სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თამაში ზედამხედველობის გარეშე – რატომ არის ეს აუცილებელი ბავშვებისთვის?

ინტერვიუ ბოსტონის კოლეჯის მკვლევართან, ევოლუციონისტ-ფსიქოლოგთან, დოქტორ პიტერ გრეისთან [1]

 ჯინი (1000 Hours Outside-ის წარმომადგენელი): პიტერ გრეის წიგნმა „Free to Learn“ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე მისი სხვა წიგნებიც მაქვს, შეგიძლიათ, ნახოთ ისინი ჩემს თაროზე. დოქტორო გრეი, ან პიტერ, როგორც მთხოვეთ, მომემართა, მინდა, საჯაროდ გითხრათ დიდი მადლობა და დაგიდასტუროთ, რომ თქვენ შეცვალეთ ჩემი და ჩვენი ოჯახის ცხოვრება. შეცვალეთ იგი ჩვენი შვილებისთვის. ამ ცვლილებამ ჩვენს ოჯახში თაობებზე მოახდინა გავლენა. მე დღეს გამოვდივარ საოჯახო სწავლების (ე.წ. ჰოუმსქულინგი – მოძრაობა ამერიკაში, როდესაც მშობლები ბავშვებს შინ ასწავლიან განათლების ადგილობრივ განყოფილებასთან შეთანხმებული პროგრამით. ჰოუმსქულინგი დაშვებულია აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში, – ლ.ა) კონფერენციებზე. თუ შეიძლება, მოკლედ წარმოგვიდგინეთ თავი და მოგვიყევით, როგორ დაიწერა თქვენი წიგნი.

დოქტორი პიტერ გრეი: სიამოვნებით მოგიყვებით. მე გახლავართ მკვლევარი და პროფესორი ბოსტონის კოლეჯში. ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავედი და შევწყვიტე სწავლება, თუმცა ვაგრძელებ კვლევასა და სტატიების წერას. მე ფსიქოლოგ-ევოლუციონისტი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინტერესებს ადამიანის ბუნება და ბუნებრივი სელექციის საკითხები. უკვე მრავალი წელია, ვიკვლევ და ვსწავლობ ბავშვების განვითარებას, მათ ბუნებას, უფრო ზუსტად, იმ ბუნებრივ გზებს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და გარე სამყაროს იკვლევენ.

ჩემმა კვლევებმა იქამდე მიმიყვანა, რომ გავხდი თვითმართული განათლების მეთოდების ადვოკატი – ეს ის გზაა, როდესაც ბავშვები საკუთარი ინიციატივით სწავლობენ. ბავშვები, ჩემი რწმენით, ბიოლოგიურად შექმნილნი არიან ისე, რომ თვითონვე შეძლონ სწავლა გარე სამყაროდან: თამაშისადმი ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა, სოციალურობა და გაზრდის სურვილი ის მთავარი სტიმულები და საშუალებებია, რომლებიც მათ სწავლისკენ უბიძგებს. ასევე მჯერა, რომ ჩვენი [როგორც ბიოლოგიური სახეობის] დახვეწა-განვითარება ბუნებრივი სელექციის მეშვეობით სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობდა და განათლების უნარის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

შესაბამისად, მსურს, მივცეთ ბავშვებს თვითმართული განათლების საშუალება და უფლება. ვფიქრობ, ჩვენ მიერ ბავშვების ცხოვრების კონტროლი მზარდია და ეს ხელს უშლის მათ, სრულად გამოიყენონ თვითგანათლების ბუნებრივი ინსტინქტი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კვლევითი ინტერესები გადაიკვეთება თქვენს ინტერესებთან. კერძოდ, ორივეს გვსურს, ბავშვებს მეტი დრო ჰქონდეთ თამაშისთვის, განსაკუთრებით კი გარეთ თამაშისთვის, რათა მათ გარშემო არსებული სამყარო გამოიკვლიონ.

ჯინი: ჩვენ საოჯახო სწავლების გზაზე შემთხვევით მოვხვდით. ახლა ჰოუმსქულერების ოჯახი ვართ, თუმცა ადრე მსურდა, დირექტორი გავმხდარიყავი – მემართა სკოლა და მთელი დღეები ეს მეკეთებინა. მაგრამ მაშინ სახლში ბევრი ბავშვი გვყავდა და უბრალოდ ვერ შევძელი დირექტორობა. ამან განაპირობა, რომ ბავშვების განათლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

სწორედ ამ დროს თქვენი წიგნი გახდა ამ ახალი მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. საშუალება მოგვეცა, უკეთ გაგვეგო, რას ვაკეთებდით და დღემდე მადლიერები ვართ ამისთვის.

თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი შვილის ამბავი, რომელიც წიგნის ბოლოს მოიყვანეთ მაგალითად. როგორც მახსოვს, წერთ, რომ 1982 წელს თქვენი 13 წლის ვაჟი მარტო, მობილური ტელეფონის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად გაემგზავრა ლონდონში. მართლა ასე იყო? თქვენი სიტყვებით, მარტომ დაგეგმა თავისი მოგზაურობა, 12 წლისამ გამოიმუშავა ფული ამ მოგზაურობისთვის და მარტო გაფრინდა ლონდონში ორი კვირით იქაურობის სანახავად.

დოქტორი გრეი: უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ მაშინ ლონდონში ნამყოფი არ ვიყავი. ჩვენ ყოველთვის შინ ყოფნა გვერჩივნა, მიწას ძლიერად მიბმული ოჯახი ვიყავით. მას შემდეგ ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ იმ დროს, ფაქტობრივად, არსად ვიყავით ნამყოფი.

ჩემი ვაჟი, ჩვენგან განსხვავებით, მოგზაურობის მოყვარული აღმოჩნდა და ლონდონში გამგზავრება გადაწყვიტა. მიზეზიც ჰქონდა იქ წასასვლელად: იმ დროს ძლიერ იყო გატაცებული ცნობილი სამაგიდო თამაშით „დილეგები და დრაკონები“. შედეგად უამრავი რამ ისწავლა ბრიტანეთის ისტორიის შესახებ და იმ მუზეუმების ნახვა სურდა, რომლებშიც მისთვის საინტერესო ნივთები და არტეფაქტები იყო გამოფენილი. სურდა ციხესიმაგრეების ნახვაც… ამიტომაც ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ლონდონში გამგზავრებას გეგმავდა. ჩვენთან საუბრისას მოგზაურობა უკვე დაგეგმილი ჰქონდა

იმ დროს 12 წლისა გახლდათ და შეგახსენებთ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ინტერნეტი (ინტერნეტის გამოყენება და მსოფლიოს პირველი ბრაუზერის კოდი ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს-ლიმ 1993 წელს გახადა საჯარო გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი, – ლ. ა.). ყველაფრის დაგეგმვა თვითონ მოუხდა: მოძებნა ბიბლიოთეკაში წიგნები, ჩამოწერა საჭირო საქმეების სია, გაარკვია, რა იყო საჭირო წასასვლელად, სასტუმროს დასაჯავშნად და სხვა. ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდა ჩვენთან და თავისი გეგმის შესახებ შეგვატყობინა.

ჩემი მთავარი საფიქრალი ის იყო, რომ ჩემს შვილს პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ამ სახის დიაბეტით მარტოს უნდა ემგზავრა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ცხრა წლიდან, როდესაც მისი დაავადების შესახებ შევიტყვეთ, ის თვითონვე იკეთებდა ინსულინის ინექციებს და ამ საქმეს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდა. როდესაც გეგმა გაგვაცნო, ჩვენი პირველი რეაქცია უარყოფითი იყო. მან კი გვითხრა: „კარგად იცით, რომ მე დიაბეტი სულ მექნება, მაგრამ 18 წლის რომ გავხდები, წასვლას ვერ ამიკრძალავთ. გამოდის, რომ მხოლოდ ჩემი ასაკის გამო მეუბნებით უარს“.

ამ სიტყვების შემდეგ უკან დავიხიეთ და ვაღიარეთ, რომ ის, მიუხედავად ასაკისა, პასუხისმგებლობიანი პიროვნება იყო და საკუთარ თავზე ზრუნვა შეეძლო. გვითხრა, რომ მოგზაურობისას აპირებდა სპეციალური მედალიონის ტარებას, რომელიც ინსულინზე რეაქციის ან სხვა გართულების შემთხვევაში სხვებს შეატყობინებდა მისი დიაბეტის შესახებ. ამის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ საკუთარი სახსრებით აპირებდა მოგზაურობას და რესტორანში მუშაობით ფული უკვე შეგროვებული ჰქონდა.

80-იანი წლები დღევანდელობისგან განსხვავდებოდა, თუმცა რესტორანში, დროებით სამუშაოზე, 12 წლის ბავშვის მუშაობა მაშინაც სავსებით კანონიერი იყო. როგორც გვითხრა, ჯერ თეფშებს რეცხავდა, შემდეგ გრილზე მუშაობდა და ამას მოგზაურობისთვის ფულის შესაგროვებლად აკეთებდა.

საბოლოოდ ყველაფერი შედგა. მან იმოგზაურა და, როგორც მოგვიყვა, პარიზშიც კი ჩავიდა ლონდონიდან.

აქვე უნდა გითხრათ, რომ იმ დროს ასეთი მოგზაურობა არც ისე უცნაურად ჟღერდა, როგორც დღეს, თუმცა ჩემი ვაჟის სამოგზაუროდ მარტო წასვლამ მაშინაც ბევრი გააკვირვა.

XX საუკუნეში 12-13 წლის მოზარდებისთვის ტრანსატლანტიკური მოგზაურობა არც ისე უცნაური ამბავი იყო. ბევრი ევროპელი ახალგაზრდა ახალ ცხოვრებას ახალ სამყაროში სწორედ ამ ასაკში იწყებდა. მოზარდების მიერ საკუთარი ცხოვრების მართვა ძველად არცთუ იშვიათი იყო. ასეთი გადაწყვეტილებები მათთვის ზრდის გამოცდილებად იქცეოდა ხოლმე.

ამის შემდეგ ჩემმა ვაჟმა ბევრგან იმოგზაურა. მას უყვარს მოგზაურობა და ყოველთვის შეიძლება საამისოდ ფულის გადადება.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებისადმი დამოკიდებულება ჩემ თვალწინ შეიცვალა. ახლა მათ ნაკლებად აძლევენ უფლებას, გარეთ იყვნენ და იქ თავისუფლად ითამაშონ. შიშმა დაისადგურა. ჩემს ახალგაზრდობაში ბავშვების ეზოში ყოფნა და თამაში ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. მშობლები თვითონვე გზავნიდნენ მათ გარეთ სათამაშოდ. შესაძლოა, ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც 80-იანებში ცენტრალურმა პრესამ ბავშვების გატაცების რამდენიმე შემთხვევა გააშუქა. ალბათ მაშინ გაჩნდა ხიფათის შეგრძნება, რომელიც ეზოში ბავშვების მარტო ყოფნას უკავშირდება… რა თქმა უნდა, ხიფათი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, თუმცა წინათ, როგორც ჩანს, მასზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ და არც ინფორმაცია ხვდებოდა საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება ბავშვების მოტაცება-გაქრობის საფრთხეს, რომლისაც ყველას ასე ეშინია: ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვინმეს მეხიც დაეცეს, შესაძლოა, რამე მოულოდნელიც მოხდეს, მაგრამ როგორც კი ეს პრესაში მოხვდება, შემთხვევა სხვა მნიშვნელობას იძენს. ის საერთოეროვნულ ამბად გადაიქცევა. ქვეყნდება დაკარგული ბავშვების ფოტოები და დილით, ტელევიზორის ყურებისას, ყველას გვიჩნდება შეგრძნება: „ვაიმე, ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, ეს ჩემი შვილი ყოფილიყო!“

უსმენ რადიოში განცხადებებს დაკარგული ბავშვის შესახებ და შიში და ფორიაქი გიპყრობს: „სად არის ახლა, ამწუთას, ჩემი შვილი?“ თავს უყურადღებო მშობლად გრძნობ (თუმცა ასეთი არ ხარ), გეუფლება შეგრძნება, რომ იქ, გარეთ, ხიფათი და უბედურებაა ჩასაფრებული და შემდეგ ეს შიში შენში ფეთქდება, უსაზღვრო ხდება. ჩნდება განცდა, რომ თუ გამუდმებით არ ადევნებ თვალ-ყურს შვილს ან არ გეგულება ვინმე, ვინც ამას შენ მაგივრად აკეთებს, უყურადღებო მშობლად იქცევი. შფოთვას ემატება საკანონმდებლო სისტემის რეაქცია მშობლის უყურადღებობაზე (როცა შეიძლება, ბავშვის გაზრდის უფლება ჩამოგართვან). თუ თქვენი შვილი უთქვენოდ წავიდა სათამაშოდ, რაც წინათ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, დღეს ეს შეიძლება მშობლის უყურადღებობად და დანაშაულადაც კი ჩაითვალოს.

ამ შეგრძნებებს, ბავშვებზე ზრუნვის ასეთ რეჟიმს მოჰყვა სასკოლო სისტემის აქეთ „მომართვაც“.  სკოლა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წინათ მას არც ისე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. 80-იანების შემდეგ ეს შეიცვალა.

50-იან წლებში, როდესაც დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, საშინაო დავალებას არ გვაძლევდნენ. შესაძლოა, ხანდახან მასწავლებელს ეთხოვა ჩვენთვის, დაგვეწერა რამე ამბავი ან ლექსი, რამე სახალისო საკლასო ოთახში წასაკითხად. იმ დროს წიგნებს, რვეულებს და სხვა ნივთებს არ დავათრევდით, შინ დაბრუნებულებს კი უამრავი დრო გვრჩებოდა სათამაშოდ.

სკოლაში სწავლის ყველა წელს ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მეექვსე კლასი ჯერ კიდევ დაწყებით სკოლას ეკუთვნოდა. მეექვსე კლასში სასკოლო დღე ექვსი სასკოლო საათისგან შედგებოდა, თუმცა აქედან ორ საათს გარეთ, ეზოში ვთამაშობდით. შუადღემდე და ნაშუადღევს ნახევარსაათიანი შესვენებები გვქონდა. ვინც ახლოს ცხოვრობდა, ამ დროს ფეხით მიდიოდა შინ ლანჩისთვის, უმეტესობას კი ლანჩი თან გვქონდა. მას გარეთ მივირთმევდით, მერე კი ვთამაშობდით. ამ დროს, როგორც მახსოვს, მასწავლებლები ზედამხედველობას არ გვიწევდნენ. ვთამაშობდით იმას, რაც გვინდოდა. ზამთარში ვგუნდაობდით, თოვლის ციხესიმაგრეებს ვაშენებდით. იმ დროს ბიჭისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჯიბის დანის ტარება და დანით თამაში. დანებს ერთმანეთს არ ვესროდით, მაგრამ ხეში ჩასობაში ვვარჯიშობდით. წარმოიდგინეთ, ჯაყვით რამდენნაირი თამაშის მოფიქრება შეიძლება!

სკოლაშიც კი მოლოდინი ისეთი იყო, რომ ბავშვი საკლასო ოთახსა თუ დერეფანში თვითონვე მიხედავდა თავს. ყოველწუთიერი ზედამხედველობა არ იყო მიღებული.

არც იმას მოელოდა ვინმე, რომ ბავშვები საათობით წყნარად ისხდებოდნენ მერხებთან, მერე კი გულმოდგინედ შეასრულებდნენ დავალებებს. არ მახსოვს, ერთ საათზე მეტხანს ვმჯდარიყავი სკამზე.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ნამდვილად არ არის ნორმალური.

შესაძლოა, ამან მოახდინა გავლენა 60-70-იანი წლებისა და 80-იანების დასაწყისის ბავშვებზე, ჩემი ვაჟის ჩათვლით. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ შეუძლიათ, თვითონ მიხედონ თავს, აკეთონ თავიანთი საქმეები, მოაგვარონ პრობლემები. დღეს თითქოს ხელს ვუშლით ბავშვებს, ასეთი გამოცდილების მიღების საშუალებას არ ვაძლევთ. თუ ბავშვს პატარ-პატარა თავგადასავლები არ გადახდა, ვერ შეძლებს, მცირე დაბრკოლებები თვითონვე გადალახოს; თუ მშობლების გარეშე ვერ წავიდა მეგობრებთან, ლონდონში მოგზაურობას ვერასოდეს დაგეგმავს და ვერ ექნება განცდა, რომ ყველაფერს თვითონვე გაართმევს თავს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

 

[1] – (ნაწყვეტი 1000 Hours Outside-ის პოდკასტიდან). იხ. ვრცლად: https://www.1000hoursoutside.com/blog/when-school-wasnt-such-a-big-deal-interview-with-dr-peter-gray

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“