ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ტექსტები, როგორც ლუბრიკანტები

„…საპოხი უნდა, ობოლო, მხედართა გულის კბენასა…“

ვაჟა-ფშაველა

 „…სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას,  როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ”…

ჯემალ ქარჩხაძე, „იგი“

 

როცა მხატვრულ ტექსტებზე, ამბებზე, სიუჟეტებზე, სახეებსა და ხასიათებზე ფიქრი და მსჯელობა გვინდა, ვაჟას პოემებზე უზადო მხოლოდ „ვეფხისტყაოსანი“ არსებობს. გავიხსენოთ „ბახტრიონის“ სცენა: ფშაველ-ხევსურნი შეყრილან და ემზადებიან პანკისის ხეობაში თუშებთან შესაერთებლად, რომ კახეთის ოკუპანტ სპარსელებს ერთობლივი ძალებით შეუტიონ, მტრის თარეშისა და მომაკვდინებელი სირცხვილისგან იხსნან კახეთი. ლუხუმის წინამძღოლობით ფშაველ-ხევსურებმა ჯერ წმინდა გიორგის სალოცავი მოილოცეს, შემდეგ „საღმთო ქნეს… დაკლეს ხარი და ცხვარია, ჩამოსხდნენ ბეღელს, საჯარეს გარს შემოერტყა ჯარია“. თავგანწირული მეომარი კვირია მათურელი საერთო ლხინში მოწყენილია. ლუხუმს კვირიას მოწყენილობა არ გამოჰპარვია და მას ასე მიმართა: „იქნება ცუდ სიზმარ ნახე, გულზე დაგაწვა ისაო?.. რა ჰნახე, ჩემო კვირიავ, აგრემც მიტირებ ბერასა, გვითხარ და ნუ დაგვიმალავ, ლუხუმი მოგხდის წერასა… სთქვი წუხანდელი სიზმარი, მითამ კი ჰხმარობ ენასა, საპოხი უნდა, ობოლო, მხედართა გულის კბენასა”…

 

„საპოხი უნდა, ობოლო, მხედართა გულის კბენასა!“ – ხშირად მიფიქრია, რა ჯადოქრობა ჩატია ვაჟამ ამ საოცარ ფრაზაში. კვირიას სიზმარი კახეთის აჯანყების ვაჟასეული ეპოსის ინსპირაცია და წინასწარმეტყველებაა. აქ ცოცხლდება კვირია, როგორც ზეკაცი, ამაღლებული მესია-გმირი, მხსნელი და ზვარაკი ერთდროულად. გარდა იმისა, რომ კვირიას როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა კახეთის აჯანყებაში, ის ამავე დროს წინასწარმეტყველი, შემოქმედი, უნიკალური მთხრობელი და ფიქრის კაცია. ლუხუმი განუმეორებელი ლიდერია, ის კარგად იცნობს თავისი ხალხის ყველა ღირსებას, ადამიანის სულში იჭვრიტება, მას ვერაფერს გამოაპარებ. ლუხუმი მიხვდა, რომ კვირიას ნაღველი უბრალო შემთხვევითობა არ იყო, ხოლო მის მიერ მოყოლილი სიზმარი სულის საზრდოდაც გამოადგებოდათ სამშობლოს ბედით „გულდაკბენილ“ მთიელებს. დიახ, კვირიას მონაყოლი იყო საპოხი, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ე.წ. ლუბრიკანტი ფანტაზიორი, მეოცნებე, თავაწყვეტილი მთიელებისთვის. კვირიას სიზმარი „ბახტრიონში“ ან თუნდაც კირილე მღვდლის სიზმარი „ბაში-აჩუკში“ გულის საპოხია არა მხოლოდ ამ ეპოსების გმირების, არამედ – ნებისმიერი ეპოქის მკითხველისთვისაც. ამ სიზმრებში ვაჟამ და აკაკიმ ჩააქსოვეს სამშობლოს ხსნისთვის თავგანწირული გმირების ამაღლებული სულისკვეთება, მკითხველს კი ასწავლეს სამშობლოს წინაშე ადამიანის სულიერი მისიის გააზრება.

 

ლიტერატურის მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ მხატვრული ტექსტები ჩვენთვის ნამდვილად არის „სულისა და გულის საპოხი“, ნატკენის მკურნალი, ოცნებების სამყაროში მეგზური, მასაზრდოებელი. ვინ არიან მთხრობელები? რასაკვირველია, მთხრობელი ყოველთვის ავტორია, მაგრამ ზოგჯერ ავტორი გვესაუბრება მესამე პირში, ხან პირველი პირით მონოლოგებს გვთავაზობს, ხანაც მეორე პირში მკითხველისკენ მიაქცევს მზერას, როგორც დიდი ილია თავის ტექსტებში თავისი განუმეორებელი მიმართვით „შენ, მკითხველო“… ზოგჯერ კი ავტორს საკუთარი გმირი ენაცვლება მთხრობლად. გავიხსენოთ, როგორ ჰყვება ამბებს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური სიუჟეტი. არაბეთის ამბების მთხრობელი რუსთველია, ინდური სამეფო კარის ნარატივებს ტარიელი და ასმათი ჰყვებიან, შიგადაშიგ მთხრობლად ჩნდება ნურადინ-ფრიდონი, ხოლო პოემის მეორე ნახევარში ავტორი აცოცხლებს აღმაფრთოვანებელ სახეს ფატმან-ხათუნისას, რომელიც გარდა საკვირველი პიროვნული ღირსებებისა, საოცარი მთხრობელია და კიდევ უფრო საოცარი თანაგანცდის ადამიანი. საინტერესო მთხრობელები არიან ვაჭრები, რომელთა პორტრეტები რაინდების მანათობელი სახეების ფონზე სხვა მხრივ დაკნინებულია, თუმცა საღად აზროვნებაში, სისხარტესა და ამბის მბობაში მათ ბადალი არა ჰყავთ.

 

წარმოუდგენელია „ვეფხისტყაოსნის“ 65 თავისგან შემდგარი სიუჟეტი ტარიელის მიერ ავთანდილისთვის მოთხრობილი თავგადასავლის ოცი თავის გარეშე. როგორი მთხრობელია ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი? ის იწვის, კვდება, როცა თავის საგმირო-სამიჯნურო თავგადასავლებს ჰყვება, მკითხველს ბოლომდე ჩააკრავს თავისი გრძნობების თონეში, ჩვენც მასთან ერთად გვეკიდება სიყვარულისა და გულშემატკივრობის ალი. ამბის მბობამდე ტარიელი ავთანდილს ეუბნება: „მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად“… მაგრამ ტარიელს არაბი ჭაბუკი ისე მოეწონა, მისთვის თავგანწირვა და ამბის მოყოლა გადაწყვიტა, თან უთხრა: „ღმრთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს? შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა, წამეკიდოს“… გასაგიჟებელ სცენას ხატავს რუსთველი მოსალოდნელი ცხელი ამბების ტარიელის ბაგეთაგან მოსმენამდე:

 

„ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა,

 

ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა,

 

ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,

 

მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გადმოყარნა“

 

„ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო“, „ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა“, „მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა“, „ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა“, – ასეა დასათაურებული პოემის თავები. ეს „ამბის მბობა“ სრულიად უნიკალური მოვლენაა. ამბის მბობა, მოსმენა, გააზრება და დამახსოვრება აქცევს ადამიანს სულიერ არსებად. ამბები ჩვენ ჯერ კიდევ გამოქვაბულის ერაში გვწყუროდა, მაშინაც კი, როცა მეტყველება, წერა და კითხვა არ შეგვეძლო. ასე გაჩნდა მითები. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას არ შეეძლო ტექსტების ჩაწერა, მაგრამ მილიონობით ადამიანის გული და გონება იწერდა მითებსა და ლეგენდებს, თაობები თაობებს უყვებოდნენ, წმენდდნენ ამ ტექსტებს, ასუფთავებდნენ და ასე მივიღეთ საკრალური, დაწმენდილი, მითოლოგიზებული უნიკალური ნარატივები, რომლებიც დღესაც სიცოცხლით სავსე, შთამაგონებელი და მასაზრდოებელია ჩვენი გულისა თუ გონებისა, ხოლო მხატვრულ ლიტერატურას მითოსური ალუზიები დაუშრეტელ წყაროებად ევლინება. საოცარი ექსპრესიით გადმოსცა უძველესი ადამიანის ეს დაუოკებელი წყურვილი მხატვრულად ჯემალ ქარჩხაძემ თავის შედევრში „იგი“, სადაც მთავარი გმირი რომ ვერ მეტყველებს, ავტორი გამონახავს გზას მეტყველებასთან დაკავშირებით მისი განცდების გადმოსაცემად და დაწერს: „…უხმოდ იკითხა თავის სხეულში“…  ან კიდევ: „…სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ”…

 

და მაინც: რაში გვჭირდება ეს ამბები? რა გულის საპოხი (ლუბრიკანტია) ამბავი ადამიანისთვის? გარდა იმისა, რომ ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა, მას სხვათა ამბების მოსმენა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სასიცოცხლოდ სჭირდება, სხვისი თავგადასავალი მისთვის უნიკალური კომპასი და სარკეა, საკუთარი რეალური სახისა და ცხოვრების გეზის მაჩვენებელი. ყოველ ამბავში ხომ ჩვენ უსათუოდ საკუთარ თავს ვხედავთ? ვაანალიზებთ, ჩვენ რომ ვიყოთ მოსმენილი ან წაკითხული ამბის გმირები, რა და როგორ იქნებოდა? ამბავი სულის საზრდოა. ის გვასწავლის ლოგიკურად აზროვნებასაც და შემოქმედებითობასაც.

 

„არცერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი“, – თქვა საუკეთესო მთხრობელმა უილიამ სომერსეტ მოემმა და ამით მე პირადად სამუდამოდ დამარწმუნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ამბავი გამოგონილია თუ ნამდვილი. თუ ამბავი საინტერესოდ არის მოთხრობილი, ის ნამდვილია, უნივერსალური, უკვდავი და მასაზრდოებელი.

 

მთავარი, რისთვისაც ამ წერილის იდეა დაიბადა, ლიტერატურის მასწავლებლის მისიის გააზრებაა. მოქმედი მასწავლებელი ვარ და ჩემი ნომერ პირველი ამოცანა, ცხადია, გახლავთ მოსწავლეებში მართლმეტყველებისა და მართლწერის (ორთოეპია-ორთოგრაფიის) სწავლება, რათა მოსწავლემ შეძლოს გამართულად მეტყველება, წერა, თხრობა, შემდეგ კი უკვე ანალიზი, სინთეზი, ლოგიკური აზროვნება, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობისა და თანმიმდევრულობის ყველა კანონის დაუფლება. როცა ადამიანი ასე აზროვნებს, ის ოპერირებს სწორად, საღად, ადეკვატურად. ეს უნარები მას ეხმარება არა მხოლოდ მშობლიური ენა-ლიტერატურის, არამედ უცხოური ენების, ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო დისციპლინების დაუფლებაში.

 

რას ვაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემს ამ მისიას ხორცი წარმატებით შევასხა და, როგორც თანამედროვე პედაგოგიკაში იტყვიან, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები დავგეგმო? ჩემთვის მთავარია, რომ მოსწავლეს „ამბის მბობის“ ხიბლი, სიუჟეტების „დაგემოვნება“, ნარატივის გემოს გასინჯვა ვასწავლო.

 

უნიკალური იყო ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ერთ ურთულეს კლასში „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების გამოცდილება. კლასი რეალურად უმართავი იყო და მასწავლებლები პანტა-პუნტით გარბოდნენ ამ მრავალრიცხოვანი კოლექტივიდან, მათი მართვა და რამე იდეის გარშემო შეკავშირება ხშირად აბსოლუტურად დაუძლეველი გამოწვევა იყო მასწავლებლისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ ვრცელმა სიუჟეტმა და თეატრალიზებულად მისი მოყოლის ტექნიკამ ყოველგვარ მოსალოდნელ შედეგს გადააჭარბა. დევიაციური ქცევის რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ამ კლასში გაკვეთილის ჩატარებას შეუძლებელს ხდიდნენ, ისე შეცურდნენ რუსთველის ოკეანეში, იქიდან გამოსვლა არ სურდათ. უმაღლესი იყო ინტერესი პოემის სიუჟეტისა თუ პერსონაჟთა პორტრეტებისადმი. სვამდნენ მილიონ  კითხვას, შედიოდნენ როლში, კინოდ და სპექტაკლად აქციეს ეს სიუჟეტი. გასუსულები სხდებოდნენ მოსასმენად, ოღონდ კი ტექსტზე გვემუშავა და მასთან გამომშვიდობება ძალიან გაუჭირდათ. იმართებოდა ცხელ-ცხელი დისკუსიები. წერდნენ საინტერესოდ, ყველა ისმენდა, აბსოლუტურად არავინ დარჩენილა გულგრილი. ამ კლასთან იმ სასწავლო წელმა როგორც პედაგოგს თავდაჯერება შემმატა.

 

მახსოვს, 2015 წელს მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი გავიარე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და კომაროვის სკოლაში, სადაც მკითხეს, თუ შეგიძლიათ, რომ „ვეფხისტყაოსნით“ მოსწავლე დააინტერესოთო. ღრმად თავდაჯერებულმა ვუპასუხე, დიახ, შემიძლია-მეთქი, რაზეც, არ დავმალავ, კომისიის წევრთა მწარე ირონია და სკეპსისი მივიღე პასუხად. საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა. ამ ეპიზოდმა ძლიერი ემოციები აღძრა ჩემში. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „ვეფხისტყაოსანს“ ვხსნიდი ზემოხსენებულ კლასთან და ვხედავდი კლასის საოცარ ინტერესსა და ჩართულობას, მომეხსნა ქვეცნობიერში მიძინებული კომპლექსები, იმ კონკურსზე კომისიის წევრთა ირონიამ რომ დალექა ჩემში.

 

თუკი ლიტერატურის მასწავლებლებმა შევძელით, რომ თუნდაც ერთხელ ბავშვი „მოვწამლოთ“ ამბის მბობის ხელოვნებით, ჩათვალეთ, რომ ჩვენ მკითხველს ვაყალიბებთ თავისი უნიკალური მახასიათებლებით. როცა ამბავი გწყურია, შენ იწყებ მოსმენას, კითხვას, გივითარდება ფანტაზია, შემოქმედებითობა,  თავადაც თხზავ, შემდეგ უკვე ტექსტზე მუშაობის ყველა უნარ-ჩვევა პარალელურად იხვეწება.

 

დანარჩენი ლიტერატურის მასწავლებლის ოსტატობაზეა. საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა დაეუფლოს მოსწავლე ამბის აგებას, სიუჟეტის განვითარების ტექნიკას, ხასიათების ძერწვას, იდეის ჩადებას ტექსტში, დეტალებზე დაკვირვებას, ფილიგრანული ტექნიკით ტექსტის დამუშავებას, ეს ჩვენი პროფესიული „ფირმის საიდუმლოებებია“. ამ საიდუმლოებებზე ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება, ყველაზე ნაყოფიერი მაინც კათედრაზე კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობაა, კონკრეტული ქეისების განხილვა, რაც საუკეთესო გზაა მასწავლებლის განსავითარებლად. ეფექტური სწავლება ხომ უწყვეტი სწავლის გარეშე წარმოუდგენელია?

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი