ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

დედამიწის დავალიანების დღე

22 აპრილი „დედამიწის დღე” – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მონაწილეობას მსოფლიოს 193 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს.

პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის დასაცავად, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად.

რატომ დავიწყე დედამიწის დღით? ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით? დიახ, ვიცით, ვიცით და აღნიშვნაც არ გვავიწყდება, თან პომპეზურად – აქციებით, გამოსვლებით, კონცერტებით, მწვანედ შემოსილები და ბედნიერები გავყვირით – დედამიწას გავუფრთხილდეთ, დედამიწა გადავარჩინოთ! 2023 წელსაც არ დაგვავიწყდა 22 აპრილი.

22 აპრილიდან 2 აგვისტომდე კი რამდენიმე თვეა, სწორედ ეს თვეები აცილებს დედამიწის დღეს დედამიწის ეკოლოგიური დავალიანების დღესთან (Earth Overshoot Day), რომელსაც გლობალური ნაკვალევის ქსელი ყოველწლიურად ითვლის. დედამიწის დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა, დავალიანების დღის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანიც სწორედ ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს.

დიახ, წელს (2023 წ), 2 აგვისტოს დადგა დედამიწის დავალიანების დღე. დღე, როდესაც კაცობრიობის მოთხოვნა ეკოლოგიურ რესურსებზე აღემატება იმ რაოდენობას, რამდენის აღდგენასაც შეძლებს დედამიწა ამ წლის განმავლობაში.

ათწლეულების განმავლობაში ადამიანების ეკოლოგიური და ნახშირბადის კვალი თანდათან გაიზარდა, მაშინ, როცა დედამიწის ბიოტევადობა, ანუ რესურსების რეგენერაციის უნარი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან განაპირობა ის, რომ დედამიწის დავალიანების დღე ყოველ წელს უფრო ადრე დგება, ვიდრე წინა წლებში. ეს დღე 2022 წელს 28 ივლისს დადგა; 2021 წელს – 29 ივლისს; 2020 – 22 აგვისტოს; 2019 წელს დედამიწაზე დღე, როდესაც მოსახლეობამ განახლებადი ბუნებრივი რესურსების ამ წლის მარაგი სრულად აითვისა, სამი დღით ადრე დადგა, ვიდრე 2018 წელს. ამ დღის დადგომას ეკოლოგები 70-იანი წლებიდან ითვლიან: მაშინ ეს დღე დეკემბერში დგებოდა, 1990-იან წლებში ოქტომბერში გადმოიწია, ხოლო 2000-იან წლებში – უკვე სექტემბრის დასაწყისში.

დავალიანების დღე წლების მიხედვით

დედამიწის დავალიანების დღე გამოითვლება საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Global Footprint Network-ის მიერ, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებებს სთავაზობს ინსტრუმენტების სერიას, რათა დაეხმაროს ეკონომიკას, იმუშაოს დედამიწის ეკოლოგიურ საზღვრებში. ამ ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისიდან ადამიანის მიერ რესურსების მოხმარების მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა იმ რაოდენობას, რამდენის განახლებაც პლანეტას შეეძლო. Global Footprint Network-ის მონაცემები მიუთითებს, რომ რესურსებზე კაცობრიობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად 1,7 დედამიწაზე მეტია საჭირო.

დედამიწის დავალიანების დღე, როგორც კონცეფცია, გაერთიანებული სამეფოს ანალიტიკური ცენტრის New Economics Foundation-ის წევრმა ენდრიუ სიმსმა შეადგინა, რომელიც 2006 წელს შეუერთდა Global Footprint Network-ს და წამოიწყო პირველი მსოფლიო კამპანია ამ შემთხვევის აღსანიშნავად.

ყოველი წლის კამპანიის მიზანია დედამიწის შეზღუდული რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მათ შეაფასეს, რომ 2022 წელს, შვიდ თვეზე ნაკლებ დროში, კაცობრიობა ბუნებას იმაზე მეტს სთხოვდა, ვიდრე პლანეტის ყველა ეკოსისტემას შეუძლია აღადგინოს მთელი წლის განმავლობაში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ 21-ე საუკუნის შუა წლებამდე დაგვჭირდება ორი დედამიწის რესურსი. გარდა ამისა, რესურსების ამოწურვის საშიშროება თანდათან უფრო აშკარაა. კლიმატის ცვლილება და ამ ფენომენის მიერ გამოწვეული შედეგები ერთ-ერთი ყველაზე აშკარა შედეგია. ის ფაქტი, რომ თარიღი ყოველწლიურად უფრო ადრე დგება, შემთხვევითი არ არის, რადგან ეს ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაციის შედეგია, რომელიც 1970-იანი წლებიდან დაჩქარდა. ეს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, ძირითადად, 1980-2005 წლებში ბუნებრივი რესურსების გლობალური მოპოვების 50%-იან ზრდას.

თავის მხრივ, ამან გამოიწვია კაცობრიობის ნახშირბადის ნაკვალევის ზრდა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა ეკოსისტემებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურების გამო, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილებების სწრაფი ზრდა.

თუმცა, ყველა იმ ბუნებრივი რესურსის გამოყენებას, რომლის რეგენერაციაც დედამიწას შეუძლია წელიწადში, აქვს არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური შედეგებიც. რადგან ბუნებრივი რესურსის საბაზრო ფასი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ძვირია ყველაფრის ყიდვა, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება.

იმისდა მიუხედავად, რომ Overshoot Day ყოველწლიურად უფრო ადრე დგება, 2020 წელს, გლობალური პანდემიის დროს დაფიქსირდა გაუმჯობესება, რამაც თარიღი ერთი თვით უკან დააბრუნა. თუმცა, მათის ვაკერნაგელმა, Global Footprint Network-ის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ეს არ იყო ზეიმის მიზეზი და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი გამოცდილებიდან და მივაღწიოთ წინასწარ დაგეგმილ პროგრესს და არა კატასტროფის შედეგად მოტანილს“. ამის მიუხედავად, ამ პერიოდმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მოკლევადიანი მოხმარების ჩვევებში ცვლილებების შეტანა, რაც უკეთესი მომავლის უპრეცედენტო შესაძლებლობას იძლევა.

დედამიწის დავალიანების დღის თარიღის დასადგენად, საერთაშორისო კვლევითი და არაკომერციული ორგანიზაცია Global Footprint Network აერთიანებს მონაცემებს და აყალიბებს ყველაზე გონივრულ ვარაუდებს კაცობრიობის რესურსების მდგომარეობის შესაფასებლად.

ინდიკატორი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. Global Footprint Network-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, ამ წლის ყველაზე ცუდი შედეგი კატარს აქვს, რომელმაც უკვე მიაღწია რესურსების წლიურ ლიმიტს 10 თებერვალს, მას მიჰყვება ლუქსემბურგი – დავალიანების დღე 14 თებერვალი.

საფრანგეთმა ამ დღეს მიაღწია 5 მაისს. WWF-ის თანახმად, თარიღი შეიძლება გადაიწიოს 25 დღით მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, თუ საფრანგეთის მთავრობა განახორციელებს უფრო „ეკოლოგიურ დაგეგმვას“.

Global Footprint Network-ის გათვლებით 2023 წლის 2 აგვისტოდან კაცობრიობა უკვე მოიხმარს ყველა იმ რესურსს, რომლის შევსებასაც პლანეტა ერთ წელიწადში ვერ შეძლებს. ამრიგად, კაცობრიობა ცხოვრობს „კრედიტით“ და სჭირდება 1,75 დედამიწის რესურსი, რათა დააკმაყოფილოს მსოფლიოს მოსახლეობის საჭიროებები 2023 წელს. ამ გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საფრანგეთის (5 მაისი) ან გერმანიის (4 მაისი) მსგავსი ქვეყნის მცხოვრებლების ეკოლოგიური კვალი თითქმის ორჯერ მეტია. კატარმა და ლუქსემბურგმა კი „ეკოლოგიური კრედიტის“ გამოყენება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყეს.

ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ დავალიანების დღე

თუ ყველა ისე იცხოვრებს, როგორც რუკაზე აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა, კაცობრიობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთი დედამიწა საკმარისი იქნებოდა. რაც შეეხება დარჩენილ 140-მდე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების წესს, მათი ეკოლოგიური კვალი აღემატება პლანეტის ბიოუნარიანობას, ანუ ყველა ბუნებრივი რესურსი, რომელიც დედამიწას შეუძლია აღადგინოს და ნარჩენები, რომელიც შეუძლია შთანთქას ერთი წლის განმავლობაში.

Overshoot Day წარმოადგენს „ძლიერ და მყარ“ მეთოდოლოგიას, რომელიც სცილდება ნახშირბადის კვალს. „ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ კლიმატის კრიზისზე, არამედ მთლიანად ეკოლოგიურ კრიზისზე, განსაკუთრებით კი ბიომრავალფეროვნების კოლაფსზე.

თუმცა, ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს ამ ინდიკატორს პოლიტიკის წარმართვისთვის. მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის (მაგ. მონტენეგრო) მდგრადი განვითარების სტრატეგიები ეფუძნება ეკოლოგიურ კვალს. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა ასევე აირჩია გაანგარიშების ეს მეთოდი, მათ შორის პორტუგალიის დაახლოებით 20 ქალაქმა.

მიუხედავად იმისა, რომ დავალიანების დღის ინდექსი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ მიღებული სახელმწიფო მმართველობის დონეზე, ამ ინსტრუმენტმა დაამტკიცა თავისი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

გარდა იმისა, რომ Global Footprint Network ყოველწლიურად ითვლის დავალიანების თარიღს, ამავე დროს გვაწვდის იდეებს, რომლებიც დაგვეხმარება დავალიანების თარიღის უკან გადატანაში. GFN ჩამოთვლის პირდაპირ ცვლილებებს, რათა დაგვეხმაროს, წარმოვიდგინოთ ვალისგან თავისუფალი სამყარო.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.mapfre.com/en/insights/sustainability/earth-overshoot-ecological-debt-day/

https://www.forbes.com/sites/morgansimon/2023/08/02/why-earth-overshoot-day-is-the-most-serious-deficit-were-facing/?sh=45d44966540e

https://chefoodrevolution.com/en/earth-overshoot-day/

ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ახალი ინფორმაცია ეკოლოგიური დავალიანების შესახებ – https://www.overshootday.org/newsroom/country-overshoot-days/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“