შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსების შექმნა გაკვეთილისთვის

 

ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ამასთან ერთად,  მკაფიოდ არის აქცენტირებული ოთხი ძირითადი საკითხი:

  • რა მიზნით ვასწავლით საგანს?
  • რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით?
  • სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ?
  • როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს?

სასურველი სასწავლო მიზნების მისაღწევად მასწავლებელს სწავლების სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების სტრატეგიების, გზებისა და საშუალებების გამოყენება უწევს. მათი შერჩევისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. შერჩეული სტრატეგიები და მიდგომები უნდა  განვიხილოთ მოსწავლის ინტერესებისა და მოტივაციური ფაქტორების ჭრილში. გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ამასთან,  ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლის სოციალური, აკადემიური თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამოყენება-განვითარებას.

მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა  მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ინტერაქტიული მეთოდიკა კი ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა. მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკა ემსახურება ბავშვის შინაგანი ძალებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინებას.

კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიულ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.  ინტერაქტიული გაკვეთილები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ეროვნულ სასაწავლო გეგმა იწყება დიმიტრი უზნაძის სიტყვებით: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებებით მოსწავლის ძალების განვითარებას“.

განვიხილავ ჩემს ერთ-ერთ ინტერაქტიულ გაკვეთილს.

მიმართულება-რიცხვები და მოქმედებები

სამიზნე ცნება-მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

თემა: n-ური ხარისხის ფესვი და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხი

მიზანი:

რიცხვის ჩაწერა n-ური ხარისხის ფესვის  და  რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის  გამოყენებით;

რიცხვები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

აქტივობა 1 . ელექტრონული რესურის შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში.

მიზანი- ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება, მათ მიერ დამოუკიდებლად შექმნილი პლაკატები.   Canva.com არის ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პლაკატების შექმნა. მასში მუშაობა ძალიან მარტივია, როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით. პირველ რიგში რეგისტრირდები, ირჩევ ენას, შემდეგ ირჩევ პლაკატის დიზაინს, რომლის უამრავი შაბლონია განთავსებული Canva-ში ჩანაწერების გასაკეთებლად, ქმნი პროდუქტს, იგი არის შესანიშნავი საშუალება მასალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად.

ეს    არის ინსტრუქცია, როგორ შევქმნათ სასურველი დიზაინის პლაკატი. მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიდნენ ონლაინ სივრცეში. რამდენიმე მათგანის პრეზენტაცია მოხდა გაკვეთილზე;

პლაკატი სასწავლო პროცესის  ღირებულ რესურსს წარმოადგენს, რომლის  გამოყენება ეფექტურია, რადგან მისი საშუალებით მასწავლებელს შეუძლია თემა ადვილად აღსაქმელი გზით „შემოიტანოს“ გაკვეთილზე. მისი საშუალებით შესაძლებელია მთავარი გზავნილების, შთამბეჭდავად და ვიზუალურად  მიმზიდველი გზით გადმოცემა. მოსწავლეები, რომლებსაც ვიზუალური მეხსიერება აქვთ, პოზიტიურად რეაგირებენ პლაკატებზე.  პლაკატი კომპაქტურად გადმოსცემს  მათემატიკური ცნების, მასალის დედააზრს. ზრდის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მითუმეტეს, თუ ის მოსწავლეების  მიერ არის შექმნილი.

Canva-ში პლაკატის შექმნა შესაძლებელია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე და არ მოითხოვს ფინანსურ ხარჯებს.

აქტივობა 2. მიზანი-წინარე ცოდნის გააქტიურება

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.

მეთოდი „გონებრივი იერიში“ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო საქმეში მონაწილეობის გზით, საერთო პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას უწყობს ხელს. მეთოდის  გამოყენება გაკვეთილის ამ ფაზაზე ყველაზე მიზანშეწონილად მიმაჩნია. ვინაიდან, წინარე ცოდნა, რომლის გააქტიურებას კითხვების დასმით ვიწყებ,  განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საგაკვეთილო პროცესში  ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კითხვების დასმა,  რომლებსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ.

ღია კითხვების გამოყენებით, ფოკუსირება მოვახდინე n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებებზე.

საკვანძო შეკითხვა- უარყოფითი რიცხვის წილადმაჩვენებლიანი ხარისხის შემოღებისას  რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგვხვდეს? დამაინტრიგებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

აქტივობა 3  დიდაქტიკური თამაში „მითი თუ რეალობა“

მიზანი-ცოდნის რეალიზება.

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.

ცოდნის მიღების,  განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ხშირად გამოიყენება სახალისო, შემეცნებითი სავარჯიშოები-დიდაქტიკური თამაშები.

n-ური ხარისხის ფესვის და წილადმაჩვენებლიანი ხარისხის  დამუშავების დროს, მუდმივად ვინიშნავდი მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს.  გადავწყვიტე, გამომეყენებინა ისეთი სტრატეგია, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენდნენ ხარვეზებს საკუთარ ცოდნაში, გაანალიზებდნენ და შეაფასებდნენ მათ.

იმისათვის, რომ გამეხალისებინა პროცესი, გადავწყვიტე მეთოდების- საკლასო დისკუსიისა და დიდაქტიკური თამაშის გამოყენება, სათაურით „მითი თუ რეალობა?“

 

 თამაში:

აქტივობა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და  მოსწავლეები ძალიან გაახალისა.   თავად აღმოაჩინეს ხარვეზები საკუთარ ცოდნაში, რომლებიც  ერთმანეთს და მე გამიზიარეს.

განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საკითხის დამუშავების პროცესში.  ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, თუ ისინი დროულად არ გამოსწორდება.

„მეტაკოგნიცია“ ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ხდება მაშინ, როცა მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და იაზრებენ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად გამოყენებული გზებსა და სტრატეგიებს.

 

აქტივობა 4 როლური თამაში „აზროვნების სამი სკამი“.

მიზანი: საკითხის გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური ქცევების უნარ-ჩვევების განვითარება.

ესგ-სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.

სიმულაცია და როლური თამაშები, მნიშვნელოვნად უწობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და  21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებას, რაც  ესგ-ს  მთავარი მოთხოვნაა.

გადავწყვიტე როლური თამაშის „აზროვნების სამი სკამის“ გამოყენება. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად: მეცნიერების, ანალიტიკოსებისა და ექპერტების ჯგუფებს ერთნაირი დავალება მივეცი. ჯგუფებმა ფუნქციების განაწილების შემდეგ, როლები მოირგეს, რომელთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა. ყველა ჯგუფმა  ერთდროულად დაიწყო  მუშაობა დავალებაზე

დროის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ:

მეცნიერების ჯგუფის  წარმომადგენელმა ამოცანის ამოხსნის პროცესზე დაიწყო საუბარი. აღწერა, თუ რის გადაწყვეტას, რაზე პასუხის გაცემას, რის აღმოჩენას ითხოვდა დავალება. მათი როლი, პრობლემის განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის მობილიზება, გადაჭრის გზების ძიება იყო.

ანალიტიკოსების ჯგუფის  წარმომადგენელმა, გაანალიზა  მეცნიერების ვერსია. ვინაიდან, ჯგუფის ფუნქცია იყო, ალტერნატიული გზების ძიება, გადაჭრის ოპტიმალური გზის შერჩევა.

ექსპერტების ჯგუფის  წარმომადგენელმა, შეაფასა ორივე ჯგუფის მუშაობის პროცესი, პრობლემის გადაჭრის დემონსტრირების შემდეგ, გააკეთა შესაბამისი დასკვნა და  ვრცლად ისაუბრა : n-ური ხარისხის ფესვის, რაციონლაურმაჩვენებლიანი ხარისხის, მოდულის თვისებების შესახებ.

მეთოდის გამოყენებით  პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება, გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა, მოსწავლეებითვის  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.  სამივე ჯგუფი თავისი როლიდან განიხილავდა პრობლემას, რამაც რთული დავალების გააზრებას მნიშვნელოვნად  შეუწყო ხელი.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტივობები, ზრდის მოსწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობას, ავითარებს კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებას და ორიენტირებულია მოსწავლეებში ფუნქციური ცოდნის შეძენაზე..

როლური თამაში ძალიან  სახალისო და შემოქმედებითი მეთოდი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები სწორედ  მისი გამოყენების დროს იყვნენ.

ჩემი მოსწავლე მეცნიერი, ანალიტიკოსი ან ექსპერტია, მეთოდი მეც მაძლევს საშუალებას მისი  ძლიერი მხარეები დავინახო და ვიზრუნო მათ   განვითარებაზე.

 

აქტივობა 5  აღმოაჩინე n-ური ხარისხის ფესვი „ განსხვავებულ სიტუაციაში “

მიზანი-ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება,  საგანთაშორისი კავშირების დამყარება.

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.

მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის  გააზრების, დამახსოვრებისა და ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.

ეს აქტივობა მიღებული ცოდნის ცხოვრებისეულ სიტუაციებში  და სხვა მეცნიერებებში  გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს, მოსწავლემ კარგად გაიაზროს, რომ ნებისმიერი თეორიული ცოდნა, აუცილებელია კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.

ესგ-სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

 

მოსწავლეებს მივმართე, გაეხსენებინათ ყოფა-ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, სადაც აუცილებელი იყო  n-ური ხარისხის ფესვის გამოყენება. ბევრი საინტერესო მაგალითის  შემდეგ, ჩემი ვარიანტებიც შევთავაზე.

ბიოლოგია-ჩაის, ყავისა და შოკოლადის შემადგენლობაში არის კოფეინი. 100· გამოსახულებით შეიძლება გამოვთვალოთ ადამიანის ორგანიზმში გამოყენებიდან n საათის შემდეგ დარჩენილი კოფეინის ოდენობა (%-ობით). ჩაისა და ყავის მიღებიდან  რამდენი საათის შემდეგ იქნება ორგანიზმში დარჩენილი კოფეინის 50%?

 

მოსწავლემ ჯერ დეკლარაციული ცოდნა შეიძინა n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლინი ხარისხის შესახებ, მისი გამოყენებით  გადაჭრა პრობლემა, დინამიკური ცოდნა რთული ამოცანის გზის ძიებასა და მიგნებაში დაეხმარა, ის უკვე მზად არის წარმატებით გადაიტანოს ეს ცოდნა ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ან  გამოიყენოს ის ყოფა-ცხოვრებაში(ფუნქციური ცოდნა).

მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვადასხვაგვარ „განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება“(დ,უზნაძე)

 

აქტივობა 6. განმავითარებელი  შეფასება

მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი, მან უნდა აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება. გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას.

ინტერაქტიულ სწავლებაში,  განსხვავებულია შეფასების  ფუნქციაც. აქცენტი  კეთდება  მოსწავლის წარმატებებზე და არა  მარცხზე, აუცილებელია შექება, კლასისთვის სამაგალითოდ გადაქცევა, ლიდერის ფუნქციის მინიჭება და სხვა. ამიტომ, კონსტრუქციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეებს არ აფერხებთ წარუმატებლობების შიში და მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ.

გაკვეთილის ყველა ფაზაზე, უწყვეტად ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, რომელიც   უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით (ე.წ. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებით) ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლის მიერ საკითხების გაგებისა და გააზრების შესახებ.

მთელი გაკვეთილი ავაგე მოსწავლეების კითხვებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. დაკვირვების შედეგებს ვინიშნავდი, რომ მომდევნო გაკვეთილებზე აქტივობები შესაბამისად განნეხორციელებინა.

ყოველი სამიზნე ცნების გააზრების შესამოწმებლად, სოლო ტაქსონომიის დონეების  შესაბამისად, ჩამოვაყალიბე შეფასების კრიტერიუმები,  რომლებიც  გამოვიყენე მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებელი მომდევნო აქტივობების დასაგეგმად.

 პრესტრუქტურული დონე. მოსწავლე ვერ იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს წარმოდგენა    n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიან ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას  ვერ გამოსახავს რიცხვებს ექვივალენტური ფორმით;

უნისტრუქტურული დონე. მოსწავლემ იცის  რიცხვების თვისებები. მაგრამ . არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა.  n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას  უჭირს  რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 მულტისტრუქტურული დონე. მოსწავლე იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მაგრამ, უჭირს   n-ური ხარისხის ფესვისა და რაციომალურმაჩვებენლიანი ხარისხის თვისებების გამოყენება, რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 მიმართებითი დონე. მოსწავლე კარგად იცნობს რიცხვების  თვისებებს, შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე, სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური ფორმით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვის და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 გაფართოებული აბსტრაქტული დონე. შეუძლია სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური სახით. რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა საკვლევი, სამეცნიერო საკითხისა და ყოფითი მოვლენის განხილვისაას სიდიდეების წარმოდგენა შესაბამისი რიცხვითი მახასიათებლებით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ფორმულის დასაბუთება.

სწავლა-სწავლების პროცესი მუდმივად ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც დრო და სივრცე კარნახობს საზოგადოებას, ეს მოთხოვნები აისახება საგაკვეთილო პროცესზეც. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლის კრიტიკული და  შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კვლევის, სოციალური, დამოუკიდებლად ორიენტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელსაც ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული სწავლება წარმატებით უწობს ხელს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი(საშუალო საფეხური), 2022 წ

https://mes.gov.ge/uploads/files/2022/gzamkvlevi.pdf

  1. მანანა ბოჭორიშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნანა ნაბულიშვილი „ინტერაქტიური მეთოდები“, ,გამომცემლობა უსტარი, ასოციაცია“ზეკარი“,ქ.თბილისი,2014წელი

https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/apr/books/interatiuri-metodebi.pdf

  1. თამარ მურუსიძე, „ვიზუალური ინსტრუმენტები მათემატიკის გაკვეთილზე“

https://mastsavlebeli.ge/?p=37541

  1. მანანა ბოჭორიშვილი. „ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები“

https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/manana%20boWoriSvili.pdf

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი