიკური მზაობა, მას გაუჭირდება იმ დატვირთვის ატანა, რომელსაც სასკოლო სწავლება უყენებს მას და დიდი ალბათობით სკოლისა და სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება. სოციალურ-ემოციური მზაობის დაბალი დონე კი სერიოზულად გაართულებს ბავშვის ურთიერთობას გარშემომყოფებთან – თანატოლებთან და უფროსებთან, რაც ასევე ვერ ჩამოუყალიბებს მას დადებით დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლისადმი; ეს კი პირდაპირ უარყოფითად აისახება დამწყები მოსწავლის სასწავლო მოტივაციაზე. ასე რომ, ჯერ კიდევ სკოლაში შეყვანამდე ბავშვის სკოლისათვის მზაობაზე ზრუნვა და სასკოლო მზაობის მაღალი დონის უზრუნველყოფა უახლოეს მომავალში სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ხელშემწყობად იქცევა;
  • დაწყებით კლასებში სასწავლო მოტივაციისა და სწავლისადმი ინტერესის გასაძლიერებლად სასურველია, რომ ბავშვი სკოლაში შემოსვლამდე არ იყოს დაუფლებული კითხვას და თვლას. გვხვდებიან მშობლები, რომლებიც ნაადრევად, ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე იწყებენ იმაზე ზრუნვას, რომ მათმა შვილმა იცოდეს წერა-კითხვა, ითვლიდეს ასის ფარგლებში. ამისათვის ისინი სპეციალურად მასწავლებელსაც კი ქირაობენ კერძო გაკვეთილების ჩასატარებლად. როგორც წესი, ასეთი ბავშვები სკოლაში შესვლის შემდეგ კარგავენ ინტერესს სწავლის მიმართ და არ სიამოვნებთ გაკვეთილებზე ყოფნა, სადაც მათი თანატოლები თითო-თითო ასოს სწავლობენ. იმისათვის, რომ ბავშვს გავუძლიეროთ სასწავლო მოტივაცია, სწავლა მისთვის განმავითარებელი უნდა იყოს. მაგრამ, როცა ბავშვმა უკვე იცის ის, რის სწავლებასაც მასწავლებელი აპირებს, აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებაც მიზნად აქვს დასახული პედაგოგს, სწავლება პატარა მოსწავლისთვის განმავითარებელი ვერ იქნება და სასწავლო მოტივაციის გაძლიერებაზეც გაგვიჭირდება მუშაობა. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი თავად იჩენს ინტერესს და ამჟღავნებს ინიციატივას, რომ ისწავლოს ასოების ცნობა და კითხვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, არ იქნება გამართლებული აღნიშნული ინტერესის ჩახშობა, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვის ეს ინტერესი ბოროტად არ გამოვიყენოთ, თავი შევიკავოთ გაკვეთილების ჩატარებისგან და მივცეთ საშუალება ბავშვს, თამაშის პროცესში დაეუფლოს აღნიშნულ უნარ-ჩვევებს. მოგვიანებით კი სკოლაში პედაგოგმა უნდა იზრუნოს, რომ გამოიყენოს ასეთ ბავშვთან დიფერენცირებული მიდგომა და სწავლა განმავითარებელი გახადოს მისთვის სასწავლო მოტივაციის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით;
  • შემეცნებითი ინტერესების განვითარებისა და სასწავლო მოტივაციის გაძლიერების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის დამოუკიდებლად ძიება და „აღმოჩენა“, პრობლემური ხასიათის ამოცანების გადაწყვეტა;
  • შესასწავლი საგნის მიმართ ინტერესისა და სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად აუცილებელია აღნიშნული საგნის შესწავლის საჭიროებისა და მნიშვნელობის გაგება;
  • გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მეტად არის დაკავშირებული ახალი მასალა ადრე მიღებულ ცოდნასთან, მით უფრო საინტერესოა ის მოსწავლისთვის და მით უფრო აქტიურად ერთვება ის სასწავლო პროცესში;
  • ვიზრუნოთ სასწავლო მასალის სწორად შერჩევაზე. არც ძალიან ადვილი და არც ძალიან რთული მასალა არ იწვევს ინტერესს, სწავლა უნდა იყოს რთული, მაგრამ დაძლევადი;
  • შეფასებების სწორად და დროულად გამოყენება შეიძლება პირდაპირ გავლენას ახდენდეს სასწავლო მოტივაციის გაძლიერებაზე. რაც უფრო ხშირად და სწორად მოწმდება ბავშვის ნამუშევარი, მით უფრო საინტერესო ხდება მისთვის მუშაობა;
  • შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებაში და სასწავლო მოტივაციის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაკვეთილის პოზიტიური ფსიქოლოგიური ატმოსფერო, კლასის მართვის დემოკრატიული სტილი, მოსწავლეების უპირობო მიღება, განურჩევლად სასწავლო წარმატებისა მათდამი სიყვარულისა და კეთილგანწყობის გამოხატვა, არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებების – მზერა, ღიმილი, ჩახუტება – გამოყენება სიყვარულის გამოსახატად;
  • თვალსაჩინო მასალის უხვად, სწორად და გამიზნულად გამოყენება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი თვალსაჩინო სახით სასწავლო პროცესში;
  • სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სწავლების დროს. მართალია, სასკოლო სწავლებისას კლასებში ძირითადად ერთი ასაკის ბავშვები სხედან, მაგრამ მოსწავლეთა ჯგუფები ერთგვაროვანი მაინც არ არის, ერთ კლასში მყოფი ბავშვები ძალიან ბევრი რამით შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. თუ ამ განსხვავებებს არ გავითვალისწინებთ სწავლების დროს, ადვილი არ იქნება მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის შენარჩუნება;
  • ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, და მით უმეტეს დაწყებით კლასებში, სასწავლო მოტივაციის მნიშვნელოვან გამაძლიერებლად შეიძლება იქცეს სასწავლო პროცესში ბავშვის მიერ მიღწეული წარმატებები. ამიტომ, კარგი იქნება, თუ უმცროსკლასელს ხშირად შევუქმნით წარმატებულობის განცდას საგაკვეთილო პროცესში. გავითვალისწინოთ, რომ პატარებს არ უყვართ იმის კეთება, რაშიც მუდმივად მარცხს განიცდიან;
  • დაწყებით კლასებში სასწავლო მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს სასწავლო-შემოქმედებით საქმიანობაში თამაშის ელემენტების აქტიურად ჩართვა, სიუჟეტურ-როლური თამაშების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოტივაცია წარმოადგენს სასწავლო საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და სპეციფიკურ კომპონენტს. მისი გაძლიერებით შეიძლება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ შემეცნებითი პროცესების ხარისხობრივი მაჩვენებლები და სამომავლოდ უამრავი პრობლემა ავიცილოთ თავიდან.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი