სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

5 ინოვაცია მასწავლებლებისთვის მოსწავლეთა წარმატების გასაუმჯობესებლად

ყველა მასწავლებელი  ცდილობს, მის  მიერ ჩატარებული ონლაინ თუ პირისპირ ჩატარებული გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი. მაგრამ ძნელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინოვაციების პოვნა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ გარემოში და ეფექტურად იმოქმედოს მოსწავლის შედეგებზე.

სწავლაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, მოსწავლეების ხასიათი, გარემო, ხმაური და დღის პერიოდიც კი.

პროფესორმა ჯონ ჰეტიმ 2009 წელს Visible Learning-ში ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სწავლების სტრატეგია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. ანალიზი აერთიანებდა 60 ათასზე მეტ კვლევას მილიონობით სტუდენტზე, რათა დადგენილიყო ეფექტური სტრატეგიები.

კვლევა ეფუძნებოდა საკლასო ინოვაციებს ოც წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის განვითარებულ ინგლისურენოვან ქვეყნებში. თუმცა, ეს დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულთათვისაც ამ კვლევის სიდიდისა და ზრდასრულთა განათლების სფეროში არასაკმარისი მონაცემების გამო.

დასკვნები წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალით. კერძოდ, ბარომეტრით, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურია კონკრეტული ინოვაცია და როგორ გავლენას მოახდენს სტუდენტის მიღწევებზე.

პირველი შეხედულება(insight) –  ნებისმიერი ინოვაცია დაგეხმარებათ.

რეალურად, მარტივია სწავლის ეფექტურობის გაზრდა. მასწავლებლის კლასში ყოფნაც კი გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. ნებისმიერი ინოვაციის საშუალო ეფექტი ბარომეტრზე არის დაახლოებით 0.40, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათზე.

სასურველია, რომ ეს რიცხვი 0.40-ზე მეტი იყოს. ეს არათუ შესაძლებელია, არამედ რეალურად  ინოვაციურობის საშუალო მაჩვენებელია.

მეორე მიდგომაა – დანერგეთ ინოვაციები, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ სწავლის ხარისხზე.

ჰეტი თვლის, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტი, რომ მიიღოს 0.40-ზე მეტი. ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია ხუთი საუკეთესო სიახლე სწავლების სფეროში.

განვიხილოთ ეს 5 ინოვაცია.

  1. განმავითარებელი შეფასება (უკუკავშირი) გულისხმობს სწავლის პროგრესის შეფასებას სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან მის განმავლობაში და არა შემაჯამებელ შეფასებას სწავლების დასრულების შემდეგ. ეს სწავლის პროცესს თვალსაჩინოს ხდის სტუდენტისთვის – მას უნდა შეეძლოს, დაინახოს საბოლოო მიზანი, სად იმყოფება ამჟამად ამ მიზანთან მიმართებაში და როგორია მიზნამდე მისასვლელი გზა.
  2. მიკრო სწავლება ეხება მასწავლებლის მომზადებასა და განვითარებას. ამისათვის მასწავლებელი ატარებს და ამავდროულად იღებს მინი-გაკვეთილებს მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება კოლეგებსა და მოსწავლეებთან ერთად დეტალურად განიხილოს ვიდეოჩანაწერი.
  3. ინტერვენციები სწავლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც სტუდენტები აწყდებიან კითხვის, წერის ან მათემატიკის სწავლისას. ის მოიცავს სავარჯიშოების გამეორებას, დავალების მცირე ნაწილებად დაყოფას, ამოცანის სირთულის გამარტივებას მინიშნებების მეშვეობით, ტექნოლოგიის გამოყენებას, პრობლემის გადაჭრის ნაბიჯების მოდელირებასა და მცირე ინტერაქტიურ ჯგუფებში მუშაობას. მასწავლებლები იყენებენ პირდაპირ და სტრატეგიულ ინსტრუქციებს – ნათლად და კონკრეტულად ასწავლიან სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას, იქნება ეს მათემატიკაში დიდი რიცხვების გაყოფა თუ აკადემიური სტატიის ინტერპრეტაცია.
  4.  სიცხადე (clarity)  გულისხმობს მკაფიო სასწავლო მიზნების დასახვასა და კომუნიკაციას საინტერესო და სწორად სტრუქტურირებული ახსნა-განმარტებებითა და მაგალითებით. ეს ყველაფერი სტუდენტებს დაეხმარება, ნათლად გაიგონ სასწავლო პროცესი.
  5. ორმხრივი სწავლება მოსწავლეებს უყალიბებს კოგნიტურ ჩვევებს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ შემეცნებითი სტრატეგიები, როგორებიცაა შეჯამება, კითხვა, ჩაძიება და წინასწარი ვარაუდების გამოთქმა, დასკვნების გაკეთება. მასწავლებელი და მოსწავლე დიალოგში შედის და ცდილობს, ტექსტის შინაარსი გაიგონ. მაგალითად, თითოეული სტუდენტი, თავის მხრივ, ითავსებს „მასწავლებლის როლს” და უძღვება დიალოგს ტექსტის მონაკვეთებთან დაკავშირებით.

ეფექტური ინოვაციები არ არის აუცილებლად დაკავშირებული მაღალ ტექნოლოგიებთან.

საინტერესოა, რომ, ჰეტის კვლევის თანახმად, ყველაზე გავლენიანი ინოვაციები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია შემოიღოს, არის საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება და სწავლის პროცესის თვალსაჩინოდ წარმოდგენა. ჰეტი ცდილობს, ხაზი გაუსვას სტუდენტების მოლოდინის მნიშვნელობას და მათ ხილვადობას სასწავლო პროცესში.

 

როგორ ფიქრობთ, რომელ ინოვაციას ექნება ყველაზე დიდ გავლენა სტუდენტის წარმატებაზე თქვენს კონტექსტში? ამიტომ მოდით- 

შეავსეთ კითხვარი, დაგეხმარებათ

 

თარგმნა –  თამარ ვანიშვილმა

წყარო:https://learningandteaching-navitas.com/dazzling-data-the-top-5-teacher-innovations-that-enhance-student-success/?fbclid=IwAR2qCD469S4sOY47f1DUSTWra75X9hcICUees4ijgZvjR3F2G8uslGPWIuQ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“