ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ცუდად ყოფნისას წასაკითხი წიგნები

ეს სია მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებას ეყრდნობა. შეგიძლიათ, სურვილისამებრ შეავსოთ.

სასუნთქი გზების ინფექციებისას

რეკომენდებულია:

1.ვიქტორიანელი მწერალი ქალები – სწორედ რომ დროა, ჩაუჯდეთ ჯეინ ოსტინს. მისი ხალასი ენა, გონებამახვილური ირონია და თხრობის სიმსუბუქე მისწრებაა, როცა სუნთქვა გიჭირს და ხველება გახრჩობს.

2.მოთხრობათა დიდოსტატები: ჰემინგუეი, ო’ჰენრი – აქაც სიმსუბუქე, იუმორი, ირონია, სისხარტე.

უკუნაჩვენებია:

1.ვიქტორიანელი მწერალი კაცები – ღმერთო! რაღა ახლა უნდა ეტაკოთ დიკენსს?

2.თომას მანი – გახსოვდეთ, რომ სუნთქვა ისედაც გიჭირთ და მისი წინადადებები კი… უბრალოდ, სუნთქვის საშუალებას არ იძლევა.

 

კუჭ-ნაწლავის ინფექციებისას

რეკომენდებულია:

1.ამელი ნოტომი, ფრანსუაზ საგანი და, საერთოდ, ფრანგი ან ფრანგულენოვანი მწერალი ქალები, განსაკუთრებით, მაშინ, თუ ძირითადმა სიმპტომებმა შვება მოგცეს და სისუსტეღა დაგრჩათ. უცებ აივსებით ენერგიით.

2.დანიილ ხარმსი – თუ პირველად კითხულობთ, ისე გეუცნაურებათ, სულ დაგავიწყებთ ყოველგვარ ავადმყოფობას.

კატეგორიულად უკუნაჩვენებია:

ელფრიდე იელინეკი – მისი „პიანისტი“ შემაძრწუნებელ ქართულ თარგმანში წამიკითხავს, მაგრამ მეეჭვება, ავტორის უკიდეგანო მიზანთროპია თარგმანის ბრალი იყოს. ისედაც გული გერევათ და იმის წაკითხვა, რომ ყველაფერი გულისამრევია… რა ვიცი, აბა, რა ვიცი…

უკუნაჩვენებია:

1.ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენი მთის მწერლები: ალექსანდრე ყაზბეგი (მეტისმეტად მძაფრი გრძნობებია და მაგის თავი გაქვთ?!), ვაჟა-ფშაველა („ქისტის მარჯვენას ბალღები / დაბლა ათრევენ კავითა“ – უკომენტაროდ), გოდერძი ჩოხელი (განსაკუთრებით, „პატარა ბუბუნაურები“).

2.ასევე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჰაგიოგრაფია („[…] თხრამლი აღმოსდიოდა ადგილ-ადგილ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ხელითა თვისითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა […]“ – ესეც უკომენტაროდ).

 

ზოგადი სისუსტისას და ანემიის სხვა სიმპტომებისას, როგორებიცაა ტაქიკარდია და თავბრუსხვევა

რეკომენდებულია:

1.აუდიოწიგნები, რამე გრძელი და ჩამთრევი, მაგალითად, აკა მორჩილაძის „სანტა-ესპერანსა“ (ახლა იტყვით, „რამე გრძელი და ჩამთრევი“ „სანტა-ესპერანსას“ რანაირი დახასიათებააო. ვიცი, ჩემო კარგებო, ვიცი, მაგრამ ამ წიგნის ღირსებებს ამ სიაში ვერ გავშლი. ამიტომ, უბრალოდ, დამიჯერეთ – ნაცადი მაქვს).

2.ფენტეზი: თუ არ წაგიკითხავთ, ახლაა „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰარი პოტერის“ დრო.

უკუნაჩვენებია:

მოდერნისტები – როგორმე სხვა დროს წაიკითხეთ ფოლკნერი და ვირჯინია ვულფი. ჯოისისა „დუბლინელები“ კიდე შეიძლება, დანარჩენს შეეშვით.

პოსტმოდერნისტები, რომლებიც ძალიან გაერთნენ ენობრივ-სტრუქტურული თამაშებით და ამბავი მიივიწყეს – ეს ძირითადად, 60-70-იანი წლების ამერიკელ და არამხოლოდ ამერიკელ ავტორებს ეხებათ. ნუ ჩამომათვლევინებთ, ბევრნი არიან…

 

ზაფხულის აუტანელი, ზანტი და ცხელი დღეებისას, როცა ზოგადი უგუნებობა გაწუხებთ

რეკომენდებულია:

1.მაგ დღეებივით წიგნები ანუ ძველი კლასიკა, მდორედ და დაფიქრებით რომ მიდის: ანტიკური ლიტერატურა, „დონ კიხოტი“, „მობი დიკი“. თუ ზედმეტი სიმძიმე იგრძნოთ, გამოურიეთ ცოტა შექსპირი.

2.თანამედროვე ინტელექტუალი მწერლები: ბორხესი, უმბერტო ეკო („ვარდის სახელი“), მილორად პავიჩი („ხაზარული ლექსიკონი“, განსაკუთრებით), ოლგა ტოკარჩუკი („წიგნები იაკობისა“), ზურა ქარუმიძე („დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“), მარგარეტ ეტვუდი („ორიქსი და კრეიკი“), სუზანა კლარკი („პირანეზი“ – თარგმნილი არაა და დედანში თუ წაიკითხავთ)…

3.დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა – თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ.

4.პლატონის დიალოგები – სახალისოა, დამიჯერეთ.

 

უკუნაჩვენებია:

ყველა სხვა ფილოსოფოსი – ისედაც ოფლში იხვითქებით, კიდე ტვინის ადუღება გინდათ?

 

საპროფილაქტიკოდ და ყოველთვის

რეკომენდებულია:

პ ო ე ზ ი ა – შეუზღუდავად და თამამად იკითხეთ. ეს ისეთი რამეა, ზედმეტი ვერ მოგივა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი