სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

 რა შეუძლია ავთანდილს?

„ყმა სოფლისა ხასიათი…“

 

პირველი, რაზედაც, როგორც ჩანს, თინათინი და ავთანდილი შეთანხმდნენ, ისაა, რომ მეფემ არ უნდა გაიგოს ავთანდილის არაბეთიდან წასვლის რეალური მიზეზი და მიზანი. დაე, ახლა მაინც არაფერმა დაურღვიოს  სიმშვიდე როსტევანს და სჯეროდეს, რომ მისი სპასპეტი სახელმწიფო საზღვრების მოსახილველად მიდის. მართალია, თინათინსა და ავთანდილს შეხვედრის დროს ამ საკითხზე ღიად არ უსაუბრიათ, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტი რუსთაველმა იმ სამ სიტყვაში ჩაგვიმალა, ვითომდა სხვათა შორის რომ თქვა: „საუბარი ასად აგეს…“ – ბევრი ისაუბრეს და ბევრ რამეზეო.

პირველი შეთქმულება როსტევანის ზურგსუკან უკვე დაიგეგმა – როგორც ჩანს,  ახალმა მეფემ თავისი რეალური პოლიტიკის გატარება მამისაგან ფარულად დაიწყო. მისი აზრები სპასპეტმა უნდა გაახმოვანოს და აკი, ავთანდილიც, რომელსაც გამზრდელის ასე პირისპირ მოტყუება უჭირს, მეფეს ეჯიბის მეშვეობით ატყობინებს: „მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო…“.

თუ რას იზამს გრძელ და გაურკვეველ გზაზე დამდგარი ჩანგზე მომღერალი „ჭრელკაბიანი“ ყმაწვილი, მალე გავიგებთ, რადგან ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით.

თავიდან მთლად ყოჩაღად ვერ გამოიყურება მარტო დარჩენილი და გაღარიბებული. ეჭვის ჭია  ღრღნის გულს – არის კი სატრფოს დავალების შემსრულებელი კაცი? თან ეს რუსთაველიც ისე ძალიან გვაბრალებს ამ აცრემლებულ და თვითმკვლელობაზე მოფიქრალ ყმაწვილს, რომ ვეღარც ხვდები, უნდა შეიბრალო თუ დასცინო. შეიბრალეთო, გვაძალებს ავტორი, რომელიც  მხოლოდ თავის ავტორიტეტს არ სჯერდება და ჩვენი თანაგრძნობის  გასაძლიერებლად უფრო დიდ ავტორიტეტს იშველიებს: „ამ საქმესა მემოწმების დიანოსი, ბრძენი ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს“.

შეიბრალეთ, მიწაზე სძინავს და ბალიშად საკუთარი მკლავი უდევსო. ესეც შენი ძლევამოსილი არაბეთის სპასპეტი, რომელსაც შემდეგ, ტარიელთან პირისპირ შეყრისას, ჯერ მიწიდან აყოლილი მტვერიც კი არ ექნება ჩამობერტყილი, მაგრამ ისე ყოჩაღად იტყვის: „მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია…“, რომ მსმენელს ტანში დაბურძგლავს.

ნელ-ნელა, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ავთანდილი – არა მარტო გრძნობისა და ემოციების – მოვალეობისა და პასუხისმგებლობის კაცი, რომელიც ვიდრე ამას იტყვის: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!“, მანამდე ისეთ რამეს ამბობს, რომ სიბრალული თუ დაცინვა  პატივისცემით გვეცვლება: „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. არარუსთველისებურად   ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა კარგად ნაცნობი: „სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო“.

ავთანდილი კი სახელისა და სიტყვის გატეხას ძალიან უფრთხილდება. თუმცა ის ყველაზე კარგად მაშინ შეიცნობა, როცა თავად გასაჭირში ჩავარდნილს სხვისი გასაჭირის მოგვარების დაუოკებელი სურვილი საკუთარ პრობლემებს დაავიწყებს ხოლმე. იქნებ სწორედ ასეთ კაცს  ეხმარება ღმერთი, იქნებ ამიტომ გადაეყარა ის ხატაელ ძმებს, რომლებმაც უცხო მოყმის კვალზე დააყენეს.

არადა სულ რაღაც ერთი საათის წინ, ვიდრე ხატაელებს შეხვდებოდა, როგორი სასოწარკვეთილი იყო: „გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია…“, ერთი საათის შემდეგ კი მშიერ-მწყურვალმა აშიშხინებული მწვადი ნაკვერჩხლებზე მიატოვა და სანატრელი ამბის გაგებით ფრთაშესხმული: „ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა“.

მისდევს ახლა ავთანდილი ამ გაველურებულ კაცს, რომელიც ვერც კი წარმოიდგენს, რომ თითქმის ოთხი წელია მთელი არაბეთის თავის ტკივილად არის ქცეული.

სამი წელია ცა და მიწა შეაჯერა ავთანდილმა, ახლა რომ კვალში უდგას და თან ტვინს იჭყლეტს, როგორ მოაგვაროს ეს „ძნელი საქმე“ ისე, რომ თან ამ გადარეულის  წუხილის მიზეზი შეიტყოს, თან მასთან შებმა-შეტაკება თავიდან აირიდოს. ყოფნა-არყოფნის დილემასავით ამბავია: „ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს…“

და რა იქნება ამბის შეტყობის შემდეგ? იქნებ ავთანდილს შურისძიების სურვილიც გაუჩნდეს…

მსგავსიც არაფერი იქნება. აკი, ვთქვით, რომ არაბეთში შურისძიებაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ თითქოს ისიც მეტისმეტია, ავთანდილი ტარიელს პირველივე შეხვედრისას ამას რომ  ეუბნება: „ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა…“ – შენთან შეხვედრამ თინათინი დამავიწყაო.

ავთანდილს ხომ ჯერ არც ტარიელის სულისშემძვრელი ისტორია მოუსმენია, არც საკუთარი თავი ჩაუყენებია მის მდგომარეობაში, არც ის გაუცნობიერებია, როგორ გაუმართლა, რომ როსტევანის ფრთის ქვეშ გაიზარდა და არა ფარსადანისა – მაშ, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უცნაური სიტყვებისა: „შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა“.

რა არის ის ძალა, რომელიც თითქოსდა სამტროდ შესაყრელ ადამიანებს (ნუ დავივიწყებთ, ერთი მხრივ, ავთანდილის შელახულ რეპუტაციას, დახოცილ მეომრებსა და სატრფოს გარეშე გატარებულ სამ უმძიმეს წელს, ხოლო, მეორე მხრივ, არაბეთში უცხო მოყმის უსამართლო დევნა-შეპყრობის დაუოკებელ სურვილს), მოყვრად შეახვედრებს და უთქმელ-უსიტყვოდაც აგრძნობინებს, რომ ერთნაირნი არიან, ერთმანეთის ტოლი და სწორი.  ამიტომაც:  „მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს…“

ბავშვივით ხელჩაჭიდებული მიუყვანა ასმათმა ავთანდილი ტარიელს, რომელმაც არც კი იცის, თუ რა გადახდა თავს მის უერთგულეს ქალს, როგორ ემუქრებოდა ავთანდილი მოკვლით. ის ისტორია, რომელიც ასმათს არც კი უამბია ტარიელისთვის,  თითქოს წვრილმანი და უმნიშვნელოა. არის რაღაც უფრო მეტი და დიდი, რასაც გამორჩეული ადამიანები გრძნობენ და ხედავენ „თვალითა ზემხედველითა“. ასე დაინახა და შეაფასა ასმათმა ავთანდილის როლი და შესაძლებლობები ტარიელის ამქვეყნად მობრუნების საქმეში. ასე ხედავენ არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ მდგარი ზემხედველნი, არამედ ამგვარი თვალით სადღაც შორიდან „დაინახა“ თინათინმაც ტარიელი, რომლის შესახებაც იმ საუბარის დროს, ასად რომ აგეს, ასე უთქვამს ავთანდილისთვის: „მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა…“, ხოლო მოგვიანებით, როცა წახდომილი კაცის ამბავი უამბო მიჯნურმა,  უკვე ეს იკითხა: „რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“…

არაბეთი მარტო ბედნიერი ქვეყანა არაა, კარგი ქვეყანაცაა, რადგან იქ თურმე არა მხოლოდ თავისიანთა მოვლა-მოფრთხილება, არამედ  ისიც იციან, რომ ადამიანი ვერასდროს იქნება ბოლომდე ბედნიერი, თუ სამყაროს რომელიღაც წერტილში ვიღაც ღირსეული კაცი უბედურია. შეიძლება ძალიან პათეტიკურად კი ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ ვერაფერს იზამ, რადგან რუსთაველის სამყაროში ეს ასეა.

ამიტომაც აღარავის ეპარება ეჭვი, რომ არაბეთში დაბრუნებული ავთანდილი ისევ უკან დაბრუნდება ტარიელთან და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ბედისაგან ნაბურთავები კაცი ღმერთს, სატრფოსა და ინდოეთს დაუბრუნოს. ერთ მშვენიერ დღეს ტარიელმაც ხომ უნდა გადააფასოს ის სიტყვები, რომლებიც ავთანდილთან შეხვედრამდე ასმათს უთხრა: „ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე?“

ასეთ სასოწარკვეთილ კაცს მხოლოდ ავთანდილისნაირი კაცი თუ ეტყვის: „შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!“

არა მარტო ეტყვის, შეასრულებს კიდეც.

თინათინმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, რა შეეძლო ავთანდილს, როცა თავად ავთანდილმაც ბევრი არაფერი იცოდა საკუთარი თავის შესახებ. ავთანდილმა თავისი ავთანდილობის არსი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გააცნობიერა და რომ არა ტარიელთან შეხვედრა, შესაძლოა ბოლომდე ვერც გაეგო, რა სურდა და რა შეეძლო.

ნადირობაში გამარჯვებული ავთანდილიდან ქაჯეთში გამარჯვებულ ავთანდილამდე გრძელი გზაა. ყველაფერი იყო ამ გზაზე: ყმაწვილური თავდაჯერება და პირველი გამარჯვების ეიფორია, სატრფოს დავალების სიმძიმე და ამ დავალების არსის გაცნობიერება, სასოწარკვეთის წლები და თვითმკვლელობის სურვილი, ასმათთან დამარცხების დიდი გაკვეთილი და გენიალური ანდერძი,  გასაჭირში ჩავარდნილ მექარავნეთა შეწევნა და სატრფოს ღალატი, ჭაშნაგირის ცივსისხლიანი მკვლელობა და მისთვის სრულიად უცნობი ქალის თავგადაკლული ძებნის ოდისეა…

რაშია ავთანდილის ძალა?

ბედნიერ ბავშვობაში, საყვარელ გამზრდელში, ბრძენ მიჯნურში, დიდებულ სამშობლოში თუ როგორც ერთ ხალხურ ზღაპარშია, გრძნეულ ზარდახშაში, რომელიც უამრავ  მასზე დიდ ზარდახშაში ძევს…

ავთანდილის ძალა ღმერთის რწმენაშია და აკი ეუბნება კიდეც ტარიელს: „იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!“

ღმერთი, რომელიც ინდოეთში დაივიწყეს, არაბეთში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ და სანამ არაბები იქნებიან, მის არსებობას ინდოელებსაც გაახსენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი