ჩემი აზრით, ყველაზე საშიში იარაღი სიტყვაა. წამოსროლილ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებ. აკი მეფე მზე, ლუდოვიკო XIV-ც ამასვე ამბობდა – სიტყვა ჩიტს ჰგავს, რომელსაც ვეღარ დაიჭერო. ზოგჯერ ეს სიტყვა სრულიად გაუაზრებლად შეიძლება წამოისროლო, დაჭრა და გული ატკინო ადამიანს, მოკლა კიდეც. მერე? მერე სულ ინანო, მაგრამ რაღა დროს.
ადამიანი სიტყვას არ დასჯერდა და ნამდვილი იარაღი გამოიგონა. თან ხომ უნდა გამოეცადა და ომები გააჩაღა. გახსოვთ, ხომ ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღოდან“ რეპლიკა:
„- იესო მაცხოვარო, რა ჯანდაბაა ეს ომი!“.
რა ჯანდაბაა და ის არის, რომ იარაღი ბოროტი ადამიანების ხელში მოხვდა და უმისამართოდ თესენ სიკვდილს. ასეთებს ისევ სიტყვით, თუ გააჩერებ.
ჰოდა…
- „ისმის ჩემი ხმა?“ – კითხულობს პოეტი (ნატო ინგოროყვას ამავე სახელწოდების წიგნიდან).
- ეჰ, ძვირფასო, ხალხს გვესმის, შეიარაღებულ კაცებს – არა. ჰოდა, მართლაც რა ჯანდაბაა ეს ომი!
ადამიანს რკინის ჩხაკუნი არ ეყო, ქიმიური იარაღიც გამოიყენა. ეს, ძირითადად, მეოცე საუკუნესთან ასოცირდება. არადა, მისი ფესვები გაცილებით ადრეულ პერიოდს უკავშირდება. ჯერ კიდევ სუნ-ძი და მისი თანამედროვენი ჩვ. წ. აღ.-ის მეექვსე საუკუნის ჩინეთში მდოგვის გაზის, დარიშხანისა და დაფხვნილი კირის საომარი მიზნებით გამოყენებას არ ერიდებოდნენ. პილოპანესის ბრძოლაში სპარტანელები ათენის დამცველებს გოგირდშერეული ცვილის ორთქლით წამლავდნენ. მონღოლები სელიტრისგან (კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატი), გოგირდისგან და ნავთობისგან დამზადებულ შხამიან ასაფეთქებლებს იყენებდნენ.
ლეონარდო და ვინჩი სთავაზობდა ზარბაზნის ბირთვებში ჩაერთოთ კალციუმის კარბონატის ფხვნილი, დარიშხანის სულფიდი და სპილენძის მარილები. ბრძოლების დროს ციხე-სიმაგრეების ასაღებად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. მყრალ ყუმბარებს. ასეთ ყუმბარებს ცვილისა და მყრალი მცენარეებისგან ამზადებდნენ, მაგ. ბელადონასგან. ასეთი ყუმბარა ვერავის მოკლავდა, თუმცა საკმაო უსიამოვნებას შეუქმნიდა. 1675 წელს რომის იმპერიამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს სტრასბურგის შეთანხმებას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებდა.
მეოცე საუკუნეში ქიმიურმა იარაღმა ახალი მასშტაბები შეიძინა. ჰააგისა და ბრიუსელის შეთანხმებისა და აკრძალვების მიუხედავად, ქიმიური იარაღის შემუშავება არ შეწყვეტილა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა. ამ ომს ქიმიკოსების ომიც კი უწოდეს. მაშინ განსაკუთრებით ფრანგებმა იყოჩაღეს და ცრემლმდენი ყუმბარები გამოიყენეს. აქტიური ნივთიერება ეთილბრომაცეტატი იყო. ომამდე ამ გაზით პოლიცია იყო შეიარაღებული. ბრძოლის ველზე ყუმბარებმა დიდი ვერაფერი შედეგი აჩვენეს. 1915 წლის 31 იანვარს გერმანულმა ჯარმა რუსეთის მხარეს 18 ათასი არტილერიული ჭურვი ისროლა, სადაც ცრემლმდენი ქსილილბრომიდი იყო. შემდეგ გერმანელები წერდნენ, რომ გაზმა მთლად კარგი შედეგები ვერ აჩვენაო. რუსები კი აღიარებდნენ, რომ ჯარისკაცებს სანგრებში გული მისდიოდათ და აზრზე მოსულები ორიენტაციას კარგავდნენ.
ბელგიის ქალაქ იპრთან გამართულ ბრძოლაში, 1915 წლის 22 აპრილს გერმანელებმა ქლორი გააფრქვიეს. ამ გაზის 168 ტონამ 6 კმ-იანი მოყვითალო ღრუბელი წარმოქმნა. ქლორი ჰაერზე მძიმეა, ამიტომ სანგრებში გროვდებოდა და ხალხს წამლავდა, აბრმავებდა და ახრჩობდა. ქარმა ქლორის ნაწილი უკან წაიღო და გერმანელებიც მოიწამლნენ. ზოგიერთს სჯეროდა, რომ თუ შარდში ამოვლებული ნაჭრით აიკრავდა ცხვირ-ხახას, ქლორი ვერაფერს დააკლებდა, თუმცა ეს სწორი არ იყო. იმავე წლის ზაფხულისთვის უკვე შეიმუშავეს სპეციალური ნიღბები, რომლებიც ადამიანებს ქლორისგან დაიცავდა.
შემდეგი გაზი უკვე ფოსგენი (CCl2O, კარბონილდიქლორიდი) გახლდათ, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა ჯანმრთელობას – თვალებსა და ფილტვებს. თუმცა, ფოსგენს ოდნავ დროში გაწელილი მოქმედება ჰქონდა, მაგრამ თუ სუფთა ქლორთან ერთად გამოიყენებდნენ, მომენტალურ დარტყმას ახორციელებდა. პირველი მსოფლიო იმის დროს გამოყენებული გაზებიდან, ერთ-ერთს უწოდებდნენ Lost, რომელიც ორი მეცნიერის გვარის ერთიანობა გახლდათ – Lommel/Steinkoph. სწორედ მათ შეიმუშავეს მდოგვის გაზის სამრეწველო წარმოების გზები. გაზს ნამდვილად მდოგვისა და ნივრის სუნი ჰქონდა. მის შემცველ ყუმბარებს გერმანელები ყვითელ ჯვარს ახატავდნენ.
მომდევნო გაზი იპრიტი იყო. სახელი ქალაქის გამო დაარქვეს. სწორედ ამ ქალაქში მესამე ბრძოლისას გერმანელებმა გამოიყენეს იპრიტი. მას მოქმედების ხანგრძლივობა ახასიათებდა, ამავე დროს მოწინააღმდეგე მხარის ჰაერს ხანგრძლივად აბინძურებდა. აბინძურებდა ნიადაგსაც, რადგან ჰაერზე მძიმე გახლდათ და ნიადაგში ილექებოდა. იპრიტი იწვევდა თვალების დაზიანებას, გარე და შიდა სისხლდენებს, წყლულოვან გამონაყარს კანზე. მოწამლული ხუთი კვირის შემდეგ წამებით კვდებოდა.
მთელი წლის განმავლობაში იპრში ჯარისკაცები ოქროსფერ კვამლსა და ჰაერში უცნაურ სუნზე საუბრობდნენ. ვინც ჩაისუნთქავდა, ჯერ ქავილი ეწყებოდა, შემდეგ კი ტანი შეუხორცებელი იარებით ეფარებოდა. შემდეგ, სისხლს ახველებდნენ. ჯარისკაცები იპრიტით იყვნენ მოწამლული. მაშინდელი აირწინაღები ვერ იცავდა, რადგან გაზი მათშიც აღწევდა.
იპრიტი ფრიც ჰაბერისა და მისი კოლეგების შექმნილი გაზი გახლდათ. მშვენივრად უწყოდნენ, რისთვისაც ქმნიდნენ. ფრიცი კარლსრუეში პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ქიმიაში ნობელის პრემიაზე ჰქონდა პრეტენზია. ქიმიურ იარაღს აწარმოებდა და ფრონტზე პირადად ადევნებდა თვალს თავისსავე დამზადებული ქიმიური იარაღის გამოყენებას.
პოეტის კითხვას – „ისმის ჩემი ხმა?“ – ჰაბერი უეჭველად წაუყრუებდა… რადგან, არაერთხელ უთქვამს:
„სიკვდილი სიკვდილია, რა მნიშვნელობა აქვს, რით გამოვიწვევთ მას. ჩამოვარიგებთ და ეგაა“.
1917-1918 წლებში გაზის გამოყენება უკვე გერმანელების წინააღმდეგ მოკავშირეებმაც დაიწყეს. თუმცა, გაზთან ერთად გამოჩნდა აირწინაღიც და მოწამვლა ისეთი ეფექტური აღარ იყო.
ქიმიურ იარაღში დიდი გადატრიალება მოახდინა ნერვული სისტემის მაპარალიზებელმა ქიმიკატებმა – „ტაბუნი“, „ზარინი“, „ზამანი“. სამივე პრეპარატი ორგანიზმის ფუნქციურ დაზიანებას იწვევდა. თუმცა, მასობრივი გამოყენება მეორე სამამულო ომის დროს მათ არ ჰქონიათ. ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც წერს, რომ ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის დროს თავად მოწამლულა და დროებით მხედველობაც დაუკარგავს. ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის დროს დიდად აღარ ხიბლავდა ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენება, რადგან ხვდებოდა, რომ მოწინააღმდეგეებიც პასუხს დააბრუნებდნენ. თუმცა, ეს ვერსია დადასტურებული არ არის. აი, საკონცენტრაციო ბანაკებში კი გაზებს ეფექტურად იყენებდნენ. ძირითადად – „ციკლონ ბ-ს“, რომელიც ციანწყალბადმჟავას შეიცავდა და მწარე ნუშის გემო და სუნი ჰქონდა.
ქიმიურ იარაღს კიდევ მრავალი ისტორია აქვს…
იაპონელების მიერ ჩინელების წინააღმდეგ იყო გამოყენებული ფოსგენი, ლუისიტი, იპრიტი, სინილის მჟავა.
ე.წ. ლაჟვარდისებრი ჰერბიციდები აშშ-მ ვიეტნამში გამოიყენა.
სადამ ჰუსეინმა ირანის ჯარის წინააღმდეგ ასევე გამოიყენა ქიმიური იარაღი. შედეგად, დაიღუპა 20 ათასი ადამიანი, 80 ათასი სასიკვდილოდ დაავადდა.
სხვადასხვა შეთანხმების თანახმად, 1993 წლიდან ქიმიური იარაღის გამოყენება იკრძალება. დღეისათვის შეთანხმებაში ჩართულია 193 ქვეყანა. თუმცა, ექსპერიმენტები გრძელდება. სირიაში სამოქალაქო ომის დროს გამოყენებული იქნა 75 ფაქტით დამტკიცებული ქიმიური იერიში. 173 იერიში დაუმტკიცებელია.
ჩემი მხრიდან ერთ ომს კიდევ დავამატებდი. ეს საკვები დანამატებით ნელ-ნელა მოწამვლის ომია. დანამატებს ჯერ კიდევ ალქიმიკოსები იყენებდნენ. მარილსა და წიწაკაში ხორცს ინახავდნენ. კიდევ ათასი ხრიკი იცოდნენ. დღეს საკვების შესანახი დანამატები უთვალავია. ყველას თავისი ფუნქცია აქვს და მათ 1960 წლიდან E სიმბოლოთი აღნიშნავენ. აღნიშვნა ემულგატორებს ნიშნავს და თითოეულის უკან სხვადასხვა ნივთიერება იმალება. მწარმოებლისთვის მოსახერხებელია, რადგან ზოგი აღნიშვნა „საშიშ“ ქიმიურ დასახელებას „ნიღბავს“. ჰოდა, აქ სწორედ მომხმარებლის ქიმიურ განათლებასა და სიყოჩაღეშია საქმე, ომს ვინ მოიგებს – ჩვენ თუ მწარმოებელი.
და მაინც, „რა ჯანდაბაა ეს ომი!“.
რა ჯანდაბაა და ბოროტების ზეიმია. ისევ სიტყვით უნდა შეაჩერო, გახსოვდეს, „უიმედო არაფერია ქვეყნად, ზოგჯერ არ გამომდის, ზოგჯერ კი ვახერხებ, იმედიანი ვიყო“ („მშვიდობით იარაღო“), რადგან…
ჩვენი ხმა ისმის!!!