შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“, ანუ როგორ ვაქციოთ პრობლემა კლასის საათის თემად

ყველაფერი თემოს ყვავილებიანი წიგნაკით დაიწყო. წიგნაკის გარეკანზე ანიმაცია „კეთილი დინოზავრის“ პერსონაჟი – არლო იყო გამოსახული, შიდა ფურცლებზე კი აქა-იქ ყვავილებიც ეხატა.

როგორ აღმოვაჩინე პრობლემა

ზარი ახალი დარეკილია. ვიწყებთ ხელოვნების გაკვეთილს. გაკვეთილის თემაა „შემოდგომა ქალაქში“. მოსწავლეებს მოვუწოდე, მოემზადებინათ შესაბამისი რესურსი. ვიდრე პრაქტიკულ მუშაობაზე გადავიდოდით, ვთხოვე გულისყურით განგვეხილა საკითხის თეორიული ნაწილი. უცებ თემო წუწუნებს და თან საკმაოდ სამართლიანად. როცა მიზეზი ვკითხე მიპასუხა, რომ მას თანაკლასელი გოგო დასცინოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მის წიგნაკს ყვავილებიანი ფურცლები ჰქონდა, ბიჭებს კი არ შეიძლებოდა მსგავსი ნივთი ჰქონოდათ. თემომ იქვე გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ წიგნაკი ბებომ უყიდა წინა დღით, თავად მასაც არ მოეწონა ყვავილები რომ ეხტა, თუმცა ბებოს არ აგრძნობინა და მეორე დღეს სკოლაშიც წამოიღო. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ამ პატარა ადამიანმა ასეთი ფორმით გამოავლინა ბებოს მიმართ კეთილგანწყობა. თუმცა ყურადსაღები იყო თავად ქილიკის ფაქტი, რომელიც საკლასო ოთახში მოხდა. ვიფიქრე, პირდაპირი გზით სიტუაციის განსჯაზე გადასვლას აჯობებდა, მოსწავლეები თავად მიმეყვანა იმ აზრამდე, რომ „ყვავილები მხოლოდ გოგონებს მოსწონს და ბიჭებისთვის სისუსტეა“ – სტერეოტიპულ შეხედულებაზე მეტყველებს და არანაირი კავშირი არ აქვს გენდერთან.

ისე აღმოჩნდა, რომ იმ დღეს ლურჯი სვიტერი მეცვა. ამ მცირე დეტალს ჩავეჭიდე და დისკუსია წამოვიწყე შემდეგი კითხვით, „შეიძლებოდა თუ არა, მცმოდა ამ ფერის სვიტერი?“. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ჩემი გემოვნებაა და სამოსიც იმ ფერის უნდა ამერჩია, როგორიც მომწონდა. კითხვაზე მაშინ საზოგადოების გარკვეული ნაწილი რატომ თვლიდა, რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, ლურჯი და ცისფერი კი – ბიჭის. ბავშვებმა საკუთარ ჩაცმულობას ახედ-დახედეს და ფერების საჯაროდ ჩვენებას მოჰყვნენ: „აი, მე გოგო ვარ, ჩემს მაისურს ცისფერი წარწერები აქვს და ძალიანაც მომწონს“, „ახლა დავაკვირდი, მას, ნახეთ მე წითელი სპორტული შარვალი მაცვია, ბიჭი ვარ და სულაც არ მრცხვენია“. მერე კი ერთმანეთში დაიწყეს ფერების ძიება. საბოლოოდ კი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ფერების სიყვარული სულაც არ არის კავშირში გენდერთან.

ამის შემდეგ გავიხსენე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ანიმაციის გმირი ელვა-მაქქვინი, გაადამიანებული მანქანა, რომელიც რბოლაში იღებს მონაწილეობას. იქვე არგუმენტირებულად ავხსენი, რატომაც მოვიხიბლე მისით. ყველაზე მეტად ის არგუმენტი მოეწონათ, რომ ამ მულტფილმს პირველად ჩემს შვილთან ერთად ვუყურე (მოსწავლეებს უყვართ, როცა პირადი და ცხოვრებისეული მაგალითები მოგვყავს ხოლმე), როცა ის პატარა იყო. იმდენად აღგვაფრთოვანა ამ გმირის მიზანსწრაფულობამ და დამოკიდებულების სასიკეთო ცვლილებამ, რომ მაშინვე შევიყვარეთ-მეთქი. თან გავიხსენე, ამის გამო ჩემი გოგონა სკოლისთვის რვეულის შემოსაკრავებსაც კი მაქქვინის გამოსახულებით ყიდულობდა. იქვე აღვნიშნე, რომ ჩემს საუკეთესო ანიმაციათა ნუსხაში „კარგ დინოზავრს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რადგან სწორედ მან მიმახვედრა, რაოდენ ძვირფასია ოჯახი; რომ ამის გამო უსუსური და გაუბედავი არსება შეიძლება ძლიერ, დამოუკიდებელ და უშიშარ გმირად იქცეს და სულაც არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ მასაც მოსწონდეს ბუნება და ყვავილები.

აქვე ახალი კითხვებიც დაიბადა:

  • რომელი მულტფილმები იცით?
  • რის მიხედვით არჩევთ მათ სანახავად?
  • ფიქრობთ თუ არა, რომ არსებობს გოგოს მულტფილმები ან ბიჭის მულტფილმები?

აქვე ჩავატარეთ მცირე სტატისტიკური გამოკითხვა, ჰქონდათ თუ არა ნანახი ანიმაცია „გაწითლება“, რომლის მთავარი გმირები უმეტესად გოგონები არიან. ხელი ყველა მოსწავლემ ასწია, რადგან მას კინო-თეატრში ერთად ვუყურეთ. შემდეგი გამოკითხვა ეხებოდა „კუნფუ-პანდას“, რომლის მთავარი გმირები უმეტესად მამრი არსებები არიან და აღმოსავლურ ორთაბრძოლას ეუფლებიან. აქაც ყველამ აიწია ხელი. საბოლოოდ კი მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ გოგო ხარ თუ ბიჭი, სრულიად არ განსაზღვრავს იმას, რომელი ანიმაცია უნდა მოგწონდეს და რომელია არა.

თემოს მოსწავლეების თანდასწრებით მაშინვე გადავუხადე მადლობა და „დღის მოტივატორი“ ვუწოდე. რადგან ხელოვნების გაკვეთილზე ეს პატარა წიგნაკი ინსპირაციის წყაროდ გვექცა: მოსწავლეებს სამუშაო თემის შეცვლა და საყვარელი ანიმაციის გმირის დახატვა ვთხოვე. მათ მაშინვე აიტაცეს იდეა. თემომ კი სიამაყით გადახედა კლასს, დახურა თავისი ყვავილებიანი წიგნაკი და მის გარეკანზე გამოსახული კეთილი დინოზავრის სამუშაო ფურცელზე გადატანა დაიწყო. არც ყვავილების დახატვა დავიწყებია მინდორზე. იგივე ერთ-ერთმა თანაკლასელმა ბიჭმაც გაიმეორა – „ნანახი მაქვს და მეც ამას დავხატავო“. როცა ნაშრომები ჩამაბარეს კლასში ხმამაღლა აღვნიშნე  -თურმე რა კარგია, როცა ჩვენი ნივთები რაღაცაში გვეხმარებიან. რომ არა თემოს წიგნაკი, გაკვეთილი ასე საინტერესოდ ვერ ჩაივლიდა. ეს ორი მოსწავლე კი ამ საოცარ შედევრსაც ვერ შექმნიდა, რადგან შეიძლებოდა, არც გახსენდებოდათ ჩვენი კეთილი დინოზავრი-მეთქი. აქვე თემოს ბებოსთან მადლობაც დავაბარე ამ ყველაფრისთვის, მოსწავლეებს საშინაო დავალებად კი ანიმაცია „ფერდინანდის“ კიდევ ერთხელ ნახვა დავავალე. ფერნდინანდი პატარა ხარია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სხვა ხარებივით ორთაბრძოლით გაერთოს, ურჩევნია ჩუმად იჯდეს ხის ქვეშ და ყვავილების სურნელით დატკბეს. მიუხედავად ამისა, იგი საბოლოდ უძლიერეს ხარად იქცევა, რომელიც ირგვლივ მყოფების სტერეოტიპულ აზროვნებას სრულიად შეცვლის, რომ ყველაფერი ძალმომრეობითი არ არის და ყვავილის სიყვარული სულაც არ ნიშნავს სისუსტეს.

იქვე დავაანონსე, რომ მომდევნო დღეს კლასის საათი გვექნებოდა, თუმცა სასაუბრო თემა საიდუმლოდ შევინახე.

შინ დაბრუნებულმა ბევრი ვეძებე და ვიკვლიე მასალა გენდერულ სტერეოტიპებზე. მარტივი არ იყო, რადგან რესურსი მეოთხეკლასელებისთვის მარტივად აღქმადი და გასაგები უნდა ყოფილიყო.

შემთხვევით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტს წავაწყდი და ყველაფერი ამით დაიწყო. გაჩნდა იდეა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა.

გაგაცნობთ როგორ მიმდინარეობდა კლასის საათი.

ნაბიჯი 1. მოსწავლეებს დავურიგე სახატავი ფურცლები და ვთხოვე, დაეხატათ ავტომრბოლელი, ყველაზე მნიშვნელოვანი წესი კი იყო ის, რომ ამ მრბოლელისთვის აუცილებლად სახელი უნდა მოეფიქრებინათ, თუ ვინ იყო ის.

ათწუთიანი ხატვის შემდეგ ისევ დავურიგე ახალი ფურცლები და ვთხოვე, ამჯერად დაეხატათ პილოტი. წესი უცვლელი იყო – სახელი აუცილებლად უნდა დაერქმიათ.

ბოლოს კი იმავე პრინციპით პოლიციელის დახატვა ვთხოვე.

ნაშრომები შევაგროვე და ჩემთვის, ისე რომ მოსწავლეებს არც კი შეუმჩნევიათ, დავახარისხე შემდეგი პრინციპით – რომელზე იყო გამოსახული გოგონა და რომელზე ბიჭი. აღმოჩნდა, რომ 60 ნაშრომიდან, 36-ზე მამაკაცი იყო გამოსახული, 14-ზე ქალი (მათ შორის ჩემი სახელიც ეწერა ერთ-ერთზე), 6-ზე ორივე სქესი იყო წარმომადგენელი, ხოლო სახელის მიწერა დაავიწყდათ 4 ნაშრომზე.

მოსწავლეებს ამ მცირე ექსპერიმენტისა და სტატისტიკის შესახებ არაფერი ვუთხარი კლასის საათის ბოლომდე.

ნაბიჯი 2. უშუალოდ კლასის საათი დავიწყე რთული სიტყვა „სტერეოტიპის“ განმარტებით. შევეცადე, მათთვის მარტივი ენით ამეხსნა, რას ნიშნავდა „სტერეოტიპული აზროვნება“:

  • ადამიანების ან იდეების გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის ჩამოყალიბება მათზე, დისკრიმინაცია, ჩაგვრა.
  • სტერეოტიპები არის მახასიათებლები, რომლებიც დაწესებულია ადამიანთა ჯგუფებზე მათი რასის, ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ეს მახასიათებლები საზიანოა მაშინაც კი, თუ ისინი „პოზიტიურად“ გამოიყურებიან.

ნაბიჯი 3. რა თქმა უნდა, ამ გზით ახსნა მაინც რთულად გასაგები აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, როგორც ვვარაუდობდი. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი იყო ანიმაციის „მოხუცი და ორცხობილა“ ნახვა და მსჯელობა შემდეგი თანმიმდევრობით:

  • აღმოაჩინეთ სტერეოტიპი;
  • რით იყო გამოწვეული ეს სტერეოტიპი?
  • ამართლებთ თუ არა მოხუცის ქცევას?
  • რა რჩევას მისცემდით მას?
  • დაიმსხვრა თუ არა სტერეოტიპი, რომ „ახალგაზრდა თაობამ უფროსების პატივისცემა დაკარგა“?

ამ გზით მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს და გაიაზრეს სტერეოტიპის არსი და მიხვდნენ, რომ ადამიანის ღირებულებებზე მხოლოდ მისი გარეგანი ვიზუალით, ასაკით, ჩაცმისა და თმის ვარცხნილობის სტილით არ უნდა ვიმსჯელოთ.

ნაბიჯი 4. აქვე ვნახეთ ანიმაცია „ჯოი (ძაღლი) და წერო“. მოკლე ფილმის ჩვენება შევწყვიტეთ მანამდე, სანამ ძაღლი სიმართლეს გაიგებდა, თუ რისთვის სჭირდებოდა წეროს ჭიები. მოსწავლეებს ვკითხე, სწორად იქცეოდა თუ არა ძაღლი? წერო? აქ უმეტესობამ ძაღლი გაამართლა, წერო კი – დაადანაშაულა. თუმცა მცირე ნაწილი იმასაც ამბობდა, „დასასრული ჯერ არ იცით და ასე ნუ საუბრობთო“.

შემდეგ კი ვიდეო-რგოლი ბოლომდე ვნახეთ და დავამუშავეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  • რა ეგონა ძაღლს თავდაპირველად?
  • რა აღმოჩნდა საბოლოოდ?
  • დაუკავშირეთ ანიმაცია სტერეოტიპებს.
  • კიდევ ხომ არ იყო აღმოაჩინეთ, რომელიმე საკითხი (იგულისხმებოდა აზრის მორალის ამოკითხვა, რომ „სიკეთეს სიკეთითვე უნდა ვუპასუხოთ“)?
  • რის სწავლა შეიძლება ამ ანიმაციიდან?

ბავშვებმა შეაჯამეს ანიმაცია და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება ზოგჯერ საკუთარი თვალებიც კი გვატყუებდნენ, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული შესწავლა, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ და არ ავყვეთ სტერეოტიპულ შეხედულებებს.

ნაბიჯი 5. სტერეოტიპული შეხედულებების ბავშვთა უფლებებთან დაკავშირება აუცილებელ ფაქტად მივიჩნიე. ამიტომ ბავშვებს კიდევ ერთხელ ვაჩვენე ბევრჯერ ნანახი ვიდეო სახელწოდებით „კალათბურთი“, უბრალოდ ახლა ვთხოვე, რომ ხედვის კუთხე შეეცვალათ და სტერეოტიპული აზროვნება ამოეცნოთ მასში.

მომდევნო დავალება შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგე:

 

  • აღმოაჩინე სტერეოტიპი;
  • დაასახელე მიზეზი, რით არის გამოწვეული ეს სტერეოტიპი;
  • დაიმსხვრა თუ არა სტერეოტიპი?
  • როგორ გესმით გამოთქმა „მე რა ზანგი ვარ?“.

მოსწავლეებმა შეაჯერეს მოსაზრებები და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ კანის ფერით განსხვავება მხოლოდ სტერეოტიპული აზროვნების შედეგია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ, საუკეთესო უნარები გამოავლინონ.

ნაბიჯი 6. ამ გზით მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მივიყვანე გენდერულ-სტერეოტიპული აზროვნების მოსალოდნელ შედეგებთან. ვუყურეთ ანიმაციას „რაგბი“. ბავშვებმა იმსჯელეს შემდეგი კითხვების დახმარებით:

  • აღმოაჩინე სტერეოტიპი;
  • რით არის გამოწვეული ეს სტერეოტიპი;
  • როგორ გესმით გამოთქმა „ეს გოგოსთვის შეუფერებელი პროფესიაა“;
  • რაში ხედავთ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს?

შეაჯამეს დისკუსია და აღნიშნეს, რომ არავის აქვს უფლება, უხეშად ჩაერიოს ამა თუ იმ ადამიანის პირად ინტერესებში და აიძულოს, აკეთოს ის, რაც მას თავად არ სიამოვნებს, როგორც ამას გოგონას მშობლები აკეთებდნენ მხოლოდ იმ სტერეოტიპული შეხედულებით, რომ „რაგბი გოგოს საქმე არ არის და მისი საქმე მხოლოდ ვიოლინოზე დაკვრაა“.

ნაბიჯი 7. ბოლო ეტაპზე ერთად ვნახეთ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი. მაშინ მიხვდნენ მოსწავლეები, რატომ დახატეს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები. და პირველი კითხვა, რაც მათ დაებადათ, ეს იყო: „ჩვენ ნახატებში რამდენი გოგო იყო და რამდენი ბიჭი?“; „ჩვენ უფრო სტერეოტიპულად ვაზროვნებთ, თუ ის ბავშვები, რომლებიც ვიდეოშია“. ზოგმა გულისწყვეტაც კი გამოთქვა „ეჰ, ეგ რომ წინასწარ მცოდნოდა, მეც თანაბრად დავხატავდიო“.

ნაბიჯი 8. ამის შემდეგ მოსწავლეებს შევაჯამებინე დღის თემა შემდეგი თანმიმდევრობით:

  • რა ისწავლეთ დღეს?
  • რა დასკვნამდე მიხვედით საბოლოოდ?
  • როგორ გამოიყენებთ სამომავლოდ ამ ცოდნას?

გავედით თუ არა სასურველ შედეგზე? დიახ, რადგან მოსწავლეებმა ისწავლეს სტერეოტიპის ამოცნობა და მასზე მსჯელობა. მეტიც, ეს არ დარჩა სამსჯელო თემად მხოლოდ კლასის საათზე, რადგან მას შემდეგ ჩვენს საკლასო ოთახში ხშირად გაიგონებთ ისეთ ფრაზებს ან კითხვებს, როგორებიცაა, „ეე, ბიჭო ეგ ხომ სტერეოტიპია?!“, „მასწავლებელო, დაგვეხმარეთ, ეს ხომ არასწორი შეხედულებაა და სინამდვილეში სტერეოტიპია“, „მე ვფიქრობ, რომ შენ სტერეოტიპულად აზროვნებ“. ჰოდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლასის საათზე მიღებული ცოდნა ასე ცხადად გადის გამოყენებისა და ტრანსფერის ეტაპებს, რაც სიღრმისეული ანალიზისა და ჯანსაღი შეფასების გარეშე ვერაფრით ჩაივლის ხოლმე.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი