სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სკოლის როლი ნარჩენების მართვაში

ჩვენი პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი ეკოსისტემის დაბინძურების დონეც. ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, რომელთა დაშლასაც ბუნება ვერ ახერხებს, გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მრავალ ქვეყანაში „ნარჩენების კრიზისს“ იწვევს. ნაგვის მოცულობასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმატებს ნაგავსაყრელთა რაოდენობა და მოცულობაც. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები მუდმივად აბინძურებს ნიადაგს, წყალსა და ჰაერს და ზემოქმედებს ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლისუნარიანობაზე. პლასტმასისა და პოლიეთილენის მოხმარება რომ საგანგაშო ნიშნულებს აღწევს, ყველასთვის ცნობილია. პლასტმასა მასალაა, რომელიც ასეულობით წელს ძლებს. მაგალითად, პლასტმასის ბოთლის დაშლას 450 წელი სჭირდება, პოლიეთილენის პარკის დაშლას – 200-დან 1000-მდე, ბავშვის ერთჯერადი საფენის დაშლისთვის 500 წელია საჭირო.

პრობლემის სიმძაფრემ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეცვალა ხედვა ნარჩენების მართვის შესახებ და ნაგავსაყრელზე მათი განთავსება ყველაზე ნაკლებეფექტიანად იქნა მიჩნეული. ნარჩენების შემცირება, მათი გადამუშავება და რესურსად გამოყენება, ბუნებრივი რესურსების შემცირების ფონზე, მრავალი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხად იქცა. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება, რაც ფრიად სასიხარულოა.

დღეს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს საფუძვლად უდევს 3R-ის ინიციატივა (REDUCE – შემცირება; RECYCLE – გადამუშავება; REUSE – ხელახალი გამოყენება) 3R-ის ინიციატივას ეყრდნობა ნარჩენების მართვის იერარქის მოდელიც, რომელსაც ამობრუნებული პირამიდის ფორმა აქვს. თავში მოქცეულია ყველაზე სასურველი ქცევა – ნარჩენების შემცირება, ხოლო ბოლო საფეხური უკავია ყველაზე ნაკლებად სასურველ ქმედებას – ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსებას.

 

შესაბამისად, თუ ადამიანი არსებული ნარჩენების გადამუშავებით მიიღებს რესურსს ახალი წარმოებისთვის და არ შექმნის ან შეიძენს იმპორტირებულ პლასტმასას, გადაამუშავებს მაკულატურას, ჩააბრუნებს მას აქტიურ ხმარებაში და არ მოჭრის ხეს ქაღალდის დამზადების მიზნით, განახორციელებს ზემოხსენებული მოდელის სამ ყველაზე სასურველ ქმედებას.

ვფიქრობ, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალია. ყველამ იქ, სადაც ხელგვეწიფება, უნდა მოვახდინოთ დადებითი ძვრები ამ კუთხით და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ნარჩენების შემცირებისა და მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ყველაფერი ცოდნით იწყება. რაც უფრო მეტად გვექნება გაცნობიერებული გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, მით უფრო მეტად შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის.

ეკოლოგიური წიგნიერება ესგ-ის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. სკოლა ვალდებულია, სასკოლო საზოგადოებაში აღნიშნული კომპეტენციის განვითარებაზე იზრუნოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოზარდმა გააცნობიეროს, რა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო, იგრძნოს თავი მსოფლიოს მოქალაქედ, მიხვდეს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის გაუაზრებელმა ქმედებამ და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში, სკვერებსა თუ სასკოლო სივრცეში დაყრილ ნაგავს. ამ ნაგავს ჩვენ ვყრით: მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები თუ ბებია-ბაბუები. ამიტომ აუცილებელია, სკოლაში გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, დაიგეგმოს აქტივობები და პროექტები აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით.

რა თქმა უნდა, სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიან ეკოსისტემის დაბინძურების საკითხებს და იმაღლებენ ცოდნას იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რაც უნდა საინტერესო, აქტიური და მრავლის მომცემი იყოს გაკვეთილი, ის სასკოლო საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილზე გადის. საჭიროა, სკოლაში ხორციელდებოდეს პროექტები და ამ პროექტებს ჰქონდეს მუდმივი, უწყვეტი სახე. ერთჯერადი 1-2 თვეზე გაწერილი პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ აჯობებს, ნარჩენების მართვა და ჩვენს საარსებო გარემოზე ზრუნვა სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობად ვაქციოთ, რათა მოსწავლეს საჭირო ჩვევები და უნარები გამოუმუშავდეს.

სასკოლო საზოგადოება ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ყოველდღიურობაში გადაზრდილი სასწავლო-სოციალური პროექტი, რომელიც შეეხება სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს, აუცილებლად მოგვცემს თვალსაჩინო შედეგებს .

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს საქართველოში 2 302 საჯარო სკოლაა. მათში 569 644 მოსწავლე სწავლობს. ასევე, როგორც ვიცით, არსებობენ კომპანიები რომლებიც გადაამუშავებენ მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენს, (პლასტმასის ბოთლი, პლასტმასის თავსახური, წყლის დისპენსერის ჭიჯა, პოლიეთილენის პარკი, ალუმინის ქილა, თუნუქის ქილა, კბილის ჯაგრისები, დაზიანებული სადენები, ელემენტები და სხვ.), იყენებენ როგორც რესურსს და აწარმოებენ ახალ ნივთებს, ანუ ისევ გამოყენებაში აბრუნებენ. იმავე პრინციპით ხდება მაკულატურის გადამუშავება და გადამუშავებული ქაღალდის გამოყენებაში დაბრუნება. სკოლაში რომ დაინერგოს ეტაპობრივად გაწერილი პროექტი, რომელიც შეეხება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს, მიზნად დაისახავს ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებთან სკოლის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება ძლიერი ჯაჭვი, რომელიც მრავალმხრივ სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას:

* დაიზოგება უმნიშვნელოვანესი რესურსი (ხე-ტყე);

* შემცირდება ნარჩენების მოცულობა და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურების ხარისხი;

* გადამამუშავებელი კომპანიის მხრივ დაიზოგება რესურსების მოპოვება-შეძენაზე გასაწევი ხარჯები, ფინანსები, რომლებიც უნდა გასულიყო სხვა ქვეყნებში (იმპორტირებული მასალის შეძენის შემთხვევაში), დარჩება საქართველოში.

პირველ ეტაპზე აუცილებელია, ყველა საჯარო სკოლამ სკოლის მისიასა და სკოლის მიზანში ყურადღება გაამახვილოს გარემოსდაცვით საკითხებზე და ყველა სასწავლო დისციპლინის კურიკულუმში მასწავლებელმა ადგილი დაუთმოს ნარჩენების მართვის საკითხს. ვფიქრობ, 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სახელმძღვანელო -„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ – თავისი უხვი რესურსებით შესანიშნავი საყრდენი იქნება მასწავლებლებისთვის. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ცხრილში (გვ. 6) მოცემული ყველა საკითხის მაქსიმალურად გადმოტანა სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ პროექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად საჭირო ცოდნა და უნარები:

წიგნს ახლავს გაკვეთილის გეგმები, აქტივობები და რესურსები როიმლებიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.

აუცილებელია, მოსწავლეებმა მოახდინონ გარემოსდაცვის კუთხით მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში, სკოლამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნარჩენების მართვის კუთხით და აქტიურად ჩართოს ამაში მთელი სასკოლო საზოგადოება. სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მათთვის სათანადო ცოდნის მიცემა და პროექტში ჩართვა. საკლასო ოთახშივე უნდა დაიდგას სამი სათავსო ნარჩენებისთვის (მინის ნამსხვრევები სასკოლო სივრცისთვის არადამახასიათებელია), რათა ბავშვებმა საკლასო ოთახშივე შეძლონ ნარჩენების დახარისხება: ქაღალდი – ცალკე, პლასტმასა – ცალკე, საკვების ნარჩენები – ცალკე. დახარისხებული ნარჩენები ყოველი დღის ბოლოს ისევ ცალ-ცალკე მოთავსდება მწვანე ყუთებში, რათა შესაბამისმა კომპანიამ შეძლოს მისი გადაზიდვა თავის საწარმოში. ამ პროცესის მთავარი მოქმედი პირი უნდა იყოს მოსწავლე, ის უნდა ახდენდეს ნარჩენების დახარისხებას და დასაწყობებას. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე პროექტი ამოქმედდება მხოლოდ რამდენიმე სკოლაში – სავარაუდოა, რომ გადამამუშავებელი კომპანიები ვერ შეძლებენ ერთად ამდენი ნარჩენის ტრანსპორტირებას და გადამუშავებას, ამიტომ ამ ტენდენციამ ნელ-ნელა უნდა მოიკიდოს ფეხი, გადამამუშავებელ საწარმოთა გადამუშავების უნარის ზრდის პარალელურად.

როგორც ვიცი, თბილისის რამდენიმე სკოლაში მსგავსი პროექტი დაწყებულია. აუცილებელია, სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკა და გამოცდილება, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ.

131-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ჯგუფმა განვახორციელეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის კუთხით. მოვიწვიეთ მაკულატურის გადამამუშავებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა ვორქშოპი და ბავშვებს გადამუშავებული ქაღალდი აჩვენა. მოსწავლეებს გავაცანით პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანია და პლასტმასის გადამუშავების ეტაპები, მივაწოდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის შესახებ. დამზადდა ფლაერები, ბუკლეტები, პრეზენტაციები. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით შეგროვდა და დახარისხდა ნარჩენები, რომლებიც გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეგზავნა.

ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავ, რამდენიმე სკოლას შევთავაზო მწვანე ყუთის დადგმა და ნარჩენების მართვის კუთხით საერთო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც სასწავლო პროცესში იქნება ჩაშენებული. ამისთვის საჭიროა:

  1. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ყოველდღიურად ზრუნვა;
  2. საკლასო ოთახშივე ნარჩენების კლასიფიკაციისთვის განკუთვნილი სათავსების დადგმა იმის მიხედვით, რომელი კომპანიის მწვანე ყუთს დაიდგამს სკოლა;
  3. მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ნარჩენების დახარისხებასა და დასაწყობებაში (მაგ., მორიგეობა).

თუ გვინდა, დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ, პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ საკუთარი და ირგვლივ მყოფთა ქცევა. საიდან შეიძლება დავიწყოთ ეს, თუ არა სკოლიდან?! პირველივე კლასში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილება. ყოველივე ეს მოგვცემს მომავალ თაობას, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც იზრუნებს დედამიწაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მაია ბლიაძე. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება. თბილისი, 2020 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“