შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სემინარიელი, ანუ ნასწავლის გადამეორება

მარკიზ დე სადისებური სათაური გამომივიდა. როგორც კი ეს გავიაზრე, მაშინვე გამიჩნდა კითხვა: წაკითხული ჰქონდა თუ არა მისი ნაწარმოებები და თუ წაიკითხა, როგორ განსაზღვრა თავისი პოზიცია? ათწლეულების განმავლობაში მესმოდა, რომ დიდად ნაკითხი იყო, რომ უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

2 ნოემბერს მუზეუმის თანამშრომელმა ეს კიდევ ერთხელ შემახსენა – ისეთი კმაყოფილებით, თითქოს უკვე ხედავდა, როგორ ვიხსნიდი აბჯარს და გამარჯვებულს ფეხთით ვუწყობდი. რაღას ვიღონებდი ბოლომდე განიარაღებული, მოულოდნელად გონებაგანათებული?

გორში დავიბადე, სტალინის მუზეუმში ბევრჯერ ვყოფილვარ და მათიც მესმის, დღემდე რომ უყვართ-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ მე არასდროს მყვარებია, ყოველთვის შიშით და სიძულვილით შევყურებდი პორტრეტებს და სხვა ექსპონატებს-მეთქი.

თითქოს არც გაუგონიაო, ისე გააგრძელა დაზეპირებული ისტორია. ძეგლების შესახებ დასმულ კითხვასაც შესაშური სიზუსტით უპასუხა – ყველაფერი ახსოვდა, რაც მის უდიდეს სიყვარულს უკავშირდებოდა – თარიღები, ტოპონიმები, დიდ-პატარა მოხელეების სახელები…

ამ კედლებში გატარებული ორმოცდაათი წლის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ასეთი თავგამოდება, თაყვანისცემის ობიექტისადმი ზღვარგადასული ერთგულება. ჩუმად ვუსმენდი, ბოლო ამბის დასასრულს ველოდი, რომ გამოსამშვიდობებლად თავი დამეკრა.

– უნივერსიტეტთან რომ ძეგლი დგას…

– სად? – გავიკვირვე.

– უნივერსიტეტის წინ, ეზოში. ახალგაზრდა სტალინია, სემინარიელი.

არ მახსოვს-მეთქი, ვუთხარი და გაოგნებულს, სასოწარკვეთის პირას მისულს დავპირდი, ახლავე წავალ და ვნახავ-მეთქი. სტალინის ძეგლი? 2023 წლის ნოემბრის მზის შუქში? იქ, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ხვდებიან და ხვალინდელ დღეზე ლაპარაკობენ?

უნივერსიტეტთან ხალხმრავლობა დამხვდა – ის დრო  იყო, ყველაზე მეტი ლექცია-სემინარი რომ ტარდება, წამსვლელ-მომსვლელთა ნაკადები ერთმანეთს რომ ერევა.

კვარცხლბეკს გარშემო შემოვუარე, მაგრამ წარწერა ვერსად ვნახე. ვინ იცის, რამდენჯერ ჩამომივლია ამ ადგილას და აქეთ თვალი ერთხელაც არ გამომქცევია. ძებნა ჯიუტად გავაგრძელე – იქნებ შორიახლო საინფორმაციო დაფას გადავაწყდე-მეთქი. არაფერი. საერთოდ არაფერი.

– ვისი ძეგლია? – ვკითხე გრძელ სკამზე ჩამომსხდარ ოცი-ოცდაორი წლის ბიჭებს, თავიდანვე ეჭვის თვალით რომ მიყურებდნენ – რა სექტიდანაა, რა რიტუალს ატარებს უნივერსიტეტის წინო?

წარმოდგენა არ გვაქვს, ალბათ არც არავისიო.

წარწერა რატომ არ აქვს-მეთქი და წამოიშალნენ – არაფერი ვიცით და ორ წუთში ლექცია გვეწყებაო.

გულწრფელები ჩანდნენ. გამომეტყველება არც მაშინ შესცვლიათ, როცა სტალინი ვახსენე. მივხვდი, რომ სხვა საფიქრალ-საზრუნავი ჰქონდათ და როგორც მე ვერ ვხედავდი ამ ძეგლს წლების განმავლობაში, ისინიც ასე უახლოვდებოდნენ და შორდებოდნენ – უინტერესოდ, გულგრილად.

მერე საპენსიო ასაკის კაცები დავინახე. იდგნენ და თითქოს ელოდნენ, ვინმეს შეკითხვა დაესვა – აწმყოს გამოცანებზე, წარსულის აჩრდილებზე, სულერთია, რაზე. რა თქმა უნდა, სტალინია და მთელმა გორმა იცის, წარწერა კი იმიტომ არ აქვს, რომ არავინ შემოგვედავოს – დიქტატორი, ესა, ისაო… ვითომ, უბრალოდ, სტუდენტის ძეგლია უნივერსიტეტის წინო.

უხაროდათ, ამ უსახელობამ გადაარჩინა, თორემ მოხსნიდნენ, დიდ ძეგლს პატარასაც მიაყოლებდნენო.

მეტი რაღა უნდა ეთქვათ და ექნათ. ფერხულს ხომ არ გააბამდნენ სემინარიელის გარშემო.

მტკიცება არ დამიწყია, რომ ქალაქის სიყვარული ძეგლების, ბელადების გარეშეც შეიძლება, რომ გაყალბებული ისტორია გვასწავლეს და ათწლეულების მანძილზე გვამეორებინეს, რომ ბევრი უნდა ვიწვალოთ და ვისწავლოთ, რათა მომავალი წარსულმა არ წაგვართვას.

                            

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი