უზარმაზარ
სპორტულ დარბაზში შევედი. იქაურობას სწრაფად მოვავლე თვალი. ადგილები მხოლოდ წინ დარჩენილიყო.
არც იყო გასაკვირი – წინ ჯდომა არავის უნდოდა. სკამი გამოვწიე და მოვკალათდი. მთელი
სხეული დაძაბული მქონდა. უხილავი სპაზმი გულთან იწყებოდა, მთელ სხეულს მოივლიდა და
მუცლის ქვედა მხარეს იშლებოდა. ვცდილობდი, არავის შეემჩნა, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
ტვინი მომართული იყო და რაღაცნაირად გუგუნებდა.
გამოვიდა
ასაკოვანი კაცი კონვერტით ხელში, მკაცრი მზერა მოგვავლო, კონვერტიდან ფურცელი ამოიღო
და დაფაზე დაწერა:
1.
დიდაქტიკა სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაში;
2.
პატრიოტიზმი ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში;
3.
წიგნი ჩემი მეგობარია (თავისუფალი თემა).
გულთან
ერთი სპაზმი კიდევ წარმოიქმნა და ისე გაიშალა, მეგონა, მთელი სათლი ცივი წყალი გადამასხეს.
უიღბლო ვარ. სხვა მწერლები მერჩივნა. რჩება თავისუფალი თემა. გარეთ დედა მელოდება,
მელოდება და ნერვიულობს. მისი ღალატი არ შეიძლება! არა, კი არ მისაყვედურებს, მაგრამ
გული ეტკინება.
„წიგნი
ჩემი მეგობარია”. დიახ, მართლაც არის. ავდგები
და სწორედ წაკითხულ წიგნებში ვიმოგზაურებ.
ამიტომ ვიწყებ:
„ადამიანი,
რომელსაც ფიქრისა და განსჯის უნარი აქვს, არასოდეს არის მარტო, რადგან „ფიქრი უსაზღვროა
ვითა სამყარო” (ვაჟა)…”
გამოცდაზე
ფრიადი დავიმსახურე, სტუდენტიც გავხდი და სექტემბრამდე დამსახურებული დასვენება მერგებოდა.
ზაფხულის ერთ საღამოს მეგობარმა წყნეთში დამპატიჟა. იქიდან უკვე შებინდებულზე წამოვედი.
ტაქსი გამიჩერეს და გამომიშვეს. მძღოლს გზის მოჭრა განუზრახავს და ბილიკზე გადაუხვევია,
რომელიც საბურთალოს სასაფლაოზე გადიოდა. მანქანით მგზავრობისას ჩვევად მაქვს – ფიქრის
იქითა სამყაროში მივდივარ ხოლმე. მაშინაც ასე ვიყავი ფიქრში გართული და უცაბედად, რეალობაში
დაბრუნებულმა, აღმოვაჩინე, რომ უცნობ ლდათადამიანთან ერთად საფლავებს შორის მივქროდი.
ხვდებით ალბათ, რაც დამემართებოდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, ხმა, რაც შემეძლო,
გავიმკაცრე და ვიკითხე, აქ რას ვაკეთებთ-მეთქი. სავსებით გულწრფელი პასუხი მივიღე –
გზას ვიმოკლებთო…
იმხანად
16 წლის ვიყავი. ის უცნაური სპაზმები
კი შიშისა და მზადყოფნის ჰორმონის ადრენალინის დამსახურება გახლდათ.
მაინც
რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა გვეშინია ან ვღელავთ?
მაშ
ასე, ჩვენ გვეშინია, ვიძაბებით და ქვეცნობიერად მოქმედებისთვის ვემზადებით. მოქმედება
ორგვარია – ფიზიკური და გონებრივი. თუ ფაფარაშლილ ლომს გადავაწყდი, უთუოდ შემეშინდება
და გავიქცევი. არა, ვაზვიადებ, რა თქმა უნდა,ვერსადაც ვერ გავექცევი, მაგრამ ხომ ვცდი? ზემოთ აღწერილ გამოცდაზე
კი გონებრივი შესაძლებლობების ზედმიწევნით გამოყენება დამჭირდა. ორივე შემთხვევაში
ჩვენ გლუკოზას ვჟანგავთ, რომელიც სანაცვლოდ ATP-ს – ენერგიას გვიბრუნებს. ღვიძლში გვაქვს
ცხოველური სახამებელი – გლიკოგენი. მცირე რაოდენობით ეს ნივთიერება კუნთებშიც არის.
სწორედ მისი დაშლის შედეგად გამოთავისუფლდება გლუკოზა. თუმცა ამ პროცესს, გლიკოგენის
დაშლას, „ჩამრთველი” სჭირდება. სწორედ ამ „ჩამრთველის” როლს ასრულებს ღვიძლისა და კუნთების
უჯრედებში ადრენალინი და გლუკაგონი (ეს უკანასკნელი მხოლოდ ღვიძლში არეგულირებს პროცესს).
ადრენალინი
„თავდაცვის, შიშისა და მზადყოფნის” ჰორმონია. მისი გამოყოფა იმატებს, როდესაც რამისა
გვეშინია, ვნერვიულობთ, როდესაც საპასუხო რეაქცია უნდა გამოვამჟღავნოთ. მაგალითად,
გამოცდაზე თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ, საფლავებს შორის გზაზე სიარულის მოყვარულ ტაქსის
მძღოლს მშვიდობიანად დავშორდეთ. და ჰო, კიდევ ფაფარაშლილ ლომს გავექცეთ.
როგორც
კი ადრენალინი სისხლში მოხვდება, ემოციების მთელ კასკადს იწვევს:
*
აჩქარებს გულისცემას;
*
მისი გავლენით ვიწროვდება კუნთების, მათ შორის – მუცლის კუნთების, სისხლძარღვები; ნაწლავის
კუნთები, პირიქით, ეშვება;
*
თვალის გუგები ფართოვდება. დიახ, ცნობილი გამოთქმა, შიშს დიდი თვალები აქვსო, სწორედ
აქედან იღებს სათავეს.
ზოგიერთი
ადრენალინს სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებს – შეყვარებული ადამიანი სიყვარულის ობიექტის
დანახვისას ადრენალინს გამოყოფს და განიცდის ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. იქნებ
იმიტომ, რომ ეშინია, რამე არ შეეშალოს…
გამოყოფილი
ადრენალინი უჯრედის პლაზმურ მემბრანაში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება
და მათთან ერთად მემბრანულ ფერმენტ ადენილატციკლაზას ააქტიურებს. ეს უკანასკნელი პროტეინკინაზების
(ფერმენტების) მთელ წყებას „გამოაღვიძებს”, რის შედეგადაც გლიკოგენის სინთეზის მარეგულირებელ
ერთ-ერთ ფერმენტს – გლიკოგენსინთაზას თრგუნავს. ითრგუნება სინთეზი და იწყება მისი საპირისპირო
პროცესი – დაშლა. გამოყოფილი გლუკოზა დაჟანგვის გრძელ გზას გადის და გზადაგზა ATP-ს
წარმოქმნის. ის სამ მაკროერგულ ანუ ენერგიით მდიდარ ბმას შეიცავს. ეს ბმები წყდება
და თითოეული 14,7 კჯ ენერგიას გვაწვდის. ერთი მოლეკულა გლუკოზის დაჟანგვა კი 23 მოლეკულა
ATP-ს გამოათავისუფლებს. შედეგად? შედეგად,
ვწერთ, ვპასუხობთ, საფლავებს შორის მიმავალი ბილიკიდან სწორ და ნათელ გზაზე მშვიდობიანად
გამოვდივართ, ლომს პირში ჩალაგამოვლებულს ვტოვებთ (როგორც ცნობილი კანადელი მეცნიერი
დეივ სალმონი) და ვისაც გვინდა
თავი მოვაწონოთ, ვაწონებთ.
თუ
ლაბორატორიაში ადრენალინი გაქვთ შემონახული, მაშინ მასზე რამდენიმე ექსპერიმენტს ჩაგაწერინებთ:
1.
ადრენალინის 0,5 მლ ხსნარს დაუმატებენ 1%-იანი კალიუმის იოდატის 1 მლ-ს და 10%-იანი
ძმარმჟავას ან ორთოფოსფორმჟავას 10 წვეთს.
ნარევს 60-650C-მდე
გააცხელებენ. წარმოიქმნება მუქი მოწითალო-იისფერი ნივთიერება.
2.
0,5 მლ ადრენალინის ხსნარს დაუმატებენ 2 მლ წყალს და 3%-იანი რკინის (III) ქლორიდის 2 მლ-ს. ხსნარი მაშინვე ლაჟვარდისფერი გახდება, რაც რკინის ფენოლატის
წარმოქმნის შედეგია. ერთ წვეთ ამონიუმის ჰიდროქსიდის 10%-იან ხსნარსაც თუ დაუმატებთ,
ჯერ ალუბლისფერს მიიღებთ, მერე – ყავისფერს.
3.
სინჯარაში ათავსებენ 1%-იანი სულფანილის მჟავას 1 მლ-ს, 5%-იანი ნატრიუმის ნიტრიტის
1 მლ-ს, ადრენალინის ხსნარის 2 მლ-ს და 10%-იანი ნატრიუმის კარბონატის 1 მლ-ს. ადრენალინისა
და დიაზორეაქტივის ურთიერთქმედების შედეგად წითელი ფერის პროდუქტები წარმოიქმნება.
ადრენალინი
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ძირითადი ჰორმონია. ის არის პირველი ჰორმონი,
რომელიც 1901 წელს კრისტალური სახით მიიღეს. მოგვიანებით მისი სინთეზურად მიღებაც გახდა
შესაძლებელი.
ადრენალინის
სინთეზი ამინმჟავა თიროზინისგან ხდება. პროცესი ასე მიმდინარეობს:
მეშინია…
„მეშინია, რომ გამოცდას ვერ ჩავაბარებ”, „მეშინია, რომ სამსახურში წარმატებას ვერ მივაღწევ”,
„მეშინია სახალხოდ ჩემი აზრის გამოთქმის”, „მეშინია, რომ უარყოფილი ვიქნები”, „მეშინია,
რომ როგორც პიროვნება ვერ შევდგები”… რამდენს უთქვამს ეს ფრაზები თავისთვის, გულში,
ან თუნდაც სხვის გასაგონად…. ზოგიერთი ისე შორს მიდის, რომ თავისივე შიშის ეშინია,
ამიტომაც ნებდება მას.
მოკლედ,
გვეშინოდეს, ოღონდ ვიმოქმედოთ. მთავარია, ძალიან არ შეგვეშინდეს და შიშს თავიც არ გადავაყოლოთ.
ერთი
სახელმწიფოს მეფეს სიკვდილმა შეუთვალა, შენს ქვეყანაში შავი ჭირით მოვდივარ და დამხვდიო.
მეფეს თავისი ხალხი უყვარდა, ამიტომ სიკვდილს შეევედრა, ბევრს ნუ წაიყვანო. მხოლოდ
ხუთსო, დაჰპირდა სივდილი. შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად 700 კაცი გარდაიცვალა.
–
სულ არ გრცხვენიაო? – ჰკითხა მეფემ სიკვდილს, – ეს არის შენი პირობაო?
–
შავი ჭირით ხუთი კაცი გარდაიცვალა, – მიუგო სიკვდილმა, – დანარჩენებს შიშისგან გული
გაუსკდათო.
შიშს
დიდი თვალები აქვს!