ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ლიტერატურული თამაშები

(აქტივობები ლელა ცუცქირიძის წიგნისთვის)

– როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ანათებდეს ძალიან შორს, ძალიან პატარა, ნამცეცისხელა სინათლე? – ვეკითხები ჩემს მოსწავლეებს და ვიდრე პასუხს წიგნიდან ამოვიკითხავ, ვაკვირდები მათ ჩაფიქრებულ თვალებს, ფიქრში გაღეჭილ კალმის თავებსა და გულისყურით ვისმენ მათ ვარაუდებს. შემდეგ, ვკითხულობ ამბავს მამაც, შეუპოვარ, მეგობრისთვის თავდადებულ ცნობისმოყვარე ციცინათელაზე, რომელმაც გადაწყვიტა დროებით შუქურას მოვალეობა შეესრულებინა და აბობოქრებულ ზღვის ტალღებში დაკარგული გემებისთვის იმედის ნაპერწკალი გაეჩინა. ასე დავიწყეთ ლელა ცუცქირიძის საბავშვო მოთხრობების კრებული და სახალისო და საინტერესო ამბების გორგალს სათავე ვუნახეთ.

კრებული გამოცემისთანავე ბავშვების საყვარელ წიგნად იქცა. რამ განაპირობა ეს? გარდა იმისა, რომ პატარა მკითხველისთვის ლელა ცუცქირიძე კარგად ნაცნობი ავტორია („მხიარული ოჯახი“, „ატუსა და მატუსა“, „მართიკოს ვაშლის ხე“, „ანბანანგელოზები“ და ა. შ) კრებული აერთიანებს მოზარდებთან სასაუბრო-სამსჯელო არაერთ თემას. წიგნში თავმოყრილი 27 მოთხრობა საუკეთესო დამხმარე რესურსია მასწავლებლისთვის მოსწავლეებში წერის, მეტყველების, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გასააქტიურებლად.

ამ წერილში ვეცდები გაგაცნოთ ის აქტივობები, რომლებიც წიგნის კითხვისას შევასრულეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა. აქტივობები შეგიძლიათ სხვა ნაწარმოებებსაც მოარგოთ და კითხვის პროცესი გაიხალისოთ.

ბარათი 1. „ლიტ-კუბი“

წიგნში უამრავ პერსონაჟს შეხვდებით: კეთილს, მიზანდასახულს, ბუზღუნას, საშიშს, მხიარულს. ყველა მათგანი რაღაცას სწავლობს, აანალიზებს, მიზანს ისახავს, გმირობას სჩადის. მაგალითად, აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ ქვეყანაში – კენიაში, ცხოვრობს მსუნაგი ჟირაფი ალფრედი, რომელმაც ერთ დღეს, ფოთლები რომ აღარ ეყო, არც მეტი, არც ნაკლები, ვარსკვლავები „შესვლიპა“ და მას მერე ციმციმითა და წკრიალით დაიარება, ოღონდ ამჯერად იცის, რომ ბუნებას უნდა მოუფრთხილდეს, ამისთვის კი ბევრი ხე და ბევრი ბუჩქი უნდა დარგოს. შენიშვნების მოყვარულ ზიზი დეიდას შესაძლოა თხუპნია კნუტები ესტუმრონ, მისი გულიც მოიგონ და პატარებისთვის საყვარელ დიასახლისად იქცეს. ბუზღუნა კაქტუს რებუციას კი მასავით ეკლიანი ზღარბი ფრიდა გადაეყაროს და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი უჩვენოს. არც ის უნდა გაგიკვირდეთ, მეოცნებე ნაქსოვი ირემი ერთხელაც ცაში თუ აიჭრება და გალაქტიკაში აღმოჩნდება.

პირველ ბარათს „ლიტ-კუბი“ დავარქვი. ამ აქტივობას ხშირად ვიყენებთ, რადგან ინტერპრეტაციის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. 

აქტივობის თანმიმდევრობა:

  1. დაგჭირდებათ მუყაოსგან დამზადებული კუბი (შეგიძლიათ თავად დაამზადოთ სასურველი ფერისა და ზომის).
  2. კუბის ექვსივე ზედაპირზე შეკითხვებს ან დავალებებს გადაიტანთ.
  3. მოსწავლეები კუბს გააგორებენ და რომელი შეკითხვა ან დავალება აღმოჩნდება ზედაპირზე, იმას შეასრულებენ.

შეგიძლიათ კუბი ავტორისეული ილუსტრაციებით გააფორმოთ. თამაშისას მოსწავლეებს სთხოვეთ ილუსტრაციის მიხედვით:

  1. გაიხსენონ ეპიზოდი.
  2. დაასახელონ პერსონაჟები.
  3. დაახასიათონ გმირები
  4. გაითამაშონ სცენა.

ბარათი 2. – „ლიტ-პიცა“

შესაძლოა, ზოგ წიგნში საშიში არსებები ბინადრობდნენ, მაგ. „უუუ“ ყველას შიშის ზარს სცემდა მანამ, სანამ თავის წიგნში ცხოვრობდა. ერთხელაც პატარა მკითხველის წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რა კარგია, როდესაც გეფერებიან და შენი სულაც არ ეშინიათ. ერთმა ჯადოსნურმა სიტყვამ შესაძლოა ფინჯანზე მიხატული მელაკუდა ნამდვილ მელად აქციოს, ჯიუტი და მოჩხუბარი ტელევიზორი და ტაფა კი სამუდამოდ დაზავდნენ, ურჩხული ტრუმენი და ერე – პატარა ადამიანი სულ უბრალოდ დამეგობრდნენ, რადგან „პატარებს ყოველთვის უკეთ ესმით ერთმანეთის“.

მომდევნო ბარათი ბავშვების საყვარელი კერძისაგან „მოვამზადეთ“. პიცა ვის არ უყვარს?! მაგრამ, ლიტერატურული პიცის გემო იცით, როგორია? ყველა სამკუთხა ნაჭერს სახალისო-საინტერესო დავალება ახლავს და მოსწავლეებიც სიამოვნებით აგემოვნებენ.

 აქტივობის თანმიმდევრობა:

  1. დაგჭირდებათ მრგვლად გამოჭრილი მუყაო;
  2. დაჭერით პიცის სამკუთხედების მსგავსად;
  3. მორთეთ, გააფერადეთ და სასურველი დავალებებით შეავსეთ;
  4. დასხით მოსწავლეები „ლიტ-პიცის“ გარშემო, დაატრიალეთ პიცის შუაში დამაგრებული ისარი და დაელოდეთ, ვის ერგება აქტივობის „გემრიელი ნაჭერი“.

ბარათი 3. „ვინ ვარ მე“

წიგნში თავმოყრილი 27 მოთხრობა, მწერლის ილუსტრაციები და სხვადასხვა ხასიათის გმირები მრავალი აქტივობის, თამაშის, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. წიგნის კითხვისას მე და ჩემმა მოსწავლეებმა არაერთხელ გამოვიყენეთ მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი სამაგიდო თამაში „ვინ ვარ მე“ (HEDBABZ).

 აქტივობის თანმიმდევრობა:

  1. დაყავით კლასი წყვილებად;
  2. წინასწარ გამზადებულ ბარათებზე გადაიტანეთ წაკითხული მოთხრობების სათაურები (თუ გსურთ პერსონაჟებზე გაამახვილებინოთ ყურადღება, ბარათებზე გადაიტანეთ წიგნის გმირების სახელები);
  3. თამაშისას მოსწავლეებს დაურიგეთ გამზადებული ბარათები, ისე, რომ ვერცერთი ვერ ხედავდეს საკუთარ ბარათს;
  4. რადგან წიგნში ყველა მოთხრობას შესაბამისი ილუსტრაცია ახლავს, შეგიძლიათ ილუსტრაციებისგან დაამზადოთ ბარათები და სიუჟეტების გამოცნობაში დაეხმაროთ მოსწავლეებს;
  5. სასურველია, თუ თამაშში თქვენც ჩაერთვებით. ბავშვებს უჩვენეთ მაგალითი, როგორ უნდა ითამაშონ მეწყვილესთან ერთად.
  6. მოსწავლეებს შესაძლოა კითხვები გამოელიოთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და თამაშს „მოაბნიეთ გრამატიკის მარილიც“ : სულიერი ვარ თუ უსულო? ვინ ჯგუფის, თუ რა ჯგუფის? გაახსენეთ პერსონაჟები და მოაფიქრებინეთ ეპითეტები, მაგ: ბუზღუნა ვარ? საშიში ვარ? წუნია ვარ? და ა.შ გაახსენეთ რას საქმიანობენ პერსონაჟები და სთხოვეთ, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვებით გამოიცნონ ბარათები, მაგ: ვწკარუნობ? ვხვრეპ? ვჩხავი? ვყივი? და ა.შ.

ბარათი 4. „დააწყვილე სათაური და ილუსტრაცია“

ილუსტრაცია წიგნის სამშვენისია, ლელა ცუცქირიძის 27 მოთხრობას ავტორის ილუსტრაციები ამშვენებს, თვალსაჩინოებით გაფორმებული ლიტერატურა კი მასწავლებლისთვის მზა დამხმარე რესურსია.

ილუსტრაციების მეშვეობით მოსწავლეებმა შესაძლებელია:

  • გამოთქვან ვარაუდები
  • ამოიცნონ სიუჟეტები
  • დააკვირდნენ პერსონაჟებს
  • აღწერონ გარემო
  • თავადაც შექმნან ნახატები
  • გააფერადონ

აქტივობის თანმიმდევრობა:

  1. წინასწარ გაამზადეთ ილუსტრაციები და სათაურები;
  2. დაყავით კლასი ორ ჯგუფად;
  3. ორივე ჯგუფს დაურიგეთ სათაურები და ილუსტრაციები;
  4. დაავალეთ ჯგუფებს, დააწყვილონ ილუსტრაცია შესაბამის სათაურთან.

ბარათი 5. „რომელმა მოთხრობამ მასწავლა, რომ…“

ყველა წიგნს, მოთხრობას, ზღაპარს თუ იგავს თავისი მთავარი სათქმელი აქვს, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიკითხოს და გაიაზროს. ვიდრე პატარა მკითხველი გაგება-გააზრების გზას დამოუკიდებლად შეუდგება, მანამდე, შესაძლოა, უფროსი თანამკითხველის დახმარება დასჭირდეს. ხშირად, მწერალი ტექსტის დედააზრს შეფარვით „გვაწვდის“, ზოგჯერ კი მთავარი სათქმელი თვალსაჩინოა. ასეთ დროს, ეს ფრაზები მნიშვნელოვან შეტყობინებებად გარდაიქმნებიან. შემდეგი აქტივობა სწორედ ამ შეტყობინებების ამოკითხვას ეთმობა.

აქტივობის თანმიმდევრობა:

  1. ეცადეთ, ყველა წაკითხული მოთხრობის შემდეგ მოსწავლეებს ტექსტი ერთი-ორი წინადადებით შეაჯამებინოთ;
  2. თუ ტექსტში მთავარ სათქმელს ავტორი (ან პერსონაჟი) გვიმხელს, დაეხმარეთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად მიაგნონ ამ ფრაზებს;
  3. შექმენით ამ ფრაზების „ბანკი“, პოსტერი, ცალკე დღიური;
  4. გაუმახვილეთ ყურადღება, რომელი პერსონაჟი ამბობს მთავარ სათქმელს.

ბარათი 6. „წიგნში აღმოჩენილი ნამდვილი ამბები“

როდესაც მხატვრულ ნაწარმოებში რეალურ პერსონაჟების სახელებს გადავეყრებით, ეს ჰგავს ახალი გზის აღმოჩენას, რადგან მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოსწავლეებს ესაუბროს წიგნის მიღმა, აღმოაჩენინოს ნამდვილი ისტორიები და მოზარდებს ცნობიერება აუმაღლოს.

როგორც ერთმა ჩემმა მოსწავლემ თქვა, მწერლის მიერ გამოგონილი ზღაპრული პერსონაჟების პარალელურად წიგნში თუ ნამდვილი ამბებიც „ბინადრობენ“, ეს გაკვეთილის „აყირავების“ მიზეზი ხდება.

ლელა ცუცქირიძის წიგნშიც შეგიძლიათ მიაგნოთ თქვენთვის კარგად ნაცნობ და მოსწავლეებისთვის, შესაძლოა, უცნობ ან ყურმოკრულ სახელებს. საინტერესოა, ეცნობათ თუ არა მოზარდებს მხატვარი ფრიდა კალო, ჯგუფი „ბიტლზი“ ან რა იციან „მორზეს ანბანზე“?

ნამდვილ ფაქტებზე შექმნილი ეს ბარათები შეგიძლიათ მოსწავლეებთან გამოიყენოთ, როგორც თვალსაჩინოება იმისა, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან მხატვრული და ინფორმაციული ტექსტები.

სტატიას კი იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე – როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ანათებდეს ძალიან შორს, ძალიან პატარა, ნამცეცისხელა სინათლე? – ვეკითხები ჩემს მოსწავლეებს და პასუხს წიგნიდან ვუკითხავ – „ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ დაიკარგები. რომ აუცილებლად გაიგნებ გზას. რომ აუცილებლად გადარჩები. მთავარია, ეს სინათლე დაინახო და მისკენ წახვიდე“. და ვფიქრობ, მოსწავლე-მასწავლებლის გზაც სხვა არაფერია, თუ არა ცნობისმოყვარე ციცინათელა გუსტავისა და შუქურა ნოეს ამბავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“