ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მშობელთა მოხალისეობა სკოლაში

2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე საქართველოში ჩატარებული მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის კვლევა ადასტურებს, რომ ჯერ-ჯერობით სკოლებში მშობელთა მოხალისეობის მდიდარი გამოცდილება არ გვაქვს. კვლევის ფარგლებში გამოკითხული პედაგოგების და სკოლის დირექტორების უმრავლესობას გაუჭირდა მშობელთა ინიციატივისა და მოხალისეობის გამოცდილების აღწერა. გაიხსენეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები, რაც ძირითადად კლასგარეშე აქტივობების/ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება. (წყარო: https://bit.ly/3sjm3qi).

განვითარებულ ქვეყნებში მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად  სკოლებში საგანგებოდ მუშაობენ. ამ სტატიაში რამდენიმე ქვეყნის მაგალითს გაგიზიარებთ, თუ როგორ ახერხებენ ამერიკის და ევროპის ქვეყნების სკოლებში მოსწავლეთა მშობლების მოხალისეობრივ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.

მანამდე კი გადავხედოთ ტერმინს მოხალისეობა: მოხალისეობა — არაანაზღაურებადი საქმიანობაა, რომელიც გულისხმობს ნებაყოფლობით დროის დახარჯვას, მომსახურების შესრულებას ან/და დახმარების გაწევას, რომლის მიზანია სოციალური სარგებლის მოტანა. ქართული სკოლის რეალობაში ხშირად ხდება, რომ მშობლები მონაწილეობენ სკოლის დასუფთავების აქციებში. ან აგროვებენ თანხებს ბავშვებისთვის სასარგებლო რესურსების შესაძენად. ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი ინიციატივები მშობელთა მოხალისეობას ასახავს, თუმცა მოხალისეობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე სკოლის შენობების დალაგებაში მონაწილებაა.

მოხალისეობის დროს:

          მშობელი აქტიურად ინტერესდება სასკოლო ცხოვრებით

          არის პროცესების მონაწილე და არა დამკვირვებელი

          ავსებს, ამდიდრებს და მეტად საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს

ვინ და რა სარგებელს იღებს სკოლაში მშობელთა მოხალისეობით? ერთობლივი მუშაობითა და მოხალისეობით, სკოლას და მშობლებს შეუძლიათ გადაჭრან საზოგადოებრივი საკითხები, გაზარდონ მონაწილეთა რაოდენობა, მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც რესურსები შეზღუდულია. შვილის სკოლაში მოხალისეობით, მშობლებს შეუძლიათ დაძლიონ სკოლაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი.

სკოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხალისეობა ხელს უწყობს საკუთრებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დემოკრატიზაციის პროცესს. განვითარებულ ქვეყნებში არაერთი სკოლა სწავლობს მშობლების რესურსებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს რესურსები მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად სკოლები ქმნიან სტრატეგიებს. გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში, ყოველწლიურად ატარებენ გამოკითხვებს, რათა მოიძიონ ინფორმაცია მოხალისე მშობლების შესახებ. შეისწავლონ მათი ინტერესები, ნიჭი და შესაძლებლობები. გამოკითხვის შედეგად შეგროვებული ინფორმაცია სკოლის მონაცემთა ბაზაში აკუმულირდება და მოხალისეთა აქტივობები ამის მიხედვით იგეგმება. იქმნება არაფორმალური ხასიათის მხარდაჭერის ქსელი. სკოლის შენობაში გამოყოფილია მშობლების ოთახი ან საოჯახო სივრცე მოხალისეობრივი მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის და საოჯახო რესურსებისთვის. რეგულარულად ტარდება მოსწავლეთა წინსვლის, თამაშების, შეკრებების მიმოხილვების შესახებ შეხვედრები, რომლებზე დასასწრებადაც მოსაწვევებს უგზავნიან მშობლებს. ეს მოსაწვევები პერსონალური სახისაა და არა ზოგადი.

ესტონეთის ზოგიერთ სკოლაში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა მშობლები პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად აწყობენ თეატრალურ სანახაობებს, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებს; სკოლის ეზოში ზამთრის ბაზარს, სადაც ნივთების გაცვლა და ყიდვა-¬გაყიდვა შეუძლიათ. ხშირად მშობლები სკოლებში ვიზიტისას მოსწავლეებს უყვებიან სამოტივაციო ისტორიებს და ესაუბრებიან თავიანთ პროფესიაზე, თუ რა სფერო და რატომ აირჩიეს. მიჰყავთ ბავშვები თავიანთ სამსახურებში. მშობლები ორგანიზებას უწვევენ სასკოლო წვეულებებს. პედაგოგებთან ერთად მშობლები ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროექტებში, ფინანსური სახსრების მოზიდვაში, ექსკურსიებში, პიკნიკების მოწყობაში, სკოლის სამზარეულოში საერთო სადილების მომზადებაში. ესტონეთში მშობელთა ინიციატივების ზრდას ხელს უწყობს დირექტორისა და მასწავლებელთა დაინტერესება, რომ მშობლები ჩართულნი იყვნენ სკოლის მართვის პროცესებში. დირექტორი ნდობას უცხადებს მშობლებს და  თანამშრომლობითი ურთიერთობის გამყარებას ცდილობს. ადგილი აქ აქვს არანაირ ძალდატანებას და წნეხს.

ბერლინის სკოლების დიდ ნაწილში გამოყოფილია „მშობლების ოთახი“, რომელიც მუდმივად ღიაა. ეს არ არის მოსაცდელი ოთახი, სადაც მშობლები გაკვეთილების დასრულებას და ბავშვებს ელიან. ეს სივრცე არის მათი აქტივობებისა და შეხვედრების დასაგეგმად, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია არ ესწრება. წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ეწყობა მშობლების საღამოები. ეს არის შეხვედრა სკოლაში, რა დროსაც მშობლები მასწავლებლებთან ერთად მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გამოკლებით.

ამერიკაში, კერძოდ არიზონას შტატის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ფართოდაა გავრცელებული მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები. თითოეულ სკოლას თავისი მიდგომა გააჩნია ამ საკითხთან მიმართებით, თუმცა სკოლის მხრიდან მოხალისეობის ხელშეწყობა ყველგან შეინიშნება. მოხალისეობის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია სპორტულ აქტივობებზე დახმარება, სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებზე დახმარება – იქნება ეს რიგების მართვა, ბილეთების გაყიდვა, ექსკურსიებზე დახმარება, საგაკვეთილო პროცესისათვის სხვადასხვა საჭირო ნივთების მომზადება, მაგ. პოსტერების, მაკეტების შექმნა; გაკვეთილზე გამოსაყენებელი საკანცელარიო ნივთების შეძენა მშობლის მიერ, სხვადასხვა კლუბების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და სხვ.

ზოგიერთ სკოლაში სავალდებულოა მშობლების ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, ეს შეიძლება იყოს ექსკურსიაზე დახმარება, ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ან რაიმე მატერიალური დახმარება, იქნება ეს მოსწავლეებისათვის საჭირო ნივთების შეძენა (სამუშაო ნივთები, წამახალისებელი საშუალებები) და სხვ.

ისეთი ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მკაცრად კონტროლდება სკოლის მიერ. სკოლა წინასწარ აწვდის მშობლებს ინფორმაციას მოხალისეობის პრაქტიკების შესახებ და თუ ისინი გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, სკოლა ამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ და რწმუნდება, რომ მათი მოსწავლეებთან დაშვება უსაფრთხოა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის და ნებისმიერ მსურველს არ ეძლევა მოსწავლეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თუმცა, არის ისეთი ტიპის აქტივობები, რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა. სკოლა, როგორც წესი, მინიმუმ ორი კვირით ადრე აგზავნის ინფორმაციას თუ რა ტიპის მოხალისეობრივი დახმარება ესაჭიროება მშობლების მხრიდან. მშობლები ავსებენ შესაბამის ფორმას ელექტრონულად და აფიქსირებენ საკუთარ მზაობას. ზოგიერთ სკოლაში გავრცელებულია კლასის მშობლის პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ კლასს ჰყავს ორი მოხალისე მშობელი, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. ასევე, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, წლის დასაწყისში მშობლებს ეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმული პორტალის საშუალებით და ისინი აფიქსირებენ თუ რა ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში სურთ ჩართვა. ეს შეიძლება იყოს სპორტული, თეატრალური, სახელოვნებო, მუსიკალური, შემეცნებითი და სხვ.

არიზონას შტატში მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული სკოლის მიერ აღიქმება, როგორც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ერთ¬-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს მშობლების წინასწარ ინფორმირებას შესაძლო მოხალისეობრივი პროექტების შესახებ, ითვალისწინებს და სწავლობს მათ ინტერესებს და სწორედ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სთავაზობს ამა თუ იმ აქტივობაში ჩართვას. როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, სკოლა პატივს სცემს და ითვალისწინებს მშობლების დროის დეფიციტს და მათ მოხალისეობრივი აქტივობების იმდენად მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს, რომ მშობლების დათანხმება და ჩართულობის მიღწევა შესაძლებელი ხდება. ასევე, აღსანიშნავია, მშობლებთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის პოლიტიკა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ წინასწარ დაგეგმონ თუ რა დოზითა და ფორმით ჩაერთვებიან მსგავს პროექტებში.

მშობელთა მოხალისეობის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის სკოლის თანამშრომლებს დრო და კომპეტენციაც სჭირდებათ. დადგენილია, რომ მოხალისეობის მუხტი ცუდი მენეჯმენტის შემთხვევაში ადვილად ქრება. თუ მოხალისე ფიქრობს, რომ სკოლა მის ნიჭს და გამოყოფილ დროს არასათანადოდ იყენებს ან აფასებს, მას მოტივაცია ეკარგება. ამერიკის ურბანული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა მართვის  რამდენიმე წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეთა აქტიურ ჩართულობას.

          თანამშრომლების გადამზადება, რომლებიც იმუშავებენ მოხალისეებთან.

          სკრინინგის პროცესი შესაფერისი მოხალისეების გამოსავლენად;

          წერილობითი წესები და სამუშაოთა აღწერილობა მოხალისეთა ჩართვისათვის

          რეგულარული კონსულტაციები და კომუნიკაცია მოხალისეებთან

          წახალისება და აღიარება, მაგ. როგორიცაა მოხალისეთა დაჯილდოების ცერემონიალი

          სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოხალისეებისათვის

          კეთილგანწყობილი კულტურის ჩამოყალიბება და რესურსების გამოყოფა მოხალისეობრივ საქმიანობებზე

 

ცხადია მშობელთა მოხალისეობის ერთი უნივერსალური პროგრამა არ არსებობს. ცალკეული სკოლა თემზე მორგებულ პროგრამას თავად ქმნის, რადგან ერთ სკოლაში აპრობირებული მოდელი, შესაძლოა წარუმატებელი გამოდგეს სხვა სკოლაში. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი წესები ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის სკოლის,  ადმინისტრაციას მოხალისეობის სისტემის აწყობაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“