ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი პროგრამა – ახალი შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, სკოლა-ლაბი, პროგრამა „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“. უკვე შექმნილია საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სახელმძღვანელო („მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე“), შემუშავებულია თვითმართვადი ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის და დასრულებულია საგრანტო კონკურსი, რომელში გამარჯვებული პროექტებიც 2023 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში განხორციელდება.

სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში ამ მიმართულებით დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვის საჭიროება მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც პანდემიის დროს სკოლებში შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები, აკადემიურთან ერთად, მნიშვნელოვან სირთულეებს ეჯახებოდნენ სწორედ სოციალური და ემოციური უნარების განვითარების კუთხით.

პანდემიის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა „განათლების კოალიციის“ მიერ ორგანიზებულმა პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების კვლევამ ცხადყო, რომ ზიანი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საბაზისო საფეხურზე, რომელსაც მოსწავლეების ტრანზიციის პროცესისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულიყო სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა ქართული სკოლებისთვის.

„დისტანციური სწავლისა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ კონტექსტზე დაკვირვებით ვნახეთ, რომ, გარდა აკადემიური დანაკარგებისა, მოსწავლეები მიდრეკილნი იყვნენ შფოთვისა და დეპრესიისკენ, უჭირდათ თანატოლებთან თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თვითრეგულაციის უნარების დეფიციტის გამო უმძიმდათ კონცენტრირება და სწავლა. სწორედ ამან გვიბიძგა, ისეთი მიდგომა შეგვეთავაზებინა მასწავლებლებისთვის, რომელიც ამ თვალსაზრისით გააძლიერებდა მოსწავლეებს და შეუქმნიდა მათ საჭირო მზაობას, სრულფასოვნად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში.

იმავდროულად, ჩვენი მიზანი იყო, შეთავაზებული მოდელი დამატებით ტვირთად არ ქცეულიყო მასწავლებლებისთვის მათ საგნის სწავლებასთან ინტეგრირებულად შესძლებოდათ სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა“, – გვიხსნის სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი მერი ქადაგიძე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საბაზისო დონეზევე შეიქმნას კლასში დადებითი კლიმატი და ჩამოყალიბდეს გულისხმიერი ურთიერთობები. ჩანაფიქრის არსია, მასწავლებელმა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჰოლისტური განვითარება თუნდაც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

როგორც კი მასწავლებლებმა დაიწყეს დაკვირვება იმაზე, რომელ სტრატეგიებს იყენებდნენ ან რამდენად მკაფიო იყო მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ უნარებზე მუშაობის პროცესი, უფრო უკეთესად დაინახეს შედეგები. რაც მთავარია, ისინი ალაპარაკდნენ არა „კლასზე“ როგორც ერთიან ამორფულ ორგანიზმზე, არამედ ცალკეულ ბავშვებსა და ცალკეულ პრობლემებზე“, – გვიზიარებს თავის გამოცდილებას ლიკა ქურციკიძე, მასწავლებლებისთვის შექმნილი პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორი.

სახელმძღვანელოზე მუშაობისას ლიკა მასწავლებლებთან ერთად ცდიდა ყველა მიდგომას, ითვალისწინებდა მათ გამოცდილებას და იღებდა უკუკავშირს. გარდა იმ მასწავლებლებისა, რომლებიც უშუალოდ გაკვეთილებზე ტესტავდნენ სოციალური და ემოციური უნარების განმავითარებელ სავარჯიშოებს, პროცესში ჩართული იყვნენ განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სკოლის დირექტორები. მოდელი, რომელიც სკოლა-ლაბმა შეიმუშავა, გულისხმობს არა დამატებით ღონისძიებებს დამატებით დროში, არამედ საგაკვეთილო პროცესში აქტივობების ისე დაგეგმვას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება.

„ეს გულისხმობს, რომ მასწავლებელი დამოუკიდებლად ან კონსულტანტის დახმარებით აკვირდება საკუთარ სასწავლო პრაქტიკას და აფასებს მას, რათა დაადგინოს, ძირითადად რა საჭიროებები აქვთ მოსწავლეებს მის სასწავლო გარემოში ან რომელ კომპეტენციაზეა სასურველი მეტი აქცენტის დასმა. ჩვენი სტანდარტით, გამოყოფილია სამი ძირითადი კომპეტენცია: თვითრეგულაცია, თვითცნობიერება და ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი საჭიროებებს დაადგენს, სასურველია, მხარდამჭერ სპეციალისტთან ან გამოცდილ კოლეგასთან ერთად გაწეროს სამოქმედო გეგმა, რომლითაც არანაკლებ ერთი სემესტრი იმუშავებს. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი კოლეგებსაც უზიარებს გამოცდილებას და ბავშვებსაც ეკითხება რჩევას. ჩვენი მიდგომის მთავარი ხაზი ის არის, რომ პედაგოგს არ სჭირდება ზეგანაკვეთური შრომა ან საკლასო გარემოს მიღმა აქტივობების მოფიქრება ამ კომპეტენციების განსავითარებლად.

მოდელის წარმატებისთვის გადამწყვეტია, მასწავლებელი თვითონვე იყოს მოტივირებული, მაღალი თანაგანცდის უნარით ეკიდებოდეს მოსწავლეებთან ურთიერთობას და თავად ახდენდეს ყველა იმ კომპეტენციისა და უნარის მოდელირებას, რომელთა განვითარებაც მათთვის სურს. მაგალითად, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს კომუნიკაციის დროს ემპათიის მნიშვნელობაზე მიანიშნებს, თავადაც უნდა აჩვენოს ემპათიის მაგალითი. სწორედ საბაზისო უნარების განვითარებას ემსახურება ის კურსიც, რომელიც მასწავლებლებს შევთავაზეთ“, – ამბობს მერი ქადაგიძე.

კურსი სამი მოდულისგან შედგება:

. სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის ჩარჩო, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მნიშვნელობას და აქტუალურობას, სამიზნე კომპეტენციებისა და უნარების აღწერას და დანერგვის დონეებსა და სტრატეგიას;

. მხარდამჭერი საკლასო კლიმატი. ამ მოდულში განიხილება მოზარდი ასაკის მახასიათებლები, კლასის მოწყობის პრინციპები და საკლასო შეთანხმების ჩამოყალიბების გზები;

. სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი მიდგომები, მეთოდები და სტრატეგიები. ამ მოდულის მიზანია მოდელირების ტექნიკის გაცნობა, მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების წარმოჩენა, კონკრეტული სტრატეგიების აღწერა თვითცნობიერების, თვითრეგულაციისა და ურთიერთობების განსავითარებლად.

კურსი წარმოდგენილია გახმოვანებული პრეზენტაციის სახით. მოდულებს თან ახლავს შესაბამისი საკითხავი თუ საილუსტრაციო მასალა. თითოეული მოდულის დასასრულს კურსი მონაწილეს სთავაზობს სარეფლექსიო კითხვებს და ქვიზს.

სისტემაში რეგისტრაციისა და კურსის დაწყების შემდეგ მონაწილეს შეუძლია, მოდულები მისთვის მისაღები ტემპით სასურველ ვადებში მოისმინოს და დახუროს. კურსის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მას გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ელექტრონული სახით ავტომატურად მიუვა მითითებულ მისამართზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრაქტიკის დანერგვა მასწავლებლებისთვის არც მატერიალურ მოტივაციას და არც სტატუსის ცვლილებას არ ნიშნავს, მისით საკმაოდ ბევრია დაინტერესებული. მერის დაკვირვებით, პანდემიის შემდეგ პედაგოგებს გაცილებით მეტად უჭირთ ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვა, ხოლო მოსწავლეებისთვის სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საკლასო გარემოს გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესში უკეთესად ჩართვის ერთ-ერთი გზაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი