სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

CLIL მეთოდი ბუნებისმეტყველების სწავლებაში

მეორე ნაწილი

2020 წელს საქართველოში დაიწყო საერთაშორისო პროექტი ESTA (Educating Science Teachers for All), რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს საქართველოს 2 უნივერსიტეტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ მასწავლებლები, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამისთვის შეიქმნა სასწავლო კურსი, რომელიც მიმართულია ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში ენობრივი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროცესის დასაგეგმად იმ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა. დაიგეგმა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ქართული ენის ინტეგრირებული მოდული CLIL-ის მეთოდის გამოყენებით. და დაინერგა ის პროექტში ჩართული სკოლების დაწყებით საფეხურზე, თბილისსა და უმცირესობით დასახლებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ჩვენი რეალობისთვის ადაპტირდა დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის – „ლილუს სახლი – ენობრივი უნარების განვითარება და საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები“. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დახმარებით მასწავლებელი იოლად შეძლებს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაზრდასა და სწავლის მოტივაციის ამაღლებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და აღფრთოვანებას სწავლების ადრეულ საფეხურზე.

სასწავლო რესურსი „ლილუს სახლი“ მასწავლებლებს სთავაზობს იდეებსა და ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესში დასანერგად. აღნიშნული რესურსი გამორჩეულია იმით, რომ ეხმარება ენობრივი სირთულეების მქონე მოსწავლეებს, განივითარონ ენობრივი კომპეტენციები საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. ტექსტები და დავალებები სხვადასხვა დონისაა. შესაბამისად, მათი გამოყენება შესაძლებელია ენობრივი კომპეტენციების მიხედვით ჰეტეროგენულ კლასებში. „ლილუს სახლში“ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მიერ დაგეგმილი და საკლასო სივრცეში გამოცდილი გაკვეთილები. ყოველი თემა უკავშირდება მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებას. მოქმედებები ხდება სახლში, სახელმძღვანელოს ორი პერსონაჟი – ლილუ და ალინა ერთად აკვირდებიან და ცდილობენ ამოხსნან ისეთი საიდუმლოებები, როგორიცაა, მაგალითად, აბაზანაში დანამული სარკეები და კედლები, მისაღებში მოხტუნავე ლობიოს მარცვლები და სამზარეულოში საფუვრის მოქმედებები. სახელმძღვანელოში სახლის სივრცეების შემოტანა ხელს უწყობს კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას. ამავდროულად, ხდება ენობრივი ერთეულების გავარჯიშებაც – მუშავდება ექსპერიმენტთან დაკავშირებული ლექსიკა, წინადადებების ნიმუშები, ხელი ეწყობა წაკითხულისა და მოსმენილის გაგება-გააზრებასა და ა.შ. პერსონაჟები, ლილუ და ალინა აღტაცებულნი არიან მეცნიერებით და მუდმივად ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი აქვთ, სულ სიახლეების ძიებაში არიან და ახალ-ახალი აღმოჩენებისაკენ მიილტვიან.

სახელმძღვანელოში შეხვდებით: ლილუს მიერ დაგუბებულ წყალში სარკის ეფექტის აღმოჩენასა და არეკვლის მოვლენის გაცნობას, სარკის დახმარებით ხატვის მეთოდს, აორთქლებისა და კონდენსაციის მოვლენების აღმოჩენას, ექსპერიმენტებს საფუარსა და ცომზე, ხახუნის განმარტებას ფეხმოტეხილი დივნის გათრევის მაგალითზე, მცენარეებისთვის საჭირო პირობების კვლევას, სხვადასხვა თამაშსა და სხვა. სახელმძღვანელოში მოსწავლეები გაეცნობიან ლილუსა და ალინას მეგობრებს და მათთან ერთად მეცნიერების სამყაროში იმოგზაურებენ.

სახელმძღვანელოში მოცემული კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილები ეყრდნობა კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო მიდგომას. წიგნიერების სტრატეგიის გამოყენებით ვითარდება ისეთი უნარები, როგორებიცაა – კრიტიკული აზროვნება, შეკითხვების დასმით სიღრმისეული კავშირების დამყარება, გამოკვლევის, გააზრების, რეფლექსიის უნარი და სხვა. ამბავი და მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო აქტივობები მოსწავლეს ეხმარება, მათ გარშემო სამყაროს შემეცნებაში, ამავდროულად, გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საბუნებისმეტყველო გაკვეთილები ეფექტურად გამოვიყენოთ წიგნიერების (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა) განვითარების მიზნით. ყოველი ამბავი იყოფა ქვეთემებად, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს, დაამუშაონ შინაარსი ნაწილ-ნაწილ. ამ დროს მათ უმარტივდებათ ინფორმაციის აღქმა. თითოეული თემა ფოკუსირებულია სპეციფიკურ საბუნებისმეტყველო პრობლემაზე, რომელიც უნდა გადაჭრან მოსწავლეებმა. თითოეული თემა მოიცავს:

  • მოქმედებას, რომელიც ხდება მთავარი პერსონაჟის სახლის რომელიმე ოთახში;
  • კონკრეტულ სიტუაციურ ამბავს (ლილუს, ალინასა და მათი მეგობრების შესახებ);
  • მეცნიერულ კვლევა-ძიებას, ექსპერიმენტს;
  • კითხვის, წერისა და მეტყველების სტრატეგიებს ყოველდღიურ და საბუნებისმეტყველო კონტექსტში.

ლილუსა და ალინას მონაწილეობით სახლში ჩატარებული ექსპერიმენტები და კვლევები ხელს უწყობს ბუნებისმეტყველებისათვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას. კერძოდ, შეკითხვების იდენტიფიცირებას, ვარაუდების გამოთქმას, კვლევის დიზაინის შემუშავებას, მტკიცებულებების მოპოვებას, ინტერპრეტაციას, მსჯელობას, მონაცემების ანალიზს, დასკვნების გაკეთებასა და შესწავლილის გადმოცემა/გაზიარებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ამბების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეს უჩნდება სურვილი, თვითონ დასვას შეკითხვა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი. ამ პროცესში გამოიყენება საზომ-სახაზავი ხელსაწყოები, კეთდება წერილობითი ჩანაწერები, ცხრილები, გრაფიკები და ნახატები. სახელმძღვანელო ხელს უწყობს კლასიფიკაციის უნარ-ჩვევის განვითარებას, როგორიცაა, სხვადასხვა სხეულის მახასიათებლების, მსგავსება-განსხვავებების ამოცნობა, კლასიფიკაციის ყველაზე მოხერხებული მეთოდის პოვნა და სხვა.

საუბარსა და თანატოლებთან თანამშრომლობით ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში, რასაც, აგრეთვე, ხელს უწყობს სახელმძღვანელო „ლილუს სახლი“. მსჯელობა, მოსაზრებების გაზიარება და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება ეხმარება მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში შესასწავლი მოვლენებისა და პროცესების კონცეპტუალურ აღქმა-გაგებაში. დისკუსია ეხმარება ბავშვებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებაში. კონცეპტუალური გაგება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრების უნარი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია. სწავლების დაწყებით საფეხურზე პრიორიტეტულია ისეთი მეცნიერული უნარების განვითარება, როგორიცაა: აღწერა, განხილვა, პროგნოზირება, ახსნა, ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მოსაზრებების ანალიზი და სხვა. სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია ამ უნარების განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პედაგოგიური მიდგომები, მაგალითად, სამუშაო ფურცელზე აღწერის ან კომენტარის დართვა მოსწავლის ქმედებების შესახებ; სპეციალური ჩარჩოს გამოყოფა, რომელშიც მოსწავლეები აღწერენ, როგორ იძენენ ცოდნას, როგორ მიდიან გადაწყვეტილებებამდე; ამბის თხრობა, როლური თამაში, სიტყვების ბარათების გამოყენება და სხვა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სახელმძღვანელო „ლილუს სახლი“ ეფექტიანია იმ მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა, თუმცა დიფერენცირებისა და მოდიფიცირების პრინციპებზე დაყრდნობით, მასწავლებელს მასში მოცემული შინაარსისა და აქტივობების გამოყენებაც შეუძლია.

პროექტის ESTA შესახებ იხილეთ ბმული:

  1. https://esta-project.eu/
  2. https://www.facebook.com/groups/764030350800443

მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო ლილუს სახლი“ იხილეთ ბმულზე:

  1. https://www.science-on-stage.eu/sites/default/files/material/lilus-sakhli-enobrivi-unarebis-ganvitareba-da-sabunebismetkvelo-eqsperimentebi.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“