სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

„სიტყვის ბანზე აგდება“ – კიდევ ერთი ფრაზეოლოგიზმი ჩვენს ენაში

ფრაზეოლოგიზმები – ენის ძარღვია, ენის სული და გული, თუ გინდა ენას ფლობდე, მისი იდიომების ამოცნობა უნდა შეგეძლოს. სამწუხაროდ, ახალ თაობაში იდიომები დავიწყების პირასაა, ბევრმა ახალგაზრდამ აღარ იცის მათი მნიშვნელობა. გთავაზობთ კიდევ ერთ აქტივობასა და ტექსტს, რომელიც მოსწავლეს კონკრეტულ ფრაზას გაუცოცხლებს და სამუდამოდ დაამახსოვრებს.

ალბათ ხშირად გინახავთ ადამიანი, რომელსაც ესაუბრები, ის კი დაწყებულ თემაზე საუბარს წყვეტს ან შენს შეკითხვას პასუხს არ სცემს და სულ სხვა რამის მოყოლას იწყებს. ამ დროს შეგიძლია, თამამად უთხრა: რატომ ამიგდე სიტყვა ბანზეო. ბანზე სიტყვის აგდება, საუბრის თემის სპეციალურად, განზრახ შეცვლას აღნიშნავს.

ბანი – ძველი ქართული სახლების ბრტყელი სახურავია, მასზე მიწა იყო დაყრილი, რომელიც იტკეპნებოდა, ეს პროცესი მეტად რთული და შრომატევადი ყოფილა. ბანზე ზაფხულობით სუფრასაც კი შლიდნენ, საოჯახო საქმეებს აკეთებდნენ, ან ცას შეჰყურებდნენ და ვარსკვლავებს ითვლიდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბანი თანამედროვე სახლის აივანივით იყო, ოღონდ აივანი სახურავზე. სიტყვის ბანზე აგდება, სიტყვის გაშვებას, ასროლას, აფრენას, სხვა სიტყვებით ჩანაცვლებას ნიშნავს, თან ბანზე, რომელიც ჩვენი წინაპრებისთვის სიმაღლეს აღნიშნავდა. იმ აგდებულ სიტყვას მოსაუბრე მაშინ დაიბრუნებდა, თუკი შემოუძახებდა: სიტყვას ბანზე ნუ აგდებ, მიპასუხე ახლავეო.

ბანს ქართულ ენაში რამდენიმე ომონიმი მოეძებნება:

ბანი — ძველი ქართული, კახური სახლის ბრტყელი სახურავი;

ბანი — სოფელი საქართველოში;

ბანი — ყველაზე დაბალი ხმა მუსიკაში;

ბანი — ქართული ანბანის მეორე ასო;

ბანი — მდინარე ირლანდიაში.

 

ლექსიკონი:

ომონიმი – სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობით განსხვავდება მისგან.

 

აქტივობა 1:

წარმოიდგინე, როგორი იქნებოდა ბანიანი სახლი. დახატე და შენი ნახატი დაასათაურე.

 

აქტივობა 2:

 

დაწერე პატარა მოთხრობა სიტყვაზე, რომელიც პატრონს გაუფრინდა. ჩართე ფანტაზია და წარმოსახვა, რომელი სიტყვა იქნებოდა? როგორი იქნებოდა? თუ ექნებოდა ფორმა? სად წავიდოდა? იქნებ ბანზე ან იქნებ უფრო შორს? დაუბრუნდებოდა თუ არა ის პატრონს? დაასათაურე და დაასურათე.

 

აქტივობა 3:

მოცემული სიტყვები ომონიმებს წარმოადგენს, მათ სხვადასხვა მნიშვნელობები აქვთ, ისევე როგორც სიტყვას „ბანი“. წინადადებებში იპოვე მათი ადგილი, ერთი სიტყვა ორჯერ, ორი მნიშვნელობით გამოიყენე. შემდეგ კი წინადადებისა და კონტექსტის მიხედვით განმარტე ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობა. მიუხატე პატარა ილუსტრაციაც:

წელი

ატლასი

ბარი

თვალი

 

მეფის გვირგვინი ძვირფასი ———– იყო შემკული, ეს საოცრება ქალაქის მთავარ ოქრომჭედელს დაუმზადებია.

ჰეტეროქრომია ადამიანებში და ცხოველებში სხვადასხვა ფერის ——————– ნიშნავს.

ნიკოლაძეების ოჯახს ბედნიერი ———– დაუდგათ, გაზაფხულზე მეხუთე შვილი შეეძინათ და დავითი დაარქვეს.

 

გოგონამ ბებიას ნაჩუქარი ქამარი ———— შემოირტყა და სარკის წინ დატრიალდა.

გეოგრაფიული ————– რუკების კრებულია, რომელსაც თან განმარტებებიც ახლავს.

პრინცესას სამეჯლისო კაბა წითელი – —————- იყო შეკერილი და მზის სინათლეზე ათასფრად ელვარებდა.

 

იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვიტა სოფლად ცხოვრება, საკვების საკუთარი ხელით მოყვანა, მიწის დამუშავება ——————— საჭირო და მნიშვნელოვანი იარაღია.

ოდესღაც ჩვენი წინაპრები მთიდან ————- ჩამოსახლდნენ, ახლა კი სუფთა ჰაერის საძებნელად, დროა უკან – მთაში დავბრუნდეთ.

აქტივობა 4:

სიტყვას ბანზე ნუ აგდებ – ამ ფრაზის გამოყენებით შეადგინე დიალოგი ორ პერსონაჟს შორის. დიალოგი ორი ადამიანის მონაცვლეობით საუბარია. თითოეული მოსაუბრის სიტყვის, წინადადების წინ დასვი ტირე და დაიწყე ახალი სტრიქონით. პერსონაჟები და სასაუბრო თემა თავად შეარჩიე.

 

აქტივობა 5:

 

ბანი – ანი – ვანი – კანი …. ახლა შენ გააგრძელე, რაც მეტ სიტყვას გაურითმავ „ბანს“ მით უკეთესი. მთავარია, სიტყვებს მნიშვნელობები ჰქონდეთ, მერე იქნებ ლექსის დაწერაც სცადო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი